პროფკავშირები ხელისუფლებას მოუწოდებს, შრომით ურთიერთობებში ქალების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოსაფხვრელად ქმედითი ზომები მიიღოს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მასთან ერთად მთელი მსოფლიო, 18 სექტემბერს გენდერული ნიშნით „საერთაშორისო თანაბარი ანაზღაურების დღეს” პირველად აღნიშნავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება უერთდება ამ დღის აღნიშვნას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებსა და სახელმწიფოს, ქალისა და კაცის თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ.

„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წლებია დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ გენდერული უთანასწორობის სკაითხებს. პრაქტიკა მოწმობს, რომ ქალები უამრავ პრობლემას აწყდებიან, როგორც დასაქმების ეტაპზე, ასევე უშუალოდ შრომით ურთიერთობებში. აღნიშნული უთანასწორობა ყველაზე მკაფიოდ სწორედ ქალისა და კაცის ხელფასებს შორის მკვეთრ უთანასწორობაში ვლინდება.

აღნიშნული სხვაობა ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის საშუალოდ 35,8%-ს შეადგენს. სხვაობა ხელშესახებია ისეთ სექტორებშიც კი, სადაც ძირითადად ქალები არიან წარმოდგენილნი. უთანასწორობას, ასევე მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქალების დაბალი წარმომადგენლობა მაღალანაზღაურებად, მენეჯერულ პოზიციებზე.

ყურადსაღებია, რომ მსოფლიოში ეს სხვაობა საშუალოდ 23%-ია, ევროკავშირში კი 16,3%. მსოფლიოს ქვეყნები თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ 23%-იანი სხვაობის კიდევ უფრო შესამცირებლად, საქართველოში კი ამ დრომდე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე ბევრად დიდი სხვაობის შესამცირებლად. სწორედ ამიტომ 2018-2019 წლებში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საჩივრის საფუძველზე, საქართველო იმ 25 ქვეყნას შორის განიხილა, სადაც უხეშად ირღვევა შსო-ს სტანდარტები და მისცა რეკომენდაცია, რომ შესაბამისი რეგულაციებითა და მეთოდოლოგიის შემუშავებით ხელი შეუწყოს სხვაობის შემცირებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, მათ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლეს და შეიმუშავეს რეკომენდაციები, როგორც ხელისუფლების ისე დამსაქმებლებისადმი.

„საქართველო პირველ რიგში საჭიროებს თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების მეთოდოლოგიის შემუშავებას. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ დონეზე აქვეყნებს მხოლოდ საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის მაჩვენებელს. საქსტატმა უნდა შეცვალოს მეთოდოლოგია და სტატისტიკის წარმოებისას გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები: განათლების დონე; ნამუშევარი საათების რაოდენობა; დაკავებული პოზიცია; ეკონომიკის სექტორი.

ამ ფაქტორების გათვალისწინება უფრო რეალურ სურათს მოგვცემს და ხელისუფლებას ნათლად დაანახებს გენდერული კუთხით ხელფასებში დისკრიმინაციის მასშტაბებს, რაც ამ მიმართულებით პოლიტიკის ჩამოყალიბების საფუძველი უნდა გახდეს.

გარდა „საქსტატისა“ კონკრეტული მეთოდოლოგია უნდა დაინერგოს საწარმოს დონეზე. საწარმოები ხელფასების დაგეგმვის პროცესში უნდა დაეყრდნოს მეთოდოლოგიას, რომელშიც ასახული იქნება დასაქმებულის კვალიფიკაცია (განათლების დონე, გამოცდილება, დავალების შესრულების უნარი); მოვალეობის სირთულე; დაკავებული პოზიცია (პასუხისმგებლობის ხარისხი, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება) და ნამუშევარი საათების რაოდენობა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღნიშნული მეთოდოლოგიის შესახებ ჩანაწერი უნდა გაკეთდეს შრომის კოდექსში, რაც ამ მეთოდოლოგიას სავალდებულოს გახდის.

„გარდა მეთოდოლოგიის შემუშავებისა, საჭიროა სახელმწიფომ გადადგას ნაბიჯები ქალთა ეკონომიკური აქტიურობის წასახალისებლად და მმართველობით რგოლებში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად, ისევე როგორც დედობის დაცვის, ოჯახური და სამსახურებრივი ვალდებულებების შეთავსების გარანტიების უზრუნველსაყოფად. სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების და მისი აღსრულების ეფექტური მექანიზმის შექმნა, ქმედითი შრომის ინსპექციის სახით, ასევე აქტიური ცნობიერების ამაღლების კამპანიები სოციალური პარტნიორების ჩართულობით.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უმაღლესი განათლება პროცენტულად უფრო მეტ ქალს აქვს, ვიდრე მამაკაცს. მიუხედავად ამისა კაცები უფრო ხშირად იკავებენ მენეჯერულ ან/და უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციებს. ამასთან დაბალი ანაზღაურება არის დემოტივატორი ქალებისთვის იპოვონ სამუშაო. ქალების ეკონომიკური აქტიურობა კაცების ანალოგიურ მაჩვენებელს 19%-ით ჩამორჩება. ხელფასების გათანაბრებისკენ გადადგმული ნაბიჯები კი უფრო მეტ ქალს მისცემს სტიმულს ჩაერთოს ეკონომიკურ აქტიურობაში. ეს კი ქალთა კიდევ ერთი პრობლემის - საოჯახო შრომის არათანაბარი გადანაწილების მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯიც იქნება.

პროფესიული კავშირების გაერთიანება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანაბარი შრომის, თანაბარი ანაზღაურების მნიშვნელობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს ქმედითი ზომები, რათა აღმოიფხვრას ქალების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა შრომით ურთიერთობებში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს