ირაკლი ქარსელაძე - უახლოეს მომავალში ქვეშეთი-კობის ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 23 კმ სიგრძის, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მოეწყობა საცალფეხო გადასასვლელები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე ქვეითთა/პირუტყვთა გადასასვლელები და სხვ. ახალი გზით შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება, გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და განვითარდება სხვადასხვა მიმართულების ტურიზმი.

პროექტის საერთო ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. სამშენებლო პროცესის მონიტორინგს კი ახორციელებს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია UBM INTERNATIONAL UNITED CONSULTANTS INC.

რა ეტაპზეა სამუშაოები, როდის ექნება საქართველოს მოსახლეობას ახალი გზა და როგორ აპირებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და უნიკალური ბუნების შენარჩუნებას, ამასთან დაკავშირებით გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა.

- სულ მალე უნდა დაიწყოს ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. ცნობილია უკვე რა დრო დასჭირდება ამ პროექტის დასრულებას?

- პროექტის ხელშეკრულება ორივე ლოტზე გაფორმდა 2019 წელს, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სამუშაოების დაწყების ნებართვის გაცემიდან 36 თვე არის განსაზღვრული მიმსავლელი გზის ასაშენებლად, ხოლო 48 თვე გვირაბის ასაშენებლად, რაც შეეხება სამუშაოების დაწყებას, მიმდინარე წლის შემოდგომაზეა გათვალისწინებული. კარგია ის, რომ მიუხედავად ეპიდვითარებისა, დროზე ადრე ჩამოვა გვირაბის გამყვანი მანქანა, ე.წ. თიბიემი. შესაბამისად, პროექტს დროულად განვახორციელებთ. ყველაზე ხანგრძლივი სწორედ ამ 9 კმ-იანი სიგრძისა და 15- მეტრიანი დიამეტრის მქონე გვირაბის მშენებლობაა. ეს არის უპრეცედენტო პროექტი არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ - მთლიანად რეგიონისთვის. ეს გვირაბი, ნამდვილად დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოს უნიკალური გვირაბების ჩამონათვალში. მისი მშენებლობა სპეციალურად ამ პროექტისათვის დამზადებული გვირაბგამყვანი საბურღი მანქანით, TBM-ით ხდება. ეს არის ყველაზე თანამედროვე, დახვეწილი და მინიმალური ზეგავლენის მქონე მეთოდი. ეს არის აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკა და შესაბამისად, მეთოდი დახვეწილია , არსებობს ამ მეთოდის გამოყენების მრავალი წარმატებული მაგალითი, რაც შეეხება დანარჩენი 4 პატარა გვირაბის მშენებლობას, გამოყენებული იქნება გვირაბის ღია წესით გაყვანის და ბურღვა-აფეთქებითი მეთოდები, რომლის დეტალური მეთოდოლოგიაც განსაზღვრული იქნება ადგილზე და შეირჩევა ისე, რომ მოხდეს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაცია.

რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, პროექტი უშუალოდ სამუშაოების დაწყებიდან 4 წლის თავზე დასრულდება. უფრო კონკრეტულად, პროექტის მიხედვით, სამუშაოების დაწყებიდან 3 წლის შემდეგ დასრულდება მისასვლელი გზა. რაც შეეხება უნიკალურ გვირაბს, რომელიც ქვეშეთი-კობის გზის პროექტის განუყოფელი ნაწილია, სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 4 წლის თავზე იქნება მზად. გამოდის, რომ საბოლოოდ, პროექტს მშენებლობის დაწყებიდან 4 წელიწადში ჩავაბარებთ.

- არსებობდა თუ არა ამ გზის აშენების ალტერნატიული ლოკაციები და რატომ შეჩერდა არჩევანი, მაინცდამაინც, ქვეშეთი-კობის ლოკაციაზე?

- ქვეშეთი-კობის გზის პროექტირებისას არაერთი კვლევა ჩატარდა. პირველ ეტაპზე მომზადდა წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. შემდეგ, ჩატარდა შესაბამისი კვლევა. მოგვიანებით, შევისწავლეთ გზის მონაკვეთი მთლიანად ჟინვალიდან ლარსამდე და გაირკვა, რომ ქვეშეთი-კობი, კერძოდ კი ჯვრის უღელტეხილი, ყველაზე მწვავე და მათ შორის, ნეგატიური გავლენის მქონე მონაკვეთია. დეტალური პროექტირებისას კი ამ შესაძლებლობებიდან გამოვყავით ძირითადი შესაძლო მარშრუტები. თავდაპირველად, გვქონდა 30-ზე მეტი ალტერნატივა, ნულოვანი ალტერნატივის ჩათვლით. ნულოვანში ვგულისხმობ ვერსიას, რომ არაფერი შეიცვალოს და დარჩეს არსებული გზა. მომდევნო ეტაპზე კიდევ ჩავატარეთ კვლევები, მათ შორის გეოლოგიური, გეოტექნიკური, ვულკანური, გარემოსდაცვითი, სოციალური და ა.შ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს გარდაისახა მულტიფუნქციურ ანალიზში, რომლის შედეგადაც, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, კიდევ შევამცირეთ ალტერნატივათა სია, გავაკეთეთ საბოლოო შეფასება, რომლის საფუძველზეც, ქულების მინიჭების მეთოდით, შევარჩიეთ ერთადერთი და ყველაზე სწორი ვარიანტი. სწორედ ამ პროცედურების გავლით, ასეთი სიღრმისეული ანალიზის ჩატარების შედეგად, წარმოიქმნა და დამტკიცდა ის მარშრუტი, რის განხორციელებაზეც ვსაუბრობთ დღეს.

გარდა ამისა, ხაზგასასმელია სოციალური ფაქტორებიც. კერძოდ, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული გზა ათ სოფელზე გადის. ეს სოფლები ზამთრის პერიოდში მოწყვეტილია გარე სამყაროს, კლიმატური და რელიეფური შეზღუდვებიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივები ელემენტარული საჭიროებების, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების მიღებასაც ვერ ახერხებენ.

რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ გუდაურიც, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული და წამყვანი სამთო კურორტი, რეგიონის ტურისტული ბრენდი. სხვათა შორის, არსებული ალტერნატივებიდან სწორედ ამ ერთადერთი მარშრუტით არის ეს შესაძლებელი ეს - რომ გუდაურთან მოეწყოს 5 კმ-იანი დამაკავშირებელი გზა. ეს გუდაურს, თვისობრივად განსხვავებული განვითარების პერსპექტივას სძენს.

არსებული გზის ანალიზისას, გავითვალისწინეთ ასევე უბედური შემთხვევების სტატისტიკაც. ამ ნეგატივებზე ერთიანი, სისტემური, კომპლექსური პასუხია აღნიშნული პროექტი თავისი მარშრუტით და თავისი 9კმ-იანი გვირაბით. ეს გზა არის უწყვეტი კავშირი ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან და იქ მდებარე სოფლებთან და, რომ არაფერი ვთქვათ ტურიზმის განვითარების აუცილებლობაზე, ეს არის აუცილებელი საჭიროება სწორედ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის.

- რა პრობლემებს აგვარებს ქვეშეთი-კობის ახალი გზა და რა განწყობით ხვდება სიახლეს ადგილობრივი მოსახლეობა?

- ჯერ კიდევ პროექტის დაწყებამდე, მოსახლეობასთან 43 საჯარო შეხვედრაზე მეტი ჩატარდა. ასევე, შევხვდით პროფესიული წრეების წარმომადგენლებს, დაინტერესებულ მხარეებს, გავუზიარეთ ყველანაირი ინფორმაცია და ბუნებრივია, შეხვედრიდან შეხვედრამდე ზუსტდებოდა მოსახლეობისთვის და ყველა დაინტერესებული მხარისთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ყველა დეტალი. საბოლოო ჯამში, ინფორმაცია, რომელიც პროექტთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტს აქვს, სრულად გავუზიარეთ მოსახლეობასა და დაინტერესებულ მხარეებს. გავაცანით კვლევაში მონაწილე ექსპერტების, ჩართული სპეციალისტების მიერ შესწავლილი საკითხების დასკვნები და რეკომენდაციები.

საჯარო ხასიათის შეხვედრები მოსახლეობასთან დღესაც ინტენსიურად გრძელდება, ვსაუბრობთ ისეთ მნიშვნელოვან დეტალებზე, რაც უკავშირდება განსახლებას და სხვა სოციალურ საჭიროებებს. ეს პროექტი არ უკავშირდება მხოლოდ გზას. ეს, პირველ რიგში, არის პროექტი, რომელიც ამ რეგიონში მდებარე სოფლებს და იქ არსებულ მოსახლეობას ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს, არა მხოლოდ პროექტის დასრულების შემდეგ, არამედ - უშუალოდ პროექტის განხორციელების პერიოდში. მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა. ძალიან ბევრმა ადგილობრივმა , რიმელიც ამ ეტაპზე მთაში არ ცხოვრობს, გამოთქვეს თავის სოფლებში დაბრუნების სურვილი ახალი გზის არსებობისშემთხვევაში. მათ უჩნდებათ დასაქმების შესაძლებლობა, ახალი პროფესიების დაუფლების შანსი, არსებული უნარების განვითარების და ახალი უნარების შეძენის პერსპექტივა. ეს არის რეგიონის მდგრადი განვითარების წინაპირობა.

როგორც აღვნიშნე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა პროექტის განხორციელების პროცესში. პროექტის ღირებულება მილიარდ სამას მილიონამდეა. წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის ადამიანების დასაქმება-მონაწილეობაზეა საუბარი. ამ ხალხს, ბუნებრივია, დასჭირდება ელემენტარული სერვისების მიღება, რაც მათ დასახლებას, კვებას, სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაკმაყოფილებას ეხება. შესაბამისად, არაპირდაპირ დასაქმებულთა რიცხვიც ძალიან დიდი იქნება. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივების დატრენინგება და სწავლება, რომ ახალ რეალობასა და ახალ შესაძლებლობებს ყველა უკვე მომზადებული შეხვდეს. მაგალითად, ტურისტული თვალსაზრისით, გათვალისწინებულია დიდი ტურისტული ცენტრის აშენება. გზის მიმდებარე სოფლები კი გარდაიქმნებიან ტურისტულ ადგილებად, ეს კიდევ ახალი შესაძლებლობა იქნება მოსახლეობისათვის. ჩვენ ნამდვილად ვსაუბრობთ ახალ გუდაურებზე, რომლის პირობებშიც უძრავი ქონების ფასიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. მომავალში გაკეთდება ჰოსტელები, სასტუმროები და მოსახლეობას დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდება.

- რაც შეეხება განსახლებას, რამდენად არის მოგვარებული ეს საკითხი ადგილობრივ მოსახლეობასთან, რა პრობლემებია ამ მიმართულებით?

- განსახლება სრული პროცესს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომლის ფარგლებშიც ინტენსიური კომუნიკაცია ადგილობრივ მისახლეობასთან ერთადერთი გზა არის წარმატების მისაღწევად და შედეგებზეც პირდაპირ აისახება, ამდროისათვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პარალელურად, მიმდინარეობს მიწების ლეგალიზება და სხვა აუცილებელი სამართლებრივი ქმედებები, რომლის გარეშეც შემდგომი გამოსყიდვები ვერ განხორციელდება. მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივები აქტიურად არიან ჩართულები. ცხადია, ჩვენც ყველა შესაძლო მხარდაჭერას ვახორციელებთ ადგილობრივებთან მიმართებაში.

- რამდენად მომგებიანი იქნება ამხელა ინვესტიცია პროექტში და ამის განსაზღვრაში ჩართულები იყვნენ თუ არა ეკონომიკის ექსპერტები?

- წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური და შემდეგ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შესწავლის მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ეკონომიკური სარგებლიანობის დადგენა იყო. უფრო მეტიც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები სხვა მნიშვნელოვან პარამეტრებთან ერთად, როგორიცაა: გარემო, სოციალური საკითხები, საინჟინრო გადაწყვეტები, ეკონომიკური სარგებლიანობის დადგენასაც აქცევენ ყურადღებას. ეს პარამეტრები აუცილებელი და საჭიროა იმისთვის, რომ კონკრეტულმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა მხარი დაუჭიროს პროექტს და დააფინანსოს. სწორედ, ასეთი დეტალური შესწავლის შედეგად ჩამოყალიბდა დასკვნები და ეს დასკვნები გახდა საფუძველი იმისა, რომ პროექტს ორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსება მიეღო.

ქვეშეთი-კობის ახალი გზა, ეკონომიკურ სარგებლიანობასთან ერთად, არის პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირში არაა. ვგულისხმობ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს - საგზაო უსაფრთხოებას, ჩაკეტილ გზას 100 დღის განმავლობაში, მოსახლეობის წვდომას ძირითად, აუცილებელ საჭიროებებზე. კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში, 5 დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო გზა და ის აუცილებელი პროდუქტი, წიწიბურა იქნებოდა ეს, ბურღულეული თუ სხვა, ვერ მიეწოდებოდა მოსახლეობას. მოგვიწია ზვავის მთელი რიგი შესაძლო კერების ხელოვნური მართვა რათა პროდუქტი დანიშნულების ადგილამდე მისულიყო.ზუსტად ასეთ სასიცოცხლოთ მნიშვნელოვან გამოწვევებს უმკლავდება აღნიშნული პროექტი. ამ შემთხვევაშიც სარგებლიანობა აშკარაა და ამის დასტურია ის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მივიღეთ.

- ადგილობრივი მოსახლეობა და ზოგადად, საზოგადოება ღელავს იმაზე, რომ ასეთი გრანდიოზული მშენებლობით, შესაძლოა დაზიანდეს ხადის ხეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები. რა სახის გარანტიას აძლევთ მათ, რომ ეს არ მოხდება?

- ჩვენ ვისაუბრეთ მულტიფუნქციურ ანალიზზე. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების და მათთან მიმართებაში გზის გაყვანის ანალიზი ერთ-ერთი ძირეულია. პროექტის შესაბამის ეტაპზე, კვლევებით შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის საკითხიც და დადგინდა, რომ პროექტის განხორციელების და შემდგომში, ფუნქციონირების პერიოდში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ზეგავლენა არ იქნება. გათვალისწინებულია ყველა ნორმა საქართველოს კანონმდებლობით. უფრო მეტიც, მზადდება კიდევ უფრო დეტალური კვლევა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ, რომელიც უფრო სიღრმისეულად შეისწავლის ამ მარშრუტზე არსებულ ობიექტებს, გზის მშენებლობის პროცესსა და შემდგომში ექსპლუატაციის ასპექტებს. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველაფერი, რომ არ დაირღვეს არც ერთი მოთხოვნა ამ მიმართულებით. ნებისმიერი სახის მღელვარება ამ საკითხთან მიმართებაში უსაფუძვლოა. ჩვენთვისაც ძალზედ სენსიტიურია ეს საკითხი. პროექტი უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი საკითხების შენარჩუნების და შემდგომი განვითარების გათვალისწინებით, და არა რაიმეს გაფუჭების ხარჯზე.

- გუდაურზე და, ზოგადად, სამთო ტურიზმზე როგორ აისახება ეს პროექტი?

- ამ პროექტის განხორციელების შედეგად, ჩვენ ვისაუბრებთ არა ერთ, არამედ ბევრ გუდაურზე. ვგულისხმობ სოფლებს, რომლებსაც გაივლის გზა და რომლებიც თვისობრივად ახალ კურორტებად ჩამოყალიბდებიან. ამ მხრივ გვქონდა განხილვა პროფესიულ წრეებთანაც.

აღნიშნული პროექტი გუდაურისათვის შემოვლით გზას წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას,რომ გუდაურში სატრანზიტო მოძრაობა აღარ განხორციელდება და შესაბამისად საგზაო უსაფრთხოების, ეკოლოგიური და სხვა საკითხები მოწესრიგდება, რაც გუდაურს განვითარების ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

- რამდენად გაზრდის ქვეშეთი-კობის გზის გაყვანა რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის ალბათობას და რამდენად რეალურია ის მოსაზრება, რომ ეს გზა რუსეთის, ჩვენი მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს?

- მსგავსი არგუმენტი აბსოლუტურად უსაფუძვლოა და სერიოზულ კომენტარს შეიძლება არც იმსახურებდეს, როდესაც ქვეშეთი-კობის პროექტზე ამ ჭრილში საუბრობენ ავიწყდებათ, რომ გვირაბის მეორე მხარეს ისევ საქართველოა, კერძოდ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და პირველ რიგში აქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისათვის სასიცოცხლოთ მნიშვნელოვანია უწყვეტი კომუნიკაციის არსებობა და რეგიონის სამომავლო განვითარება. 2018 წელს დევდორაკის სტიქიის დასაძლევათ გავხსენით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი 1700 მეტრიანი გვირაბი, რომელიც სრულად დაიცავს ხეობას სტიქიის სამომავლო განვითარებისგან. 21 საუკუნეში სტიქიის დასაძლევად, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოსახლეობის პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად აშენებულ გზასთან და გვირაბთან მიმართებით სამხედრო აგრესიაზე საუბარი ნამდვილად არასერიოზულია. ნამდვილად დიდი მიღწევაა, რომ ასეთ მასშტაბურ პროექტს ვაკეთებთ და დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს საერთაშორისო განვითარების პარტნიორებს ასეთი სირთულის და მაშტაბის პროექტის მხარდაჭერისათვის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა