პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და თავმჯდომარის არჩევის თაობაზე ეკა ბესელიას ალტერნატიული კანონპროექტი დარეგისტრირდა

პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას ალტერნატიული კანონპროექტი დარეგისტრირდა.

კანონპროექტი განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების როგორც შერჩევის, ასევე კანდიდატთა არჩევის წესს საკანონმდებლო ორგანოში. ამავე დოკუმენტით განსაზღვრულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესიც.

განმარტებითი ბარათის თანახმად, 2019 წელს მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა როგორც იუსტიციის საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში გამოიწვია მკვეთრად უარყოფითი შეფასებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში. პრობლემის გადაჭრას კი სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გამწესების პროცედურა და კრიტერიუმები არის ის საკითხები, რომელთა დარეგულირებაც უნდა მოხდეს ორგანული კანონით.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტი ეყრდნობა ღია კონკურსის და კანდიდატების საჯარო დასახელების, შერჩევის სამართლიანი პროცესის, სამართლიანი და თანასწორი ხმის მიცემის მოთხოვნების, არჩევის ცხადი შესაძლებლობისა და შერჩევის კრიტერიუმების, ინტერესთა კონფლიქტის დროს განსაზღვრული წესების, პარლამენტისთვის დასაბუთებული რეკომენდაციებისა და ე.წ გრძელი სიის წარდგენის, კანდიდატის ნომინირების ან უარყოფის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების, მოსმენის და განხილვის გამჭვირვალე წესებისა და გენდერული ბალანსის დაცვის პრინციპებს.

კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა, 5 წლის პროფესიული გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, არ არის ნასამართლევი. პროფესიულ გამოცდილებად მიიჩნევა ადვოკატად, პროკურორად, მოსამართლედ მუშაობა, სამეცნიერო, აკადემიური და კვლევითი საქმიანობა, უფლებადაცვითი საქმიანობა.

პროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ან იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან გასულია არაუმეტეს 1 წლისა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა შესარჩევად რეგისტრაციისათვის განცხადებების წარდგენის ვადას. ეს ვადა არ უნდა იყოს 1 კალენდარულ თვეზე ნაკლები. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განცხადებები არ მიიღება.

პროექტის თანხმად, განსაზღვრულია დოკუმენტების კონკრეტული სია, რომელიც კონკურსში მონაწილე პირებმა უნდა წარადგინონ, მათ შორის პოლიტიკური აქტივობები და აფილირება რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან (მათ შორის ხომ არ ყოფილა თვითონ, ან მისი ოჯახის წევრი რომელიმე პოლიტიკური პარტიის შემომწირველი), შემოსავლის წყაროები ბოლო 6 თვის განმავლობაში; კანდიდატის წინააღმდეგ წარდგენილი დისციპლინური საჩივრების შესახებ ინფორმაცია; ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია; ინფორმაცია იმის თაობაზე, დაჯარიმდა თუ არა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის არასათანადოდ/არასწორად შევსების გამო, ასევე, ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა იმ საქმის განმხილველი მოსამართლე, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა. თუ კონკურსის მონაწილემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განზრახ არასწორი ინფორმაცია წარუდგინა, იგი კარგავს ამ კონკურსში მონაწილეობის უფლებას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის ყველა მონაწილის სიასა და თითოეული მონაწილის მიერ წარდგენილ აპლიკაციას აქვეყნებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ხოლო 7 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს კონკურსის მონაწილეთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება მიღებულია, თუ მას მხარს დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არანაკლებ ორი მესამედი და არამოსამართლე წევრების არანაკლებ ორი მესამედი. გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში კი მათ კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. დოკუმენტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის დროს მხედველობაში იღებს გენდერული ბალანსის დაცვას. კონკურსის იმ მონაწილისთვის, რომელსაც ეთქვა უარი, გათვალისწინებულია გასაჩივრების მექანიზმი უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უვადოდ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, რომელიც ასევე მხედველობაში იღებს გენდერული ბალანსის დაცვის საკითხს. უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებში ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესს, დოკუმენტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს უზენაესი სასამართლოს სულ ცოტა სამი მოსამართლის მიერ მხარდაჭერილ ან საბჭოს წევრის მიერ დასახელებულ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნომინირების საკითხს, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს მოსამართლე წევრთა 2/3-ის და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერით.

პროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა