ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2020

“ეს მხოლოდ საჩვენებელი წვრთნები არაა” - ვაზიანში 200 ამერიკელი მედესანტე დაეშვა

რის მიხედვით შეარჩევს “ოცნება” პროპორციული სიის პირველ ოცეულს

“მაჟორიტარულ ოლქებში არ ინდობენ ერთმანეთს და პრემიერობას დაუთმობენ?” - საყვარელიძე ოპოზიციაზე

* * *

“ეს მხოლოდ საჩვენებელი წვრთნები არაა” - ვაზიანში 200 ამერიკელი მედესანტე დაეშვა

“საქართველოში “ღირსეული პარტნიორი 2020”-ის წვრთნები ოფიციალურად 7 სექტემბრიდან დაიწყება, თუმცა მანამდე აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გამართეს. სამშაბათს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 200 მედესანტე პარაშუტით დაეშვა, დესანტირების გადმოსხმის ოპერაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი როჯერ კლუტიე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ეს მხოლოდ საჩვენებელი წვრთნები არაა” - ვაზიანში 200 ამერიკელი მედესანტე დაეშვა.

“თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო-სადესანტო საჩვენებელი სწავლება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის ოთხი “ჰერკულესის” ტიპის თვითმფრინავით განხორციელდა. მათივე ცნობით, თვითმფრინავები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე რუმინეთიდან, მიჰაილ კოგელნიჩენუს საჰაერო ბაზიდან შავი ზღვის გავლით შემოვიდა. ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელ ბაზებზე 7-18 სექტემბერს გამართულ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას დაახლოებით 2,800 სამხედრო პირი საქართველოდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღებს. როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ამბობს, შესაძლოა აღნიშნული წვრთნები რუსეთის მიერ სექტემბრის თვეშივე დაგეგმილი “კავკასია 2020”-ის საპირწონე იყოს, სადაც, მისი თქმით, ამერიკელებმა აჩვენეს თუ (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამერიკის სამხედრო ძალები განლაგებული არაა) საჭიროების შემთხვევაში რამდენად სწრაფად შეუძლიათ “აქ უცებ გაჩნდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ღირსეული პარტნიორი” ყოველ წელს იმართება ხოლმე, ეს “პარტნიორობა მშვიდობისთვის” სულისკვეთებით განხორციელებული აშშ-ის არმიის, ევროპული სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის ერთობლივი წვრთნებია, რომელიც 7-დან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, მასში მონაწილეობას პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო და აშშ იღებს. 173-ე სადესანტო ბრიგადის ნაწილების ორი ასეულის საქართველოში გადმოსროლა რუმინეთის სამხედრო ბაზიდან “ჰერკულესის” ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით მოხდა, ეს იყო სადემონსტრაციო წვრთნების ფორმატში სავარაუდო სამხედრო აეროპორტის დაკავების სცენარი. ძირითადად ეს წვრთნები სექტემბრის თვეში მხარეების შეთანხმების საფუძველზე იმართება ხოლმე, წვრთნებში სახმელეთო და საზღვაო კომპონენტებიც ერთვებიან ხოლმე, თუმცა ამ წელს რომელი იქნება ეს არ ვიცი. რუსეთი სექტემბრის თვეში “კავკასია 2020” წვრთნებს იწყებენ და შესაძლოა აქ ჩატარებული წვრთნები ამის პასუხი და ერთგვარი საპირწონეც იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ამ შემთხვევაში ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთის წვრთნებში მონაწილეობას ჩინეთის სახალხო არმიის ნაწილებიც იღებენ, რუსეთი და ჩინეთი 2018 წლიდან თანამშრომლობენ და ერთობლივ წვრთნებს ატარებენ, მათ აღმოსავლეთ ოპერატიულ სტრატეგიულ სარდლობაში ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარეს, ახლა კი ჩინეთი “კავკასია 2020”-შიც მიიღებს მონაწილეობას, რაშიც პაკისტანის და ბელორუსის სამხედრო ნაწილებიც ჩაერთვებიან, ინდოელებმა ამაზე უარი თქვეს. პოსტ პანდემიის პერიოდში ესაა პირველი მასშტაბური წვრთნები, სადაც ამერიკის მაღალი სამხედრო ჩინოსნები ჩამოდიან, წვრთნებს ამერიკის ელჩი სამხედრო ატაშე საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მთელი შემადგენლობა დაესწრნენ, საქართველოს მხრიდან ამ წვრთნებს როგორც ვიცი პოლკოვნიკი ძნელაძე ხელმძღვანელობს. წვრთნების სავარაუდო სცენარი ალბათ ასიმეტრიული სამხედრო საფრთხეების პრევენცია, ტერორისტული ჯგუფების ლიკვიდაცია, სამშვიდობო ოპერაცია იქნება, წინა წვრთნებში მძიმე სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული, თუმცა ამ ეტაპზე ალბათ უფრო მსუბუქი კავალერიული ტიპის ნაწილები იქნებიან ჩართულები, აქ უფრო სწრაფი რეაგირების მანევრები იქნება ჩართული”, - განაგრძობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში.

“აქ ამერიკელებმა რუმინეთიდან სამხედრო ნაწილები ოპერატიულად გადმოისროლეს, ანალოგიურ გადასროლებს რუსებიც ახორციელებენ, თან მით უმეტეს გერმანიიდან გამოყვანილი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რუმინეთში და პოლონეთში განთავსება ხდება, დააფიქსირეს, რომ შეუძლიათ ჯარები ოპერატიულად გადმოისროლონ, ამით თქვეს, რომ ამერიკის სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულები არ არიან, მაგრამ შესაძლოა ისინი საჭიროების შემთხვევაში აქ უცებ გაჩნდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზას შეუძლია, რომ მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებიც კი მიიღოს”, - დასძენს მაისაია.

რის მიხედვით შეარჩევს “ოცნება” პროპორციული სიის პირველ ოცეულს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პროპორციული სიის პირველ ოცეულს უახლოეს 10 დღეში წარადგენს. მანამდე, პარტიის წევრების განცხადებებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი სიას აგვისტოს ბოლოსთვის წარადგენდა. “მოქმედი პოლიტიკოსების და ახალი სახეების ოპტიმალური ნაზავი იქნება”, - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე მმართველი პარტიის პროპორციულ სიასთან დაკავშირებით “რეზონანსთან” საუბრისას. მისი თქმით, “ქართული ოცნება” შეეცდება ისეთი პირები დააყენოს სიის სათავეში, რომელთაც მაღალი ელექტორალური ნდობა ექნებათ. ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ სიაში რამდენიმე პირი საზოგადოების სიყვარულითა და სოციალური კაპიტალის მიხედვითაც აარჩიონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რის მიხედვით შეარჩევს “ოცნება” პროპორციული სიის პირველ ოცეულს.

“არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონიუნქტურიდან, იქიდან თუ რა მოლოდინები აქვს ამომრჩეველს და იმის გათვალისწინებით თუ როგორი იყო მმართველი გუნდის საარჩევნო სია წინათ, ყველაფერთან შედარებით ახალი საარჩევნო სია უნდა იყოს წინანდელთან შედარებით უკეთესი, რომ ამომრჩევლის ნდობას იწვევდეს. რა თქმა უნდა, პირველ ოცეულში იქნებიან მთავარი საკვანძო ფიგურები. მე ასე ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ პირველ ოცეულში იქნება ახალი სახეები, რომლებზედაც თავად “ქართული ოცნების” ლიდერები საუბრობდნენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული იმაზე თუ ვინ იქნება სიის პირველი ნომერი. ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების ნდობის მაჩვენებლიდან გამომდინარე, მმართველი გუნდის სიის სათავეში შესაძლოა მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიხილოთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს ახალი სახეები წესით უნდა იყვნენ ისეთი პირები, რომლებიც “ქართული ოცნების” ელექტორატს მოიზიდავენ. მათ შორის გადაუწყვეტელ ელექტორატსაც. ჩემი აზრით, მოქმედი პოლიტიკოსების და ახალი სახეების ოპტიმალური ნაზავი იქნება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ყველა პოლიტიკური პარტია ფიქრობს, რომ პირველ ოცეულში ჰყავდეს ისეთი პირები, რომელთაც გარკვეული ელექტორალური მიმზიდველობა ექნება. თუმცა შეიძლება იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ზურგს უკან აქვთ სოციალური კაპიტალი, არის საზოგადოებისთვის საყვარელი სახე. ჩვენი ქართული მენტალობიდან გამომდინარე არც ესაა გამორიცხული. გიორგი გახარია, შეიძლება იყოს სიის პირველი ნომერი, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს საზოგადოების მაღალი ნდობა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად იქნება სიის სათავეში”, - დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.

“მაჟორიტარულ ოლქებში არ ინდობენ ერთმანეთს და პრემიერობას დაუთმობენ?” - საყვარელიძე ოპოზიციაზე

“მელას რაც ელანდებოდაო - ასეთი რამე გამოსდის ვაშაძეს. მისი ფიგურა ნამდვილად არ იქნება გამაერთიანებელი”, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” საუბრისას “სტრატეგია აღამაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ პროდასავლური კოალიციის მოლოდინი აქვს, რომლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც თავად იქნება. საყვარელიძის შეფასებით, ანეკდოტური სიტუაცია იქმნება, როდესაც პოლიტიკური პარტიები წინასწარ მსგავს განცხადებებს აკეთებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მაჟორიტარულ ოლქებში არ ინდობენ ერთმანეთს და პრემიერობას დაუთმობენ?” - საყვარელიძე ოპოზიციაზე.

“ანეკდოტური სიტუაციაა და ამ ანეკდოტურობას ქმნიან თვითონ, თავიანთი განცხადებებით, ჯერ გაიმარჯვონ, გამარჯვების შემდეგ თუ აღმოჩნდება, რომ მათ ვინმე ჰკითხავს პრემიერობის ამბავს, შემდეგ გადაწყვიტონ ვინ იქნება პრემიერი. მე მეეჭვება, რომ მაინცდამაინც ვაშაძე იყოს, რადგან ვაშაძის მიმართ თვითონ ოპოზიციაში საკმაოდ მკვეთრი დამოკიდებულებაა. მიუღებელია ის “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომელსაც წამყვანი პოზიცია აქვს ოპოზიციურ სპექტრში. რაც შეეხება ზოგად შეფასებას, რომ დასავლური ორიენტაციის მქონე პარტიებმა შექმნან კოალიცია, ეგეც ანალიტიკოსების მხრიდან ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ ის პარტია, რომელმაც თავის დროზე დაუკანონა დამატებითი ტერიტორიები აფხაზეთის და ცხინვალის არსებულ ხელისუფლებას, რომელმაც წამოიწყო ომი და შემდეგ ფაქტიურად დათმო, რომელმაც მთელი საკვანძო ობიექტები რუსეთს გადასცა, არაა აღქმული, როგორც რუსეთისთვის ცუდის გამკეთებელი პარტია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“მისი თქმით, ვაშაძე ვერ იქნება ოპოზიციური პარტიების გამაერთიანებელი ფიგურა, რადგან მას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა არ აქვს. “ლაპარაკი არის, ოპოზიციური პარტიების გარკვეულ ჯგუფზე, ე.წ. “ნათელაშვილის ფანჩატურის” პარტიებზე, რომლებიც ერთმანეთს არ ინდობენ მაჟორიტარულ ოლქებში და პრემიერობის კანდიდატურაზე დაუთმობენ ერთმანეთს რამეს? მელას რაც ელანდებოდაო - ასეთი რამე გამოსდის ვაშაძეს”, - დასძენს საყვარელიძე, რომლის აზრით, მისი ფიგურა ნამდვილად არ იქნება გამაერთიანებელი”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა