„გადავარჩინოთ ბავშვები“ - სკოლების დახურვამ 1.5 მილიარდ ბავშვზე იმოქმედა და ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკი გაზარდა

პანდემიამ უპრეცედენტო გავლენა მოახდინა განათლების სისტემაზე. სკოლების დახურვამ 1.5 მილიარდ ბავშვზე იმოქმედა, - ამის შესახებ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ (Save the Children International) ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიში სახელწოდებით „დავიცვათ თაობა“ (“Protect a Generation”) ეფუძნება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ჩატარებულ ყველაზე ფართომასშტაბიან კვლევას, რომლის მიზანი იყო ბავშვთა უფლებებზე COVID-19-ის პანდემიის გავლენის შეფასება. კვლევამ მოიცვა 37[1] ქვეყანა და 25 ათასი ბავშვი და ზრდასრული.

კვლევის მიგნებების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, უღარიბესი ბავშვები ყველაზე დაუცველნი აღმოჩნდნენ COVID-19-ის პანდემიის წინაშე. შინამეურნეობებმა დაკარგეს შემოსავალი და წვდომა განათლებაზე. გაიზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევები.

ამასთან, გამოკითხული ბავშვების 80% აღნიშნავს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ მათ თითქმის არაფერი უსწავლიათ. მოსალოდნელია, რომ 9,7 მილიონი ბავშვი წელს სკოლაში არ დაბრუნდება. ეს მნიშვნელოვნად ზრდის ბავშვთა შრომის, ადრეული ქორწინებისა და სხვადასხვა სახის ექსპლუატაციის რისკს.

სკოლების დახურვამ ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკიც გაზარდა - სკოლების დახურვის შემდეგ ბავშვთა მიერ ძალადობის შეტყობინების შემთხვევები თითქმის გაორმაგდა და 17%-ს მიაღწია. ეკონომიკურმა სირთულეებმა ასევე შეუწყო ხელი ბავშვთა მიმართ ძალადობის მატებას - ყოველი მეხუთე ბავშვი (19%), რომლის ოჯახმაც პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგა, აღნიშნავდა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი გახდა. ეს მაჩვენებელი თითქმის ოთხჯერ აღემატება ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს (5%) ისეთ ოჯახებში, რომელთაც შემოსავალი არ დაუკარგავთ.

როგორც Save the Children International-ის „დავიცვათ თაობის“ ანგარიში აჩვენებს, გაიზარდა უფსკრული მდიდარ და ღარიბ ბავშვებს შორის. პანდემიის გამო ღარიბი შინამეურნეობების 82%-მა დაკარგა შემოსავალი. „დავიცვათ თაობის“ ანგარიშის თანახმად, იმ შინამეურნეობების 90%-ს, რომლებმაც პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს, არ აქვთ წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე. ასეთი შინამეურნეობების ორ მესამედს ხელი არ მიუწვდება სათანადო საკვებზეც.

Save the Children International-ის ანგარიშის თანახმად, ყოველი ათი ბავშვიდან რვა (83%) აღნიშნავს უარყოფითი ემოციების გამძაფრებას.

„COVID-19-მა გაზარდა მანამდე არსებული უთანასწორობა. ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდა, რამაც გამანადგურებელი გავლენა მოახდინა ბავშვების განათლებაზე, ჯანდაცვაზე, საკვებსა და უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა „გადავარჩინოთ ბავშვების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ინგერ აშინგმა.

აღნიშნულ ინფორმაციას Save the Children International-ის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო