ირმა ინაშვილი - მინდა მივმართო ჩემს აფხაზ დებს და ძმებს: Анцәа ҳиҳәоит, ари аныха ҳара иаҳнаҭарц аинаалара (R)

დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც მისი და პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ლომიას აფხაზეთში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "პატრიოტების" ლიდერებმა ილორის ტაძარში ღვთისმშობლის ხატი ჩააბრძანეს.

"მინდა გაცნობოთ, რომ 18 აგვისტოს, გასულ სამშაბათს, მე, ირმა ინაშვილი, და გიორგი ლომია ნამდვილად გახლდით აფხაზეთში. ამთავითვე აღვნიშნავ, რომ ამ ვიზიტის ორგანიზატორი გახლდათ ბატონი დავით თარხან-მოურავი, რომელმაც თავისი პირადი კონტაქტებით, მოსკოვში თავისი მეგობრების ხელშეწყობით უზრუნველჰყო ეს ვიზიტი.

ცხადია, მნიშვნელობა აქვს ჩემი და ჩემი თანაგუნდელების, ზოგადად "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოზიციასაც, რაც საჯაროდ არაერთხელ დაგვიფიქსირებია. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საქართველომ უნდა გამოაცხადოს ავსტრია-შვეიცარია-ფინეთის ტიპის სამხედრო ნეიტრალიტეტი. საქართველომ კონსტიტუციის დონეზე და გაეროს დონეზე უნდა აღიაროს როგორც სამხედრო ნეიტრალიტეტი, ასევე ძალის გამოუყენებლობის პრინციპი და ცხადია, საქართველომ არასოდეს არ უნდა გამოიყენოს ძალა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში.

27 წლის თავზე ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ტრაგიკული რეალობა, რომ ჩვენ პრაქტიკულად დავკარგეთ ერთმანეთი! ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამი თაობა გაიზარდა გაუცხოებასა და მტრობაში და ჩვენ არც ვფიქრობთ და არც ვეძებთ ამ ვითარებიდან გამოსავალს. მთავარი, ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ: ჩვენ უნდა მოვძებნოთ სამართლიანი, ხაზგასმით ვამბობ, სამართლიანი გამოსავალი, მისაღები აფხაზებისთვის, მისაღები ოსებისთვის, მისაღები ყველასათვის!

საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ 1,200,000-ზე მეტი ადამიანი გამოვკითხეთ. დღეისათვის 840,000-ზე მეტი აუდიო ჩანაწერი გვაქვს ხელთ, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტს სურს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან. მიგვაჩნია, რომ ჩატეხილი ხიდების აღდგენა და შერიგება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი დიალოგის ფორმატში: თბილისი-სოხუმი-ცხინვალი-მოსკოვი. სწორედ ამ ფორმატში უნდა გადაიჭრას არაერთი ჰუმანიტარული საკითხი, რომელიც გზას გაუხსნის სპორტს, გზას გაუხსნის ხელოვნებას, გზას გაუხსნის მეცნიერებას. ამ ფორმატმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალი თაობების დაახლოებას საერთო ფასეულობების საფუძველზე და არა გაუცხოებასა და შუღლის გაღვივებას.

ჩვენ ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს, ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ჩვენს საკანონმდებლო ბაზას და დავადგეთ ცვლილებების გზას, რათა ჩვენი მიდგომებისა და კანონების სულისკვეთება არ აღრმავებდეს უფსკრულს ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის, რისი ნათელი მაგალითიცაა ოკუპირებულ ტერიტორიათა შესახებ კანონი. მინდა შეგახსენოთ, რა დიდი ბრძოლა გავწიეთ პარლამენტში ამ კანონის არაადეკვატურ მოთხოვნებთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ ისაა, რომ ახლა საზღვრის გადაკვეთის გამო, პირდაპირ ციხეში აღარ ჩაგსვამენ და პირველ ჯერზე მხოლოდ გაჯარიმებენ.

რაც შეგვეხება მე და გიორგი ლომიას, ჩვენი ჩასვლა აფხაზეთში კერძო ხასიათს ატარებდა. ჩვენ ჩავაბრძანეთ ღვთისმშობლის ხატი ილორის ტაძარში. ამ ხატზე მოწყალე ღვთისმშობელია გამოსახული, რომელსაც გვერდს უმშვენებენ წმინდა ევსტათი პლაკიდა და წმინდა ევსტათი აფსილი - აფხაზთ მფარველი.

მინდა მივმართო ჩემს აფხაზ დებს და ძმებს:

Анцәа ҳиҳәоит, ари аныха ҳара иаҳнаҭарц аинаалара - მოწყალე ღვთისმშობელი იყოს ჩვენი დიდი შერიგების საწინდარი.

არანაირი ოფიციალური, საჯარო და მით უფრო საიდუმლო შეხვედრები ან მოლაპარაკებები არ ყოფილა. არანაირი პოლიტიკა არ ყოფილა".

(R)

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს