ვახტანგ ძაბირაძე - ახლა საზოგადოება იმ დონეზე მაინცაა, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი ერთობლივად ვეღარ შეძლებენ შუის გაკრეფას

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, მას შემდეგ რაც „ნაცმოძრაობამ“ და მასთან გაერთიანებაში შემავალმა პარტიებმა თავის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელეს, რის პარალელურადაც დაანონსებული იყო, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის დეტალებზე განცხადებას გააკეთებდა, მისი ამ განცხადების მიმართ ინტერესი დიდი იყო.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი საქართველოში მხოლოდ მას შემდეგ ჩამოვიდოდა, როცა მისი ჩამოსვლა არ გამოიწვევდა ქვეყანაში დაპირისპირებას და არეულობას. სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე ბევრი კი ითქვა, ბევრი მისი ჩამოსვლის შემთხვევაში წინასაარჩევნოდ არსებული და დალაგებული ვითარების აყირავებასაც კი წინასწარმეტყველებდა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს.

თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილის დასახელებას, მის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე გაკეთებულ განცხადებებს და ამ თემაზე თავად მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს?

- სააკაშვილის დაქადნება, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა, არ ყოფილა პირველი შემთხვევა. არჩევნების წინ და არჩევნებს შორისაც ის ასეთ განცხადებებს აკეთებდა. მარშრუტი და გადაადგილების საშუალებები იყო სხვადასხვა, ხან გემით მოდიოდა, ხან გვირაბით. გახსოვთ ალბათ 2008 წლის აგვისტოში როგორ გვარწმუნებდა, რომ იგი ღრუბელ-ღრუბელ ჩაფრინდა ფოთში და ასე დაემალა რუსულ ავიაციას. გვახსოვს ისიც, რომ იგი ხან ემიგრანტებთან ერთად, ხან მარტო მოდიოდა.

პირადად მე, არ მქონია იმის მოლოდინი, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდოდა. ერთადერთი ვარიანტი, როცა შეიძლება გვეფიქრა, რომ სააკაშვილი შეძლებდა საქართველოში ჩამოსვლას, იყო ის, თუ მას დაახლოებით ისეთი გარანტია ექნებოდა, როგორი მოპყრობაც ჰქონდა მას, როცა ის პოლონეთიდან უკრაინაში ჩადიოდა. იქ სხვა მოცემულობა იყო და სხვა ვითარება იყო.

არ მქონია იმის მოლოდინი, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდოდა. ერთადერთი ვარიანტი იყო ის, თუ მას დაახლოებით ისეთი გარანტია ექნებოდა, როგორი მოპყრობაც ჰქონდა მას, როცა ის პოლონეთიდან უკრაინაში ჩადიოდა

დღეს საქართველოში სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ მხარდამჭერები ჰყავს და საკმაოდ დიდი რაოდენობითაც. მაგრამ, ერთია ადამიანი, როცა მზადაა არჩევნებზე მივიდეს და ბიულეტენი შემოხაზოს „ნაციონალების“ სასარგებლოდ და მეორე, როცა ადამიანი შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს და „ნაციონალებისთვის“ იბრძოლოს. ეს ორი სხვადასხვა რამაა.

დღეს საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ სააკაშვილისთვის დიდი მოძრაობები დაიწყოს. ამიტომ, მას ჩამოსვლის შემთხვევაში გარანტირებული ჰქონდა დაპატიმრება და შესაბამისად, სააკაშვილი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა.

დღეს საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ სააკაშვილისთვის დიდი მოძრაობები დაიწყოს. ამიტომ მას ჩამოსვლის შემთხვევაში გარანტირებული ჰქონდა დაპატიმრება და შესაბამისად, სააკაშვილი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილი კია წასული საქართველოდან, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული პოლიტიკიდან არ წასულა. სოციალური ქსელების თუ სხვა საშუალებებით ის ისევე აქტიურად მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში, როგორც ნებისმიერი, აქ თბილისში მყოფი პოლიტიკოსი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სააკაშვილის თბილისში ჩამოსვლას აზრი არ ჰქონდა.

ერთადერთი, რითაც მან მისივე ჩამოუსვლელობა გაამართლა იყო ის, რომ უნდოდა ქართულ პოლიტიკაში არეულობის შეტანა. მე კი ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში არ იქნებოდა არანაირი არეულობა, იქნებოდა ინციდენტი და არა არეულობა, რომლის დროსაც მას სამართალდამცავები დააკავებდნენ.

ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში არ იქნებოდა არანაირი არეულობა, იქნებოდა ინციდენტი და არა არეულობა, რომლის დროსაც მას სამართალდამცავები დააკავებდნენ

ხელისუფლებას სხვაგვარად მოქცევის ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა. ვფიქრობ, რომ სააკაშვილის განცხადებები საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით რეალობასთან თანხვედრაში აშკარად არ იყო.

- ბევრი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ სააკაშვილის თბილისში ჩამოსვლის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა არჩევნებზე „ნაციონალების“ მიერ მიღებული ხმები.

მართალია, ის ციხეში მოხვდებოდა, მაგრამ მისი ჩამოსვლა პრობლემა იქნებოდა არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის, რომლებსაც არჩევნებში 1%-ის ან მეტის მიღების შანსები აქვთ.

სააკაშვილის ჩამოუსვლელობის პირობებში როგორ შეაფასებდით ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებას?

- სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში უხერხული მდგომარეობა შეიძლება შექმნილიყო, მაგრამ არც ისეთი, როგორსაც ვარაუდობდნენ, მის ჩამოსვლას ფასი ექნებოდა თუ ის ციხეში ჩაჯდებოდა, ვინაიდან ამას შესაძლოა მოჰყოლოდა ქუჩის საპროტესო ტალღა.

მე კი იმას ვამბობ, რომ სააკაშვილი რომც ჩამოსულიყო, ქუჩის საპროტესტო ტალღა არ მოჰყვებოდა. რა თქმა უნდა, ოპოზიცია გააკეთებდა განცხადებებს, მაგრამ ეს დარჩებოდა განცხადებების დონეზე.

თუ „ოცნება“ შეინარჩუნებდა ძალაუფლებას სააკაშვილი გააგრძელებდა ციხეში ყოფნას. ასე მოხდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას შემთხვევაში.

- შეიძლება ასე ითქვას - არაა გამორიცხული, რომ სააკაშვილის ჩამოუსვლელობის მიზეზი იყოს ის, რომ დიდია ალბათობა „ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში და მას კარგა ხნით მოუწევდა ციხეში ყოფნა?

- რა თქმა უნდა, ასეც შეიძლება ითქვას, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის ფაქტორი საქართველოში მის ამომრჩეველზე მუშაობს. მისი განცხადებებით ის ისეთივე აქტიურია საარჩევნო კამპანიაში, როგორც ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი. ამიტომ მისი თბილისში ჩამოსვლის მიზანი რა შეიძლება ყოფილიყო, არ მესმის.

ჩამოსვლით სააკაშვილი „ნაცმოძრაობას“ დამატებით ხმებს ვერ შესძენდა. როცა პოლიტიკოსი ასეთ განცხადებებს აკეთებს, მისი ერთადერთი მიზანია ხალხი დაარწმუნოს, რომ არის „უშიში, ვითარცა უხორცო“, ანუ შექმნას ისეთი სურათი, როცა ენგურთან რუს გენერლებს შეუტია და თითქოს გაყარა... ახლა ასეთი მითი ვერ შეიქმნებოდა, რადგან სააკაშვილი თუ ჩამომსვლელი იყო, აქამდე უნდა ჩამოსულიყო.

სააკაშვილი თუ ჩამომსვლელი იყო, აქამდე უნდა ჩამოსულიყო

- გასაგებია. რას იტყოდით ჩემი კითხვის მეორე ნაწილზე, როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებას?

- წინასაარჩევნოდ საკმაოდ რთული ვითარებაა. იმ ფონზე, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარულ ოლქებში თავისი კანდიდატები დაასახელა და საარჩევნო კამპანიას საკმაოდ აკადემიურ სტილში ატარებს, ცდილობენ სწორი კომუნიკაცია დაამყარონ ხალხთან, წინა წლებთან შედარებით აშკარად არ განიცდიან მოლაპარაკე თავების ნაკლებობას, ოპოზიციაში სრულიად აბსურდული ვითარებაა.

იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას საკმაოდ აკადემიურ სტილში ატარებს, ოპოზიციაში სრულიად აბსურდული ვითარებაა

ოპოზიციაში აბსურდულ ვითარებაზე ისიც მეტყველებს თუ რა ხდებოდა ოპოზიციურ პარტიებში სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. თუ არა მარტო სააკაშვილის თემაზე აზრთა სხვადასხვაობის დაფიქსირებას აპირებდნენ, ეს პროცესი ერთი თვის წინ მაინც უნდა დაესრულებინათ.

ოპოზიციას ერთი თვის უკან მაინც უნდა გაერკვია ერთმანეთში ვის რა უნდოდა და რა არ უნდოდა. საარჩევნო მარათონი კარგა ხნის დაწყებულია და ახლა ირკვევა, რომ ოპოზიცია ერთმანეთში ბევრ საკითხზე ჩამოყალიბებულიც არაა.

- და როგორც ბევრი შენიშნავს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია „ოცნებას“ კი არ ებრძვის, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევითაა დაკავებული...

- დიახ, რა თქმა უნდა, რჩება ეს შთაბეჭდილება. დღევანდელი გადასახედიდან, ხვალ რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ არჩევნებს თავისუფლად მოიგებდა. იმედი მაქვს, რომ წინ კიდევ თითქმის ორი თვეა დარჩენილი და ისე მოხდეს, რომ მას კოალიციის შექმნა არ დასჭირდეს. ის, რომ „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზე გავა, ეს მას პრაქტიკულად გარანტირებული აქვს.

იმედს გამოვთქვამ, რომ „ქართული ოცნება“ ხმების 40%-ზე მეტს ვერ აიღებს და მას მთავრობის შესაქმნელად კოალიციის ჩამოყალიბება დასჭირდება.

ხვალ რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ არჩევნებს თავისუფლად მოიგებდა... იმედს გამოვთქვამ, რომ „ქართული ოცნება“ ხმების 40%-ზე მეტს ვერ აიღებს და მას მთავრობის შესაქმნელად კოალიციის ჩამოყალიბება დასჭირდება

- „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ თანამშრომლობს. „ნაციონალების“ მიმართ მათი პოზიცია ცნობილია - „ნაციონალები“ უნდა დამთავრდნენ!, მწვავედ აკრიტიკებენ „ლელოს“, ვაშაძის „აღმაშენებლის სტრატეგიას“, ამას წინათ კრიტიკის ცეცხლში გაატარეს „პატრიოტთა ალიანსი“...

თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს პარლამენტში „ქართული ოცნების" პარტნიორი?

- „ქართული ოცნება“ აკეთებს იმას, რასაც თავის დროზე „ნაციონალები“ აკეთებდნენ. ახლა მათ შორის განსხვავება ისაა, რომ ახლა „ქართულ ოცნებას“ სახელისუფლებო ბერკეტები აქვს, საკმაოდ ძლიერი ფინანსური ბაზისი აქვს, ორგანიზაციული სტრუქტურა აქვს.

„ქართული ოცნება“ ახლა ისევე ებრძვის ყველას, როგორც თავის დროზე „ნაციონალები“. იმათაც კი, ვისთანაც მომავალში შეიძლება ითანამშრომლოს. ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ ახლა თავის ხმების მობილიზაციაზე მუშაობს და სანამ ის შეძლებს რომ რაც შეიძლება მეტი მანდატების მიღებაზე იმუშაოს, ასევე გააგრძელებს საქმიანობას. სულაც არ მიკვირს, რომ ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ მთელ ოპოზიციურ სპექტრს უპირისპირდება.

„ქართული ოცნება“ ახლა თავის ხმების მობილიზაციაზე მუშაობს... სულაც არ მიკვირს, რომ ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ მთელ ოპოზიციურ სპექტრს უპირისპირდება

არც ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან არ არის თავისი ყველა შესაძლო ოპონენტის მწვავე კრიტიკა. მათაც ხომ იციან რომ ხმები უნდა მიიღონ და რაც შეიძლება მეტი.

ეს გასაგებია, გაუგებარია სხვა რამ - როდესაც ოპოზიცია ნახევარი წელია საზოგადოებას ამზადებს, რომ არჩევნებზე ერთიანი ფრონტით გამოვა, მიაღწევენ შეთანხმებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუნდაც ოლქებში და სადღაც, და მერე ეს დაპირება ბუშტივით სკდება, ეს იწვევს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლის ნეიტრალიზებას და ამომრჩევლებში ნიჰილისტური განწყობების შექმნას.

როდესაც ოპოზიცია ნახევარი წელი საზოგადოებას ამზადებს, რომ არჩევნებზე ერთიანი ფრონტით გამოვა და მერე ეს დაპირება ბუშტივით სკდება, ეს იწვევს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლის ნეიტრალიზებას და ამომრჩევლებში ნიჰილისტური განწყობების შექმნას

სხვათა შორის, არანაკლებ აქტუალური თემაა ის, რომ მალე არჩევნებია და მთელ ქვეყანაში არ იგრძნობა, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები უნდა ჩატარდეს. ტელევიზიებსა და მედიას არ ვგულისხმობ, არც იმათ, ვინც მეტ-ნაკლებად ჩართულია ყოველდღიურად პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის, რომ მალე არჩევნებია არც ქუჩაში ეტყობა რამეს და არც სოფლებში. საარჩევნო ბანერებს არ ვგულისხმობ.

- იმის თქმა გსურთ, რომ პოლიტიკური სუბიექტები მოსახლეობასთან საკმარისად არ მუშაობენ?

- ოპოზიციამ ამომრჩევლებთან კომუნიკაციისთვის ვერც სწორი ფონი შექმნა და ვერც სწორი ფორმა ვერ შეარჩია. ოპოზიციას არ ჰყავს გამაერთიანებელი ლიდერი და არ აქვს იდეა. უკაცრავად, მაგრამ ნეიტრალური ამომრჩეველი რით უნდა დაინტერესდეს და გახდეს ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერი?

ოპოზიციამ ამომრჩევლებთან კომუნიკაციისთვის ვერც სწორი ფონი შექმნა და ვერც სწორი ფორმა ვერ შეარჩია. ოპოზიციას არ ჰყავს გამაერთიანებელი ლიდერი და არ აქვს იდეა

- 2003 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, იყო ლიდერი, ასევე იყო 2012 წელსაც. გასაგებია, რომ ოპოზიციას ახლა არ ჰყავს გამაერთიანებელი ლიდერი, მაგრამ რაც შეეხება იდეებს - 2020 წლის არჩევნებზე რას სთავაზობს ამომრჩეველს „ქართული ოცნება“ ისეთს, რასაც ოპოზიცია არ სთავაზობს?

- საქმეც ისაა, რომ 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლება ამომრჩეველს ახალს არც არაფერს არ სთავაზობს. მე არ მითქვამს, რომ ხელისუფლებას აქვს იდეები. ჩემი აზრით, 2020 წლის არჩევნებზე ყავლგასულ ლიდერთა დაპირისპირებაა. ვგულისხმობ ივანიშვილსა და სააკაშვილს.

2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლება ამომრჩეველს ახალს არც არაფერს არ სთავაზობს... 2020 წლის არჩევნებზე ყავლგასულ ლიდერთა დაპირისპირებაა. ვგულისხმობ ივანიშვილსა და სააკაშვილს

ახალი იდეები არც ერთს არ აქვს, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალაუფლება და სტრუქტურულად უფრო ჩამოყალიბებულია და ამ ეტაპზე მეტი გავლენა რომ აქვს, ფაქტია. ამომრჩეველმა არჩევნებზე რისთვის უნდა იომოს, როცა არცერთი პოლიტიკური ძალა მას ახალს და მისთვის სასარგებლოს არ სთავაზობს. ამომრჩეველი რომ არჩევნებზე მივიდეს და ხელისუფლების შეცვლა მოინდომოს, მას ამის ინტერესი უნდა ჰქონდეს.

- ბევრი კი აკრიტიკებს, მაგრამ საკმაოდ საინტერესო იყო „ლელოს“ წინასაარჩევნო პროგრამა, მანამდე გიორგი ვაშაძის „აღმაშენებლის სტრატეგიის“ 11 პუნქტიანი გეგმა, ასევე „ევროპული საქართველოს“ პროგრამა.

თქვენი აზრით, როგორ აღიქვამს ამ პარტიების გეგმებს საზოგადოება? თუ თვლით, რომ მათ საზოგადოებამდე არასაკმარისად კარგად მიაქვთ თავისი გეგმები თუ რაშია საქმე?

- რა თქმა უნდა, მეც გავეცანი თქვენს მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკური ჯგუფების საკმაოდ საინტერესო გეგმებს, მაგრამ მათ არ ჰყავთ ისეთი ლიდერი, რომლის მიმართ ნდობა დიდი იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილზე ვთქვი, რომ ორივენი ყავლგასული ლიდერები არიან, მათ საზოგადოებაში ცალ-ცალკე იმაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავთ, ვიდრე დანარჩენი ოპოზიციის ლიდერებს ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილზე ვთქვი, რომ ორივენი ყავლგასული ლიდერები არიან, მათ საზოგადოებაში ცალ-ცალკე იმაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავთ, ვიდრე დანარჩენი ოპოზიციის ლიდერებს ერთად

კარგი პროგრამა რეალური ხდება მაშინ, როცა ამომრჩეველს არა მარტო ლიდერი მოსწონს, არამედ დარწმუნებულია, რომ ავტორიტეტის მქონე ესა თუ ის ლიდერი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მას განახორციელებს.

კარგი პროგრამა რეალური ხდება მაშინ, როცა ამომრჩეველს არა მარტო ლიდერი მოსწონს, არამედ დარწმუნებულია, რომ ავტორიტეტის მქონე ესა თუ ის ლიდერი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მას განახორცილებს

დარწმუნებული ვარ, მოუსმენდით სააკაშვილის ბოლო მიმართვას, სადაც მან მდიდარ საქართველოზე ისაუბრა. ის, რაც მისთვის მდიდარი საქართველოა, ჩემთვის სანატრელი საქართველოა, მაგრამ სააკაშვილი იმის გამკეთებელი არის რაზეც ისაუბრა? გაუგებარი იყო მის მიერ ნათქვამი, რომ იგი მხოლოდ 2 წელი აპირებს პრემიერ-მინისტრობას და ქვეყნის აყვავებას.

თუ გახსოვთ, როცა ივანიშვილი მოდიოდა და თქვა - 3 წელიწადში ქვეყანას ავაყვავებო, მაშინ ვთქვი - 3 წელიწადში ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას მამაზეციერიც ვერ შეძლებს-თქო. აბსურდულია მტკიცება, რომ 2 წელიწადში შესაძლებელია ღარიბი ქვეყნის მდიდარ ქვეყნად ქცევა. გასაგებია, რომ მის მიმართ ნდობა ახლა მაღალი არაა, მაგრამ მას ამომრჩეველში მეტი ნდობა აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ოპოზიციურ ლიდერს.

როცა პოლიტიკოსების მიმართ მაღალი ნდობა არ არის, მაშინ ის პროგრამები, თუნდაც კარგი, ფარატინა ქაღალდებად რჩება ხოლმე. სწორედ ისაა ლიდერის ფუნქცია, რომ ამომრჩეველს ისეთი იდეა შესთავაზოს, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მოწონებას დაიმსახურებს.

როცა პოლიტიკოსების მიმართ მაღალი ნდობა არ არის, მაშინ ის პროგრამები, თუნდაც კარგი, ფარატინა ქაღალდებად რჩება ხოლმე. სწორედ ისაა ლიდერის ფუნქცია, რომ ამომრჩეველს ისეთი იდეა შესთავაზოს, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მოწონებას დაიმსახურებს

- ყველა სოციოლოგიური კვლევით, საკმაოდ მაღალია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც არა აქვთ გადაწყვეტილი თუ ვის მისცემენ ხმას 31 ოქტომბერს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ მოიქცევა ის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელსაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ვის დაუჭერს მხარს მოახლოებულ არჩევნებზე?

- გულწრფელად მინდა გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა არჩევანი არ გააკეთოს არც ერთი ყავლგასული ლიდერის სასარგებლოდ. ვისურვებდი ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთოს იმ პარტიებს შორის, რომლებიც მესამე ძალას წარმოადგენენ. ასეთი რამდენიმე ძალაა. დარწმუნებული ვარ, ამგვარი არჩევანი ქვეყანას ჰაერივით სჭირდება.

ვისურვებდი ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთოს იმ პარტიებს შორის, რომლებიც მესამე ძალას წარმოადგენენ... ასეთი რამდენიმე ძალაა. დარწმუნებული ვარ, ამგვარი არჩევანი ქვეყანას ჰაერივით სჭირდება

ვფიქრობ, ახლა საზოგადოება იმ დონეზე მაინცაა, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი ერთობლივად ახლა ვეღარ ვერ შეძლებენ შუის გაკრეფას. იმედი მაქვს, ამომრჩევლების ის დიდი ნაწილი, რომელიც დღეს არ არის არცერთი პოლიტიკური ძალისკენ, არჩევანს სწორედ მესამე ძალის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებზე გააკეთებენ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩევლების დიდი ნაწილი არჩევანს ისევ ამ ორი ძალის სასარგებლოდ გააკეთებს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა