საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ფაბლაბმა, „5 ინსტალაციის პროექტის“ ფარგლებში უნიკალური „სენსორული საკრავი“ შექმნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (ბიზნესინკუბატორი) „5 ინსტალაციის პროექტის“ ფარგლებში, პანდემიის პირობებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინოვაცია განახორციელა, რომელთა შორის ერთ-ერთი უნიკალური ინსტალაცია „სენსორული საკრავია“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „სენსორული საკრავი“ სტუ-ის ფაბლაბისა და ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის სტუდენტების ერთობლივი პროექტია.

„ჩვენი უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტს აქვს ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი გახდა ჩვენი იდეის განხორციელება. ფაბლაბის გუნდმა, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის სტუდენტებთან ერთად, შეკრა ეს ტექნოლოგიები, გაანალიზა შესაძლებლობები, შექმნა დიზაინი და რეალობად აქცია იდეა. როცა ვხედავთ ინსტრუმენტს, ვთქვათ, ფორტეპიანოს, ვიცით, რომ უნდა შევეხოთ კლავიატურას და დავუკრათ. ეს კი უჩვეულო ინსტრუმენტია - არაფერს არ ვეხებით და ისე ვუკრავთ. მოწყობილობის შიგნით გარკვეული სივრცეა შემოსაზღვრული და ჰაერში ხელის მოძრაობით შეგვიძლია ნებისმიერი მელოდია შევასრულოთ. დაგვეთანხმებით, რომ ძალიან საინტერესო პრაქტიკაა - აქამდე არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ შეხების გარეშე ინსტრუმენტს ბგერა გამოეცა. ჰაერში ხელის მოძრაობით მოწყობილობაზე მელოდიის შესაბამისი ნოტები ინთება - ხედავ, რომელ ნოტებს უხმობ. შესაძლებელია კომპიუტერის გამოყენებაც იმ მიზნით, რომ პროგრამულად სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტი შეარჩიო და სასურველი კომპოზიცია შექმნა“, - განმარტავს ფაბლაბის გუნდის წევრი და „სენსორული საკრავის“ ერთ-ერთი ავტორი ნიკა სამხარაძე.

ნიკა სამხარაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. სტუ-ის ფაბლაბს, ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში სკვერის მოწყობის იდეით, 2 წლის წინ მიმართა. მაკეტი ფაბლაბში განხილეს. ამბობს, რომ მათი იდეების თანხვედრა მოხდა. სწორედ მაშინ გაუჩნდა სურვილი, თავადაც სტუ-ის ფაბლაბში ემუშავა.

„მქონდა კონკრეტული იდეები, ქვიზები. როცა ამ სივრცეში მოვხვდი, უფრო მეტად დავინტერსდი და დავრწმუნდი, რომ საკუთარი იდეების განხორციელება კარგად შემეძლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ არ ვარ შეზღუდული და სტუ-ის ფაბლაბი იდეის ჩამოყალიბებაში მეხმარება“, - განაცხადა ნიკა სამხარაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუ-ის ფაბლაბის გუნდი „სენსორული საკრავის“ მასშტაბების გაზრდას ფიქრობს, იმ მიზნით, რომ მუსიკალური ნაწარმოების შესრულება, რამდენიმე მოთამაშის მიერ, სხვადასხვა ინსტრუმენტის ერთდროული გამოყენებით გახდეს შესაძლებელი.

„ვფიქრობთ, შევქმნათ ორკესტრი. ამ შემთხვევაში, სივრცეები იმგვარად უნდა გავანაწილოთ, რომ იმავე წესით სხვადასხვა ინსტრუმენტის ამუშავების საშუალება მოგვეცეს. გვინდა მსგავსი ფორმატით შევქმნათ გიტარა, ვიოლინო, საყვირი, თუნდაც კონტრაბასი. ნებისმიერი ინსტრუმენტის შექმნაა შესაძლებელი. ეს არაჩვეულებრივი საშუალება იქნება ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის. ისინი შეძლებენ ცეკვისას, გადაადგილებისას დაუკრან სხვადასხვა ინსტრუმენტზე. ვფიქრობთ, ამ ინსტალაციის გამოყენება ეფექტური იქნება საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და გასართობ ცენტრებში“, - აცხადებს ნიკა სამხარაძე.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (Fablab GTU) ერთ-ერთ მნიშვნელოვან, „5 ინსტალაციის პროექტზე“ მუშაობა ახლახან დაასრულა. ახალი იდეების განხორციელება გუნდის წევრებმა კოვიდპანდემიის პირობებში, ონლაინ რეჟიმში შეძლეს.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფაბლაბის მუდმივმოქმედი გუნდი, სხვადასხვა პროფესიის მქონე ხუთი წევრისგან შედგება. ფაბლაბის გუნდის პორტფოლიოში 286 განხორციელებული პროექტი, ინსტალაცია და მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში, ღონისძიებასა თუ კონკურსში წარმატებული მონაწილეობაა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს