იოსებ კენჭაძე - თითოეულმა ჩვენგანმა ერთი აგური უნდა დავდოთ ქვეყნის აღმშენებლობაში

პარტია „მოქალაქეების" სახელით, ქუთაისის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად იოსებ კენჭაძე იბრძოლებს. „ინტერპრესნიუსს“ კენჭაძე სამომავლო გეგმებზე, ქუთაისში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა.

- საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდით ცნობილი რას ალეკო ელისაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატად წარგადგინათ. რომ მოგვიყვეთ, ვინ არის იოსებ კენჭაძე?

- იოსებ კენჭაძე არის იურისტი, ქუთაისიდან. ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის ხელმძღვანელი და პერიოდულად საქმიანობს ევროპაში საინვესტიციო გარიგებებზე.

- რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა და ქუთაისის მაჟორიტარობა?

- პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე იმ მწარე რეალობის გამო, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. სამწუხაროდ, რომ ჩვენი კულტურის ნაწილი გახდა ის, რომ ჩვენ სულ ვიღაცის მოლოდინში ვართ. ჩემი აზრით, ახლა ის დროა, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა, ყველა ქართველმა, ერთი აგური უნდა დავდოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და სხვის იმედზე არ უნდა ვიყოთ. ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია, უნდა გავაკეთოთ ჩვენ.

- რამდენად გიცნობთ ქუთაისელი ამომრჩეველი ?

- თუ სადმე უნდა დავმდგარიყავი მაჟორიტარად, მხოლოდ და მხოლოდ ქუთაისში, რადგან ეს ჩემი მშობლიური ქალაქია. აქ დავიბადე და გავიზარდე, აქ ვსაქმიანობ, როდესაც ევროპაში არ ვარ. შესბამისად, ჩემთვის ქუთაისი ორგანული ნაწილია. მინდა, რომ ქუთაისის ხმა ვიყო და წარმოვადგენდე მას ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში. მგონია, რომ არსებული კანდიდატებიდან ყველაზე კარგად მესმის, თუ რა გვჭირდება და ყველაზე კარგად მესმის, რა უნდა გავაკეთოთ. ჩემი კერძო საქმიანობაც სწორედ ამასთანაა პირდაპირ კავშირში და აქამდე რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი დაკავშირებული მაქვს ქუთაისის განვითარებასთან. იქნებოდა ეს ჩემი პროფესია თუ ჩემი გარიგებები, რომლებიც წლებია ჩამომაქვს საქართველოში და პირველ რიგში, იმერეთის მხარეში.

- თქვენ ახსენეთ, რომ უკეთ იცით რა სჭირდება ქუთაისის მოსახლეობას. რა პრობლემები აწუხებთ მათ და როგორ ხედავთ ამ პრობლემების მოგვარების გზებს?

- ქუთაისის მოსახლეობას პირველ რიგში აწუხებს ის, რომ ქალაქს არ აქვს ფუნქცია განსაზღვრული. 2003-2004 წლებში პირველი დიდი ინვესტიციების ჩადება მოხდა თბილისში, ეს იყო გამართლებული იმიტომ, რომ ეს იყო დედაქალაქი. შემდეგ, ინვესტიციების ჩადება მოხდა ბათუმში და ბათუმმა მიიღო ის ნიშა, რომ არის ტურისტული ქალაქი. ქუთაისმა ვერ მიიღო ნიშა. სიდიდით და ხალხის ოდენობით მეორე ქალაქი ამჟამად დაცლილია, გადავიდა მესამე ადგილზე. არის ტოტალური უმუშევრობა. ქალაქი ფაქტობრივად დაიცალა. მშობლების თაობა ევროპაშია სამუშაოდ გადახვეწილი, ხოლო შვილების თაობა ძირითადად თბილისში მიდის იმისათვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ. შესაბამისად, ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქალაქში არის ეს - უფუნქციობა და გაურკვევლობა. ფუნქციის ჩასანახი იყო, როდესაც ქალაქს მიენიჭა საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, 400 მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო. ეს იყო ქუთაისის პოლიტიკურ ცენტრად გადაქცევის მცდელობა, რაც აბსოლუტურად უგულებელყვეს 2013-2014 წლიდან და დღეს ეს ნიშა საერთოდ წართმეული აქვს ქალაქს. მცდელობა, რომ ქუთაისი გადაკეთდეს საუნივერსიტეტო ქალაქად, კარგია, ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს ვერ შეავსებს იმ რეალობას, რომელიც იყო 2012 წელს.

გადაჭრის გზებს რაც შეეხება, ამისთვის პირველ რიგში, აუცილებელია, რომ გატარდეს თვითმმართველობის რეფორმა, მოხდეს თბილისის დეცენტრალიზაცია. ამ შემთხვევაში ქუთაისსაც ექნება საშუალება იყოს რეალური თვითმმართველი ქალაქი და არა უბრალოდ თვითმმართველად წოდებული. როდესაც ქუთაისი თვითონ იქნება გადაწყვეტილების მიმღები, ისევე, როგორც სხვა თვითმმართველი ქალაქები, მერე თვითონ განსაზღვრავს მის საჭიროებებს ყველაზე უკეთესად, რადგან ჩვენ, ყველანი ჩვენს თავზე ვგრძნობთ, თუ რა გვაკლია და რა გვიჭირს. არსებული ბიუროკრატიები ხელს უშლის რეალურ განვითარებას.

- როგორ აფასებთ თქვენი გუნდის შანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?

- ჩვენ აბსოლუტურად რეალურად და რაციონალურად ვუყურებთ იმ მოვლენებს, რაც ჩვენს ირგვლივ ვითარდება. გვგონია, რომ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზს დღეს აქვს ფუფუნება იმ მოცემულობით, რომ ჩვენ, მოქალაქეების გუნდმა, გადავწყვიტეთ პოლიტიკის კეთება. ასევე, მივიღებთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ამ გუნდს შემოუერთდეს. ქართულ პოლიტიკაში ასეთი სუფთა ფურცელი არ არსებობს და ასეთი პროფესიონალი, პატიოსანი და მაღალკვალიფიციური ხალხიც ცოტა მოგვეპოვება სხვა პარტიებში. ყველას აქვს რაღაც ნიშა, სხვაგან მინახავს პროფესიონალიც, კეთილსინდისიერიც, მცოდნეც, თუმცა სამივე კომპონენტს ამართლებდნენ, ასეთი ძალიან ცოტაა ან ვინც ასეთი იყო, მას უკვე ბევრი შეცდომა აქვს პოლიტიკურად დაშვებული, რაც მგონია, რომ მემუარების წერის საწინდარი უნდა იყოს.

- რა არის ყველაზე მთავარი, რასაც თქვენ თქვენს ამომრჩეველს პირდებით?

- როგორც მაჟორიტარი, ჩემს ამომრჩეველს ვპირდები, რომ ვიქნები ქუთაისის რეალური ხმა და გავაჟღერებ იმ საჭიროებებს და პრობლემებს, რაც არსებობს. მოვითხოვ იმ ყველაფერს, რაც გვჭირდება და განსხვავებით წინამორბედებისგან, არ ვიქნები ჩუმად, მხოლოდ ადგილის დასაკავებლად. გარდა ამისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ამომრჩეველს ვპირდები, რომ ჩვენი მთავარი კრედო - ცოდნით, შრომითა და პატიოსნებით ვემსახუროთ ქვეყანას, დარჩება ყოველთვის უცვლელად და თითოეული ჩვენგანი ჩვენს გამოცდილებას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას მოვახმართ.

„ინტერპრესნიუსი“

მარიამ ციცქიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა