ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2020

გია ხუხაშვილი - “საქართველო გლობალური “ცივი ომის” ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ბალანსის თამაშით ფონს ვერ გავალთ...”

გერმანიამ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა - არნახული ზეწოლა მოსკოვზე და დრამატული სანქციების მოლოდინი

დავით უსუფაშვილი - “ყველას მოუწევს საუბარი “ლელოსთან” მომავალი კოალიციური მთავრობის შესახებ”

აფხაზეთმა დანარჩენ საქართველოს გაუსწრო - “ვერ უმკლავდებიან და სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეს”

ხათუნა ლაგაზიძე - “ოცნებამ” საქართველოს საინფორმაციო სივრცე აბსოლუტურად უომრად, საკუთარი ხელით ჩააბარა რუსეთს”

* * *

გია ხუხაშვილი - “საქართველო გლობალური “ცივი ომის” ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ბალანსის თამაშით ფონს ვერ გავალთ...”

“ლუგარის ლაბორატორიის გარშემო პერიპეტიები არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ჩვენი შიდა პოლიტიკის ან შიდა გამოწვევების თემა. თუ გლობალური პოლიტიკის მოვლენათა ჯაჭვს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს ეპიზოდი ამ დიდი დაპირისპირების ნაწილია. საქართველო ამ დიდი “ცივი ომის” ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომელ მხარეს ვართ. იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ბალანსის თამაშით, როდესაც იქით დასავლეთს უმტკიცებ ერთგულებას და აქეთ რუსეთს უკრავ თვალს, ფონს გავალთ. უნდა გავაკეთოთ არჩევანი - ჩვენი პოზიციები უნდა იყოს ძალიან მკვეთრი და შესაბამისობაში იმ მხარესთან, რომელსაც პარტნიორად მოვიაზრებთ. ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და რიტორიკა პროტესტის შტრიხებს კი შეიცავდა, მაგრამ მაინც მეტისმეტად ფრთხილია, რაც ზოგჯერ კაპიტულანტურ განწყობებში გადადის. იმის იმედი არავის უნდა ჰქონდეს, ამას მეორე მხარე ანუ რუსეთი დაგიფასებს - როდესაც შენ ასე იქცევი, რუსეთი სისუსტედ გითვლის, კიდევ უფრო ძლიერად გიტევს და, ფაქტობრივად, თავის თამაშებში გიყენებს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველო დიდი “ცივი ომის” ერთ-ერთი ინსტრუმენტია...”

“რუსეთი ნავალნიზე საბრძოლო-ქიმიური იარაღით თავდასხმის საქმეში ლუგარის ლაბორატორიის გამოყენებას ცდილობს. როდესაც ისმის ბრალდება, რომ “ნოვიჩოკი” შეიძლება ნაწარმოებია საქართველოში, ამაზე ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მკაცრი, პრინციპული პოზიცია და არ უნდა ვიძახდეთ, ვიღაცა შეცდომაშია შეყვანილიო. ეს ფსევდოდიპლომატიური რიტორიკა მხოლოდ დამაზიანებელია. რაც შეეხება რუსეთის კიბერჩარევას საქართველოს საარჩევნო სისტემაში, ეს ცოტა დაუჯერებელი თემა მგონია. ჯერ ერთი, ჩვენთან ტექნოლოგიები ისე არ არის განვითარებული, მეორეც, რუსეთმა რატომ უნდა დახარჯოს ზედმეტი ძალისხმევა, როდესაც ქვეყანაში პირდაპირი და დაუფარავი საყრდენები ჰყავს, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში? სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, საქართველოში რუსეთის პოზიციები საკმაოდ ძლიერია, ბოლო პერიოდში ნაცვლად იმისა, შემცირებულიყო, უფრო გაიზარდა. თუ დინამიკას დავაკვირდებით, ეს, ასე ვთქვათ, “ნოსტალგიური სეგმენტი”, რომლისთვისაც დამახასიათებელია დასავლეთის გარყვნილების ბუდედ წარმოჩენა, ერთმორწმუნეობის თემით სპეკულირება და ანტილიბერალური განწყობები, ძალიან მოძლიერდა, რაც ირიბად რუსულ ფასეულობათა სისტემაში ჯდება. თუ ეს ხალხი ადრე ფრთხილობდა, დღეს ძალიან ყელყელაობს. საქართველოზე შეტევა მიმდინარეობს, ოღონდ შეტევა ბევრად მატერიალიზებულია, ვიდრე კიბერთავდასხმა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“თუ დამტკიცდება, რომ პარტია “პატრიოტთა ალიანსი” უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას, ეს მძიმე დანაშაულია და ამას უნდა მოჰყვეს კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი. ფაქტია, რომ ამ ძალას მხარს უჭერს საზოგადოების განსაზღვრული სოციალური სეგმენტი, რომელსაც აქვს ამ ტიპის პოლიტიკის მოთხოვნა და “პატრიოტთა ალიანსიც” მუშაობს ამ სეგმენტზე. ეს პარტია ხვალ რომც გაქრეს, გამოჩნდება სხვა, რომელიც ამავე სეგმენტის გულის მოგებას შეეცდება. პრობლემა სხვა რამეშია. საკითხი ასე უნდა დავსვათ - რატომ არის საზოგადოებაში ასეთი განწყობა? რა დავაკელით ამ ხალხს, რისი ბრალია, რატომ მოსწონთ ის, რაც ჩვენ მანკიერებად მიგვაჩნია? პრორუსული პოლიტიკური ძალები იმიტომაც არსებობენ, რომ ასეთი განწყობებია ქვეყანაში. აქვე ვიტყვი, რომ პოლიტიკური ძალა განწყობას ვერ შექმნის, მას მხოლოდ მისი გაძლიერება შეუძლია, რასაც აკეთებს კიდეც “პატრიოტთა ალიანსი”. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ამ განწყობების ჩამოყალიბების მიზეზები და ვებრძოლოთ მას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ქართული ოცნება” არ არის კლასიკური პარტია - ეს არის კლასიკური ტიპის სახელისუფლებო დაჯგუფება, რომელსაც როგორც დასჭირდება, ისე მოიქცევა - ხან პირჯვარს გადაიწერენ, ხანაც ეკლესიას გალანძღავენ. ამ პარტიას ერთადერთი ამოცანა აქვს - ხელისუფლების შენარჩუნება. თუ დასჭირდათ, შესძახებენ, ტრამპს გაუმარჯოსო, მაგრამ თუ დასჭირდათ, იმასაც იტყვიან, დიდება პუტინსო, აქამდეც ასე იქცეოდნენ. თუნდაც ლუგარის თემა ავიღოთ - ერთი ასე ლაპარაკობს, მეორე - სხვანაირად. ვერ გაიგებ, რომელი წარმოადგენს მთელი პარტიისა და ხელისუფლების პოზიციას. არა აქვთ არანაირი გრძელვადიანი პოლიტიკური ამოცანები და მიზნები. მათი ამოცანა სავარძლის შენარჩუნებაა და ამ ყველაფერს ტონს აძლევს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც დღეს არანაირი სახელმწიფოებრივი მიზანი არა აქვს. მისი მიზანია საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შენარჩუნება. ამას გრძნობს მის გარშემო არსებული ეს რუხი მასა და ისიც ასე იქცევა. ის, ვინც დღეს სააკაშვილს აგინებს, ხვალ ხელისუფლება რომ შეიცვალოს, პირველი გაიქცევა პროკურატურაში და ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს გადააბრალებს. ეს არ არის პრინციპების მიხედვით შეკრული ორგანიზაცია - როგორც კი “ქართული ოცნება” დატოვებს ხელისუფლებას, ისევე გაქრება, როგორც “მოქალაქეთა კავშირი” გაქრა...”, - განმარტავს ექსპერტი.

“დღეს ხელისუფლების მთავარი მოკავშირე ოპოზიციაა, რომელიც შეცდომას შეცდომაზე უშვებს. თუ დავაკვირდებით, ოპოზიცია არ აწარმოებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას. უფრო ურთიერთგარჩევებით არიან დაკავებული და იმაზე კამათობენ, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. ასეთი ოპოზიცია საჩუქარია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. ამ ვითარებაში ხელისუფლებას ბრძოლა უადვილდება მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მოწინააღმდეგეები უფრო უარესად და სუსტად გამოიყურებიან. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საარჩევნო კოდექსით ბარიერი მინიმუმამდეა დასული, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რამდენიმე ძალაზე ვილაპარაკოთ, რომელმაც შეიძლება შეძლოს კოლექტიური გარღვევა არა თავდაპირველად გამოცხადებული ერთიანობით, არამედ მიღებული მხარდაჭერის ჯამური შედეგით. ეს არის აშკარა შანსი და საფუძველი იმისა, რომ გადავიდეთ მულტიპარტიულ მმართველობაზე, რაც საქართველოსთვის ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, - ამბობს გია ხუხაშვილი.

“მთავარი მანკიერება, რაც დამკვიდრდა ქვეყნის მმართველობაში, არის ძალაუფლების უზურპაცია. ჩვენ ამ წლების განმავლობაში სხვა გამოცდილება არ შეგვიძენია. მიუხედავად იმისა, მულტიპარტიულ დემოკრატიას თავისი სირთულეები აქვს, მაგალითად, გადაწყვეტილებების დროულად მიღების, დღეს ჩვენ მთავარი სისტემური ურჩხული - ძალაუფლების უზურპაცია უნდა დავამარცხოთ და მერე ვიზრუნოთ მულტიპარტიული დემოკრატიის ეფექტიანობის ამაღლებაზე. გაჩნდა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, მაგრამ ძლიერი არც ერთი არ არის, იქნებ არც არის საჭირო. მაგალითად, არის “ლელო”, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რესურსი და პოტენციალი, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური შედეგი აჩვენოს. კარგი შთაბეჭდილება მოახდინა “ლელოს” სწრაფი ეკონომიკური განვითარების გეგმამ, რომელიც უაღრესად საინტერესოა. “ლელოს” გარდა, არიან პატარ-პატარა პარტიებიც, 1-დან 5%-მდე მხარდაჭერის პოტენციალით. ჯამურად, ამ ალტერნატიულმა ცენტრებმა თუ 20-25% დააგროვეს, ეს შექმნის საფუძველს, რომ ორპოლუსიანობა გაირღვეს და ამ ორმა შულერმა, წარსულმა და აწმყომ, ვერ მოახერხონ ახალ ციკლში ძალაუფლების უზურპაცია”, - დაასკვნის ექსპერტი.

“კოალიციურ მმართველობას სირთულეები ახლავს, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი, კონსენსუსის ძიება და ერთობლივი გადაწყვეტილებების სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მიღება. როცა ამაზე ლაპარაკობს, “ქართული ოცნება” ეშმაკობს - მას სხვა რამის გამო ეშინია. “ ოცნების” ხელისუფლება არის რელიგიური მართვის მოდელი, სადაც ღმერთი ერთია და განუყოფელი, კოალიცია კი ამ რელიგიური პრინციპისთვის მიუღებელია. შესაბამისად, ის ივანიშვილის აბსოლუტიზმის ნარატივს ანგრევს. ეს აშფოთებთ, თორემ რომელი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მყავს ეს კოლექტიური ოხანაშვილი, რომ ამ ტექსტებით მელაპარაკებოდეს. ხომ გითხარით, ეს ხალხი პირველი მივარდება პროკურატურაში და ივანიშვილს დააბრალებს ყველაფერს, როგორც კი მისი მმართველობა დასრულდება. “ოცნების~ საარჩევნო სიას რა მნიშვნელობა აქვს? არ არსებობს არანაირი სია, არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ლოტოს კოჭებივით ჩაყრის ტომარაში გვარ-სახელებს, მერე ამოიღებს და როგორც უნდა, ისე გადაალაგ-გადმოალაგებს. რამდენი პრემიერი გვყავდა უკვე, რომელიმემ დატოვა კვალი პოლიტიკაში?”, - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “გიორგი გახარიაც მათ ბედს გაიზიარებს?” - პასუხობს:

გიორგი გახარია უნიკალური მოვლენაა ამ რუხ მასაში. ამიტომ, თუ ადრე არჩევნები ივანიშვილის ბრენდის ნიშნით მიდიოდა, ეს არჩევნები მიდის ნიშნით: “ივანიშვილი პლუს” და ეს პლუსი გახარიაა. ივანიშვილის ამოცანაა, მთელი შავი სამუშაო გახარიას გააკეთებინოს, მაგრამ დივიდენდები თვითონ წაიღოს. ამ ამოცანას წყვეტს ახლა ივანიშვილი, რადგან გახარია საფრთხეს უქმნის მის რელიგიას, არადა, დღეს ის წყალივით სჭირდება, მან უნდა მოიგოს არჩევნები, მაგრამ საბოლოოდ ის კავკასიის მთებზე გასაკრავი აღმოჩნდება. ღმერთის ტოლობაზე ამბიცია მას ვერ შერჩება. იქნებ არც აქვს ეს ამბიცია, მაგრამ გარედან ასე ჩანს. ივანიშვილს მითოსი ენგრევა, გახარია არჩევნების შემდეგ შეიძლება დარჩეს კიდეც სისტემაში, მაგრამ ამ რუხ მასაში უნდა გაერიოს და გამორჩეული აღარ იყოს. ამას რა ფორმით მოახერხებენ არჩევნების შემდგომ, როგორ “მიაჩმორებენ”, ვნახოთ... თუ ასე არ მოხდა და გახარიამ თავისი თამაშის წამოწყება სცადა, მაშინ შეიძლება საინტერესო ამბების მოწმენიც გავხდეთ”.

გერმანიამ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა - არნახული ზეწოლა მოსკოვზე და დრამატული სანქციების მოლოდინი

“რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გამო გერმანიამ, შესაძლოა, გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას გადახედოს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა გერმანულ “ბოლდ ონ ზონტაგთან” ინტერვიუში განაცხადა. თუმცა, ეს მხოლოდ ნაწილია იმ სერიოზული პრობლემებისა, რომელიც რუსეთს შესაძლოა ნავალნის მოწამვლის გამო შეექმნას. თავისთავად, რუსეთის ხელისუფლების მთავარი ოპოზიციონერის ასეთ საეჭვო ვითარებაში “განეიტრალება” და რუსეთის ხელისუფლების უარი ამ საქმის გამოძიებაზე დასავლეთის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, თუმცა ამ საქმეში სხვა დეტალია უფრო მნიშნელოვანი - ნავალნის მოწამვლით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს ქიმიური იარაღი და კიდეც იყენებს მას. ეს კი მკაცრადაა აკრძალული გაეროს კონვენციით “ქიმიური იარაღის, შექმნის, წარმოების, დაგროვებისა და გამოყენების აკრძალვისა და მისი განადგურების შესახებ”, რომელიც 1993 წელს მიიღეს და მას რუსეთიც აწერს ხელს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გერმანიამ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა - არნახული ზეწოლა მოსკოვზე და დრამატული სანქციების მოლოდინი.

“ამასთან, აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მოქმედებს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლისა და მისი გამოყენების დაუშვებლობის აქტი, რომლის საფუძველზეც აშშ-მა რუსეთს ერთხელ უკვე დაუწესა სანქციები სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლისათვის. რაც შეეხება ევროკავშირს, რუსეთისადმი სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოების მიდგომები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისაგან და ზოგ შემთხვევაში ისინი საერთო პოზიციის შემუშავებას ვერ ახერხებენ. მაგალითად, კვიპროსი უკვე რამდენიმე წელია ბლოკავს ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი ქერჩის ხიდის აშენებისა და 2015 წელს გერმანიის ბუნდესტაგზე ჰაკერული თავდასხმისათვის სანქციების დაწესებას. შესაბამისად, რუსეთი ყველანაირად ეცდება ამ შიდა წინააღმდეგობებით ისარგებლოს, რათა ახლა ნავალნის გამო ევროკავშირისგან ახალი სანქციები აიცილოს თავიდან. თავად რუსების პასუხი კი დასავლეთის შეშფოთებასა და კრიტიკაზე საკმაოდ ხისტი და აგრესიულია. რუს ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი ამ კრიტიკას ბელარუსს უკავშირებს. მაგალითად, რუსეთის დუმის წევრი და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმირ ჟირინოვსკი პირდაპირ აცხადებს, რომ რუსეთმა ჯარი უნდა შეიყვანოს ბელარუსში. იგი იმაზეც საუბრობს, რომ ბალტიის ქვეყნებს ისტორიულად რუსეთის კუთვნილი მიწები აქვთ მიტაცებული და ბელარუსის შემდეგ რუსეთმა ეს “პრობლემაც”უნდა მოაგვაროს და სახმელეთო გზა გაჭრას თავის დასავლეთ ანკლავამდე - კალინინგრადის ოლქამდე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება უშუალოდ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გამცხადებას, ამას ასევე ხისტი პასუხი გასცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ. მან გერმანელები იქით დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი მოსკოვს არ აწვდიან ნავალნის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და თავისი კვლევების შედეგებს. ჰეიკო მაასი კი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ნავალნის საქმის გამოძიებაზე უარის თქმა იმის დასტური იქნება, რომ ამ დანაშაულის უკან კრემლი დგას. ამავე დროს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ის იაზრებს, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” დახურვით ძალიან დიდი ზიანი მიადგება პირველ რიგში გერმანულ და ზოგადად ევროპულ კომპანიებს. “ის ვინც გაზსადენის პროექტის დახურვას ითხოვს, შესაძლო შედეგებს უნდა იაზრებდეს. “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ში 100-ზე მეტი კომპანიაა ჩართული ევროპის 12 ქვეყნიდან, რომელთა შორის დაახლოებით ნახევარი გერმანულია”, - განმარტა პოლიტიკოსმა. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა: იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში არ დაიწყება ნავალნის საქმის სრულფასოვანი გამოძიება, გერმანია მოსკოვისთვის “პასუხის გასაცემად პარტნიორებთან კონსულტაციების გავლას” დაიწყებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მე იმედი გვაქვს, რომ რუსები იძულებულს არ გაგვხდიან, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-თან დაკავშირებით პოზიცია შევიცვალოთ”, - განაცხადა მაასმა. თუმცა მაღალჩინოსანმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეგავლენის მოსახდენად მხოლოდ გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გამოყენება არ იქნება გამართლებული და ზეწოლის ბერკეტებად სხვა გზების გამონახვაცაა შესაძლებელი. 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნივთიერება “ნოვიჩოკით” მოწამლეს. გერმანიის სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ აჩვენა “ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება” “ნოვიჩოკის” ნერვული აგენტების ჯგუფიდან. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწავლის გამო რუსეთისთვის წაყენებული მოთხოვნები ზეწოლისთვის გამოიყენება და ნაკლებ სავარაუდოა, რომ გაზსადენის მშენებლობა მართლა შეჩერდება”, - დასძენს გამოცემა.

“გერმანიის მიერ ასეთი ხისტი პოზიციის დაკავება საკმაოდ მოულოდნელია. გაზსადენი ერთი-ერთი სერიოზული ბერკეტია, რომელიც აქვს გერმანიას და ბუნებრივია, რომ ამით შეეცდებიან პუტინის რეჟიმზე ზეწოლას. რამდენად განახორციელებს თავის მუქარას გერმანია, რთული სათქმელია, რადგან იქაც არსებობს გარკვეული სამრეწველო ჯგუფები, რომლებიც ლობირებენ ამ პროექტს... ეს ძალიან სახიფათო ინციდენტია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა “ნოვიჩოკი” რამდენჯერმე გამოიყენა და, როგორც ჩანს, ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია ამით და ცდილობს რუსეთზე ზეწოლას. წესით, ამას გაერო უნდა აკეთებდეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს წევრია და მას შეუძლია განსახილველ საკითხზე ვეტოს დადება, ეს საკითხი ვერ გადის. სწორედ ამიტომ სხვადასხვა სახელმწიფოები იძულებულები არიან გერმანიის მსგავსი ინციატივებით გამოვიდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ამ ინიციატივას ძირითადი წამყვანი სახელმწიფოები შეუერთდებიან, შესაძლოა, საბოლოოდ გარკვეულ შედეგამდე მივიდეს საკითხი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“ევროკავშირს ძალიან უჭირს ერთიანი გადაწყვეტილების მიღება რუსეთთან დაკავშირებული პრობლემების განხილვისას. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოუნახიათ საერთოა ენაც. ზუსტად არავინ იცის ნავალნისთან დაკავშირებით რამდენად მოხერხდება შეთანხმების მიღწევა, რადგან პანდემიის ფონზე ევროპის წამყვანი ქვეყნების აქცენტები შიდა პოლიტიკაზეა გადატანილი და რთული სათქმელია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მივლენ თუ არა ერთიან გადაწყვეტილებამდე. მათ რუსეთთან პირდაპირი ეკონომიკური კავშირები აქვთ და პანდემიის ფონზე არ ენდომებათ რუსეთის უზარმაზარი ბაზრის დაკარგვა. რუსეთი თვლის, რომ ის არის სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ პირობებსაც იცავს. ხოლო როდესაც მას ადანაშაულებენ ნავალნის მოწამვლაში, ეს მის ოფიციალურ რიტორიკასთან კონფლიქტში მოდის, რის გამოც არ სურთ ამის (ნავალნის მოწამვლის) აღიარება”, - მიიჩნევს კაკაჩია.

დავით უსუფაშვილი - “ყველას მოუწევს საუბარი “ლელოსთან” მომავალი კოალიციური მთავრობის შესახებ”

“ლელო საქართველოსთვის” ქვეყანას ახალ მომავალს სთავაზობს და არა არსებულის შენარჩუნებას ან ძველის დაბრუნებას. დღეს ქვეყანა მტრობასა და ერთმანეთის არმოსმენის ჩაძირვაშია ჩართული. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ერის კონსოლიდაცია, რომ კრიზისს გავუმკლავდეთ. ეს არის ხალხის მოთხოვნა და დაკვეთა. ჩვენი ახირება არ არის, რომ ივანიშვილი უნდა შეიცვალოს და ძველი ხელისუფლება არ უნდა დაბრუნდეს. ეს ეპოქალური ლოგიკის მოთხოვნაა. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოსახლეობას დავანახოთ, რომ “ლელო” საუკეთესო ალტერნატივა, საუკეთესო ძალაა ამ მიზნის მისაღწევად”, - აცხადებს “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქვეყნის მთელი შემოსავალი არ უნდა ილექებოდეს ერთი მუჭა ელიტის ჯიბეში” / “ყველას მოუწევს საუბარი „ლელოსთან“ მომავალი კოალიციური მთავრობის შესახებ”.

“ჩვენ გვაქვს რესურსი იმისა, რომ 24 საათს ვიმუშაოთ, გვაქვს ერთმანეთის იმედი, იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო გუნდი შევიკრიბეთ. ჩვენი გუნდის წევრების უმეტესობა ახლახან შემოვიდა პოლიტიკაში, მათ ახალი მიდგომები და ხედვები შემოაქვთ ჩვენი მიზნის მისაღწევად. ჩვენ მხარდამჭერთა რაოდენობამ უკვე 70 000-ს მიაღწია. ჩვენი რესურსია ჩვენი სიმართლე და გამჭვირვალობა. “ლელო” შექმნის დღიდან ადგას კონკრეტულ ხაზს, მას არ უღალატია თავისი სიტყვისთვის. ოპოზიციასთან რა საკითხებშიც მართებულად მიგვაჩნდა თანამშრომლობა, ვითანამშრომლეთ, რაშიც არ მიგვაჩნდა, არ ვითანამშრომლეთ და არც მომავალში ვითანამშრომლებთ. ჩვენი რესურსია პროგრამა, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ. ჩვენი გეგმური ამოცანაა და არა სურვილების ერთობლიობა, რომ საქართველოში 10-ჯერ გაიზარდოს ფინანსურად უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა. ამას სჭირდება კონკრეტული მეგაპროექტების განხორციელება, საფონდო ბირჟა ქუთაისში, ანაკლია, ღვინის დედაქალაქი თელავში თუ უამრავი სხვა, რომლის საშუალებითაც ჩვენ უნდა შევძლოთ მოსახლეობის ფინანსურად გაძლიერება. საქართველოში დღეს სულ 60 000 კაცს აქვს 3.000 ლარზე მეტი შემოსავალი. ჩვენი გეგმით, ეს რიცხვი 600 000-ით უნდა შეიცვალოს. ეს ნიშნავს, რომ ათჯერ მეტ ოჯახში გაჩნდება 3.000 ლარის შემტანი წევრი. ქვეყნის მთელი შემოსავალი არ უნდა ილექებოდეს ერთი მუჭა ელიტის ჯიბეში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.

“ბევრი სარგებლობს მოქალაქეების გაჭირვებით და ამბობს, თითქოს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბანკია დამნაშავე, რომ მოქალაქეს ის პრობლემა შეექმნა, რის გამოც ბანკს ფულის სასესხებლად მიაკითხა. ეს არის უსინდისო ოპონენტების უსინდისო შეფასება. რატომ მივიდა ადამიანი ბანკში? იმიტომ, რომ უმუშევარი იყო. ეს ხალხი ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კი არა, ხელისუფლებამ დატოვა უმუშევარი. მე, როგორც მათი პარტნიორი, დაინტერესებული ვარ, ზუსტად ვიცოდე, მართლა ხომ არ ჩაიდინა ამ ხალხმა რაიმე უკანონობა, რამე კონკრეტული ხელშეკრულება ან კანონი ხომ არ დაარღვია? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, თუ ასეთ რამეს ვინმე მომაწვდის, საქმეს თავად შევისწავლი და თუ ასეთი რამ აღმოვაჩინე, უპირველესად მე ვიტყვი. პოლიტიკურ ოპონენტებს არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ, სარგებლობენ ჩვენი ღარიბი მოსახლეობის გაჭირვებით და მიუთითებენ იმ დაწესებულებაზე, რომელსაც დასახმარებლად თავად მიაკითხეს. ეს არის იმ პოლიტიკური ჯგუფების პროპაგანდისტული ხრიკი, რომლებმაც გაჭირვებაში თავად ჩააგდეს ხალხი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩვენი დიდუბის ორგანიზაციის აქტიურ წევრს დღისით, მზისით, თავს დაესხნენ. პასუხს სთხოვდნენ, რატომ ხარ “ლელოს” წევრიო. მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. ერთი რამ ახლავე შეიძლება ითქვას - ასეთ ძალადობას ვერავინ გაბედავს, თუ მას ვიღაც არ მფარველობს. ეს იყო გამიზნული პოლიტიკური ვანდალიზმის აქტი. როდესაც ასეთი რამ ხდება, ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რომ 24 საათში მიაგნოს მოძალადეებს. ყველას გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ასეთი თავდასხმები არ შეგვაშინებს”, - ამბობს “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი და შეკითხვაზე - “რას ფიქრობთ, როგორ აპირებთ კოალიციურ მთავრობაში ყოფნას?” - პასუხობს: “ყველას მოუწევს საუბარი “ლელოსთან” მომავალი კოალიციური მთავრობის შესახებ. ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ, ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობის შექმნაში გადამწყვეტი სიტყვა ჩვენ უნდა ვთქვათ”.

“ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი, რომლის ლიდერია მამუკა ხაზარაძე, მაგრამ ჩვენ ასევე გვყავს ბევრი თანალიდერიც. ამიტომ არავის გვაქვს განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებამოსილება ან პასუხისმგებლობა და სწორედ ასეთ გუნდად წარმოგვიდგენია თავი პარლამენტსა და მთავრობაში. რაც შეეხება ჩრდილოვან კაბინეტს, ძალიან ბევრი ადამიანი სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარლამენტი, ძლიერი მთავრობა, ბევრი მცოდნე ადამიანი ბევრ სხვადასხვა ფლანგზე. მე მზად ვარ ერთ-ერთი ასეთი ჩემს თანაგუნდელებთან ერთად”, - დასძენს დავით უსუფაშვილი.

აფხაზეთმა დანარჩენ საქართველოს გაუსწრო - “ვერ უმკლავდებიან და სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეს”

“ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემამ შეიძლება ამას ვეღარ გაუძლოს. ამაზე ქართველი ექსპერტები საუბრობენ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციასა და გასული კვირის სტატისტიკაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში ყოველდღიურად ინფიცირების იმაზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. გასულ ხუთშაბათს აფხაზეთში ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - 42 ახალი შემთხვევა ერთ დღეში, პარასკევს კი - 40. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 სექტემბრის მდგომარეობით აფხაზეთში დაფიქსირებული იყო კორონავირუსით ინფიცირების 466 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 154 გამოჯანმრთელდა და 4 გარდაიცვალა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, 4 სექტემბრის მდგომარეობით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 308 აქტიური პაციენტია, დანარჩენ საქართველოში კი - 300”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აფხაზეთმა დანარჩენ საქართველოს გაუსწრო - “ვერ უმკლავდებიან და სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეს”.

“რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა გასული ერთი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა და რუსი ტურისტების მიღება დაიწყო. ამიტომაც არ გამორიცხვენ, სექტემბრის ბოლომდე რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს. ე.წ. საზღვარი 1 აგვისტოს გაიხსნა და მას შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. თუ მაისიდან ივლისის ბოლომდე აფხაზეთში აღრიცხული ჰქონდათ კორონავირუსის 81 შემთხვევა. 31 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით კი, უკვე 249 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ დახმარების შესახებ შეთავაზება დიდი ხანია გაკეთებულია, შესაბამისად ნაბიჯის გადმოდგმა ახლა მათზეა. თუმცა, მისივე თქმით, რაც უფრო ხშირად იქნება ქართულ მედიაში საუბარი ასეთ დახმარებაზე, მით უფრო შემცირდება აფხაზების მხრიდან ასეთი დახმარების მირების სურვილი. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“ საუბრისას აფხაზეთში ეპიდემიის “აფეთქებას” ე.წ. საზღვრის გახსნას უკავშირებს. მისი თქმით, ზრდა იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ტურისტების დიდი ნაკადით შესვლა დაუშვეს, რადგანაც აფხაზეთში ეკონომიკურადაც საკმაოდ მძიმე სიტუაციაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ტექნიკურად მეტ-ნაკლებად აფხაზეთს მხარში როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები უდგას. ასევე მხადაჭერა რუსეთის მხრიდანაც აქვთ. მათ რამდენიმე მძიმე ავადმყოფი სოჭშიც კი გადაიყვანეს და იქ მკურნალობენ. არის სხვადასხვა მხარდაჭერა, მაგრამ ვერ უმკლავდებიან. არ ჰყავთ ექიმები და არ არიან ამ ვირუსთან საბრძოლველად მობილიზებულები. შესაბამისად, სიტუაცია კონტროლიდან გაექცათ. როგორც ვიცი, ახლა 2-3 კაცია საქართველოში საკუთარი ნებით გადმოსული. ანუ ამ დახმარებას აფხაზეთი არ ითხოვს, თუმცა არც წინააღმდეგობას უწევს. როგორც წესი, ასეთი მსურველები მაინც გალელები არიან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი მაინც ქართულ რეალობასთან ინტეგრირებული არიან და სამკურნალოდ ისინი გადმოდიან. როცა განიკურნებიან, არ ამბობენ ვინ განიკურნა, ამიტომაც ზუსტად არ ვიცით ეს ხალხი უკან დაბრუნდნენ, თუ ისევ მკურნალობენ. ერთი ორ კვირის წინ რომ გადმოვიდნენ, ეს ვიცი. თუმცა, რომ ვთქვა რომ ამას სისტემური ხასიათი აქვს, ასე არ არის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ზაქარეიშვილის თქმით, მას არ სმენია აფხაზეთიდან საქართველოში კორონავირუსზე სამკურნალოდ გადმოსვლა ფარულად ხდებოდეს, რადგან ეს ინფორმაცია მაინც საჯარო ხდება, რადგანაც სხვადასხვა ვალდებულებებით პროტოკოლებია ჩართული და ჩუმად ამის გაკეთება რთულია. შესაძლოა მსგავსი ფაქტი იყოს, თუმცა მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება აფხაზეთში კორონავირუსის მატების გამო მოსახლეობის განწყობას, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ როგორც საქართველოს სხვა დანარჩენი მოქალაქეები, აფხაზეთის მოსახლეობაც ამ ვირუსს შეეჩვია და ხალხში პანიკის მომენტები უკვე ნაკლებია. თანაც რუსეთი ამტკიცებს, რომ მათ ვაქცინა გამოიგონეს და აფხაზური მოსახლეობის დამშვიდება ამითაც ხდება. კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძეც ამბობს, რომ აფხაზურ მოსახლეობაში, მიუხედავად გაზრდილი შემთხვევებისა, კორონავირუსის არსებობის ნაკლებად სჯერათ. არეშიძე ამბობს, რომ როგორც საქართველოში, იქაც ვრცელდება ჭორები, რომ ეს ვირუსი ხელოვნურად არის მოგონილი და საშიში არაფერია. კონფლიქტოლოგი კორონავირუსის შემთხვევების ზრდას აფხაზეთში გაზრდილი ტურისტული ნაკადით ხსნის, მისი თქმი, აფხაზური მედია წერს, რომ ე.წ. საზღვარი მილიონამდე ტურისტმა გადალახა”, - დასძენს გამოცემა.

“მილიონი ტურისტი ძალიან დიდია, მაგრამ შეიძლება რამდენიმე ათასი ტურისტი ვივარაუდოთ. ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც ვიცით, საკამოდ მძიმე მდგომარეობაა და გასაკვირი არ არის, რომ აფხაზეთში ასე მოიმატა. თუ ვივარაუდებთ, რომ ტურისტული სეზონი სექტემბრის ბოლომდე მყარად არის, დაინფიცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. დაახლოვებით იგივე აჭარის რეგიონშიც მოხდა. სადაც ადამიანების სიმჭიდროვეა და თავყრილობაა, გავრცელების მასშტაბი, რა თქმა უნდა, იქ უფრო დიდია. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ აფხაზეთში ამ მიმართულებით ექიმების პროფესიონალიზმის დონე გაიზარდა. თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის. პრინციპში ინფექციური საავადმყოფოს ფუნქცია გუდაუთის საავადმყოფომ აიღო, თუმცა კრიტიკულ მასას, თუ ასეთი შეიქმნა, ნამდვილად ვერ გაუძლებენ. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას, საკმაოდ აქტიურია. რაოდენობის თვალსაზრისით მართალია, შეზღუდულია, მაგრამ დახმარება მაინც ხდება“, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

ხათუნა ლაგაზიძე - “ოცნებამ” საქართველოს საინფორმაციო სივრცე აბსოლუტურად უომრად, საკუთარი ხელით ჩააბარა რუსეთს”

“ეს კიბერთავდასხმა დამაფიქრებელია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მისი პარტნიორი ქვეყნისთვისაც. ცხადი შეიქნა, რომ საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ამერიკისთვის რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი კიბერთავდასხმისგან დაცული არ არის. შესაბამისად, ეს ორმაგი დასკვნის საფუძველს იძლევა: რუსეთმა ორივეს - საქართველოსაც და ამერიკასაც თანაბრად ესროლა ხელთათმანი და აგრძნობინა ამერიკას, რომ საქართველოში მისი ინტერესები და მისი მონაწილეობით შექმნილი კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ არის დაცული. რაც ახლა მოხდა, რა თქმა უნდა, მის მასშტაბს ვერ შევადარებ 2008 წლის აგვისტოს კონვენციურ ომს და მის თანამდევ კიბერომს, რომელიც მაშინ რუსეთმა საქართველოს გაუმართა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამ კიბერთავდასხმას თუ ამერიკის რეაგირება არ მოჰყვა, ამას შეიძლება რუსეთის უფრო მძაფრი შეტევები მოჰყვეს. შესაძლოა დომინოს პრინციპი ამოქმედდეს და სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს. ამიტომ ვავლებ პარალელს 2008 წლის ომთან - მაშინ მსოფლიომ სათანადოდ ვერ შეაფასა რუსული აგრესიის მასშტაბი და შედეგად მიიღო დღევანდელი ვითარება - პუტინმა რაც უნდა გააკეთოს მთელ მსოფლიოში, ფაქტობრივად, დაუსჯელია”, - აცხადებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ამ კიბერომს შეიძლება ისეთი ქაოსი მოჰყვეს, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“.

“ამ კიბერომს შეიძლება ისეთი ქაოსი მოჰყვეს, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, მოახდინოს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაც და ა.შ. მთავარი ხელწერა, რასაც რუსეთი ამ ჰიბრიდული ომით აღწევს, არის ქაოსი სამიზნე ქვეყნებში და ეს რამდენიმე მიზანს ემსახურება. ესენია: სამიზნე ქვეყნის საზოგადოების დარწმუნება, რომ მისი ხელისუფლება უვარგისია, სრული ფრუსტრაცია და იმედგაცრუება საკუთარი ხელისუფლებითა და ქვეყნის პერსპექტივით. საინფორმაციო ომის ტაქტიკაა, ჯერ გავრცელდეს სწორი ინფორმაცია რომელიმე საიტზე და მერე, როცა ამა თუ იმ წყაროს სანდოობის ხარისხი გაიზრდება, მასში დოზირებულად შეურიონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც რუსეთს აწყობს. ინფორმაციის გაჟონვა იმის ნიშანია, რომ ხვალ-ზეგ ლუგარის ცენტრის სახელით რუსეთისგან მივიღებთ უამრავ ფეიკს სოციალურ ქსელებში. მათ შორის არ არის გამორიცხული ფეიკდასტურიც, რომ თითქოს "ნოვიჩოკსა" და სხვა სამხედრო დანიშნულების ბიოლოგიურ იარაღს ლუგარში აწარმოებენ. ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის გაფრთხილება უნდა იყოს, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკაც ვერ დაგვიცავს. თუმცა სურვილის შემთხვევაში, არჩევნებამდე საკმარისი დროა საიმისოდ, რომ ხელისუფლებამ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად შეძლოს მძიმე დარტყმების პრევენცია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“ოცნებამ” საქართველოს საინფორმაციო სივრცე აბსოლუტურად უომრად, საკუთარი ხელით ჩააბარა რუსეთს. ამასთან, ლუგარზე თავდასხმით რუსეთმა, ფაქტობრივად, ამერიკის ინტერესებზე აღმართა ხელი და ისრები ბევრი მიმართულებით გაუშვა. ცხადია, ერთი მხრივ, ამერიკა, მეორე მხრივ კი რუსეთი შეეცდებიან საქართველოს ხელისუფლებამ საარჩევნო პროცესში მათი ინტერესები გაითვალისწინოს. ფუნდამენტური განსხვავება ის არის, რომ ამერიკის ინტერესია საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რუსეთისა კი - პროდასავლური ძალების მაქსიმალურად შეზღუდვა არჩევნების და მის შემდგომ პერიოდში. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლება მძიმე დღეშია”, - განაგრძობს პოლიტოლოგი.

“ლუგარზე თავდასხმამ უკვე მერამდენედ სააშკარაოზე გამოიტანა ქვეყნის ინფრასტრუქტურის დაუცველობა და მთელი რიგი პრობლემები. კერძოდ: 1. “ოცნებას” წლების განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, რათა ქვეყნის კიბერსივრცე მაქსიმალურად დაეცვა, თორემ საინფორმაციო სივრცის 100%-იანი დაცულობის გარანტია, ბუნებრივია, არავის აქვს; 2. რუსეთი ამერიკის ინტერესებს მის პარტნიორ ქვეყნებში დაუფარავად ლახავს. ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ობიექტებიც არ არის სათანადოდ დაცული, რაც ამერიკის პოზიციის სისუსტეზეც მეტყველებს - როცა ხედავს, საქართველო ამას არ ან ვერ აკეთებს, თვითონ უნდა იცავდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს, მით უფრო, როცა საუბარი კიბერთავდაცვაზეა. ამას აქ ამერიკული სპეციალური სამხედრო ქვედანაყოფების ყოფნა არ სჭირდება; 3. იმის დასტურად, რომ საქართველოში მართლაც “იწარმოება” “ამერიკული” ბიოლოგიური იარაღი, ამ ფეიკნიუსს რუსეთი საქართველოში საარჩევნოდ ანტიდასავლურ თუ ნეიტრალურ ამომრჩეველთან სამუშაოდ გამოიყენებს; 4. ეს კიბერთავდასხმა არის საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილება, ხომ ხედავ, ამერიკა ვერ გიცავსო; 5. ამ ფორმატში ძალიან იოლია საარჩევნო კომისიის სერვერების “დაჰაკვა”, რათა არჩევნების და შემდგომ დღეებში სრული ქაოსი გამოიწვიოს. ასე რომ, ეს იმ ტიპის გამოწვევაა, რომელმაც საქართველოსა და ამერიკის დაინტერესებული სტრუქტურები აქტიური თანამშრომლობისკენ უნდა მიმართოს. ვნახოთ, რა გზას აირჩევს საქართველოს ხელისუფლება”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა