ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2020

ვახტანგ ძაბირაძე - “მუქარის წერილის” საქმე, ანუ უნდა იყოს თუ არა მშვიდად გახარია?!

კორონავირუსის შემობრუნება - ევროპაში მეორე ტალღა დაიწყო, რა მოხდება საქართველოში

“ოცნება” მაქსიმალურად გაწელავს სიის გამოცხადებას, რომ ხალხი ოპოზიციაში არ გაექცეს, - დავით ჭიჭინაძე

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “მუქარის წერილის” საქმე, ანუ უნდა იყოს თუ არა მშვიდად გახარია?!

“ოპოზიციამ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმებას თითქოს მიაღწია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილებები. სანამ კანდიდატები დარეგისტრირდებიან შეიძლება გადათამაშებები ისევ მოხდეს. როცა ერთიან გადაწყვეტილებებზეა ლაპარაკი, ობიექტური პრობლემები ჩნდება, ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიას აქვს პრეტენზია, რომ თუ საქმე ოპოზიციურ კოალიციაზე მიდგა, თავად იქნება მისი მთავარი ბირთვი და მამოძრავებელი და ამიტომ მან უნდა დაასახელოს პრემიერობის კანდიდატიც. ადვილი მისახვედრია, რომ პრემიერობაზე პრეტენზია მიხეილ სააკაშვილს ექნება, ეს გვარი კი მნიშვნელოვანწილად უშლის ხელს ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბებას”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მუქარის წერილის” საქმე, ანუ უნდა იყოს თუ არა მშვიდად გახარია?!

“მიიღეს დეკლარაცია და 30 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, რომ 2020 წლის არჩევნებზე პარტიები საარჩევნო უბნებზე ერთმანეთის ხმების დაცვის ვალდებულებას იღებენ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. რაც თავი მახსოვს, ასეთი დეკლარაციები აქამდეც არაერთგზის მიუღიათ, თუმცა პროცესები სხვაგვარად წარმართულა. რაც შეეხება მეორე დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც პარტიებმა უნდა დადონ პირობა, რომ არ შევლენ კოალიციაში “ქართულ ოცნებასთან”, ეს ძალიან საჭოჭმანო საკითხია. გარდა იმისა, რომ ოპოზიციურ სპექტრში არაერთი ძალაა, რომლისთვისაც “ქართულ ოცნებაზე” მიუღებელი “ნაციონალური მოძრაობაა”, ეს მიდგომა ამოვარდნილია საპარლამენტო მმართველობის ლოგიკიდან და გაუგებარია ამის მოთხოვნა იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც ამბობენ, ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების გასატარებლად გვინდაო. თუ პოზიტიური ცვლილებები გინდა და სამოქმედო პროგრამაც გაქვს, მაშინ კოალიციაში იმის მიხედვით კი არ უნდა შეხვიდე, ვინ მოგწონს და ვინ არა, არამედ იმის გათვალისწინებით, ვისთან შეძლებ იმგვარ თანამშრომლობას, რომ შენი პროგრამა და შეხედულებები საქმედ იქცეს. ამგვარი ქცევა იქნებოდა სახელმწიფოებრივი ინტერესით განპირობებული, მაგრამ როგორც გამოჩნდა, ასე არავინ ფიქრობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ბოლო წლების განმავლობაში ჩვენში სულ ასეთი დამოკიდებულება იყო _ ოღონდ ეს გავუშვათ ხელისუფლებიდან, მოვიშოროთ და მერე ვინც უნდა მოვიდესო. დღევანდელი ოპოზიცია, სამწუხაროდ, ცდილობს, ისევ ამ რაკურსით იმოქმედოს, არადა, საპარლამენტო მმართველობა სწორედ იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ პარლამენტს გადაეწყვიტა აღმასრულებელი ხელისუფლების ბედი და თუ ერთი პარტიის მანდატები ამისთვის საკმარისი არ იქნებოდა, კოალიცია შექმნილიყო... ოპოზიციაში ეს არ ესმით, ისევ შავ-თეთრად უყურებენ ვითარებას და ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს მთავარი პრობლემა ივანიშვილის გაშვებაა. ის შესაძლოა, გასაშვებია, მაგრამ დღეს ვითარება სხვაგვარია და უმნიშვნელოვანესია, მოხერხდება თუ არა კოალიციური მთავრობის ფორმირება. მოკლედ, ოპოზიციის მცდარი დასკვნები და გადაწყვეტილებები მაფიქრებინებს, რომ შანსი იმისა, მომავალი არჩევნების შედეგად “ქართულ ოცნებას” დასჭირდეს კოალიციის შექმნა, მინიმალურია და ოპოზიცია რაც უფრო გააგრძელებს ფუჭად მუშტების ქნევას, მით მეტად შეამცირებს ამ შანსს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება ხელისუფლების სოციალურ პროგრამებს, რომ გითხრათ თუნდაც დასავლურ ქვეყნებში ასეთ მეთოდებს არ იყენებენ-მეთქი, მოგატყუებთ... ეს არ არის პირდაპირი მოსყიდვა, მით უფრო, რომ მსოფლიო და საქართველოც პანდემიის პირობებში ცხოვრობს და ასეთი ინიციატივები გამართლებულია. ამას ოპოზიციამ უნდა უპასუხოს არა იმის ძახილით, რომ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ანგრევენ ქვეყანას, არამედ სამოქმედო პროგრამით, მაგრამ დღეს ოპოზიციას პრობლემები აქვს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილია ოპოზიციის ელიტაში დაპირისპირების საგანი და ასეთ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია არც ერთიანია, არც საერთო ლიდერი ჰყავს, არც რაიმე გეგმას სთავაზობს საზოგადოებას, მომავალი არჩევნები სოციალური პაკეტების გარეშეც შეიძლება მოიგოს მმართველმა ძალამ. “ქართული ოცნების” წარმატების მიზეზი უმთავრესად იქნება ოპოზიციის დაქსაქსულობა და ურთიერთშუღლი და არა - სოციალური დახმარებები. დღეს ისეთი ვითარებაა, ხვალ რომ იყოს არჩევნები, არანაირი გაყალბება არ დასჭირდება "ქართულ ოცნებას", ისე მოიგებს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“სამწუხაროდ, საქართველოში პატიოსანი არჩევნები ერთი-ორჯერ თუა ჩატარებული, ისიც - გასული საუკუნის 90-იან წლებში. ყოველთვის არის გადახრა, გაყალბების შემთხვევები, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორი მასშტაბის იქნება ეს. რასაც დღეს ვხედავთ, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, “ქართულ ოცნებას” არჩევნების მასშტაბურად გაყალბების რისკზე წასვლამ არ უნდა მოუწიოს. არ ვიცი, რა იქნება სამი თვის შემდეგ, მაგრამ დღეს ასე ჩანს. ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირების გამწვავებას უფრო ველი, ვიდრე ერთობას “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, “ქართულ ოცნებას” კი აქვს ფინანსები, ადმინისტრაციული რესურსი, სახელმწიფო სუბსიდირებისა და დახმარებების პროგრამები და ა.შ. არჩევნებზე, ტრადიციულად, იქნება დარღვევები, მაგრამ არა ისეთი, რომ ჩვენმა თუ უცხოელმა დამკვირვებლებმა არჩევნების ლეგიტიმაცია საეჭვოდ მიიჩნიონ” - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “გია ხუხაშვილის თქმით, “მუქარის წერილზე” დასკვნის გამოქვეყნებით პროკურატურამ თითქოს “გაათეთრა” გახარია, სინამდვილეში კი ვიღაცამ პრაქტიკულად მივიწყებული საქმის აქტუალიზაციით გახარიას შეახსენა, რომ მუჭში ჰყავს და თავში ძალიან ნუ აუვარდება პოპულარობა..." - პასუხობს:

“არ არის გამორიცხული, გახარიას გუნდში მართლაც ჰყავდეს არაკეთილმოსურნეები, მაგრამ არა მგონია, მთლად ისე იყოს საქმე, როგორც ბატონი გია ამბობს. ამ ეტაპზე გახარიას პრობლემა ეს ხალხი კი არ არის, არამედ - ივანიშვილი. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ გახარია არ უნდა იყოს პრემიერი, დამერწმუნეთ, არც იქნება. აქ რომ სიტუაცია სხვაგვარი იყოს, ანუ ივანიშვილის ფაქტორი არ მუშაობდეს, მაშინ შესაძლოა რაღაც ჯგუფებს მართლაც ეცადათ მისი დისკრედიტირება. ჩემი აზრით, დღეს ამ ინფორმაციის გამოქვეყნებით პროკურატურამ გადაწყვიტა, ამ ეტაპზე “დაეხურა” ეს თემა, რადგან შესაძლოა არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციას ის შავი პიარისთვის უფრო აქტიურად გამოეყენებინა”.

“აქვე ვიტყვი, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია საინტერესო პროცესია იმ თვალსაზრისით, რომ ივანიშვილი საერთოდ არ ჩანს და ჯერჯერობით კამპანიას პარტიის ახალგაზრდა ლიდერები წარმართავენ - გახარია, კალაძე, თალაკვაძე. დროდადრო ჩნდება კობახიძეც, რომელიც, მოგეხსენებათ, საარჩევნო შტაბის უფროსია. აშკარაა, რომ “ქართულ ოცნებას” ჯერ არ სჭირდება ამ ბატალიებში ივანიშვილის ჩართვა. ისეთი ვითარებაა, რომ შესაძლოა სულაც ივანიშვილის აქტიურობის გარეშე გავიდნენ ფონს. ვნახოთ, ხვალ რა იქნება. სხვათა შორის, თუ დააკვირდებით, კარგად ორატორობენ, დახვეწეს საუბრის მანერა, არიან მოზომილები, ცდილობენ, ყურადღება დადებით მომენტებზე გაამახვილონ. პოლიტიკურადაც ისეთი გამართულია მათი გამოსვლები, რომ ოპოზიციამ ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი ფრაზაც კი ვერ ნახა, რასაც წამოეკიდებოდა და მათ წინააღმდეგ აამუშავებდა. ივანიშვილს, ალბათ, ვიხილავთ საარჩევნო სიისა და სამოქმედო პროგრამის წარდგენისას. ჯერჯერობით მის სხვაგვარ აქტიურობას არ ველი”, - დასძენს ექსპერტი.

კორონავირუსის შემობრუნება - ევროპაში მეორე ტალღა დაიწყო, რა მოხდება საქართველოში

“ევროპაში კორონავირუსთან დაკავშირებულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ იმ მაჩვენებელს მიაღწია, რომელიც ეპიდემიის პიკის დროს - აპრილში ფიქსირდებოდა. სპეციალისტთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ღიად საუბრობს ეპიდემიის მეორე ტალღის დაწყებასა და უკვე გაუქმებული ზოგიერთი შეზღუდვის ხელახლა ამოქმედებაზე. რა ელის ასეთ ვითარებაში საქართველოს და როგორია ეპიდემიოლოგების პროგნოზი?”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კორონავირუსის შემობრუნება - ევროპაში მეორე ტალღა დაიწყო, რა მოხდება საქართველოში.

“ესპანეთში ივნისის ბოლოს დღეში საშუალოდ ინფიცირების 100 შემთხვევა ფიქსირდებოდა. მას შემდეგ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მატულობს და პიკს გასულ კვირას მიაღწია, როდესაც ზედიზედ 3 დღის განმავლობაში 3000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა. ყველაზე ბევრი შემთხვევა პარასკევს იყო - 3650. სამხრეთ კორეაში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ტესტირებით ახერხებდნენ პანდემიის შეჩერებას, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ზედიზედ, აღმოჩენილი იქნა 300 ახალი შემთხვევა. ყველაზე რთული ვითარება ისევ იტალიაშია, სადაც, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1071 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა, რომში - 215, ლომბარდიაში - 185, ვენეციაში - 160. რომში ეს ინფექციის გავრცელების ახალი რეკორდია. მანამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქ პანდემიის პიკის დროს დაფიქსირდა - 208 ახალი შემთხვევა 28 მარტს. ასეთ რეკორდულ მაჩვენებელს ექიმები იტალიელების შვებულებიდან დაბრუნებას უკავშირებენ. გერმანიაში 24 საათის განმავლობაში აღმოჩენილი იქნა ინიცირებულთა 2034 ახალი შემთხვევა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი აპრილის მეორე ნახევრის შემდეგ არ დაფიქსირებულა. გერმანიამ, ვირუსის გავრცელების ზრდასთან დაკავშირებით, ბრიუსელი რისკის ზონად გამოაცხადა, რადგან ბოლო 7 დღის განმავლობაში იქ დარეგისტრირებული იქნა 50 ახალი შემთხვევა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საფრანგეთში 24 საათის განმავლობაში დარეგისტრირდა კორონავირუსის 4586 ახალი შემთხვევა. ამ დროისათვის საფრანგეთის საავადმყოფოებში 4745 პაციენტი მკურნალობს, რეანიმაციაში იმყოფება 380 ადამიანი. ეპიდემია პიკს აღწევს შევიცარიაში, სადაც გასულ კვირას ორჯერ დაფიქსირდა დღეში 300 ახალ შემთხვევაზე მეტი, რაც აპრილის შუა რიცხვების შემდეგ არ მომხდარა. კორონავირუსიის ახალი შემთხვევები დარეგისტრირდა ნიდერლანდებშიც, დაახლოებით, 535 ადამიანს დაუდგინდა ვირუსი. რაც შეხება ბელგიას, ევროპის კორონავირუსის რუკაზე ბელგია სრულად მუქი სტაფილოსფერი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, ფლანდრიისა და ბრიუსელის შედეგ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დარეგისტრირებული იქნა კოვიდ-19-ის 60 ახალი შემთხვევა საშუალოდ 100 ათას მოსახლეზე”, - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველოში, ბოლო მონაცემებით, ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 1 411 შემთხვევა, აქედან 17 - ახალი. როგორც ინფექციონისტი მარინა ენდელაძე აცხადებს, სავარაუდოდ, ინფექციის მატება იქნება, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორიც ევროპის ქვეყნებშია. “მეორე ტალღაზე ჩვენ სულ ვლაპარაკობთ, მაგრამ წინასწარ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. სავარაუდოდ, კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორიც ევროპის ქვეყნებშია”, - განაცხადა მარინა ენდელაძემ, რომლის თქმით, “ასეთი მასშტაბი საქართველოში არ იქნება, რადგან, პრევენციის მიზნით, ზომების გატარება სასწრაფოდ ხდება”, - დასძენს გამოცემა.

“ოცნება” მაქსიმალურად გაწელავს სიის გამოცხადებას, რომ ხალხი ოპოზიციაში არ გაექცეს, - დავით ჭიჭინაძე

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებისათვის თავისი პროპორციული სიის დასახელების პროცესს სპეციალურად აჭიანურებს, რათა მათი დეპუტატების ნაწილი ოპოზიციაში არ გადავიდეს. “რეალურად ცდილობენ, რომ სატყუარა გაათამაშონ, ადამიანები მაქსიმალურად შეინარჩუნონ და თავის სიაში აღარ ჩაწერონ”, - ამბობს პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე. მისი თქმით, მმართველი გუნდი, მაჟორიტარების ნაწილს მაღალ თანამდებობებს შესთავაზებს, რათა არ გამოთქვან პრეტენზია “ქართული ოცნების” საიში ვერმოხვედრის შემთხვევაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” მაქსიმალურად გაწელავს სიის გამოცხადებას, რომ ხალხი ოპოზიციაში არ გაექცეს, - დავით ჭიჭინაძე.

“ქართული ოცნება” მაქსიმალურად შეეცდება ბოლომდე გაწელოს სიის გამოცხადება, რომ ხალხი ოპოზიციაში არ გაექცეს და ის ადამიანები ვეღარსად ვეღარ მოხვდნენ. ასეთი ვერაგი გეგმები აქვს “ქართულ ოცნებას”. რეალურად ცდილობენ, რომ სატყუარა გაათამაშონ, ადამიანები მაქსიმალურად შეინარჩუნონ და თავის სიაში აღარ ჩაწერონ. შემდეგ მათ თანამდებობებს ჰპირდებიან, ზოგს რას და ზოგს - რას. მაჟორიტარებს განსაკუთრებით. ეს მეამბოხე მაჟორიტარები, რომლებიც ჰყავდათ, რატომღაც არ დააყენეს მოჟორიტარებად, ალბათ სხვა მაღალ თანამდებობებს მისცემენ მათ. ოქრიაშვილმა, მაგალითად, პარტია შექმნა და წავიდა, მერე “ნაცმოძრაობას” ჩაბარდა. ეგ ადამიანები ყოველთვის ეძებენ პატრონს. “ქართული ოცნება”, როგორც ჩანს, დაიღალა მათი პატრონობით, ან მაგათ აღარ მოსწონთ იმათი პატრონობა და წავიდნენ ახლა სხვა მიმართულებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.

“ღიად ბევრი ვერ დაუპირისპირდება “ქართულ ოცნებას”, ალბათ არჩევნების შემდეგ უფრო გამოჩნდება ეგ ამბავი. ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, პოლიტიკოსები განსაკუთრებით, საერთოდ პოლიტიკას უნდა ჩამოშორდნენ, იმიტომ, რომ ხალხის ინტერესების დაცვას როცა ამჯობინებ საკუთარი ინტერესების დაცვას, შენი საქმე პარლამენტში და ზოგადად ქართულ პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს”, - დასძენს ჭიჭინაძე. ამასვე იმეორებს, დამოუკიდებელი დეპუტატი და პარტია “სამართლიანობისთვის” გენერალური მდივანი გედევან ფოფხაძე. “მე არანაირი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით არ მაქვს. მე საერთოდ მგონია, რომ სანამ სია არ გამოქვეყნდება, მანამდე ბოლომდე გარკვეული არ იქნება ვის რას უპირებენ”, - ამბობს გედევან ფოფხაძე”, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს