ქართული პრესის მიმოხილვა 08.09.2020

"სააკაშვილის პრემიერობას "ოცნებაც“ რომ დათანხმდეს, ეს ტექნიკურად შეუძლებელი იქნება” - ხუხაშვილი

ამერიკული ჯავშანტექნიკა გორში და ბრიტანული ავიაცია თბილისში

***

"სააკაშვილის პრემიერობას "ოცნებაც“ რომ დათანხმდეს, ეს ტექნიკურად შეუძლებელი იქნება” - ხუხაშვილი

“7 სექტემბერს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ამომრჩეველს საკუთარი გეგმები მას შემდეგ გააცნო, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატად დაასახელეს. სააკაშვილმა სატელევიზიო მიმართვისას თავის გეგმებსა და არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „სააკაშვილის პრემიერობას „ოცნებაც“ რომ დათანხმდეს, ეს ტექნიკურად შეუძლებელი იქნება” - ხუხაშვილი / ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნების პირობა დაასახელა

“სააკაშვილის თქმით, საქართველოში ისეთ პირობებში ჩამოვა, რომელიც დაპირისპირებასა და არეულობას არ გამოიწვევს. მე ბევრს მეკითხებიან, როდის ჩამოვალ საქართველოში. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რომელიც არ გამოიწვევს დაპირისპირებასა და რაღაც სახის არეულობას იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ყველაფერი მშვიდობიანად. თავის დროზე მე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობას, მაგრამ იმაზე, რომ საქართველო გადასარჩენია, ყველა ვთანხმდებით. მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მე აუცილებლად თქვენთან ერთად, ყველა ერთად, ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, საქართველოს. ღმერთი იყოს თითოეული თქვენგანის მფარველი!" - თქვა სააკაშვილმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც მან აღნიშნა, სასამართლო სისტემაში რეფორმები უნდა გატარდეს, ქვეყანაში უცხოელი მოსამართლეები უნდა ჩამოვიდნენ, ასევე შსს-ს პოლიციის ფუნქცია ფორმალურად უნდა დარჩეს, ხოლო სასჯელაღსრულება უნდა გამოეყოს იუსტიციას და მისი ხელმძღვანელი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, ოპოზიციის ხელში უნდა გადავიდეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ის მზადაა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს და დაშვებული შეცდომები გამოასწოროს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის პოსტზე მხოლოდ ორი წელი სჭირდება, რათა გეგმები განახორციელოს. სააკაშვილმა ქვეყნის ეკონომიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი პრემიერობის პირობებში, საქართველოს თითოეული ოჯახი მდიდარი იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.

"პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ სააკაშვილი პლაგიატია, რადგან შესაძლოა, ყოფილ პრეზიდენტს „ლელოს" წინასაარჩევნო გეგმა მოეწონა. „მე რატომღაც მგონია, რომ ეს უკვე პლაგიატია, ჩვენ „ლელოს" პროგრამა ვნახეთ და, როგორც ჩანს, სააკაშვილი არ გამოტყდება, მაგრამ მათი ძირითადი გზავნილები ძალიან მოეწონა და ცდილობს, რომ ამ მიმართულებით რაღაცები ილაპარაკოს და იბერიის გაბრწყინებაზე იაქტიუროს. „მაგრამ, რეალურად, ნაკლებად დამაჯერებელია, ჩვენ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საკმაოდ დაზიანებული წარსული გვაქვს და „ქართული ოცნების" პირობებში - დაზიანებული აწმყო. ასე რომ, თუ ამ გზავნილს გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე აკეთებს, მის თვალში ეს დამაჯერებელი არაა, იმიტომ, რომ მის თვალში წარსულიც და აწმყოც კომპრომეტირებულია. „მისი გზავნილები უფრო საკუთარი ელექტორატის მობილიზებაზე უნდა იყოს, რომელსაც ეს საერთოდ არ სჭირდება, მათ მუდმივად მეორედ მოსვლაზე საუბარი სჭირდებათ. ძალიან სამწუხაროა, რომ ურთიერთგამომრიცხავ გზავნილებს ვისმენთ, ჩამოსვლის მოლოდინი შექმნა, ახლა ამბობს, არ ჩამოვდივარ, მაგრამ ჩამოვალ, როცა არჩევნებს მოვიგებო”, - დასძენს გამოცემა.

“სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას "ქართული ოცნებაც" რომ დათანხმდეს, ტექნიკურად არჩევნების შემდგომ მისი პრემიერ-მინისტრობა, უბრალოდ, შეუძლებელი იქნება. მასთან დაკავშირებულ პროცედურებს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და არჩევნების შემდეგ მისი გაპრემიერება ვერ მოესწრება, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე არაა და განაჩენები ძალაშია შესული. შესაბამისად, სანამ ამ ყველაფერს გავივლით, პრემიერ-მინისტრი ვიღაც ხომ უნდა იყოს. ასე რომ, ასეთ აბსურდში შევყავართ. კი, ბატონო, შესთავაზეს, დათანხმდა, რომის პაპობა რომ შეეთავაზებინათ, შეიძლება, იმაზეც დათანხმებულიყო, მაგრამ ეგეც ტექნიკურად ძალიან ძნელია. ასე რომ, ჩვეულებრივი ამბავია, სააკაშვილი მისთვის დამახასიათებელ ამპლუაშია, ჩემთვის არაფერი სიახლე არაა", - განაცხადა ხუხაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ამერიკული ჯავშანტექნიკა გორში და ბრიტანული ავიაცია თბილისში

"ღირსეული პარტნიორი 2020-ის" ფარგლებში საქართველოში სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ძლიერი ჯავშანტექნიკა იქნა შემოტანილი. გემებით შემოსული ჯავშანტექნიკა ფოთის პორტიდან საჰაერო და სახმელეთო გზებით გადაიტანეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც ერთობლივი წვრთნები უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, მოეწყო ვერტმფრენებიდან დაშვების მანევრებიც”- წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ამერიკული ჯავშანტექნიკა გორში და ბრიტანული ავიაცია თბილისში / რით განსხვავდება „ღირსეული პარტნიორი 2020“ წინა სწავლებებისგან

"7 სექტემბერს საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020" IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად გაიხსნა. „რეზონანსი" თემასთან დაკავშირებით სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის" მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს გაესაუბრა. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს" მეხუთედ მასპინძლობს. სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესებას, ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანას. სწორედ ამიტომაც, სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია", - აღნიშნავს გამოცემა.

"წელს მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში. როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ირაკლი ალადაშვილის ,,რეზონანსთან" ამბობს, წლევანდელი სწავლება წინა სწავლებებისგან უმთავრესად იმით განსხვავდება, რომ წელს სწავლება „კავკაზ 2020"-ს ემთხვევა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე იმართება. მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები ადრეც გამართულა, წელს მეხუთედ იმართება საქართველოში. განსხვავება ძირითადად ისაა, რომ ამავე ეტაპზე იმართება რუსეთის ფედერაციის „კავკასია 2020" ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე - სომხეთში”, - განაგრძობს გამოცემა.

"ჩვენი სწავლების დასაწყისი ემთხვევა დროში რუსეთის სწავლებას. ეს ორი სწავლება არ უნდა განვიხილოთ როგორც დაპირისპირება. საქართველოს სწავლებაში 2700 კაცი იღებს მონაწილეობას, მაშინ, როდესაც რუსეთში ეს სწავლება წარმოადგენს სტრატეგიულ დონეს, სამეთაურო საშტაბო სწავლებას, რომელშიც მონაწილეთა რაოდენობა 15 000-იც შეიძლება იყოს, რაც რუსეთის მასშტაბებიდან გამომდინარეობს. რა თქმა უნდა, ცუდია ის ფაქტი, რომ რუსეთი ამ სწავლებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ატარებს. ჩვენ შეიძლება ჩვენთვის არასასურველი პარალელი გავავლოთ, მაგრამ არც არარეალური, როდესაც 2008 წლის 31 ივლისს დასრულდა ის მრავალეროვანი სწავლება, რომელიც იმართებოდა საქართველოში და რომელშიც რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობდა. დაახლოებით ერთ კვირაში, 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ზუსტად მაშინაც, 2008 წელს, რუსეთი ატარებდა ჩრდილოეთ კავკასიაში „კავკასია 2008" სწავლებას. მაგრამ დღეს ამ პარალელის გავლება არ იქნება იმ გაგებით. მაშინ იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია, დღეს ეს დაძაბულობა, საბედნიეროდ, არ არის იმ დონის, რომ რუსეთმა გააგრძელოს სამხედრო აგრესია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. საქართველოზე უფრო მეტად ახლა ეს შიში აქვს უკრაინას, რადგანაც უკრაინაში ფიქრობენ, რომ ეს სწავლება რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს სერიოზულ ახალ შეტევად უკრაინაზე. გამორიცხული არაფერია", - თქვა ალადაშვილმა”, - დასძენს გამოცემა.

"რაც შეეხება ტექნიკას, რომელიც წლევანდელ წვრთნებში იქნება გამოყენებული, ალადაშვილის თქმით, ფოთიდან ტექნიკის ტრანსპორტირების მთავარი დანიშნულება მისი დემონსტრირება იყო. თბილისში ბევრი შეამჩნევდა იმ სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს, რომლებიც სხდებოდნენ თბილისის აეროპორტში. ბრიტანული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავები, რომლებმაც ბრიტანული ტექნიკა ჩამოიტანეს. დიდი რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა შემოვიდა ფოთის პორტში სპეციალური გემებით და ჩამოტვირთეს ამერიკული სამხედრო ტექნიკა. ძირითადად სტრაიკერის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები, „ჰარლები": „ჰარლი" ტიპის ჯავშანმანქანები და საარტილერიო სისტემებია. ისინი თავადვე ჩამოვლენ თბილისში, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკელები და ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნები აჩვენებენ, როგორ შეიძლება გადმოსროლილი იყოს საბრძოლო ტექნიკა როგორც საჰაერო, საზღვაო, ასევე სახმელეთო გზით. ტექნიკის ფოთიდან მატარებლით გადმოყვანა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ასე არ ხდება ტექნიკის დემონსტრირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საფრთხეების გათვალისწინებით", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა