ალეკო ელისაშვილი - „ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობაა“ მტერი, „ნაცმოძრაობისთვის“ - „ოცნება“, ჩემთვის გულგრილობაა მტერი, სიზარმაცე, კორუფცია და ცუდი განათლება

პოლიტიკური გუნდი „მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი საბურთალოს რაიონში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატია. რატომ გადაწყვიტა ელისაშვილმა საბურთალოს რაიონში კენჭისყრა და რას ჰპირდება ის მოსახლეობას. აღნიშნულ თემებზე „ინტერპრესნიუსს“ ალეკო ელისაშვილი ესაუბრა.

- რატომ გადაწყვიტეთ საბურთალოს რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობა?

- მე თუ სადმე დავდგებოდი მაჟორიტარად, დავდგებოდი მხოლოდ და მხოლოდ საბურთალოზე. ასეთი პრინციპი მაქვს, რომ თუკი ადამიანი ერთხელ დადგა მაჟორიტარად სადმე, არ აქვს მნიშვნელობა მოიგო თუ წააგო, ისევ იქ უნდა იყაროს კენჭი. ჩემთვის უპრინციპობა, უპასუხისმგებლობაა და მიუღებელია, როდესაც დადიან ხოლმე ასე რაიონიდან რაიონში. ხან ერთი რაიონის მაჟორიტარები არიან, ხან - მეორეს. მოდი მოვიკითხოთ, რა აქვთ გაკეთებული მათ ამ რაიონებისთვის? ძირითადად, სადაც მაჟორიტარები იყვნენ, იქ აღარ ჩაესვლებათ. ამდენად, მე ერთხელ ვიყავი უკვე საკრებულოში საბურთალოს რაიონის დეპუტატი და შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ისევ უნდა შემეძლოს საბურთალოს მოსახლეობისთვის თვალებში ჩახედვა, ისევ უნდა შემეძლოს იმ ქუჩებზე გავლა და იმ ეზოებში შესვლა, რომლის მაჟორიტარიც ვიყავი. თუ გაკეთებული მაქვს მათთვის რამე, ხომ წელგამართული და თავაწეული შევალ, თუ არადა, თუ არაფერი მიკეთებია ფულის კეთების გარდა, რასაც აკეთებენ ძირითადად ჩვენთან, ვიქნები თავდახრილი. მე მაქვს ჩემი თავის იმედი და საბურთალოელებმა იციან, რომ როცა ვჭირდებოდი, სულ მათთან ვიყავი. ძირითადად ჩემი, როგორც ოპოზიციონერის ფუნქცია იყო, რომ პრობლემების შემთხვევაში მხარში დავდგომოდი და მებრძოლა მათთან ერთად. მე მაქვს ჩემი თავის იმედი და მაქვს უკან მოსახედი. ვიდრე მაჟორიტარული სისტემა იარსებებს, მანამდე თუ სადმე ვიქნები, ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ საბურთალოზე მაჟორიტარად.

- როგორ აფასებთ თქვენს შანსებს? რამდენად გიცნობთ საბურთალოს რაიონის ამომრჩეველი და რა არის ის, რითაც მათ თავი დაამახსოვრეთ?

- რომ მეუბნებიან ხოლმე რა გაგიკეთებია ამ რაიონისთვის, პირველ რიგში, მინდა ვუთხრა ხოლმე, რომ ძალიან ბევრი არ გავაფუჭებინე ჩემი ყვირილით და ჩემი პოზიციით. ყველაზე მთავარი, რაც გავაკეთე არის ის, რომ ძალიან ბევრი რამის გაფუჭება უნდოდათ და ხელი შევუშალე, ჩავუშალე მავნებლობები. ეს არის ოპოზიციონერის ფუნქცია. მე რომ ვყოფილიყავი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ყველას ვარწმუნებ, რომ ათასჯერ მეტს გავაკეთებდი, მაგრამ მე ოპოზიციაში ვიყავი. 50 დეპუტატს შორის, მე ვიყავი ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატი საკრებულოში. რაც მეამაყება არის ის, რომ შემიძლია საბურთალოზე გავიარო, იქნება ეს ნუცუბიძის N62 თუ წითელი ბაღი, სადაც შენობის აშენება უნდოდათ. ხან ხეებს ვრგავდი, ხან სკვერების გადასარჩენად ვიბრძოდი. პეკინის ქუჩაზე, ეკლესიასთან, ორსართულიან საბავშვო ბაღს ანგრევდნენ და 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა იყო გაცემული, ხალხთან ერთად გამოვგლიჯეთ ეს ხელიდან. გაკეთებული მაქვს ის, რომ კონკრეტულ ადამიანებს, პირველივე დაძახებისას გვერდით ვედექი, საბურთალოს N87-ში უზარმაზარ კორპუსს აშენებდნენ კლდეზე და დღემდე გაჩერებული გვაქვს, მესამე წელია უკვე. როდესაც დეპუტატი ვიყავი, საბურთალოზე ბევრ ადგილას ფიზიკურადაც მიჩხუბია იმისთვის, რომ რაღაც არეალები გადაგვერჩინა და გადაგვირჩენია კიდეც. რა თქმა უნდა, მარტო ვერაფერს ვიზამდი, ხალხთან ერთად გადავარჩინე. შანსებს რაც შეეხება, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. სერგეენკო რომ არ იყოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, მეც კი მას დავუჭერდი მხარს. უბრალოდ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს ქვეყანა კორუფციის ჭაობად აქცია და პერსპექტივა დაუკარგა. ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ იმიტომ არის ხელისუფლებაში, რომ არ უნდათ „ნაციონალური მოძრაობა“ მოუშვან ხელისუფლებაში. „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დაამარცხოს. „ქართული ოცნებისთვის“ „ნაციონალური მოძრაობაა“ მტერი, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ „ქართული ოცნებაა“ მტერი, ხოლო ჩემთვის არის აბსოლუტურად სხვა რაღაცები. ჩემთვის გულგრილობაა მტერი, სიზარმაცე, კორუფცია, ცუდი განათლებაა მტერი. ამისთვის ვიბრძვი მე და ისინი ებრძვიან ერთმანეთს. საბოლოოდ, ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ამ ბრძოლაში ვინ უფრო გამოადგება ხალხს.

- არის შემთხვევები, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატებისგან ისმის ისეთი დაპირებები, რომლებიც მათი კომპეტენცია არ არის. თქვენ რას ჰპირდებით ხალხს, რატომ უნდა აირჩიოს საბურთალოს რაიონის მოსახლეობამ ალეკო ელისაშვილი?

- ჩემთვის კომფორტულია ის, რომ მე სხვებისგან გასხვავებით ზუსტად ვიცი საკრებულოს დეპუტატის კომპეტენცია რა არის. ზოგიერთი ისეთ დაპირებებს იძახის, რაც არის თვითმმართველობის კომპეტენცია და არაფერ შუაშია პარლამენტის მაჟორიტართან, მაგრამ მე მათგან განსხვავებით 4 წელი ვიყავი თვითმმართველობის წევრი და ძალიან კარგად ვიცი სად გადის კომპეტენციების ზღვარი. ეს ზღვარი მე არ გამექცევა და მოსახლეობას ისეთ რამეს არ დავპირდები, რაც საკრებულოს და თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის. მეამაყება ეს ამბავი, რომ პირველი საფეხური გავლილი მაქვს ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე ჩემს ამომრჩეველს ვპირდები, რომ მართლა მათი წარმომადგენელი ვიქნები. ყველა საბურთალოელმა იცის, რომ დავიბადე საბურთალოზე, გავიზარდე, მიყვარს ეს რაიონი და გულშემატკივარი ვარ ჩემი რაიონის, უამრავ ადამიანს ვიცნობ იქ. არასდროს არავისთან დავმალულვარ და არც დავიმალები. მათ იციან, რომ მათი ინტერესებისთვის ვიბრძოლებ იქ. რეალურად, მე იქ მივდივარ საბრძოლველად. არასდროს თავი არ დამიზოგავს და თუ გავხდები პარლამენტის დეპუტატი, ეს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა იქნება ჩემთვის. მე ვიქნები ხალხის რეალური წარმომადგენელი. როდესაც საკრებულოში ვიყავი, ჩემთან ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს მოესვლებოდა. ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხალხის პრობლემები მოვაგვარო და დავეხმარო მათ.

„ინტერპრესნიუსი“

მარიამ ციცქიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა