თენგიზ ფხალაძე - დღევანდელი ვითარება ოპოზიციის სასარგებლოდ არ მეტყველებს, „ოცნებასაც“ ესმის საკუთარი უპირატესობა და შეეცდება ეს მაქსიმალურად გამოიყენოს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ჯიპას-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, ახლა საქართველოში ყველაფერი რაც ხდება, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

ეს რომ ასეა, გასაკვირი სულაც არაა, მაგრამ გვინდა თუ არა, ის, რაც ახლა ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში, კერძოდ ბელარუსში, უკრაინაში და თავად რუსეთში ხდება, შესაძლოა, გარკვეული წილად გავლენა იქონიოს ჩვენთან დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე.

ვხედავთ, რომ ბელარუსში ქუჩაში გამოსული ხალხის წინააღმდეგ ლუკაშენკოს ხელისუფლების მხრიდან გატარებული რეპრესიული ზომების მიუხედავად, ვნებათაღელვა ქვეყანაში არ ცხრება. ვხედავთ იმასაც, რომ რაც უფრო აქტიურობს ქუჩა, მინსკი სულ უფრო მეტად ხდება არა დასავლეთზე, არამედ სწორედ კრემლზე დამოკიდებული.

საუბარია იმ კრემლზე, რომლის წინააღმედეგ ხაბაროვსკში დაწყებული საპროტესტო აქციები არა თუ არ ცხრება, მომიტინგეები ღიად აფიქსირებენ ბელარუსის ქუჩებში გამოსული ხალხის მიმართ მხარდაჭერას. პარალელურად, თავად რუსეთში სულ მეტ აქტუალობას იძენს პუტინის ყველაზე დიდი ოპონენტის ნავალნის მოწამვლის ისტორია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებიც ჩიხშია შესული.

სავარაუდოდ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ბელარუსში, უკრაინასა და თავად რუსეთში მიმდინარე პროცესებმა ჩვენთან შემოდგომისათვის დაგეგმილი არჩევნების შედეგებზე?

- მრავალკომპონენტიანი კითხვაა და ვეცდები, შესაბამისად ვუპასუხო. უდავოა, რომ ამ პროცესებს საქართველოზე გავლენა აქვს და ექნება კიდეც მომავალში, რადგან ბელარუსიც და უკრაინაც ჩვენი პარტნიორია და ეს ურთიერთობები გრძელვადიანი ეროვნული ინტერესებითაა ნაკარნახევი.

ამიტომაც იქ მიმდინარე მოვლენები სიღმისეულ შესწავლას და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს, რათა სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და შესაბამისი ნაბიჯებიც გადავდგათ. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ მაქსიმუმი კეთდება. თუნდაც ის ფაქტი, რომ ბელარუსში ესოდენ მნიშვნელოვან არჩევნებს ჩვენი ელჩი შვებულებაში შეხვდა, უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

მინსკში არსებული რეალური ვითარება ძალიან განსხვავდება ჩვენში გავრცელებული შავ-თეთრი სურათისაგან, სადაც ერთ მხარეს ლუკაშენკოა, მეორე მხარეს კი - მხოლოდ პროგრესული ძალები. ვითარება ბელარუსში გაცილებით რთული და ჩახლართულია, მოქმედი ძალები კი - ორზე მეტი. დღეს კრემლი ბელარუსში სპეცოპერაციას ატარებს, რომლის მიზანიც არეულობა და ქვეყნის სრული დამორჩილებაა.

ვითარება ბელარუსში გაცილებით რთული და ჩახლართულია, მოქმედი ძალები კი - ორზე მეტი. დღეს კრემლი ბელარუსში სპეცოპერაციას ატარებს, რომლის მიზანიც არეულობა და ქვეყნის სრული დამორჩილებაა

ამ დროს იმ ტექნოლოგიების გამოცდა მიმდინარეობს, რომელსაც შემდგომში რუსეთი სხვაგანაც გამოიყენებს. პუტინს ძალიან სჭირდება წარმატება სამეზობლოში. მან სამართლებრივად უკვე გაინაღდა სამუდამო მმართველობა, მაგრამ თავად რუსეთის საზოგადოებას დაიღალა „უკვდავი ბელადის“ ცქერით და მისდამი უკმაყოფილებაც იზრდება. ეს შეუქცევადი პროცესია, მაგრამ მისი შენელება შესაძლებელია რეპრესიებითა და „რუსული მიწების გაფართოების“ პოლიტიკით.

ნავალნის მოწამვლა და ბელარუსის მოვლენებში კრემლის ჩარევაც ამის ნაწილია. რუსულ ექსპანსიონიზმს რაც შეეხება, პუტინმა კარგად იცის, რომ ახლა მეტის მოსწრებაა შესაძლებელი, ვიდრე თუნდაც ერთი წლის შემდეგ. ახლა მსოფლიო კორონავირუსითაა დაკავებული.

ამერიკაში არჩევნებია და პოლიტიკური ძალებიც შიდა საკითხებზე უფრო მეტად არიან გადართულნი. არც ევროპულ პოლიტიკაშია მარტივი ვითარება. გერმანიაში მერკელის მმართველობის დასასრული და მომავალი არჩევნები არსებულ წინააღმდეგობებს კიდევ უფრო აძლიერებს. ამდენად რუსეთს მეტი სივრცე აქვს გარე ასპარეზზე მანევრისათვის. ძირითადი სამიზნე კვლავაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებია, რომელთა შორის საქართველოცაა.

სულ მალე სამხედრო წვრთნები „კავკაზ 2020“ იწყება, რომლიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემუქრება. სამწუხაროდ ვერ ვხედავ ჩვენს სათანადო აქტიურობას, რომ პარტნორთა ყურადღება ამ საფრთხეს დროულად მივაპყროთ.

თუმცა, სამხედრო წვრთნები ერთადერთი პრობლემა არაა. რუსეთი სხვა ტექნოლოგიებისაც იყენებს და ამ არსენალის გაფართოებას მომავალშიც შეეძლება. ამიტომაც განსაკუთრებული წინდახედულობა გვმათებს, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში.

სამხედრო წვრთნები ერთადერთი პრობლემა არაა. რუსეთი სხვა ტექნოლოგიებისაც იყენებს და ამ არსენალის გაფართოებას მომავალშიც შეეძლება. ამიტომაც განსაკუთრებული წინდახედულობა გვმათებს, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში

- აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და ევროპის რიგი ქვეყნების სპეცსამსახურები კარგა ხანია საუბრობენ იმაზე, რომ ამ ქვეყნების არჩევნებში სხვადასხვა ფორმით აქტიურად იყო ჩართული რუსეთი.

ამ თემაზე ჩვენი სპეცსამსახურები დუმილს ამჯობინებენ. არაა გამორიცხული, რომ მათ ამგვარ ქმედებას თავისი მიზანი ჰქონდეს.

არადა, ძნელი წარმოსადგენია, რომ 2020 წლის არჩევნებზე კრემლს თავისი ფავორიტები არ ჰყავდეს. მეტიც, როგორც რუსულ დიპლომატიას სჩვევია „მათ კვერცხები ერთ კალათაში არ ექნებაათ ჩაწყობილი“.

სავარაუდოდ როგორ გამოიყურება 2020 წლის არჩევნების მიმართ რუსული პოლიტიკის ტაქტიკა და სტრატეგია? ამ დროისათვის რისი თქმა შეიძლება - საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე ვისზე შეიძლება ჰქონდეს დადებული ფსონი კრემლს?

- სამწუხაროდ, რუსეთის საქართველოს საქმეებში ჩარევაზე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ოფიციალური ანგარიშებიდან მეტს ვიგებთ, ვიდრე საკუთარი ქვეყნის შესაბამისი უწყებებიდან.

ამ შეუვალ დუმილს რა მიზანი აქვს, ალბათ იმ მრავალრიცხოვან სტრატკომებს უნდა ვკითხოთ, რომლებიც ყველა უწყებაშია შექმნილი და ჩვენს მიერ ბიუჯეტში გადახდილი ფულით ფინანსდება.

თუკი მათი ძირითადი ფუნქცია უმნიშვნელოვანეს საკითხებზე „სტრატეგიული“ დუმილია, მაშინ ამ დუმილს მართლაც „ოქროზე ძვირი“ ფასი ჰქონია, რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა ჩვენნაირი სახელმწიფოსთვის.

თუკი მათი ძირითადი ფუნქცია უმნიშვნელოვანეს საკითხებზე „სტრატეგიული“ დუმილია, მაშინ ამ დუმილს მართლაც „ოქროზე ძვირი“ ფასი ჰქონია, რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა ჩვენნაირი სახელმწიფოსთვის

- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს - ამ დროისათვის რისი თქმა შეიძლება - საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე ვისზე შეიძლება ჰქონდეს დადებული ფსონი კრემლს?

- გეთანხმებით, ფსონი ერთ ძალაზე არ იდება და არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ეს პოლიტიკური და ე.წ. „საზოგადოებრივი“ ორგანიზაციებიც მეტად გააქტიურდებიან. ისინი ნაკლებად პოზიორობენ ეკრანებზე, მაგრამ ძალიან აქტიურად მუშაობენ მოსახლეობასთან. ამ პროცესში ხდება შესწავლა რაზე და როგორ რეაგირებს საზოგადოების ესა თუ ის ჯგუფი, რა არის დაბნეულობისა და განხეთქილების შემომტანი, სად მეტი სენტიმენტია რუსეთის მიმართ და ა.შ. ამის საფუძველზე ეწყობა საარჩევნო კამპანიაც.

მთავარი კითხვა ისაა, რას ვაკეთებთ ჩვენ? რა კეთდება საკანონმდებლო ან აღმასრულებელ დონეზე ოკუპანტი სახელმწიფოდან დაფინანსების წყაროების გადასაკეტად? რა კეთდება რუსული ორგანიზაციების, თუნდაც გორჩაკოვის ფონდის, ანტიქართული საქმიანობის აღსაკვეთად? ასეთი კითხვები ბევრია, პასუხები კი არ ჩანს.

მთავარი კითხვა ისაა, რას ვაკეთებთ ჩვენ? რა კეთდება საკანონმდებლო ან აღმასრულებელ დონეზე ოკუპანტი სახელმწიფოდან დაფინანსების წყაროების გადასაკეტად? რა კეთდება რუსული ორგანიზაციების, თუნდაც გორჩაკოვის ფონდის, ანტიქართული საქმიანობის აღსაკვეთად? ასეთი კითხვები ბევრია, პასუხები კი არ ჩანს

ამიტომაც მეტოქეს ხშირად ჩვენც „წარმატებით“ ვეხმარებით. შიდა ჭიდილით კი ისე ვართ გართულნი, რომ ხელს თუ არავინ შეგვიშლის, თავადვე მოვუღებთ ბოლოს ერთმანეთს

- კრემლი კარგა ხანია ღიად ამბობს, რომ მას საქართველოსთან დაკავშირებით ყველაზე მეტად საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი აღელვებს. ფაქტია ისიც, რომ ჩვენში საქართველოს ნატოში გაწევრიანების ყველაზე აქტიურად „პატრიოტთა ალიანსი“ ეწინააღმდეგება.

სხვათა შორის, ამ საკითხზე ასეთივე ხედვები აქვთ სხვა პარტიებს, მაგრამ მათი ხმა, ისე „ომახიანად“ არ ისმის, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ხმა, რომლის ლიდერები სულ ცოტა ხნის წინ აფხაზეთში იმყოფებოდნენ, რისი ამსახველი მასალები მათვე თავად გაასაჯაროვეს.

დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების ენგურსგადაღმა გადასვლა სხვა არაფერი იყო, თუ არა წინასაარჩევნოდ გათვლილი ღონისძიება, რომელიც ხმების მობილიზებას ემსახურებოდა.

რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოს ნატოში არგაწევრიანების საკითხში კრემლისა და „პატრიოტთა ალიანსის“ ხედვების თანხვედრა? და კიდევ, შეძლებდა თუ არა „პატრიოტთა ალიანსი“ ენგურსგადაღმა მოსკოვის გარეშე გადასვლას?

- ნატოს საკითხი მხოლოდ სატყუარაა. კრემლის მიზანი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების გარეშე დატოვება და შემგომი დამორჩილებაა, რაც რუსეთს საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციების რეალიზაციის საშუალებას მისცემს. ეს კი შეუთავსებელია დამოუკიდებელი, დემოკრატიული და წარმატებული საქართველოს იდეასთან.

ნატოს საკითხი მხოლოდ სატყუარაა. კრემლის მიზანი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების გარეშე დატოვება და შემგომი დამორჩილებაა, რაც რუსეთს საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციების რეალიზაციის საშუალებას მისცემს. ეს კი შეუთავსებელია დამოუკიდებელი, დემოკრატიული და წარმატებული საქართველოს იდეასთან

გეთანხმებით, რომ ნატოს მოწინააღმდეგე მხოლოდ პატრიოტთა ალიანსი არაა, მაგრამ ამ პარტიას დღეისათვის პარლამენტში საკუთარი ფრაქცია აქვს და შეეცდება მომავალი არჩევნებისათვის შედეგი გაიუმჯობესოს.

რაც შეეხება ენგურგაღმა გადასვლას. ასეთი მგზავრობა საქართველოს სხვა კუთხეში მოგზაურობისგან იმით განსხვავდება, რომ სპეციალურ ნებართვას საჭიროებს როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან, ასევე საოკუპაციო რეჟიმისგან.

როგორ მოხდა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოკუპირებულ ტერიტორიაზე? უნდა ვივარაუდოდ, რომ ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები ინფორმირებულები იყვნენ და თანხმობაც გასცეს ასეთ გადაადგილებაზე. შესაბამისად მათ უნდა სცოდნოდათ გადაადგილების მიზანიც და ალბათ მიიჩნიეს, რომ ის სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება.

მაშინ იქნებ ამავე სახელმწიფო ინსტიტუტებმა ინებონ და აგვიხსნან, რაში მდგომარეობდა ეს ინტერესი. თუკი ეს ყოველივე ასე არ განხორცილებელულა, მაშ გამოდის რომ ვიცე-სპიკერი არალეგალურად გადასულა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ასეთ შემთხვევაში იმავე ინსტიტუტებმა უნდა გვიპასუხონ როგორ და რატომ მოხდა ეს არალეგალური გადასვლა. ასე რომ კითხვები მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსს“ კი არა ხელისუფლებასაც უნდა დავუსვათ.

ამა თუ იმ პარტიას შესაძლოა ბევრი იდეა ჰქონდეს, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია კანონის უზენაესობა უზრუნველყოს და თუკი საერთო ნორმებიდან რაიმე გამონაკლისი ხდება, ისიც უნდა ვიცოდეთ, რატომ.

ამა თუ იმ პარტიას შესაძლოა ბევრი იდეა ჰქონდეს, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია კანონის უზენაესობა უზრუნველყოს და თუკი საერთო ნორმებიდან რაიმე გამონაკლისი ხდება, ისიც უნდა ვიცოდეთ, რატომ

- ნატოს ყოფილი მთავარსადლის ჯეიმს სტავრიდისი განცხადებას - საქართველოს ნატოში გაწევრიანება უფრო რეალური გახდება, თუ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ნატოს მოქმედებების ბაზისი არ იქნება“, ჩვენში დიდი ხმაური და განხილვა მოჰყვა.

ამგვარი რამ ჩვენ პირველად არ გვესმის. ალბათ გემახსოვრებათ, რომ მსგავსი წინადადება გასულ წლის შემოდგომაზე თბილისში ნატოს ყოფილმა გენმდივანმა რასმუსენმა გააჟღერა. თქვენ როგორ აღიქვით ჯეიმს სტავრიდისის განცხადება?

- ეს თემა პირველად არ გვესმის. აქვე ვიტყვი, რომ მე-5 მუხლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელება/არგავრცელების საკითხი არანაირად არ უკავშირდება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საუბარია იმ მექანიზმის ძიებაზე, რომელიც ოკუპაციის პირობებშიაც კი უზრუნველყოფს საქართველოს ნატოში ინტეგრაციასა და დაცულობას.

როგორც აღნიშნე, ამ თემამ კვლავაც დიდი ხმაური გამოწვია და აქაც გასაოცარია ჩვენი ოფიციალური უწყებების და მათი სტრატკომების დუმილი. სამწუხაროა, რომ ჩვენს პრობლემებზე სხვაგან მეტი მსჯელობა მიმდინარეობს, ვიდრე თავად საქართველოში.

უწყებებს, რომელთაც ეს საკითხი ეხებათ, იზოლაციის პოლიტიკა აქვთ არჩეული და მაქსიმალურად თავს არიდებენ საზოგადოებასთან ამ მგრძნობიარე თემაზე ლაპარაკს. ასე სტრატეგია ვერ ჩამოყალიბდება. ამიტომაცაა რომ ნატოსთან პოლიტიკური გარღვევა დღეს ძალიან გვიჭირს. ველოდებით შანსს, რომელიც თავისით არ მოდის.

სტავრიდისის, მანამდე კი რასმუსენის, ლუკ კოფისა და სხვათა მიერ გაჟღერებული იდეა არასოდეს ყოფილა ნატოს ოფიციალური შეხვედრების დღის წესრიგში. მაგრამ ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ რამე მსგავსი მოხდა და საკითხი განსახილველად გადის. რას ვაპირებთ? რა მანდატით მოქმედებს ხელისუფლება? მხოლოდ მერე იწყებს საკითხის შეთანხმებას საკუთარ მოსახლეობასთან?

სტავრიდისის, მანამდე კი რასმუსენის, ლუკ კოფისა და სხვათა მიერ გაჟღერებული იდეა არასოდეს ყოფილა ნატოს ოფიციალური შეხვედრების დღის წესრიგში. მაგრამ ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ რამე მსგავსი მოხდა და საკითხი განსახილველად გადის. რას ვაპირებთ? რა მანდატით მოქმედებს ხელისუფლება? მხოლოდ მერე იწყებს საკითხის შეთანხმებას საკუთარ მოსახლეობასთან?

როგორ წარმოგვიდგენია ოკუპირებული ტერიტორიებით ნატოში გაწევრიანება ან თავად დეოკუპაციის პოლიტიკის განხორციელებას როგორ ვაპირებთ?!

ეროვნული უსაფრთხოების ასეთ ფუნდამენტურ საკითხებზე მუშაობა მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. ამის სტრატეგიებს და სცენარებს ჩვენ უნდა ვქმნიდეთ. თუ იმ დღეს ველოდებით, როდესაც რუსეთი ტერიტორიებს ნებაყოფლობით დაგვიბრუნებს და ნატოსკენ გზას დაგვილოცავს, ზედმეტად მიამიტები ვყოფილვართ. თუკი ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ პუტინი წავა და ყველაფერი შეიცვლება, ესეც პოლიტიკური სიბრმავეა. არც პუტინი აპირებს ასე უცებ სადმე წასვლას და არც მისი ოპოციზიცია ათევს ღამეს საქართველოს ტერიტორულ მთლიანობის აღდგენის ფიქრში.

სხვათა შორის ნავალნის გამონათქვამები საქართველოსთან მიმართებაში ამის ერთ-ერთი მაგალითია. რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს საქართველოს ტერიტორიებს, თუკი ძლიერ საერთაშორისო ზეწოლას იგრძნობს. ამისათვის კი საჭიროა საქართველოს ჩამოყალიბებული დეოკუპაციისა და რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია ჰქონდეს, რათა ჩვენი პარტნიორებისთვისაც გასაგები გახდეს რა სახის დახმარება გვესაჭიროება მათი მხრიდან.

რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს საქართველოს ტერიტორიებს, თუკი ძლიერ საერთაშორისო ზეწოლას იგრძნობს. ამისათვის კი საჭიროა საქართველოს ჩამოყალიბებული დეოკუპაციისა და რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია ჰქონდეს, რათა ჩვენი პარტნიორებისთვისაც გასაგები გახდეს რა სახის დახმარება გვესაჭიროება მათი მხრიდან

ყოველივე ამას კი ძალიან აქტიური მუშაობა სჭირდება, როგორც უცხოელ პარტნიოებთან, ასევე საკუთარ საზოგადოებასთან და არა ის სტრატეგიული ჩაკეტილობა, რითაც სამწუხაროდ ჩვენი უწყებები გამოირჩევიან.

- სულ ცოტაც და საარჩევნო კამპანია ფინიშის ზღვარს გაუსწორდება და დაიწყება არჩევნებამდე დარჩენილ 60 დღეში საარჩევნო კამპანიების ყველაზე აქტიური ფაზა.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე დარჩენილ დროში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?

- არჩევნების წინ პოლიტიკური ტემპერატურა ყოველთვის მატულობს. ზაფხულმა და კორონავირუსმა ამ პროცესში ერთგვარი კორექტივები შეიტანა, მაგრამ სექტემბრიდან დინამიკა კვლავაც გაიზრდება. წინაა პოლიტიკური პლატფორმებისა და საარჩევნო სიების პრეზენტაციაც. ვნახოთ, რამდენად შეძლებენ საარჩევნო სუბიეტები ამომრჩევლისათვის რაიმე ორიგინალურის შეთავაზებას.

დღევანდელი ვითარება ნამდვილად არ მეტყველების ოპოზიციის სასარგებლოდ. თავის მხრივ „ქართულ ოცნებასაც“ კარგად ესმის საკუთარი უპირატესობა და შეეცდება იგი მაქსიმალურად გამოიყენოს.

დღევანდელი ვითარება ნამდვილად არ მეტყველების ოპოზიციის სასარგებლოდ. თავის მხრივ „ქართულ ოცნებასაც“ კარგად ესმის საკუთარი უპირატესობა და შეეცდება იგი მაქსიმალურად გამოიყენოს

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ დარჩენილ დროში „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული შეცდომები არ დაუშვა, დიდია იმის ალბათობა, რომ დღევანდელმა მმართველმა გუნდმა შეინარჩუნოს ხელისუფლება. თქვენც ასე ფიქრობთ?

- „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნების შანსი იმიტომ კი არ აქვს, რომ სერიოზულ შეცდომას არ უშვებს, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციას უფრო დიდი შეცდომები აქვს. ოპოზიციური პარტიები საკუთარ ნაკლს ვერ ამჩნევენ და პირველობაში დარწმუნებულნი არიან. ეს კი „ქართული ოცნების“ შანსებს მხოლოდ აძლიერებს.

თუკი არჩევანი ისევ „9 წელსა“ და „შემდგომ 8 წელს“ შორის იქნება, ასეთ ორპოლუსიან ბრძოლაში ოპოზიციის შანსი მიზერულია

- 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ. დეკლარაციის მიხედვით, შექმნება ამომრჩევლების ხმების დაცვის შტაბი, რომელსაც პაატა დავითაია უხელმძღვანელებს.

მიუხედავად დეკლარაციაზე ხელმოწერისა, ვხედავთ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ბევრ საკვანძო საკითხებში აზრთა სხვადასხვაობაა. ამას ემატება ისიც, რომ ყველა პოლიტიკური ძალა არჩევნებზე ერთმანეთის კონკურენტი იქნება. თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე?

- იმისათვის რომ დაიცვა, ჯერ ხმები უნდა მოიპოვო. მემორანდუმი კი გაფორმდა, მაგრამ იქვე განხეთქილების ახალმა მიზეზმაც იქვე იჩინა თავი. გიორგი ვაშაძის საწინააღმდეგო კამპანია კარგად წარმოაჩენს ოპოზიციის შიგნით არსებულ პრობლემებს. ამ ფლანგზე ე.წ. შემკრები ვერ ჩამოყალიბდა.

მართალია „ნაცმოძრაობას“ სხვებთან შედარებით მეტი რეიტინგი აქვს, მაგრამ დღეს ეს მისი ელექტორატის მაქსიმუმია, რომლის გაზრდის პერსპექტივაც უკიდურესად საეჭვოა.

გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობას სიახლე სჭირდება, მზარდი შიდა ანტაგონიზმი კი ამ პროცესს ხელს ნამდვილად არ უწყობს. თუკი არჩევანი ისევ „9 წელსა“ და „შემდგომ 8 წელს“ შორის იქნება, ასეთ ორპოლუსიან ბრძოლაში ოპოზიციის შანსი მიზერულია.

ამ პრობლემის მოგვარებას ძირეული ცვლილებები სჭირდება და ეს საზოგადოებრივ დაკვეთად უნდა იქცეს. უსაფრთხო გარემოს შექმნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა და ეს კარგად უნდა გავითავისოთ

- შატილში მომხდარმა ტრაგედიამ შეგვძრა. მანადმე შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის მკვლელობებს ჰყავდა დაზაფრული საზოგადოება. ამას დაემატა 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობა.

მესმის, რომ ეს თემები ცალკე მსჯელობასა და განხილვას იმსახურებენ, მაგრამ ამჯერად შატილში მომხდარს გვერდს ვერ აუვლით.

სამწუხაროდ, ტურიზმი ისეთი სფეროა, ამგვარი ტრაგედიები გამორიცხული არაა. მაგრამ რაც ამ შემთხვევამ გამოავლინა ისაა, რომ ჩვენში დიდი თუ პატარა საქმეების მიმართ უპასუხიმგებლო დამოკიდებულებაა ლამის ყოველ ნაბიჯზე. დაწყებული საკანონმდებლო ბაზიდან, დამთავრებული გონივრული რეგულაციების არარსებობამდე, ყველაფერში სერიოზული კორექტივებია შესატანი. დღევანდელ პარლამენტსაც შეუძლია ამ მიმართულებით წამუშავება და ბევრი რამის გასწორება, მაგრამ მოიცლის?! ...

- ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ დასავლურ სტანდარტებზე და გვავიწყდება, რომ ნატოსა და ევროკავშირის უმთავრესი სტანდარტი დაცული მოქალაქე და დაცული საზოგადოებაა.

თითოეული რაც ჩამოთვალეთ, საშინელი ტრაგედიაა, მაგრამ ამ ტრაგედიის მიღმა ღრმა პრობლემებიც იმალება. მკვლელობებზე იმას ვიტყვი, რომ ამ საქმეთა გამოძიებაში ჟურნალისტები არ უნდა სჯობნიდნენ სამართალდამცავებს, სასამართლო პროცესი კი ერთ კითხვასაც არ უნდა ტოვებდეს ობიექტურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება თვითმკვლელობას, გაოგნებული ვარ იმ გულქვაობითა და სისატიკით, რამაც ეს უბედურება გამოიწვია. საუბედუროდ ოჯახური ძალადობა უკვე ყოველდღიური მოვლენა გახდა და მართლაც საყოველთაო განგაშია გამოსაცხადებელი. ეს ყოველივე ეროვნული უსაფრთხოების ეგზისტენციალური პრობლემაა და არა ცალკეული ინცინდენტი.

იგივე შემიძლია ვთქვა შატილის ტრაგედიაზეც. მისი მიზეზები გაცილებით ღრმაა, ვიდრე კონკრეტული ტურისტული კომპანიის პასუხისმგებლობა. საგზაო უსაფრთხოება აქილევსის ქუსლად იქცა საქართველოსთვის და ამას უამრავი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე ეწირება.

სავალალოა, რომ ასეთი თემები ნაკლებად აისახება პოლიტიკოსთა დღის წესრიგში, ხოლო არჩევნების შემდგომ კი საერთოდ დავიწყებას ეძლევა. ამ პრობლემის მოგვარებას ძირეული ცვლილებები სჭირდება და ეს საზოგადოებრივ დაკვეთად უნდა იქცეს. უსაფრთხო გარემოს შექმნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა და ეს კარგად უნდა გავითავისოთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა