ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2020

რა საფრთხეს ხედავს ოპოზიცია მმართველი გუნდის ახალ ინიციატივაში

რატომ არ ურჩევს ხუხაშვილი პარტიებს ოპოზიციის დეკლარაციაზე ხელის მოწერას

პანდემიის დასასრულის დასაწყისი - შემოდგომის ბოლოს საქართველომ შეიძლება ვაქცინა დაამტკიცოს

* * *

რა საფრთხეს ხედავს ოპოზიცია მმართველი გუნდის ახალ ინიციატივაში

“მმართველი გუნდის ახალ ინიციატივას “საარჩევნო კოდექსში” შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. ოპოზიციაში უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” ამით საერთაშორისო პარტნიორების თვალში საკუთარი იმიჯის გამოსწორებაზე ზრუნავს. ოპოზიციის წარმომადგენლები ახალ ინიციატივაზე ამბობენ, რომ ის საფრთხის შემცველია, რადგანაც მმართველი გუნდი მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგელების დასჯას შეეცდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა საფრთხეს ხედავს ოპოზიცია მმართველი გუნდის ახალ ინიციატივაში.

“ინიციატივასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა, კოდექსში ასევე მითითებული იქნება, რომ მსგავსი დარღვევის შემთხვევაში პირს სს პასუხისმგებლობა დაეკისრება. “ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე; შესაბამისი ცვლილებები მომზადებულია და დღეს დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯომარემ. “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი კახა კოჟორიძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ პრობლემა არა ახალ კანონში, არამედ ამ კანონის აღსრულებაშია. კოჟორიძის მსგავსად, “ევროპული საქართველოს” თამჯდომარე დავით ბაქრაძეც მიიჩნევს, რომ კოდექსში ცვლილება საერთაშორისო პარტნიორების თვალში მმართველი გუნდის იმიჯის გამოსწორებას ემსახურება. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ახალ ინიციატივაში საფრთხეს ხედავს - მისი თქმით, მმართველი გუნდი გამკაცრებულ კანონს მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. ხოლო “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ეს საზოგადოების მოტუების მცდელობაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქართული ოცნების” ეს ინიციატივა არის მცდელობა, შეალამაზოს საკუთარი შელახული იმიჯი. მთელმა საქართველომ იცის, რომ “ქართული ოცნება” არის შეკრული კრიმინალებთან, იყენებს ადმინისტრაციულ რესურს, ფულს, პოლიციას, აშინებს ადამიანებს, ყიდულობს ხმებს და ახლა ამ ინიციატივით გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ საკუთარი იმიჯის გალამაზება სურთ. როგორც ცუდი პროდუქტი, რომ ბრჭყვიალა ქაღალდში გაახვიო და ლამაზად შეფუთო, ის ამბავია. თუ ვინმეს მართლა სურს ხმის მიცემის მოსყიდვაზე რეგირება, აკრძალვა ან დაშინების არდაშვება, ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეუძლიათ. ჩვენი კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს. არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არაა საჭირო. თუ რეგირება უნდათ, დღესვე შეუძლიათ. პრობლემა ისაა, რომ ამ კანონს თავად ხელისუფლება ბოდიში და “ფეხებზე იკიდებს”. ესაა მთავარი პრობლემა. შესაბამისად ცდილობს მერე ოპოზიცია თუ რამეს დაარღვევს, ამაზე მოახდინოს რეაგირება, მაგრამ დაივიწყოს საკუთარი დარღვევები. ეს კანონი აღარაფერს არ შეცვლის. პრობლემა არის არა კანონში, არამედ ამ კანონის შესრულებაში. უკვე არსებულ კანონს “ქართული ოცნება” არ ასრულებს და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა მიღებულ კანონსაც არ შეასრულებს, უბრალოდ ილაპარაკებს, რომ აი, ნახეთ რა კარგი მთავრობა ვართ, როგორ კარგ საქმეს ვაკეთებთო”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კოჟორიძე.

“იმ პირობებში, როდესაც “ქართული ოცნება” არ ითვალისწინებს არც ერთი კონკრეტული მექანიზმის აღსრულებას, იმ პირობებში, როდესაც ვხედავთ უფრო მძიმე კატეგორიის დანაშაულებსაც, მაგალითად, ოპოზიციის წინააღმდეგ უფრო ღია ძალადობას, რომელიც აბსოლუტურად დაუსჯელად გასდის ხელისუფლების მომხრეებს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცხადია, მათ ვერ ექნებათ ვერანაირი ნდობა. ვფიქრობთ, რომ ეს ინიციატივა უბრალოდ ემსახურება ჩვენი უცხოელი პარტნიორების თვალში “ქართული ოცნების” ძალიან დაზიანებული იმიჯის გამოსწორებას. გამოსავალი მხოლოდ ერთია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რათა ამ გზით მოხდეს “ქართული ოცნების" გაშვება”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას დავით ბაქრაძე.

“ვფიქრობ, ეს არის უბრალოდ მცდელობა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შექმნან ილუზია, თითქოს “ქართული ოცნება” აპირებს სხვანაირად მოიქცეს ამ არჩევნებზე, ის მთავარი პრობლემები, რაც იყო დაფიქსირებული წინა არჩევნებზე, აღმოიფხვრას. დღევანდელ ხელისუფლებას ძალადობის და მოსყიდვის არც ერთი დაფიქსირებული ფაქტი არ გამოუძიებია. მეტიც, შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების პირობებში, იმის საფრთხეც არის, რომ “ქართულმა ოცნებამ” გამკაცრებული კანონმდებლობა სწორედ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს და არა იმისთვის, რომ ჩატარდეს რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სალომე სამადაშვილი.

“მატყუარა “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის წარმომადგენლებს კვლავ აქვთ მცდელობა მოატყუონ საზოგადოება. დღეს გამოვიდნენ და გვითხრეს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება საარჩევნო დარღვევებზე. აქამდე ადმინისტრაციული თუ იყო, ერთი ფაქტი მაინც არსებობს, რომ ვინმე დაისაჯა? ან ვინმე პასუხისგებაში მიეცა? ან ვინმე დაჯარიმდა ამ საკითხებთან დაკავშირებით? დაჯარიმდა მათი წარმომადგენელი, რომელმაც ეს წესი დაარღვია ადრე?” - დასძენს გიორგი ვაშაძე.

რატომ არ ურჩევს ხუხაშვილი პარტიებს ოპოზიციის დეკლარაციაზე ხელის მოწერას

“ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “რეზონანსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციის აქტიურობა მხოლოდ წინასაარჩევნო შარიშურია და არა აქვს იმედი, რომ საბოლოოდ მათ მიერ დადებული შეთანხმებები და ხელმოწერები მათივე მხრიდან არ დაირღვევა. ფიქრობს, რომ ამის ძალიან ბევრი ისტორიული გამოცდილება გვაქვს და ამ ქმედებებით “ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ პირადი ინტერესებით მოქმედებს. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ისინი წინასაარჩევნოდ გარკვეული კოალიციის შექმნის იმიტაციას ცდილობენ. ხოლო ვინც ამ დეკლარაციას ხელს არ მოაწერს, შემდგომ მათი დაბულინგება მოხდება, რომ “ოცნების” მიერ არიან ნაყიდები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ არ ურჩევს ხუხაშვილი პარტიებს ოპოზიციის დეკლარაციაზე ხელის მოწერას.

“მიმაჩნია, რომ დეკლარაცია, რომელზეც 30-მდე პარტიამ ხელი მოაწერა და რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ერთმანეთის ხმების დაცვის პირობას დებს, არის გარკვეული იმიტაცია რაღაც პროცესის და ამის უკან რაიმე რეალურს ვერ ვხედავ. ამ მხრივ საკმაოდ მწარე გამოცდილება გვაქვს. პარტიები მაინც თავის ტყავზე ზრუნავენ-ხოლმე და საბოლოოდ არც ერთი შეთანხმება არ სრულდება. ეს უბრალოდ იმაზე ხაზგასმაა, რომ ხელისუფლება რაღაცა საშინელებას აპირებს, ესენი კიდევ დადგებიან და ამ ხმებს დაიცავენ. მთავარია იმას მიხედონ, რალურად დასაცავი მართლა რამე ჰქონდეთ. თუმცა ამ შარიშურით, მგონია არც არაფერი არ ხდება... ხმების დაცვა ყველას პრეროგატივაა. “ნაციონალები”, რა თქმა უნდა, ამით რაღაცა კონტექსტებს ატრიალებენ. ეს პარტია თავის იმიჯს არ იცვლის. უნდათ, რომ სამყარო მხოლოდ მათ ორბიტაზე ტრიალებდეს. ალიანსების და კოალიციების შექმნა რომ უნდოდეთ, რაღა უშავდა. ესეც კი არ უნდათ. მათ უნდათ, რომ მხოლოდ ისინი იყვნენ და მერე სხვა დანარჩენი. ასე რეალურ ცხოვრებაში არ ხდება. არჩევნებამდე არანაირი კავშირები და კოალიციები არ იქმნება. ეს მხოლოდ შარიშური და იმიტაცია იქნება. არჩევნების შემდეგ კი გამოჩნდება ვინ რა შეთანხმებაზე მოაწერა ხელი და რას ასრულებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“რაც შეეხება მეორე დეკლარაციას “ოცნებასთან” კოალიცია არშექმნაზე, ეს არის პოლიტიკური ტრიუკი, მარტო ბიძინამ კი არ იცის ტრიუკების კეთება, მიშამაც იცის. გასაგებია, რომ მათი ინტერესია ლუსტრირება მოხდეს ვიღაც პარტიების და მათით სპეკულირება დაიწყონ, რომ ისინი ივანიშვილის მიერ არიან მოსყიდულები. ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი. სინამდვილეში არც ერთ პარტიას ამ დეკლარაციაზე ხელმოწერას არ ვურჩევდი. მარტივი მიზეზის გამო, როდესაც მცირე პარტია ვარ და ორი დიდი პოლიტიკური ცენტრი არსებობს, რომელთათვისაც შესაძლოა ხელისუფლების ფორმირებისთვის ოქროს გასაღები გავხდე, წინასწარ ამის თქმა არა თუ არ მჭირდება, არამედ პოლიტიკურად არაჯანსაღი იქნება. პატარა პარტიებს შეუძლია ამ ოქროს გასაღებით ორივე მხარეს პოლიტიკურად ევაჭროს. ამას დადებით კონტექსტში ვამბობ. მათ ადგილას, ვინც დადებით პირობებს შემომთავაზებს, იმასთან ვითანამშრომლებდი. ახლავე გამოაცხადონ ვისთან შექმნიან კოალიციას და ვისთან არა, ამ სიტუაციაში პოლიტიკური სიბრიყვე იქნება”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესი გასაგებია. ეს არის ძალიან იაფფასიანი თამაში და ნორმალურმა პოლიტიკოსმა ეს არ უნდა ჭამოს... ვიღაცა ჩაერთვება და ვიღაცა არა. “ნაციონალური მოძრაობა” წინასწარ ცდილობს ასეთი ირიბი ფორმით კოალიციის ფორმირება მოახდინოს. ეს დეკლარაცია და მსგავსი შეთანხმება დასავლეთისთვისაც ძალიან უცნაური გზავნილია. ამიტომ, ამას არც ისინი ჭამენ”, - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ხომ არ ფიქრობთ, რომ თავის მხრივ კულუარულად მოლაპარაკებებს ოპოზიციის ნაწილთან ბიძინა ივანიშვილი ცდილობს და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ასეთი დეკლარაციის შექმნა გადაწყდა?” - პასუხობს:

“არ მგონია და ავხსნი რატომაც. ჯერ ერთი, “ქართული ოცნება” დღეის მდგომარეობით საკმაოდ ძლიერად არის წარმოდგენილი. ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია კონკრეტულ პროდუქტში ბოლო მომენტში გადაიხადოს. ვინც დაადასტურებს, რომ რაღაცის თავი აქვს და რაღაცას მიიღებს, ეს მერე იყიდის. შესაძლოა ძვირი დაუჯდეს, მაგრამ, როგორც ამბობენ ივანიშვილს ბევრი ფული აქვს”.

პანდემიის დასასრულის დასაწყისი - შემოდგომის ბოლოს საქართველომ შეიძლება ვაქცინა დაამტკიცოს

“კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს მსოფლიო ეტაპობრივად ხსნის, ამის ფონზე იყო შემთხვევები, როდესაც რიგ ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობამ შედარებით მოიმატა, თუმცა მსოფლიო ეპიდემიოლოგების რჩევას ითავლისწინებს და კორონავირუსთან თანაცხოვრებას თანდათანობით ეჩვევა. ქართველი ინფექციონისტები “რეზონანსთან” საუბრისას იმედს იტოვებენ, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობით მატება არ იქნება. კოვიდ-19-ის პრევენციის საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინა მიიჩნევა, რომელზედაც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მუშაობს და მისი შექმნა უკვე ფინალურ ეტაპზეა. ისინი კლინიკურ კვლევებს გადის. 9-იდან სამი უკვე მესამე ფაზის კვლევებშია. გაჩნდა იმედი, რომ შემოდგომას ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ამასვე ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პანდემიის დასასრულის დასაწყისი - შემოდგომის ბოლოს საქართველომ შეიძლება ვაქცინა დაამტკიცოს”.

“უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამყრელიძემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთა კომენტარი. ამბობს, რომ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურებია გასავლელი და ეს დავალებები პრემიერმა ყველა უწყებას დღეს მისცა. გარდა ამისა, ასევე ცნობილი გახდა თუ როდის დაიწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში. პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, საბავშვო ბაღები და თეატრები 1-ელი ოქტომბრიდან, სკოლები და კინოთეატრები კი 15 სექტემბრიდან გაიხსნება. ახალი წესების თანახმად, ბაღის შენობაში მშობელი შესვლას ვეღარ შეძლებს. ფუნქციონირების აღდგენამდე კი ბაღებს შეამოწმებენ, ხოლო აღმზრდელებს სპეციალურ სწავლებებს ჩაუტარებენ. წესდება შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებითაც. რაკი მშობელი ამიერიდან შენობაში ვერ შევა, მან მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა დარეკოს ბაღის აღმინისტრაციის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის ბაღიდან გაყვანა. რაც შეეხება სკოლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ყველა სკოლას შემოწმება გავლილი აქვს და გახსნისთვის აუცილებელ სტანდარტებს აკმაყოფილებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიღებულია გადაწყვეტილება ბაღების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ეტაპობრივი მიდგომა მობილურობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ორი კვირის ინტერვალით, 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება საბავშვო ბაღები. ჩვენ ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ უმაღლეს სასწავლებელებთან, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას ეტაპობრივად მოგაწოდებთ. მივიღეთ ასევე გადაწყვეტილება კინოთეატრებისა და თეატრების გახსნაზე. კინოთეატრები გაიხსნება 15 სექტემბრიდან და ორი კვირის ინტერვალით, 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება თეატრები”, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა. მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, კვლავ რჩება ადგილები, სადაც საყურადღებო ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. საუბარია მესტია-ლენჯერზე, ქობულეთზე, ყაზბეგსა და გარდაბანზე. აქედან საკარანტინე შეზღუდვა მხოლოდ მესტია-ლენჯერზეა დაწესებული, რომელიც პრემიერის განცხადებით 2 სექტემბრიდან მოიხსნება. ზღვისპირა ქალაქებში აქტიური ტესტიება მიმდინარეობს, გახსნილია სპეციალური დროებითი სამედიცინო პუნქტები, სადაც ტურისტებისა და დამსვენებლების ტესტირება მიმდინარეობს”, - განაგრძობს გამოცემა.

“პანდემია გრძელდება, დაძაბულობა დაახლოებით იგივე დონეზეა მთელს მსოფლიოში. ჩვენთან რეგიონში, უშუალოდ მეზობლებში, ვისთანაც გვაქვს საზღვარი, სიტუაცია კვლავ დაძაბულია, რამდენიმე ათასია რუსეთსა და თურქეთში ყოველდღიური შემთხვევების ოდენობა. სომხეთსა და აზერბაიჯანში ყოველდღიური შემთხვევები ასზე მეტია. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ გვაქვს 1 436 დადასტურებული შემთხვევა, 7-ია ახალი. 1 150-ია გამოჯანმრთელებული და ახალი დღეს არ დამატებულა. მესტიის მუნიციპალიტეტში გვაქვს სულ 72 დადასტურებული შემთხვევა, 36 უშუალოდ მესტიაში, დანარჩენი მის გარეთ და ესენია მეორეული და მესამეული კონტაქტები. აქედან გამოკვეთილია ლენჯერის თემი. საკარანტინო ვადა დაუმთავრდა 85%-ს და დაახლოებით 600-მდე ადამიანმა საკარანტინო სივრცეები უკვე დატოვა. დანარჩენს 2 სექტემბერს გასდის საკარანტინო რეჟიმის ვადა და ეს ორი ჩაკეტილი თემი გაიხსნება 2 სექტემბრიდან, თუმცა ლენჯერის თემში ტესტირების მეორე რაუნდი იქნება, რადგან მთლიანად ყველა მოქალაქე იყოს ტესტირებული”, - თქვა ამირან გამყრელიძემ. ინფექციური პათოლოგიის ცენტრის დირექტორი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია კოვიდ-19-თან არსებული ყველა რეკომენდაცია ბოლომდე იქნეს დაცული, რათა დაავადების შემდეგი გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს”, - დასძენს გამოცემა.

“ზუსტად არ ვიცით, იქნება თუ არა ვაქცინა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის საუკეთესო საშუალებაა ინფეციის პრევენციითვის. მე იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალიან დიდი რაოდენობით ახალი შემთხვევები, ჯერ კოვიდი იქნება და ამას უნდა მივეჩვიოთ. თუ სკოლები და ბაღები ყველა რეკომენდაციას დაიცავენ დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. მოსწავლემ, მასწავლებელმა და ყველამ, ვინც დაწესებულებაში შედის მაქსიმალურად უნდა დაიცვან წესები”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას მარინა ენდელაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა