ნიკოლოზ მეტრეველი -  რუსეთის მძიმე ბელარუსული დილემა

დღევანდელი მდგომარეობით, ბელარუსიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანალიტიკური ცენტრების მასალების და მსოფლიო მედიის ანალიზის საფუძველზე, პოლიტიკური მკვლევარების და ჟურნალისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროპის ბოლო ავტოკრატიული რეჟიმის შეცვლა მიუხედავად მასობრივი რეპრესიებისა, მხოლოდ დროის საკითხია. დიახ, 21-ე საუკუნის პოლიტიკური პროცესების ლოგიკა ადგილს არ ტოვებს ავტოკრატიული რეჟიმებისთვის ევროპაში. ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ფორმით და რა ვადებში მოხდება ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ შექმნილი ხელისუფლების დემონტაჟი, ისევე მშვიდობიანად და რაც მთავარია უსისხლოდ, როგორც ეს მოხდა 2012 წლის ოქტომბერში საქართველოში, თუ ბელარუსების სისხლის და მსხვერპლის ფასად, როგორც 2014 წელს უკრაინაში?!

9 აგვისტოს არჩევნების შედეგების უტიფრად გაყალბებამ და მიტაცებამ ბელარუსი ხალხის დიდი ნაწილი აიძულა ამ ქვეყნისთვის უპრეცენდენტო საპროტესტო აქციები დაეწყო. ბელარუსების ის ნაწილიც კი, რომლებიც დადებითად აფასებდნენ პრეზიდენტის სოციალურ პოლიტიკას ( უფასო ჯანდაცვა, განათლება და უმუშევრობის დაბალი დონე ), დღეს მის გადადგომას მოითხოვენ. ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი შორეულ 1994 წელს კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგის ტალღაზე გახდა. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსგავსად ამ ქვეყანაში მართვის ქვედა ვერტიკალზე კორუფციის დონე დაბალია, მაგრამ ე.წ. ელიტური კორუფცია უკიდურესად მასშტაბურია. ბელარუსში მედიაზე ტოტალური კონტროლი, ძალოვანი სამინისტროების განუკითხაობა, ადამიანების ციხეებში წამება, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გაქრობები და მკვლელობები, ბიზნესის წართმევა სისტემურია. ყოველივე ამით გამოწვეულმა სახალხო პროტესტმა ისეთ დონეს და ხარისხს მიაღწია, რომ ლუკაშენკო სიტუაციაზე კონტროლს ეტაპობრივად კარგავს. სოციალური მართვის აქსიომაა - მსგავს სიტუაციაში, რაც უფრო მეტი იქნება რეპრესიები, მით უფრო მეტი იქნება პროტესტის ტალღა და ხალხის წინააღმდეგობა. ამ დროისთვის ბელარუსის პრეზიდენტს არმიის და ძალოვანი სამინისტროების იმედიც არ უნდა ჰქონდეს, ისინი არ და ვერ ესვრიან ასი ათასობით უიარაღო მშვიდობიან თანამოქალაქეს, ლუკაშენკო მხოლოდ რუსეთის პირდაპირი ჩარევის იმედად რჩება.

დღეს მსოფლიოში ყველა წამყვანი პოლიტიკოსის და მრავალი დამკვირვებლისთვის მთავარი კითხვაა, წავა თუ არა პუტინის რუსეთი ბელარუსის საშინაო საკითხებში პირდაპირ ძალისმიერ ჩარევაზე? კრემლისთვის იდეალური სიტუაცია იქნებოდა, თუ მაქსიმალურად დასუსტებული პრეზიდენტი ლუკაშენკო რუსეთის მხრიდან პირდაპირი ძალისმიერი ჩარევის გარეშე შესძლებდა სიტუაციის სტაბილიზაციას, მაგრამ ამის შესაძლებლობა ძალიან დაბალია. ლუკაშენკოს შეთავაზება ერთი წლის განმავლობაში ახალი კონსტიტუციის მიღებაზე და შემდგომ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე არც უმსხვილესი საწარმოების მუშებმა და არც საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა არ მიიღო. აქ უნდა ითქვას, რომ თუ არა პოლიტიკური სიტუაციის დაძაბულობის დონე და უნდობლობა, რომელიც ხალხს და რეჟიმს შორის არსებობს, ეს ვარიანტი რეფერენდუმის და არჩვევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში ბელარუსებისთვისაც და დასავლეთ სამყაროსთვის ყველაზე გამართლებული იქნებოდა. ეს პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა ოპოზიციური ძალების მიერ შექმნილმა „ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანსფერის საკოორდინაციო საბჭომ“. რომელმაც უარყო ხელისუფლების წინადადება საარჩევნო ბიულეტენების ხელახალ გადათვლაზე, ვინაიდან ოპოზიციის მტკიცებით ბიულეტენების დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია. არსებულ სიტუაციაში საწარმოების სულ უფრო მზარდი გაფიცვების და აქციების ფონზე, რას მოიმოქმედებდა პრეზიდენტი ლუკაშენკო რთულად ასახსნელი არ არის. მან საგარეო საფრთხეებზე და ნატოს მითიური ჯარების ბელარუსის საზღვრებთან კონცენტრაციაზე განცხადებების გაკეთება დაიწყო. ლუკაშენკოს თქმით: ბელარუსის წინაშე არსებულმა საგარეო საფრთხეებმა, რომელიც უკვე საფრთხეა არამხოლოდ ბელარუსითვის, მისი და პრეზიდენტ პუტინის აზრით, შეიძლება რუსეთის პირდაპირი სამხედრო დახმარება გახადოს აუცილებელი. შესაძლებელია ვიგულისხმოთ, რომ ლუკაშენკო „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ( ОДКБ ) სამხედრო ჩარევას ითხოვს. ფაქტია რუსეთის გარდა ალიანსის წევრი სხვა ქვეყნები ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და სომხეთი, ბელარუსში საკუთარ სამხედრო ნაწილებს სიმბოლურადაც არ გააგზავნიან. რჩება რუსეთი, რომლის ხელმძღვანელობა, ვფიქრობ, ნათლად აცნობიერებს რამდენად დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან, თუ ასეთი ნაბიჯის გადადგმა მოუწიათ. რუსეთის ხელისუფლებას სატელეფონო საუბრებში ძალისმიერი ჩარევისგან თავის შეკავებისკენ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა უკვე მოუწოდეს. თუ რუსეთი მაინც გადაწყვეტს ნებისმიერი საბაბით ბელარუსში ჯარების შეყვანას ( ვინაიდან ე.წ. მრჩეველთა და ინსტრუქტორების შეგზავნა ფაქტია, რეჟიმის გადარჩენას ვერ უზრუნველჰყოფს), პუტინი მზად უნდა იყოს: 1. ახალი მასშტაბური ეკონომიკური სანქციებისთვის. 2. პრაქტიკულად სრული საერთაშორისო იზოლაციისთვის და რაც მთავარია, ბელარუსს არ აქვს არც ყირიმი, არც ავტონომიური წარმონაქმნები და არც ე.წ. რუსული ოლქები და ტერიტორიები . შესაბამისად მას მოუწევს მთლიანი ქვეყნის ოკუპაცია. ამ ოკუპაციას კი ბელარუსების მასობრივი ანტისაოკუპაციო წინააღმდეგობის ფონზე ასი ათასობით რუსი სამხედრო დასჭირდება, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით რუსეთის ხელისუფლების განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ მათაც ესმით - ლუკაშენკოს ხელისუფლებაში დარჩენა შეუძლებელი ხდება. ამავდროულად, გავლენიანი რუსი სენატორის და ანალიტიკოსი პუშკოვის ბოლო კომენტარები ნათლად გვიჩვენებს, რომ კრემლი შექმნილი სიტუაციის გამო ძალიან მძიმე დილემის წინაშეა. „ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანსფერის საკოორდინაციო საბჭოს“ წევრების და მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატ სვეტლანა ალექსიევიჩის მიერ დეკლარირებულ პოლიტიკურ განცხადებებში პირდაპირ მოითხოვენ ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოდან გასვლას, „ОДКБ“ დატოვებას და ევროკავშირთან მჭიდრო ყოველმხრივ ინტეგრაციას. ეს პუტინის რუსეთისათვის ახდენილი კოშმარი და სრული კატასტროფის ტოლფასია. გარდა წმინდა გეოპოლიტიკური და ეკონომიკური დანაკარგის, ეს პირდაპირი მინიშნებაა იმისაკენ, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესები რუსეთშიც.

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ კრემლი ამ ეტაპზე თავს შეიკავებს მკვეთრი მოქმედებებისგან და დაელოდება კოლექტიური დასავლეთის შემდგომ რეაქციას ბელარუსში განვითარებად მოვლენებზე. უნდა ველოდოთ, რომ ევროკავშირის პოზიცია ამ კრიზისზე უფრო მკაფიოდ 26 აგვისტოს დაგეგმილ ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე გამოიკვეთება. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, მათი პოზიცია ჯერჯერობით შედარებით თავშეკავებულია. ამ ეტაპზე შეიძლება დავასკვნათ: ბელარუსის პოლიტიკური კრიზისი დროში იწელება და ხანგრძლივ პროცესში გადადის. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ის დასრულებისკენ ან განმუხტვისკენ მიდის.

ნიკოლოზ მეტრეველი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისკავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრისდირექტორი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო