პროკურორი - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში „timeline“-ის მეშვეობით შესწავლილ მარშრუტში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი უტყუარად დასტურდება მის მიერ „google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „timeline“-ის ფუნქციის მიერ ასახული მონაცემებით, რომლის თანახმად, ის კონკრეტული ადგილების მოძებნას არ ცდილობდა. როგორც მან პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, „timeline“-ის მონაცემები იმდენად ავთენტურია, რომ მასში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

„მოცემულ საქმეში „timeline“-ის მნიშვნელობა განსაკუთრებულია იმდენად, რამდენადაც ის იძლევა შესაძლებლობას, უტყუარად აღვადგინოთ მარშრუტი თამარ ბაჩალიაშვილის საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლიდან იმ ადგილამდე მისვლამდე, სადაც მისი ავტომობილი აღმოჩნდა. შესაბამისად, ეს მოცემულობა იმდენად ავთენტურია, რომ ამ ეტაპზე მასში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ავტომანქანის გაჩერების შემდგომ, ვერც „timeline“-ის მონაცემი ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ „თაიმლაინი“ აფიქსირებს გაჩერების შესაძლებლობას, მაგრამ მისი მიზანია ასახოს უწყვეტი მარშრუტი და გადაადგილება“,-განაცხადა პროკურორმა.

მისი განმარტებით, ეს არის ბოლო მარშრუტი, რომელიც ასახულია „თაიმლაინის“ მიერ და რომელიც მობილურმა ტელეფონმა დააფიქსირა.

„რაიმე კონკრეტული ადგილის დაძებნას მის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ასევე, გასათვალისწინებელია ის ვიდეოჩანაწერები, რაც ასევე ემთხვევა „თაიმლაინის“ მონაცემებს და ასახავს მარშრუტს, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილმა გაიარა. შესაბამისად, „თაიმლაინის“ მონაცემების მიხედვით, ეს ის ადგილია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი 22 ივლისს აღმოაჩინეს“,-განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებების თვალსაზრისით თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან თანამშრომლობს.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საგამოძიებო მოქმედებების კუთხით ოჯახთან და მზად ვართ, ჩავატაროთ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ლოგიკურად გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან და რომლის ჩატარების რაციონალური აუცილებლობა იარსებებს“,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა