თინათინ ზოიძე - აჭარაში გიდების მხარდაჭერის პროექტები წლის ბოლომდე გაგრძელდება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გიდების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით “გიდების მხარდაჭერის“ პროგრამა დაიწყო. მიმდინარე კვირაში უწყებამ რეგიონში მოქმედ 100 გიდს კორონავირუსისგან ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები და ხმის გამაძლიერებელი აპარატურა გადასცა.

პროექტის ამ ნაწილს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინათინ ზოიძემ “ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, უკონტაქტო თერმომეტრი, სადეზინფექციო სითხე, პირბადეები და ფარი, რომელიც გიდებს გადაეცათ, კოვიდის პირობებში ტურების უსაფრთხოდ ჩატარებას, ტურის ხარჯების შემცირებასა და ღია სივრცეში დისტანციის დაცვის საშუალებას უზრუნველყოფს.

- უფრო დეტალურად, რას მოიაზრებს გიდების მხარდაჭერის პროგრამა?

- ტურიზმის სექტორი პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით დაზარალდა. არის სექტორის რიგი წარმომადგენლები, რომლებთანაც პანდემიის მიერ მიყენებული ზიანი მწვავედ დგას და მათ შორის არიან გიდებიც. რადგანაც ისინი იურიდიულად რეგისტრირებულნი, როგორც მეწარმეები არ არიან, მათ მიმართებაში აქტუალური საკითხი იყო მათი მისადაგება კრიზისების მართვის ქვეპროგრამებზე, რომელიც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში შედიოდა.

პანდემიის პერიოდშიც ძალიან აქტიურად ვიყავით გიდებთან კომუნიკაციაში, ვმართავდით შეხვედრებს და დისკუსიებს, რომლის დროსაც გამოიკვეთა კონკრეტული საკითხები, რაშიც ისინი ითხოვდნენ დახმარებას.

პანდემიის პერიოდში მათ სურდათ მიეღოთ ინფორმაცია ტურის მართვის და უსაფრთხოდ ჩატარების სტანდარტების შესახებ. ასევე ასახელებდნენ დროებითი დასაქმების პროგრამის აუცილებლობას, ითხოვდნენ მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში ტურის ჩატარებისთვის აუცილებელი ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების შეძენაში, ითხოვდნენ კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით პროექტების განხორციელებას, რადგან საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდათ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების განვითარებაზე ემუშავათ.

ჩვენ, რა თქმა უნდა გიდების მიერ შეხვედრებზე წარმოდგენილი ყველა საკითხი დავამუშავეთ და ვაქციეთ პროექტებად. აღნიშნული პროექტები წარვადგინეთ და მხარდაჭერისთვის მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აქტიურად იმუშავა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მივიღეთ მხარდაჭერა. შევიმუშავეთ გიდების მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც ეტაპობრივად ვახორციელებთ. პირველ ეტაპზე, გიდებს უკვე ჩაუტარდათ ტრენინგები ტურების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები ატარებდნენ. გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში 100 გიდს უკვე შევუძინეთ აპარატურა, უკონტაქტო თერმომეტრი, სადეზინფექციო სითხე, პირბადეები და ფარი, 50 პრაქტიკოს გიდს კი გადავეცით ხმის გამაძლიერებელი აპარატურა.

- რა პროექტების განხორციელება იგეგმება მომავალში?

ბუნებრივია, გიდების მხარდაჭერა გაგრძელდება და უკვე მიმდინარე კვირიდან ვიწყებთ გიდების დროებითი დასაქმების პროგრამას, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც გიდებისთვის, ისე ტურისტული სერვისის მიმწოდებლებისთვის. აჭარის რეგიონის ქალაქებსა და მთიან მუნიციპალიტეტებში საოჯახო ტიპის სასტუმროებს, კვების ობიექტებს თუ სხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს გიდები ადგილზე ეწვევიან, გამართავენ საინფორმაციო შეხვერდებს პანდემიის პერიოდში მუშაობის სტანდარტებისა და ტურისტების უსაფრთხოდ მიღებისთვის აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. გიდები დაეხმარებიან კვების, საპიკნიკე ობიექტების პერსონალსა და საოჯახო სასტუმრო სახლებს მიიღონ დეტალური ინფორმაცია პანდემიის პერიოდში ტურისტული მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გიდები ჩაერთვებიან და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ტურისტული სერვისების გაუმჯობესებაში და თავადაც აიღებენ ანაზღაურებას.

გიდების კვალიფიკაციის ამაღლების პროექტები განსაკუთრებით პრიორიტეტულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის. გიდების ნაწილის ჩართვას ვგეგმავთ ქობულეთისა და ბათუმის თემატური ტურების სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესშიც. ეს იქნება პრაქტიკული წიგნი, რომელიც გიდებს მზა ტურებს შესთავაზებს. გარდა ამისა, იგეგმება მათთვის მთიანი აჭარის ახალი და საინტერესო ტურისტული მიმართულებების გაცნობა.

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, წინა წლებშიც აქტიურად ახორციელებდით გიდებისა და ტურისტული სააგენტოების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობას. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გულისხმობს აღნიშნული ინფოტურები და წელს, რას უნდა ელოდონ გიდები ამ მიმართულებით?

- წელს, ჩვენს მიერ ორგანიზებულ ინფოტურებში ჩაერთვებიან გიდები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, რომლებიც იმოგზაურებენ ჩვენს მიერ შექმნილ ახალი ტურისტულ მარშრუტებზე, გაეცნობიან იქ არსებულ ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებს, რათა შემდგომში შეძლონ მისი ტურისტებისთვის შეთავაზება. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მთიან აჭარაში ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარებაზე. წელს, ამ კუთხით ღორჯომი-ბახმაროს, კინტრიში - ჭვანის და ჩირუხი-გოდერძის დამაკავშირებელი ტურისტული ბილიკებია აქტუალური, რომელთა მარკირება-განვითარებაც წელს ხორციელდება. ეს იქნება საველე-პრაქტიკული გასვლები უშუალოდ მარშრუტებზე, რაც მონაწილეებისთვის ახალი და საინტერესო იქნება.

- რა პერიოდს მოიცავს ტურიზმის მხარდასაჭერი პროგრამა, ითვალისწინებთ თუ არა გიდების მხარდაჭერას ზამთრის პერიოდში?

- პროექტი გაგრძელდება წლის ბოლომდე, დეკემბრის ჩათვლით. მთლიანი პროგრამა მიეძღვნება პანდემიის პერიოდში გიდების მხარდაჭერას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა