პარლამენტში "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე შეხვედრას მართავს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ იქნება იმის შესაძლებლობა, რომ დაინიცირებული კანონპროექტი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მმართველი გუნდი ამისთვის მზად არის.

"არსებობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელიც იმ საკითხებს შეეხება, რომელთა გარშემოც ვმართავთ მორიგ შეხვედრას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას უკავშირდება. შესაბამისად, ჩვენ ვიმსჯელებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით და შევაჯერებთ პოზიციებს, როგორ შეგვიძლია პოზიციების დაახლოება და როგორ შეიძლება კიდევ ამ კანონმდებლობის გაუმჯობესება, თუ ამის რესურსი არის.

არის საუბარი დასაბუთების საკითხზე, ღია კენჭისყრაზე, ყველაფერს აქვს თავის ორი მხარე. იცით, რომ კანონპროექტი დაინიცირებულია, რომელიც უკვე ითვალისწინებს მთელ რიგ სიახლეებს ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით. ერთია დაინიცირებული პროექტი და მეორე შეხვედრები, რომ შემდგომი დახვეწის თვალსაზრისით ამ დღეებში შევაჯეროთ პოზიციები", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში ივლისში დარეგისტრირდა. ახლა პროექტის ინიციატორები დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

პროექტის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს. გარდა დასაბუთების სტანდარტისა, ასევე შესაძლებელი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება. თუმცა, თავად ეს პროცესი განსხვავებით რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების შემთხვევისა, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილებას თავად იუსტიციის საბჭო იღებს, უფრო შემჭიდროვებული ვადის ფარგლებში განხორციელდება.

„საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის“ ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს