მამუკა ბარათაშვილი - რეფორმის შედეგად საქართველოს დღგ-ის სისტემა გახდება ევროკავშირში მოქმედი სისტემის მსგავსი, რაც სავაჭრო ურთიერთობებს გაცილებით მარტივს და პროგნოზირებადს გახდის

დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მომზადდა, საქართველოში 2021 წლიდან ამოქმედდება. კონკრეტულად რა ცვლილებებს გულისხმობს დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმა, რამ განაპირობა მისი საჭიროება და როგორია მოლოდინი რეფორმის შედეგებთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მამუკა ბარათაშვილი ესაუბრა.

- რამ განაპირობა დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმის საჭიროება?

- 2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის შესაბამისად აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე საქართველომ დაიწყო თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი.

აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებთან ერთად, საქართველომ აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საკუთარი საგადასახადო კანონმდებლობა ევროპულ დირექტივას დამატებული ღირებულების გადასახადის საერთო სისტემის შესახებ. სწორედ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრმა ხსენებულმა ვალდებულებებმა დააყენა დღის წესრიგში დღგ-ის რეფორმის განხორციელების აუცილებლობა.

რეფორმით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამოქმედდება 2021 წლიდან, მასშტაბურია. იგი ეხება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დღგ-ის მარეგულირებელ ყველა დებულებას, რის გამოც ფაქტობრივად ყველა ეს საკანონმდებლო ნორმა ჩამოყალიბებულია ახალი რედაქციით.

მინდა, ხაზი გავუსვა იმ პროცესს, როგორ დაიწყო კანონპროექტზე მუშაობა. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნდა ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდსა და „საკანონმდებლო მაცნეზე“. სწორედ ამავე პერიოდიდან რეფორმასთან დაკავშირებით დაიწყო საჯარო დისკუსია კერძო სექტორთან. კანონპროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია პროფესიულ წრეებში. ფინანსთა სამინისტროს, ასევე, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გავმართეთ 30-ზე მეტი სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან და საგადასახადო კანონმდებლობის ექსპერტებთან, ასევე გავეცანით დარგის სპეციალისტების მიერ საჯარო სივრცეში გამოთქმულ არაერთ მოსაზრებას, რისი გათვალისწინებითაც კანონპროექტმა მიიღო საბოლოო სახე.

- რ ძირითად ცვლილებებს გულისხმობს რეფორმა?

- როგორც აღინიშნა, რეფორმა ხორციელდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვის მიზნით. ამასთანავე, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა ყველა არსებული ნორმა და მექანიზმი, რომელიც ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირების პროცესს;

რეფორმით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები მრავალ მნიშვნელოვან სიახლეს შეიცავს. ამჯერად, მხოლოდ რამდენიმეს შევეხებით.

უმნიშვნელოვანესი სიახლე, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება, დღგ-ის მიზნებისთვის მომსახურების გაწევის ადგილის განსაზღვრის ევროპული პრაქტიკის დანერგვა გახლავთ.

მომსახურების გაწევის ადგილის განსაზღვრისთვის ზოგადად ამოქმედდება ორი ძირითადი პრინციპი. კერძოდ, ბიზნესის მიერ ბიზნესისათვის (B2B) - მომსახურების გაწევის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება მომსახურების შემძენის დაფუძნების ადგილი, ხოლო ბიზნესის მიერ მომხმარებლისათვის (არადასაბეგრი პირისათვის) (B2C) - მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მიმწოდებელი არის დაფუძნებული.

ცალკეული მომსახურებებისთვის დადგინდა დაბეგვრის ადგილის განსაზღვრის სპეციალური წესები. შედეგად, მნიშვნელოვნად ფართოვდება იმ მომსახურებების ჩამონათვალი, რომლის გაწევის ადგილად დღგ-ის მიზნებისთვის არ ჩაითვლება საქართველო, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი მომსახურება საქართველოში დღგ-ით არ დაიბეგრება.

ხორციელდება არაერთი სხვა სიახლე, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირების პროცესს, მათ შორის, განიმარტა ტერმინები, რომლის სწორ ინტერპრეტაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს დღგ-ის მიზნისთვის;

საქონლის დროებითი შემოტანა აღარ განიხილება დასაბეგრ ოპერაციად; საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბეგრება, თუ პირს ამ ხარჯზე დღგ აქვს ჩათვლილი; საქონლის გადაცემა/გამოყენება, ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით არ დაიბეგრება. სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად დაბეგვრისგან თავისუფლდება მასთან უშუალოდ დაკავშირებული და დამხმარე მომსახურების/საქონლის მიწოდება.

გათავისუფლებულ ძირითად მიწოდებასთან ერთად, მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებაც არ დაიბეგრება;

დაბეგვრისგან თავისუფლდება მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება ორგანიზაციის მიერ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ცალკეული სოციალური ხასიათის საქმიანობისათვის სახსრების მოზიდვის მიზნით.

ასევე, თავისუფლდება დღგ-ით დაბეგვრისგან იმ საქონლის მიწოდება, რომელიც გამოყენებულია მხოლოდ სამედიცინო, განათლების, კულტურის, სპორტის და სოციალურ სფეროში არსებულ გათავისუფლებულ ოპერაციებში, თუ აღნიშნულ საქონელზე არ წარმოშობილა დღგ-ის ჩათვლის უფლება;

განიმარტა ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრის პრინციპები;

იქმნება შესაძლებლობა მეორადი საქონლის, ხელოვნების ნიმუშის, საკოლექციო ან ანტიკვარული ნივთის მიწოდება დაიბეგროს მოგების მარჟის მიხედვით;

ფართოვდება და ზუსტდება საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები;

დღგ-სგან თავისუფლდება მომსახურების გაწევა სხვა პირის სახელით მოქმედი შუამავლის მიერ, საერთაშორისო გადაზიდვების ოპერაციებში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობის შემთხვევაში და სხვა.

- რა ფისკალურ შედეგს მოიტანს აღნიშნული რეფორმა, მოსალოდნელია თუ არა ბიუჯეტში დღგ- შემოსავლის შემცირება წინა წელთან შედარებით?

- საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში განხორციელდა დღგ-ს რეფორმირების ეფექტების შეფასება, რომლითაც განისაზღვრა, რომ მიუხედავად ცვლილებების მასშტაბურობისა, დღგ-ის რეფორმა რაიმე სახის ნეგატიურ ზეგავლენას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე არ მოახდენს.

- კონკრეტულად რა სარგებელს მიიღებენ ბიზნეს სუბიექტები რეფორმის შედეგად, რა მოლოდინები აქვს უწყებას რეფორმიდან გამომდინარე?

- დღგ-ის რეფორმის მიზანია, საქართველოს მოქმედი დღგ-ის სისტემა დაუახლოვდეს ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებს, რათა ხელი შეეწყოს ბიზნეს თანამშრომლობას ამ ტერიტორიებზე მოღვაწე მეწარმეებს შორის. რეფორმის შედეგად საქართველოს დღგ-ის სისტემა გახდება ევროკავშირში მოქმედი დღგ-ის სისტემის მსგავსი, შედეგად, სავაჭრო ურთიერთობები ამ ორ სივრცეს შორის უნდა გახდეს გაცილებით მარტივი და პროგნოზირებადი.

მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები ითვალისწინებს მომსახურების გაწევის ადგილის ევროპული პრაქტიკის დანერგვას და იზრდება საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებული შეღავათების სპექტრი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სერვისების ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს.

რეფორმის შედეგად, შესაძლებელი ხდება შიდა პროცედურების შემუშავება, ევროსასამართლოს გადაწვეტილებების და ინტერპრეტაციების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით. შედეგად, ველოდებით, რომ შემცირდება სადავო შემთხვევები და გამარტივდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცედურები.

- ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, როგორია მისი შედეგები?

- ეს გახლავთ კიდევ ერთი წარმატებული რეფორმა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხორციელდა.

2019 წლიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დღგ-ის დეკლარაციების შეფასებას ახორციელებს ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, ხოლო თანხების დაბრუნება ხორციელდება ასევე გამარტივებულად/ავტომატურად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის პორტალზე (გადამხდელის პირად გვერდზე) წარდგენილი განცხადების საფუძველზე.

მიგვაჩნია, რომ ქართული და ევროპული დღგ-ის კანონმდებლობის შესაბამისობა, დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების წესის პრაქტიკაში დანერგვასთან ერთად, მნიშვნელოვნად უმარტივებს მეწარმეებს ურთიერთობებს საგადასახადო ორგანოსთან და აუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს.

დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ დღგ-ის ახალი რეფორმის გაცნობის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები უკვე გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში რეგისტრირებულ მეწარმეებთან.

აღნიშნული სახის სამუშაო შეხვედრები, გადასახადის გადამხდელებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატურად გაიმართება.

ვრცელი ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების შესახებ, განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://www.rs.ge/6608

მარიამ ტიტვინიძე

"ინტერპრესნიუსი"

რასიმ მუსაბეკოვი  -  ის, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული „ბარდაკი“ ჰქვია, უნდა დასრულდეს
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში  თურქეთი ჩაერევა, ასეთ შემთხვევაში ამ პროცესში რუსეთიც ჩაერთვება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2020
გიორგი მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის შედეგი გამოიხატება მონაწილეებისათვის ადეკვატური პენსიით
წარმოების სრული ავტომატიზაცია - „გზაჯვარედინისა“ და BDO-ს პარტნიორობის წარმატებული ქეისი
ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს
ჰიუნდაი ავტო საქართველო საშემოდგომო ფასდაკლებების აქციას იწყებს
"მადლიერების ჩიტი" ბატონ ჯემალ ჭკუასელს