სტუ-ის ფაბლაბმა, „5 ინსტალაციის პროექტის“ ფარგლებში, ერთ-ერთი მოდული შშმ პირებისთვის შექმნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (ბიზნესინკუბატორი) ერთ-ერთ მნიშვნელოვან, „5 ინსტალაციის პროექტზე“ მუშაობა დაასრულა. ახალი იდეების განხორციელება გუნდის წევრებმა კოვიდპანდემიის პირობებში, ონლაინ რეჟიმში შესძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფაბლაბის მუდმივმოქმედი გუნდი სხვადასხვა პროფესიის მქონე ხუთი წევრისგან შედგება და მათი მუშაობა პანდემიის პირობებშიც წარმატებული აღმოჩნდა. ფაბლაბის გუნდის პორტფოლიოში 286 განხორციელებული პროექტი, ინსტალაცია და მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში, ღონისძიებასა თუ კონკურსში წარმატებული მონაწილეობაა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ლევან გაგნიძე, საქათველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის გუნდის ერთ-ერთი წევრია. მან არაერთი პროექტის დაგეგმარებასა და განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. ის თსუ-ის ფიზიკის მიმართულებაზე სწავლობს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბში მეგობრის რჩევით მივიდა.

„დავათვალიერე აქაურობა, ვნახე არაერთი ნამუშევარი, რამაც აღმაფრთოვანა. რაც მთავარია, სტუ-ის ფაბლაბში თბილად შემხვდნენ. აქ მომეცა შესაძლებლობა ჩემი იდეები განმეხორციელებინა. ჩვენ გუნდურად ვმუშაობთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მოდული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის“ „5 ინსტალაციის“ ფარგლებში შესრულებული ერთ-ერთი პროექტია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. ფაბლაბის გუნდის წევრის ლევან გაგნიძის თქმით, აღნიშნული მოდული იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს. მოდული ფეხსაცმელზე მაგრდება და როცა ადამიანი წინაღობას უახლოვდება, მოწყობილობა ვიბრაციით რეაგირებს.

სენსორის დახმარებით, მოწყობილობას შეუძლია წინაღობამდე დარჩენილი დისტანცია გაზომოს. რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ბარიერს, მით უფრო მგრძნობიარე ხდება და აქტიურად ვიბრირებს ხელსაწყო, რომელიც ფეხსაცმელზეა მიმაგრებული. მისი პროტოტიპი სამომავლოდ გაცილებით მცირე ზომის იქნება, თუმცა არც ახლაა დიდი. ვფიქრობთ, მოდულის მიმაგრება ფეხსაცმელზე უფრო კომფორტულია მომხმარებლისთვის, რადგან წინაღობასთან შეჯახების ყველაზე მეტი ალბათობა ფეხს აქვს. მოდულის ინტეგრირება ასეთივე წარმატებით შესაძლებელია სათვალეზე, ქურთუკზე, ჰალსტუხზე, ხელჯოხზეც“, - განმარტავს ლევან გაგნიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის (Fablab GTU) ახალი, „5 ინსტალაციის პროექტის“ ფარგლებში შექმნილი ინოვაციური მოდულებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინსტალაციების დათვალიერება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ფაბლაბი ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაშია განთავსებული. სტუ-ის ფაბლაბთან დაკავშირება შესაძლებელია ფეიბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/FablabGTU/ ან ფეისბუქის საძიებელ სიტემაში მისამართის – @FablabGTU – შეტანით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს