გია ვოლსკი - უტიფრობაა, როდესაც სირთულეებზე გამორჩეული აგრესიულობით ლაპარაკობენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ანგარიშს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვების დასახმარებლად გატარებული ღონისძიებები საუკეთესოდ ფასდება.

„ახლახან მოვისმინეთ გაერო-ს ბავშვთა ფონდის ანგარიში საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვების დასახმარებლად მიღებული გადაწყვეტილებების საუკეთესო შეფასებით. ამასთანავე ბევრმა არც იცის, რომ ანგარიშში მოყვანილ მაჩვენებლების გარდა:

სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვები, 16 წლის ჩათვლით, ყოველთვიურად, შემწეობასთან ერთად იღებენ 50 ლარს (ასეთი 160 ათასზე მეტი ბავშვია);

იმ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ სიკვდილიანობა ჭარბობს შობადობას, ყოველი მესამე და შემდგომი ორ წლამდე ბავშვი ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით ფინანსდება, ხოლო 200 ლარის ოდენობით მაღალმთიან რეგიონში. ამასთანავე პირველ და მეორე ბავშვზეც გაიცემა 100 ლარი ყოველთვიურად;

მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სტატუსი განისაზღვრება ოთხი და მეტი შვილით, სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამით;

მშობიარობის დაფინანსებას სახელმწიფო ახდენს;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის დახმარების პაკეტის ზრდა განხორციელდა ორ ეტაპად: მიმდინარე წლის იანვრიდან 200 ლარიდან 220 ლარამდე, ხოლო ივლისიდან 220 ლარიდან 250 ლარამდე. ამასთანავე სახელმწიფო აფინანსებს ასეთი ბავშვების დღის ცენტრებს;

უფასო გახდა საბავშვო ბაღები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კვების რაციონი. კვების რაციონის გარეშე არ დარჩენილან ბავშვები, როდესაც პანდემიის გამო საბავშვო ბაღები დაიკეტა;

აბორტების რაოდენობა ორჯერ შემცირდა;

ათასობით ადამიანი გადაურჩა სიკვდილს, მათ შორის ახალგაზრდები, თუნდაც ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამით;

სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ნაწილობრივი დასახასიათებლად ამ ყველაფერს დაუმატეთ მკურნალობის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილის და საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება.

არავინ ამბობს, რომ ზოგადად კარგი მდგომარეობაა, მაგრამ უტიფრობაა, სირთულეებზე გამორჩეული აგრესიულობით ლაპარაკობენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელსაც არაფერი გაუკეთებია არც ბავშვებისათვის, არც სოციალურ პაკეტის შესაქმნელად. თითქმის არცერთი ზემოთ ხსენებული პროგრამა ან საერთოდ არ მოქმედებდა ან უმნიშვნელო იყო. ხელისუფლებიდან წასულებმა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონ-ნახევარზე მეტი და შვილების ჯანმრთელობის გადასარჩენად იპოთეკით დაზარალებული ათასობით ადამიანი დატოვეს“, - წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო