გია ყრუაშვილი - ყველა ოპონენტს ვთხოვ, დავსხდეთ დებატებში და შემდეგ ქართველმა ხალხმა განსაჯოს, ვინ არის გამარჯვების ღირსი

„თავისუფალმა საქართველომ“ ნაძალადევის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად გია ყრუაშვილი წარადგინა. რას საქმიანობს და რა წინასაარჩევნო პროგრამა აქვს „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ამომრჩევლებისთვის, აღნიშნულ თემებზე „ინტერპრესნიუსს“ გია ყრუაშვილი ესაუბრა.

- რატომ გადაწყვიტეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. რას პირდებით ამომრჩეველს?

- რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო. მე ბავშვობიდან ყოველთვის ვიდექი ქვეყნის და მომავალი თაობის წინსვლის სადარაჯოზე. პირადად ვარ საქართველოს უახლესი ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ყველა მოვლენის მონაწილე. ვფიქრობ, ჩვენ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, ყველა ქართველის ვალია, იყოს აქტიური.

მართლა მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მინისტრი თავის ადგილზე იქნება, მთავრობა კი თავის საქმეს გააკეთებს. საქმის კეთება და წინსვლა ამ ქვეყანას არ ეტყობა. ქვეყანა დღეს გაჩერებულია. სულ ასეა, „მოქალაქეთა კავშირი“ იქნებოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ქართული ოცნება“. ჩვენ ერთიდაიგივე სახეებს ვხედავთ, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას ამბობდნენ, რომ ქვეყანა ვითარდება, ოპოზიციაში გადასვლისას კი ოპოზიციური ლოზუნგებით საუბრობენ.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქვეყნის კურსი დამოკიდებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ხედვებზე, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს, იქიდან ფინანსდებიან და ისე არიან გაწვრთნილები, როგორც სპეცრაზმელები. ფაქტობრივად, მთელი პოლიტიკური ელიტა დაფინანსებული და წახალისებულია ლიბერალური ღირებულების ადამიანებისგან, რასაც სერიოზული ლობი ჰყავს ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

საქართველოში, ხშირად, ლიბერალური ფასეულობების კრიტიკა აღიქმება ანტიდასავლურ ნარატივად, რაც არასწორია. მე ევროპა ძალიან მომწონს, 5 შვილიდან 2 ევროპაში ცხოვრობს და ვიცი რა ხდება იქ. დასავლეთი არ არის მხოლოდ ლიბერალიზმი, უმცირესობების მხარდაჭერა, ტრადიციულ ფასეულობებთან, ეკლესიასთან, ოჯახურ ღირებულებებთან ბრძოლა... ამის მაგალითია პრეზიდენტი ტრამპი, სენატორი კრუზი, სალვინი, ორბანი და სხვა. ჩვენ გვჭირდება იმის მიღება დასავლეთიდან, რაც თვისობრივად მიესადაგება ქართულ კულტურასა და ჯდება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებში. სწორედ ასე ვხედავთ „თავისუფალ საქართველოში“ ჩვენი ქვეყნის განვითარების დასავლურ გზას. ჩემი გუნდის სურვილია ეროვნული ძალა იყოს პარლამენტში, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა სურს მათ.

- რას სთავაზობთ ნაძალადევში მცხოვრებ ამომრჩეველს?

- ვიქნები საუკეთესო მაჟორიტარობის კანდიდატი. ყველას ვთავაზობ დახმარებას. იქნება ეს გაჭირვებული, თუ ახალგაზრდა. ყველას დავეხმარები, არ ვაპირებ პირადი კომფორტის მოწყობას. ჩვენს პარტიაში არიან ადამიანები, რომლებსაც საინტერესო კანონპროექტების შეთავაზება შეუძლიათ. ჩვენი პარტიის გეგმა და დევიზი, ყველაფერი შესრულდება. ვხედავთ, ყველა ეროვნული ლოზუნგით გამოდის და აბნევს საზოგადოებას.

ბევრ ახალგაზრდასთან მქონდა შეხვედრა. ვთხოვდი ჩვენს პარტიაში ყოფნას, ქვეყნის განვითარებისთვის ეზრუნათ, თუმცა ყველა მეუბნებოდა, რომ აპოლიტიკურები იყვნენ. „ლელო“ რომ გამოჩნდა, შემდეგ გახდნენ პოლიტიკოსები?! ვეკითხები, რა წაიკითხეს ასეთი, რომ „ლელოში“ არიან!

თამარ კორძაია, როდესაც კენჭს იყრიდა, თქვა, რომ ის ერთსქესიან ქორწინებას მხარს უჭერდა. მე მას პატივს ვცემ, რომ ეს არ დამალა. ეს ადამიანი წინ დგას, იმათგან განსხვავებით, ვინც ჩოხებით დადის და პარლამენტში შესვლისას სხვანაირად იქცევა. დღეს არ არის ომის, ჩხუბის, ორიენტაციების გარკვევის დრო. დღეს ქვეყანა ზღვარზეა მისული.

- რა მოლოდინები გაქვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

- მოლოდინი მაქვს, რომ „თავისუფალი საქართველო“ 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ფრაქციით იქნება წარმოდგენილი, რითაც ამ ქვეყანას აღმშენებლობაში დაეხმარება.

მე პირდაპირ მივმართე ბიძინა ივანიშვილს, „რესპუბლიკელები“ და ლიბერალები თუ უნდოდა ქართულ საზოგადოებას, თქვენი ჩამოსვლა რაში სჭირდებოდა-მეთქი. ყველა მკვდარი გააცოცხლა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენი პარტიის და ეროვნული ძალების გარდა. ეს საქართველოს მოსახლეობის 90%-ის აზრია, ჩემი არა.

მიხეილ სააკაშვილს თავიდან ყველა ისე იცნობდა, როგორც გიჟს, შემდეგ გახდა, როგორც ლიდერი. აღარ მინდა ეს განმეორდეს. ცვალებადი მოღრუბლულობასავით შეიძლება ქვეყანა აშენდეს?! გიორგი ვაშაძე აღმაშენებლი გვყავს?! ვნახეთ, ამათი საქმე. ყველა ოპონენტს ვთხოვ, დავსხდეთ დებატებში. ბევრი კითხვა მაქვს ყველა მათგანთან და შემდეგ ქართველმა ხალხმა განსაჯოს, ვინ არის გამარჯვების ღირსი.

როდესაც გიორგი ნემსაძემ მოიგო ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები და რამდენიმე საათში გადადგა, ვინმემ იცის, რატომ წავიდა?! ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. ამოიღონ ჩემი დოსიე. რატომ ერიდებიან ხალხთან საუბარს. ვისაც ამ ქვეყნის აღმშენებლობა უნდა, ყველა ვიცი.

სექტემბრიდან ყველა პოლიტიკოსის მხილებას დავიწყებ, ფაქტებს დავდებ. მე ვიცი, რომ მამუკა ხაზარაძე ამ ქვეყანას რასაც პირდება, ვერ მიიყვანს იქამდე.

ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, ვერ განვითარდებით, თუ პოლიტიკოსები თავის დანაშაულის არ აღიარებენ და შეინანებენ. ყველა საუბრობს ქვეყნის განვითარებაზე, თუმცა არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ. ქართველ ხალხს ვთხოვ, ერთხელ დამიჯერონ, მხარი დაუჭირონ „თავისუფალ საქართველოს“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო