პარტია „რეფორმერის" წევრი გიორგი აბრამიშვილი - ერთჯერადი სუბსიდირებით სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია

პარტიაში „რეფორმერი" მიაჩნიათ, რომ მთავრობის ინიციატივა დასეტყვილი ფერმერებისთვის დახმარებისახალი პაკეტის შეთავაზებისა და დაზღვევის სუბსიდირებისთვის მილიონების გამოყოფის თაობაზე გადაყრილი თანხაა. პარტიის ერთ-ერთი წევრის გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, ერთჯერადად, მყისიერი ეფექტისთვის გადადგმულ ნაბიჯებს არ მოაქვს შედეგი სოფლის მეურნეობაში და აზარალებს ეკონომიკას.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, „რეფორმერის" სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამით, აგროსექტორი დაფუძნებული უნდა იყოს გრძელვადიან, მდგრად სტრატეგიაზე, და არა ერთჯერადი კრიზისების მოგვარებაზე.

„კახეთი, ისე როგორც სხვა რეგიონები, ამ სეზონზე ყოველთვის არის სეტყვის რისკის ქვეშ. კახეთისთვის სეტყვა განსაკუთრებით სავალალო შედეგებს იწვევს, ეს არის ვაზის კულტურის ძირითადი ადგილმდებარეობა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული სოფლის მეურნეობისთვის, ამას გარდა მევენახეობა და ღვინის კულტურა სახელმწიფოს აღებული აქვს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის საიმიჯო თვალსაზრისით, ამიტომ განიხილება ეს თემა ასე მწვავედ.

„რეფორმერი" სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობისას სვამს კითხვას, აქამდე რატომ ვერ გააცნობიერა სახელმწიფომ და კერძო სექტორმა, რომ ამ პრობლემის წინაშე ყოველწლიურად ვართ და როგორ შეიძლება ჭკუა ვერ გვესწავლა, რომ ასეთი სტიქიები ასე მწვავედ არ აზარალებდეს ფერმერებს და არ ქმნიდეს კრიზისს? აგროსექტორის დაზღვევის სისტემა, რომელიც სახელმწიფოში 2014 წლიდან ხორციელდება, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სისტემას თავიდანვე უამრავი პრობლემა ახლდა, რაც მოჰყვება დღემდე. სახელმწიფო ყოველ წელს ხელახლა იწყებს საღვინე ყურძნის ფასისა და სავენახე მეურნეობების დაზღვევის სუბსიდირებას, აქამდე ჯერ კიდევ ვერ დაინერგა კულტურა, რომ ვენახს, ისევე როგორც სხვა ყველაფერს, ჯანმრთელობას, ქონებას დაზღვევა სჭირდება. როდესაც წინასწარ ვიცით, რომ ფაქტობრივად არ არსებობს წელი, როდესაც რამდენიმე რაიონი არ დაისეტყვება, რასაც მივყავართ სავალალო შედეგებამდე. ჩვენ ღარიბი სახელმწიფო ვართ, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ყველა ფერმერის დაზღვევას, სუბსიდირება ამ სისტემისთვის არის ჩაკეტილი წრე. 2014 წლიდან დღემდე, 6 წლის შემდეგაც კი სახელმწიფო კვლავ სუბსიდირების საჭიროების წინაშე დგას. ფინანსების მხოლოდ სუბსიდირებაზე ხარჯვა არ იწვევს დამოკიდებულებების, ქცევის შეცვლას. სახელმწიფომ უნდა აწარმოოს უფრო ეფექტური საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანიც ფერმერების ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება იქნება, მათ უნდა გააცნობიერონ დაზღვევის სარგებელი. სუბსიდირება შეიძლება ხორციელდებოდეს, მაგრამ მხოლოდ პროგრამის ამოქმედების საწყის ეტაპებზე, როდესაც სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ მას არ უნდა ჰქონდეს მუდმივი ხასიათი. აგროსექტორის დაზღვევის სუბსიდირებაზე მხოლოდ მიმდინარე წელს გამოყოფილია 9 მილიონი ლარი, რითიც, როგორც დაგეგმილია, უნდა ისარგებლონ დაახლოებით 12 ათასი ჰექტარის სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრე ფერმერებმა. სახელმწიფო მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში სადაზღვევოს პრემიის 70% აფინანსებს, ხოლო ვაზის კულტურას - 50% -ით. მხოლოდ ვაზით განაშენიანებულ ფართობს თუ ავიღებთ, ეს არის 48 ათასი ჰექტარი, შესაბამისად, მევენახეების ძალიან მცირე ნაწილი თუ ისარგებლებს სუბსიდირების პროგრამით. გარდა იმისა, რომ მევენახეებში მწირია დაზღვევის სარგებლიანობის შესახებ ინფორმაცია, არსებობს ბიუროკრატიული პრობლემაც, მევენახე გაწევრიანებული უნდა იყოს ფერმერთა რეესტრში, ასევე მიწა, რომელზეც გაშენებულია ვენახი დარეგისტრირებული უნდა იყოს უძრავი ქონების რეესტრში“,-აცხადებს პარტია "რეფორმერის" გამგეობის წევრი, გიორგი აბრამიშვილი.

მისი თქმით, მევენახეები ბიუროკრატიული პრობლემის წინაშე დგანან, რადგან გასავლელი აქვთ პროცედურები, რომელზეც არ არიან ინფორმირებულები.

„თუ არ მოხდა გლეხების, ფერმერების და მცირე სავენახე მეურნეობების მფლობელთა ინფორმირებულობა, ყოველ წელს ერთი და იგივე პრობლემის წინაშე ვიდგებით და სუბსიდირებისთვის გამოყოფილი მილიონები ისევ გადაყრილი თანხა იქნება, ერთჯერადად მეყსეულად გადადგმული ნაბიჯები არ მოიტანს შედეგებს სოფლის მეურნეობისთვის და დააზარალებს ეკონომიკას“,-აცხადებს აბრამიშვილი.

ინფორმაციას პარტია "რეფორმერის" პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა