დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ინგლისში სოციალურ შეკრებებზე დაწესებული ახალი შეზღუდვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის ინფექციის ზრდის შემდეგ ქმედებების საჭიროება ცხადი გახდა.
სატელევიზიო მიმართვისას ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ 6 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება, ამ რეგულაციას კი მან „ექვსის წესი“ უწოდა.
„ვისურვებდი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ დაგვჭირვებოდა, მაგრამ, როგორც თქვენმა პრემიერ-მინისტრმა, მე უნდა გავაკეთო ის, რაც აუცილებელია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა ჯონსონმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ წესის აღსრულებაზე აქტიურად იზრუნებს პოლიცია.
პრემიერის განცხადებით, ეს წესები არ ნიშნავს კიდევ ერთ კარანტინს, არამედ ეს იმისთვის არის, რომ ქვეყანაში მეორე სრული კარანტინი თავიდან აიცილონ. ბოლო პერიოდში ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.