შალვა გოგოლაძე - ვიმედოვნებთ, მსოფლიო რაგბი ჩვენთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძის განცხადებით, მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მონაწილეობა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში - „8 ერი“, ისტორიული გადაწყვეტილება იქნება, რადგან საქართველოს პირველად მიეცემა შესაძლებლობა იასპარეზოს ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განეთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, რაგბის გულშემატკივრის და სპორტული საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შალვა გოგოლაძემ კომენტარი ასევე რაგბის ეროვნული ჩემპიონატის განახლებასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

„ბოლო წლებში, „ფონდ ქართუსა“ და სახელმწიფოს მხრიდან ქართული რაგბის მიმართ განხორციელებულმა უპრეცედენტო მხარდაჭერამ და ჩვენი მორაგბეების წარმატებულმა თამაშმა, მოგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ დღეს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და სამინისტროს მხარდაჭერით, საშუალება გვაქვს განაცხადი გავაკეთოთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში - „8 ერში“ მონაწილეობაზე.

ვიმედოვნებთ, რომ როგორც „მსოფლიო რაგბი“, ასევე ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი მიიღებს საქართველოსთვის სასარგებლო და ისტორიულ გადაწყვეტილებას და პირველად მოგვეცემა საშუალება ვიასპარეზოთ ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე, რაც ქართული რაგბისთვის და ჩვენი გულშემატკივრისთვის უდიდესი მონაპოვარი იქნება.

როგორც ცნობილია, მსოფლიოში გავრცელებულმა კორონავირუსის პანდემიამ დიდი გავლენა იქონია სპორტული მიმართულებითაც. მარტის თვეში საქართველოში შეჩერდა ყველა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი, მათ შორის რაგბის ეროვნული ჩემპიონატი - დიდი ათის გათამაშებაც. მუდმივად მიმდინარეობდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლებოდა მიმდინარე ჩემპიონატის დასრულება და ახალი სეზონის დაწყება.

რაგბის კავშირის გამგეობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეჩერებულიყო 2019/2020 წლის ჩემპიონატი და ყველანაირი ძალისხმევა მიმართულიყო ახალი - 2020/2021 წლის სეზონის დაწყებაზე. სახელმწიფოს მხარდაჭერით, დღეისათვის აღდგენილია საწვრთნელი პროცესი და ყველა გუნდი გადასულია აქტიური შეკრებების და ვარჯიშების ფაზაში. გუნდები ემზადებიან იმისთვის, რომ მიმდინარე თვის ბოლოს განახლდეს რაგბის ეროვნული ჩემპიონატი“,- განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რაგბის კავშირის თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება „მსოფლიო რაგბისთან“ და „6 ერის“ საორგანიზაციო კომიტეტთან, საქართველოს ნაკრების პრესტიჟულ ტურნირზე ოფიციალურად დაშვების საკითხებთან დაკავშირებით.

უწყების ცნობით, ორგანიზატორთა ოფიციალური თანხმობის შემთხვევაში, 5 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „6 ერის“ ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, იტალია) და ფიჯისთან ერთად, პირველად იასპარეზებს ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა