„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას სამი სპეციალური ანგარიშით შეაფასებს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, ხვალ, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სამი სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიდან“ აცნობეს, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ანგარიშები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობას და გადაადგილების თავისუფლებას ეხება. საანგარიშო პერიოდი 2019 -2020 წლებს მოიცავს.

მათივე ინფორმაციით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ერთ - ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობა და უკანონო ბორდერიზაცია რჩება, რის შედეგადაც გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა სისტემატიურად კარგავს სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს.

„ვინაიდან აქ სოფლის მეურნეობა შემოსავლის ძირითადი წყაროა, მიწის დაკარგვა მძიმედ აისახება გამყოფ ხაზთან მაცხოვრებელი ადამიანების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გახშირებული უკანონო გატაცების ფაქტები მოსახლეობაში ზრდის დაუცველობის განცდას და ნათლად წარმოაჩენს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს; პრობლემებია გამოხატვის თავისუფლების კუთხითაც, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადგილი აქვს მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების დევნისა და შევიწროების, ასევე, ცალკეული ჟურნალისტების საქმიანობისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლის ფაქტებს, რაც ხშირ შემთხვევაში, რეპრესიულ ღონისძიებებში ვლინდებოდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე, შეიარაღებულ ძალებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემურ პრაქტიკას. ანგარიშში საუბარია ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებზე, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში, ასევე ოჯახში ძალადობის, ქალთა დისკრიმინაციის და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ არსებული პრობლემების შესახებ“, - აღნიშნულია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებელ ეთნიკურ ქართველებს განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობა პრაქტიკულად წართმეული აქვთ, რაც ადგილობრივი რეჟიმების პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილს წარმოადგენს.

„აღნიშნული ისეთ ქმედებებში ვლინდება, როგორიცაა ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, მასწავლებლების მიზანმიმართული შევიწროება სამუშაო ადგილებზე, ქართულენოვანი სახელმძღვანელოების განდევნა სასწავლო პროგრამებიდან და ქართველი აბიტურიენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელებაში ხელის შეშლა, მათი გადაადგილების შეზღუდვის, ან მათზე ზეწოლის გზით.

გადაადგილების თავისუფლების კუთხით შექმნილი დაბრკოლებები განსაკუთრებით მწვავედ დგას აფხაზეთის შემთხვევაში - გალში, ხოლო სამხრეთ ოსეთის მხარეს - ახალგორის რაიონში. ადამიანებს, რომლებმაც კონფლიქტის მიუხედავად საკუთარი სახლები არ დატოვეს, დე ფაქტო უწყებები გადაადგილების თავისუფლების კუთხით სხვადასხვა ბარიერების უწესებენ, როგორებიცაა ე.წ. დოკუმენტების შემოღება და საკონტროლო-გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადი დაკეტვა.

დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები ცხადყოფს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი მძიმე ვითარების გამო საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. გაუარესებული ჰუმანიტარული ვითარება ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ ქართული, არამედ ოსური და აფხაზური მოსახლეობის ცხოვრების ხარისხსა და სტანდარტზე. თუმცა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ სუბიექტს, რუსეთის ფედერაციას არ აქვს ინტერესი უზრუნველყოს მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის ღირსეული ცხოვრებისა და განვითარების ელემენტარული პირობები, გადადგას ნაბიჯები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად“, - აღნიშნულია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა ამ მიმართულებით საკმარისი არ არის, რაც რუსეთის ფედერაციას საშუალებას აძლევს, განაგრძოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების სრული იგნორირება.

ანგარიშის ბოლოს წარმოდგენილია რეკომენდაციები, სადაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად მისაღები აუცილებელი და მინიმალური ზომებია ასახული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა