რამაზ საყვარელიძე - პოლიტიკაში ულიდერო მართვისკენ მოწოდება უტოპიაა, ხოლო უტოპიებს იცავენ ან საკუთარი თავის მოტყუებისთვის, ან სხვების მოტყუებისთვის

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, „ქართული ოცნებამ“ პროპორციული სიის პირველი ოცეული დაასახელა. სიის პირველი ნომერი და, ამდენად, საპარლამენტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია გიორგი გახარია. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატია არჩილ თალაკვაძე. ნაცნობი პოლიტიკური ფიგურებიდან დასახელებულები იყვნენ ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, კახა კუჭავა, გიორგი კახიანი. დანარჩენები სახეები პარლამენტისთვის სიახლეა, ბევრი ახალგაზრდაა.

დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 40%-ზე მეტს მიიღებს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა შანსები ექნება „ოცნების“ ამ სიას პროპორციულ არჩევნებში?

- კარგად გამოიყურება სიის პირველი ოცეული, ჩანს მისი შედგენის პრინციპი. ნაცადია, რომ დაცული იყოს „ძველების“ და „ახლების“ თანაფარდობა. პანდემიის შემდეგ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს გახარიას, მისი იმედი აქვთ.

ბევრს მოსწონს თალაკვაძის ზომიერება. ასევე ბევრს მოსწონს წულუკიანის პოლიტიკური ბრძოლის უნარი და ა.შ. ამ ფიგურების ფუნქციები გასაგებია. თავის ადგილი მოეძებნებათ ახალ სახეებსაც, მათი იმიჯია ახალგაზრდობა, მაღალი პროფესიული ან აკადემიური ცენზი. მისასალმებელია, რომ „ოცნებას“ თამამად შემოჰყავს გუნდში ასეთი ახალგაზრდები. საინტერესოა სიის დანარჩენი ნაწილი.

რაც შეეხება გამარჯვებას, რა თქმა უნდა, „ოცნების“ პროპორციულ სიას აქვს გამარჯვების პოტენციალი, მაგრამ ამ პოტენციალის შეფასებისთვის სხვა პარტიების სიებიც უნდა იყოს ცნობილი. ეს სია შთამბეჭდავი იყო და თუ კონკურენტების სიებიც შთამბეჭდავი იქნება, მაგას რა სჯობს, კარგი პარლამენტი გვეყოლება.

„ოცნების“ პროპორციულ სიას აქვს გამარჯვების პოტენციალი, მაგრამ ამ პოტენციალის შეფასებისთვის სხვა პარტიების სიებიც უნდა იყოს ცნობილი. „ოცნების“ სია შთამბეჭდავი იყო და თუ კონკურენტების სიებიც შთამბეჭდავი იქნება, მაგას რა სჯობს, კარგი პარლამენტი გვეყოლება

გამარჯვებისთვის სიების გარდა მნიშვნელოვანია პოლიტიკა, რომელსაც წარმოდგენილი გუნდი გაატარებს. მაგალითად, ცნობილია, რომ რამოდენიმე პარტია სააკაშვილის პრემიერობაზე იზრუნებს. ამდენად, ამ პარტიებს ვინც არ უნდა ჰყავდეთ სიაში, პარტია მიუღებლები იქნება იმ ამომრჩევლისთვის, ვისთვისაც მიუღებელია სააკაშვილი.

ეს მიუღებლობა ნუ გაგვიკვირდება, ეს პოლიტიკური მიუღებლობა არაა. სააკაშვილის მმართველობის 9 წელიწადი იყო ტრავმა ბევრი ოჯახისთვის და მათ აღარ სურთ ამ ტრავმის განმეორება.

ამიტომ, სააკაშვილის და მისი ყოფილი თანაგუნდელების მიმართ დამოკიდებულება შეიძლება ამჟამადაც, ისევე, როგორც ადრე უფრო არსებითი საკითხი იქნეს ამათუიმ პარტიის გამარჯვებისთვის, ვიდრე მისი სია და პროგრამა.

- წინასაარჩევნო პერიოდია და შესაბამისად არჩევნების თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებს ვერ გავექცევით.

ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ამერიკელმა მკვლევარმა, ტომას დე ვაალმა, რომელიც ქართულ პოლიტიკას წლებია სწავლობს და აკვირდება, საინტერესო მოსაზრება გამოთქვა - „იმედები გაუცრუვდათ იმათ, ვინც ვარაუდობდა, რომ 2012 და 2016 წლების არჩევნების მსგავსად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც არ იქნებოდა ივანიშვილისა და სააკააშვილის დაპირისპირება“.

ოპოზიციური ფლანგის პოლიტიკური სპექტრი საკმაოდ კი აქტიურობს, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ ველზე ორი ძირითადი ფიგურაა - ივანიშვილი და სააკაშვილი. ივანიშვილი 7 წელია ამბობს პოლიტიკიდან წასვლა მინდაო, მაგრამ ფაქტია, რომ წასვლას არ აპირებს. ქვეყნიდან წასული სააკაშვილი 7 წელია აცხადებს - მოვდივარო, მაგრამ ფაქტია, რომ არ მოდის.

თქვენ როგორ დაახასიათებდით და შეაფასებდით არჩევნებამდე დარჩელ დროში ქართული პოლიტიკის სცენაზე არსებულ ვითარებას?

- ტომას დე ვაალს ძნელია არ დაეთანხმო. ნაადრევი იყო იმის მოლოდინი, რომ ქართული პოლიტიკის ორი ცენტრალური ფიგურა თავისით გაქრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში ბევრი გამქრალა.

„ნაციონალები“ მარცხის შემდეგ არ წავიდნენ პოლიტიკიდან, როგორც „მოქალაქეები“ ან „აღორძინება“, რადგან მათ პოლიტიკური „კრიშა“ სჭირდებოდათ სამართლებლივი დევნისგან დასაცავად. პოლიტიკის საფარველქვეშ მათმა დარჩენამ შექმნა ძალის მეორე პოლუსი, რადგან სააკაშვილის ქარიზმით ბევრია მოხიბლული. ქარიზმატულობა დროში გამძლე ფენომენია და მისი შეცვლა ადვილი არაა.

პოლიტიკური ძალების ორპოლუსიანობა დღემდე გრძელდება. ახალი ლიდერები ამ თამაშში ჩაებნენ, მაგრამ მათ არ აღმოაჩნდათ იმის უნარი, რომ მესამე პოლუსისკენ წაეყვანათ ხალხი. პირიქით, ახლებმა ხშირად ორთაბრძოლაში ერთერთის მხარე დაიჭირეს. გამოდის, რომ მათ დამოუკიდებლობა უჭირთ, ე.ი. ისინი ბუნებით ლიდერები არ არიან.

პოლიტიკური ძალების ორპოლუსიანობა დღემდე გრძელდება. ახალი ლიდერები ამ თამაშში ჩაებნენ, მაგრამ მათ არ აღმოაჩნდათ იმის უნარი, რომ მესამე პოლუსისკენ წაეყვანათ ხალხი. პირიქით, ახლებმა ხშირად ორთაბრძოლაში ერთერთის მხარე დაიჭირეს. გამოდის, რომ მათ დამოუკიდებლობა უჭირთ, ე.ი. ისინი ბუნებით ლიდერები არ არიან

რადგან ლიდერობის ნიჭი დღეს ორ ფიგურას აქვს, ამიტომ ისევ ორპოლუსიანობაზე ვლაპარაკობთ. სავარაუდოა, რომ პარლამენტში ბევრი პარტიის მოხვედრა ხელს შეუწყობს ახალი ლიდერების ფორმირებას. მერე პოლუსების რაოდენობაც შეიცვლება. იქამდე კი, ტყუილად ვიღლით თავს ორპოლუსიანობაზე დარდით.

- ოპოზიციის ლიდერები კი აცხადებენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციას ხელისუფლების შესაცვლელად არ ჰყავს გამაერთიანებელი ლიდერი.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ლიდერის გარდა, ოპოზიციას არ აქვს გამაერთიანებელი იდეა, რომელსაც შეეძლო საპროტესტო ელექტორატის კონსოლიდირება.

ბევრი თვლის, რომ სააკაშვილის ქმედებებშიც ძნელია ლოგიკური ხაზის დაფიქსირება. როცა მან თქვა - მოვდივარო, რომ დაეზუსტებინა - მოვდივარ და ციხეშიც ჩავჯდებიო, „ნაციონალები“ არჩევნებზე იმაზე მეტ ხმებს მიიღებდნენ, ვიდრე ამასწინადელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა.

დაკვირვებულ თვალს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა სააკაშვილის განცხადებების ფონზე „ევროპული საქართველოს“ ანტისააკაშვილისეული რიტორიკა. ისინი ახლა უფრო მკაფიოდ და მეტადაც აკეთებდნენ აქცენტს იმაზე, რომ მათ „ნაციონალებისგან“ განსხვავებით წარსული უკეთ აქვთ გააზრებული.

თქვენი დაკვირვებით 2020 წლის არჩევნებისაგან სავარაუდოდ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეთ ერთი მხრივ „ნაციონალებს“ და მეორე მხრივ „ევროპულ საქართველოს“?

- გმადლობთ, რომ ამიბით მხარი ლიდერის თემაში და აღნიშნეთ, რომ ერთიანი ლიდერი ოპოზიციის ერთიანობას ესაჭიროება. რაც შეეხება „ნაციონალების“ და სააკაშვილის სტრატეგიას, არა მგონია, მათ უღირდეთ სააკაშვილის ციხეში ჩასმის ფასად დამატებითი ხმების მოპოვება.

„ნაციონალებს“ რომ დამატებითი ხმების მოპოვების ამოცანა ოდესმე ჰქონოდათ, 2012 წლისა და შემდგომი არჩევნების წაგების ფონზე შეცვლიდნენ სტრატეგიას. სპორტული გუნდები ცვლიან მწვრთნელს და სტრატეგიას მარცხის პირველივე ეტაპზე.

„ნაციონალებს“ არც ლიდერი შეუცვლიათ და არც აგრესიული ბუნება. ე.ი. მათ აკმაყოფილებთ 12-16% აგრესიული ამომრჩევლების ხმა და არ სჭირდებათ მეტი. სწორეებიც არიან. სააკაშვილს და მის პარტიას „ცხვრის ტყავი“ რომ მოესხა, შეიძლება ძველი მომხრეები დაეკარგათ და ახალი 16%-ც ვერ ეპოვნათ, რაც დაემართა „ნაციონალების“ შვილობილ პარტიებს.

„ნაციონალებს“ არც ლიდერი შეუცვლიათ და არც აგრესიული ბუნება. ე.ი. მათ აკმაყოფილებთ 12-16% აგრესიული ამომრჩევლების ხმა და არ სჭირდებათ მეტი

დღევანდელი კვერცხი სჯობია ხვალინდელ ქათამსო, ჰოდა, სააკაშვილს თავის გარანტირებული მომხრეები ურჩევნია მხარდამჭერების სათუო გაზრდას. მის ქარიზმას აყოლილი თაყვანისმცემლების შენარჩუნებისთვის სააკაშვილმა უნდა იძახოს, რომ ჩამოვა საქართველოში, მოვა ხელისუფლბაში და რუს ოლიგარქს დაამარცხებს. ისიც ამ ტექსტს მანტრასავით იმეორებს არჩევნებიდან არჩევნებამდე, აბრუებს თავის მომხრეებს და იღებს ხმების ერთსადაიმავე პროცენტს, რაც მის პარტიას ამყოფებს მეორე ადგილზე სახელისუფლოს შემდეგ.

მეორე ადგილი კი „ნაციონალებს“ აძლევს ბიუჯეტიდან სოლიდური თანხის მიღების საშუალებას. ამდენად, სააკაშვილის და მისი პარტიის მოქმედება საკმაოდ ლოგიკურია, თუ მათი მიზანი არის მხოლოდ საკუთარი რადიკალური ამომრჩევლის შენარჩუნება და საბიუჯეტო თანხების რეგულარულად მიღება. სხვა ლოგიკა კი, მართლაც, არა ჩანს.

მეორე ადგილი კი „ნაციონალებს“ აძლევს ბიუჯეტიდან სოლიდური თანხის მიღების საშუალებას. ამდენად, სააკაშვილის და მისი პარტიის მოქმედება საკმაოდ ლოგიკურია, თუ მათი მიზანი არის მხოლოდ საკუთარი რადიკალური ამომრჩევლის შენარჩუნება და საბიუჯეტო თანხების რეგულარულად მიღება. სხვა ლოგიკა კი, მართლაც, არა ჩანს

ბუნებრივია, „ნაციონალების“ მიერ ამომრჩევლის კონსოლიდაცია ხმებს წაართმევს მის შვილობილ პარტიებს, რომლებიც იმავე ამომრჩევლების იმედად არიან. შესაბამისად, შვილობილები კმაყოფილი არ იქნებიან და დაპირისპირება „ნაციონალებთან“ გაიზრდება.

- სხვათა შორის, იმის ფონზე, რომ ოპოზიციური სპექტრის ამ ფლანგზე ბევრ საკითხებში ვერ ხერხდება შეთანხმება, გაუგებარია მათი მხრიდან კოალიციურ მთავრობაზე საუბარი, ვინაიდან ნებისმიერი არჩევნების მიზანი არ შეიძლება იყოს კოალიციური მთავრობის შექმნის იდეა.

შესაძლოა, „ევროპულ საქართველოს“ უკეთ აქვს გააზრებული „წარსულის გამოცდილება“, მაგრამ ვითარებაში, როცა ოპოზიციიდან „ნაციონალებს“ შეიძლება ჰქონდეთ ყველაზე მეტი ხმების მიღების შანსი, მათი მხრიდან ამ თემაზე საუბარი, თან მომამავლ პარლამენტში სააკაშვილის ირვლივ ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება აშკარად ილუზოლურად გამოიყურება.

ასეა თუნდაც იმის გამო, რომ სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია რა შეცდომებისთვის მოიხადა ქართული საზოგადოების წინაშე ბოდიში.

რჩება შთაბეჭდილება, რომ 2020 წლის არჩევნების მთავარ მიზნად კოალიციურ მთავრობის შექმნის იდეიის ქცევა, სხვა არაფერია, თუ არა რეალურად იმაზე ფიქრი, რომ კოალიციური მთავრობა შეუთანხმებლობის გამო მალე დაიშლება და საჭირო გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება...

- გეთანხმებით, სამთავრობო კრიზისი შეიძლება წარმოიშვას, თუ, სასწაული მოხდა, და „ნაციონალებმა“ მათ შვილობილებთან ერთად სერიოზული გავლენა მოიპოვეს. ოღონდ, არ მგონია, რომ კრიზისი თავად უნდოდეთ, ხელახალი არჩევნები მათთვის უფრო მძიმე შედეგის მომტანი იქნება ისევე, როგორც ეს იყო პრეზიდენტის არჩევის მეორე ტურში.

საერთოდ, კოალიციური მთავრობის იდეა ისედაც არ იმსახურებს დიდ ნდობას. ამ იდეის ბევრი მომხრე ამბობს, რომ ულიდერო, კოლექტიურ ანუ კოალიციურ მმართველობას მიესალმებიან, რადგან ეს გაანთავისუფლებს საქართველოს ლიდერების ივანიშვილის და სააკაშვილის დიქტატისგან.

სხვათა შორის, საპარლამენტო რესპუბლიკაც ადრე ბევრმა პარტიამ ამოიჩემა ულიდერო მმართველობის შექმნის სურვილით იმ ფონზე, რომ ძლიერი პრეზიდენტების (გამსახურდია, შევარდნაძე) განმეორება არ მომხდარიყო.

სურვილი კარგია, მაგრამ არარეალურია. ცხოველების და ადამიანთა ყველანაირი ერთობა თავისთავად აჩენს ლიდერს, ულიდერო ჯგუფი არ არსებობს. მეორე მხრივ, ლიდერი არ გამორიცხავს კოლექტიურობას. კოლექტიურობის და ლიდერობის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი იყო პრეზიდენტ რეიგანის მმართველობა.

საპარლამენტი რესპუბლიკები არ არიან დაზღვეული დიქტატურისგან (ჰიტლერი) ან გაჭიანურებული ლიდერობისგან (მერკელი). ამ ფაქტების გათვალისწინებით უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკაში ულიდერო მართვისკენ მოწოდება უტოპიაა. ხოლო უტოპიებს იცავენ ან საკუთარი თავის მოტყუებისთვის, ან სხვების მოტყუებისთვის.

პოლიტიკაში ულიდერო მართვისკენ მოწოდება უტოპიაა. ხოლო უტოპიებს იცავენ ან საკუთარი თავის მოტყუებისთვის, ან სხვების მოტყუებისთვის

დღეს კოალიციის უტოპია სხვების მოსატყუებელი რამ მგონია, რადგან, როგორც თქვენც აღნიშნეთ, ოპოზიციიდან ყველაზე მეტი ხმის მიღების შანსი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს და კოალიციურობა მხოლოდ მისი ძალაუფლების შირმა იქნება.

შეიძლება, კოალიციურ მთავრობაზე ამდენს კიდევ იმიტომ ლაპარაკობენ, რომ დაფარონ სააკაშვილის და უარჰყონ ივანიშვილის ლიდერობა. ვინც ამ უტოპიას წამოეგება, მათ ხმებს ხომ მიიღებენ და მეტი არც ესაჭიროებათ. არის მცირე პარტიებიც, რომლებიც კოალიციურობის პედალირებით თავს იტყუებენ. თავის მოტყუებით კი რეალური შედეგი არ შეიცვლება.

კოალიციურ მთავრობაზე ამდენს კიდევ იმიტომ ლაპარაკობენ, რომ დაფარონ სააკაშვილის და უარჰყონ ივანიშვილის ლიდერობა. ვინც ამ უტოპიას წამოეგება, მათ ხმებს ხომ მიიღებენ და მეტი არც ესაჭიროებათ. არის მცირე პარტიებიც, რომლებიც კოალიციურობის პედალირებით თავს იტყუებენ. თავის მოტყუებით კი რეალური შედეგი არ შეიცვლება

- კოალიციურ მთავრობაზე „ევროპული საქართველოს“ გარდა, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ ლიდერებიც საუბრობენ. სხვათა შორის, არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებისგან განსხვებით ისინი ამ წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთი პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებზე საუბარს.

ბევრმა ბევრი კი იქილიკა „ლელოს“ ე.წ. მარშალის გეგმაზე, მაგრამ საკმაოდ კვალიფიციური დამკვირვებლების აზრით, „ლელოს“ წინასაარჩევნო პროგრამა საკმაოდ საინტერესოდაც გამოიყურება.

იგივე შეიძლება ითქვას „ევროპული საქართველოსა“ და გიორგი ვაშაძის „სტატეგია აღმაშენებლის“ პროგრამების თეზისებზე. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებს?

- გახსოვთ, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი იყო შესანიშნავი პიროვნება დათო გამყრელიძე. მან პარტიის პროგრამაზე ამუშავა ეკონომისტების დიდი ჯგუფი და გამარჯვებაში დარწმუნებულმა პროგრამა გაიტანა არჩევნებზე. მხოლოდ 4%-მა დაუჭირა მხარი „მემარჯვენეებს“. დათომ ჩაიქნია ხელი პოლიტიკაზე „ამ ხალხს არაფერი უნდაო“ და დაუბრუნდა ბიზნესს.

ჩვენთან ეკონომიკური პროგრამები არაა გამარჯვების გარანტია, ამომრჩეველი მათ შეფასებაში არაა თავდაჯერებული. ვერც მე ვერ შევაფასებ ამ პროგამებს, შეფასების მეშინია კიდეც.

იქ, სადაც პროგრამა არასპეციალისტი ამომრჩევლის აზრზეა გათვლილი, შეიძლება ავანტურასთან გვქონდეს საქმე. ავანტურული ეკონომიკური პროგრამით მოვიდნენ ხელისუფლებაში ბოლშევიკები და აღარ წავიდნენ 70 წელი, სანამ მათმა ეკონომიკამ კრახი არ განიცადა. ამიტომ, ეკონომიკურ პროგრამებზე მსჯელობისას მეც მირჩევნია სხვადასხვა სპეციალისტს მოვუსმინო.

იქ, სადაც პროგრამა არასპეციალისტი ამომრჩევლის აზრზეა გათვლილი, შეიძლება ავანტურასთან გვქონდეს საქმე. ავანტურული ეკონომიკური პროგრამით მოვიდნენ ხელისუფლებაში ბოლშევიკები და აღარ წავიდნენ 70 წელი, სანამ მათმა ეკონომიკამ კრახი არ განიცადა. ამიტომ, ეკონომიკურ პროგრამებზე მსჯელობისას მეც მირჩევნია სხვადასხვა სპეციალისტს მოვუსმინო

- კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა - ქართული ოცნებისადანაცმოძრაობისგარდა სხვა პარტიებს აქვთ მცდელობა როგორმე დაარღვიონ ქართულ პოლიტიკაში არსებული ორპოლუსიანობა, მაგრამ ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ, რომ ისინი ამას წარმატებით ახერხებდნენ“.

თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, რატომ ვერ ახერხებენ ეს პარტიები ქართულ პოლიტიკაში არსებული ორპოლუსიანობის დაძლევას?

- ორპოლუსიანობა არ დაიძლევა, თუ არ გაჩნდა პოლიტიკური ლიდერები, რომელთა გაყოლას ადამიანები მოინდომებენ. დაბალრეიტინგიანი პარტიების ლიდერები ხშირად იცვლიან პარტნიორებს, ვერ აკეთებენ სწორ გათვლებს, ათეული წლებია არ ცვლიან რიტორიკას, არ აკეთებენ მოულოდნელ სვლებს და ა.შ. ეს ერთნაირობა მოსაწყენს ხდის მათ მიერ წარმოებულ პოლიტიკას.

ორპოლუსიანობა არ დაიძლევა, თუ არ გაჩნდა პოლიტიკური ლიდერები, რომელთა გაყოლას ადამიანები მოინდომებენ

ხოლო პოლიტიკურ აპათიაში მობეზრება დიდ როლს ასრულებს. თუ მომავალში პოლიტიკოსები მოახერხებენ, რომ ადამიანებს გაუჩინონ ინტერესი საკუთარი გეგმების მიმართ, გამორიცხული არაა, რომ იგივე ფიგურებმა მოახერხონ ლიდერობა და გაჩნდეს ბევრი პოლუსი.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ საკმაოდ აკადემიურად ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას. შესაძლოა, ვიზუალურად ასეც იყოს, მაგრამ რაც შეეხება წინასაარჩევნო რიტორიკასა და პარტიის პროგრამულ ნაწილს, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ჭირს.

გასაგებია, რომ ამაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეგვეძლება როცა „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პროგრამას გამოაქვეყნებს.

როდესაც ოპოზიციაზე საუბრისას ამბობენ, რომ მას მხარდამჭერების გამაერთიანებელ იდეა არ აქვს, თუ არ ჩავთვლით ლოზუნგს - „მიშა ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება!“, რაც ელექტორატის დიდი ნაწილისთვის მისაღები ლოზუნგია, მმართველი გუნდიდან ჯერ ბევრი დაპირებებიც არ ისმის.

თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო კამპანიას და მის შანსებს მოახლოებულ არჩევნებზე?

- არაერთმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების სიძლიერე ოპოზიციის სისუსტეშიაო. ხშირად ასეც იყო, მაგრამ 2020-ის არჩევნები ცოტა განსხვავებულია წინამორბედებისგან. ამ არჩევნების წინ ხელისუფლებას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს (ახლახანს 55% დაიდო), რაც მხოლოდ ოპოზიციის სისუსტით არ აიხსნება.

აღმოჩნდა, რომ მმართველ პარტიას შეუძლია საქმის კეთება - გახარია, კალაძე. წინა პლანზე იწევენ ფიგურები, რომლებიც პოლიტიკური ბრძოლის უნარის დემონსტრირებას ახდენენ - წულუკიანი, ღარიბაშვილი. ამავე დროს მმართველ გუნდში ჩართულია ისინი, ვინც ზეპარტიული პროფესიონალიზმის დემონსტრირება მოახდინა აღმასრულებელ ხელისუფლებაში - სერგეენკო, კახიშვილი.

და ყველაფერთან ერთად აღსანიშნავია რომ ხსენებული რეიტინგი გუნდმა აიღო ივანიშვილის აქტიური ჩარევის გარეშე. ასეთი წინასაარჩევნო კონფიგურაცია „ოცნებას“ მგონი არასოდეს ჰქონია.

ვთვლი, რომ ამ კონფიგურაციას საინტერესო პერსპექტივები შეიძლება გაუჩნდეს. ვნახოთ, ამ სურათს რას დაამატებს პროგრამის წარდგენა, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, პოლიტიკურ პროგრამებს ჩვენთან ნაკლები ჭრა აქვს.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ „ოცნება“ სამომავლო გეგმებზე ნაკლებად საუბრობს, ან იმაზე, როგორ აპირებს თუნდაც სამუშაო ადგილების შექმნას. არც იმაზე, ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლის შედეგებზე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ აპირებს იგი საპარლამენტო მმართველობის პირობებში ხელისუფების შტოებს შორის დაუბალანსებლობის დაძლევას.

ყველაზე უცნაური ისაა, რომ მმართველი გუნდი იმასაც კი ვერ ახერხებს ისაუბროს, რაც რეალურად აქვს გაკეთებული სოფლის მეურნეობაში და ან სხვა სფეროებში. თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ „ოცნებას“ საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს. ახლა ეს უფრო მკაფიოდ ჩანს, რადგან არ ჩანს „ოცნების“ პოზიტიური დღის წესრიგი, რაზეც მას აქვს პრეტენზია.

ფაქტია ისიც, რომ საინფორმაციო სივრცის დღის წესრიგს როგორც უკანასკნელ წლებში, ახლაც ოპოზიცია აყალიბებს...

- „ოცნება“ ივანიშვილმა შექმნა. ხოლო მან მთელი ცხოვრება ისე გაატარა, რომ ერიდებოდა საკუთარი თავის რეკლამირებას ქველმოქმედებაშიც და ბიზნესშიც. ვფიქრობ, მან პოლიტიკაშიც გადმოიტანა ჩრდილში ყოფნის ეს სურვილი, რაც ადამიანურად გასაგებია, მაგრამ პოლიტიკისთვის წამგებიანია.

მიუხედავად იმის, რომ თავად ივანიშვილსაც კი ჰქონდა ძალიან აქტიური პიარ კამპანია 2012-ის არჩევნების დროს, თუმც საკუთარი ნამოქმედარის რეკლამა არც იქ გაუკეთებია. მერე, ალბათ, ჩვევამ თავისი გაიტანა და ივანიშვილმა ჩრდილში ყოფნა ამჯობინა, რამაც გავლენა იქონია მის გუნდზე.

საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმი „ოცნებას“ დღემდე მოუწესრიგებელი აქვს. დღეს ფეისბუქში ერთი ამირან სალუქვაძე აკეთებს იმას, რასაც ვერ ახერხებს ამ პარტიის მთელი პიარ-სამსახური - ბეჯითად აჩვენებს თუ რა კეთდება და მსურველი ბევრ რამეს გაიგებს.

პასიური პიარ-სამსახურის ფონზე, რა თქმა უნდა, აქტიური ოპოზიცია ხშირად შექმნის საინფორმაციო დღის წესრიგს. ოღონდ, ეს გამარჯვების პირობა არაა. ინტენსიურ პიარში დიდია შეცდომების დაშვების ალბათობაც და პროპაგანდა ბუმერანგის ეფექტს აჩენს. ოპოზიციის პიარს ეს საფრთხე უდგას.

პასიური პიარ-სამსახურის ფონზე, რა თქმა უნდა, აქტიური ოპოზიცია ხშირად შექმნის საინფორმაციო დღის წესრიგს. ოღონდ, ეს გამარჯვების პირობა არაა. ინტენსიურ პიარში დიდია შეცდომების დაშვების ალბათობაც და პროპაგანდა ბუმერანგის ეფექტს აჩენს. ოპოზიციის პიარს ეს საფრთხე უდგას

ამდენად, საინფორმაციო ბრძოლის ხარისხი არსად არაა სასურველ დონეზე, ყველგან გარკვეული სირთულეებია. იმედია, დრო ამ ხარვეზებსაც გამოასწორებს.

- არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი ხმაური კია, მაგრამ არ ჩანს ის მთავარი ინტრიგა, რის გამოც 2020-ის არჩევნებზე ამომჩევლის აქტიურობა მაღალი შეიძლება იყოს.

ასეა იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება დიდია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ვითარება ასე გამოიყურება - მმართველი გუნდი ინარჩუნებს ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა მაღალი არ იქნება?

- არჩევნებში ბოლო დღესაც კი შეიძლება მოხდეს რამე ისეთი, რაც ყველას მიიყვანს საარჩევნო უბანზე. მე დღეს მიჭირს იმის პროგნოზი, რა მოხდება დარჩენილ დროში.

თუ ამომრჩეველს ძალიან მოეწონა ვინმე და მას დამარცხება დაემუქრა, ან ამომრჩეველს ვინმეს მოსვლა ხელისუფლებაში დაუშვებლად მიაჩნია და იგი იმარჯვებს, ამომრჩეველი აქტიური იქნება. ვნახოთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს