ნათია თურნავა „ევროპულ საქართველოს“ - ძალიან მიკვირს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს დებს მემარჯვენეობაზე, „საბჭოთა ურავნილოვკის პრინციპს“ გვთავაზობს

ეს არარელისტური ინიციატივები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ თქვენი პოლიტიკური ძალა, საღად აფასებს საკუთარ პერსპექტივებს ამ არჩევნებში და კარგად გესმით, რომ არ დადგება ასეთი თეორიული შანსი, როდესაც ქართველი ხალხი მოგთხოვთ პასუხს ამ ინიციატივების შესრულებაზე,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქვეყანაში გადასახადების დაწევასთან დაკაშირებით „ევროპული საქართველოს“ ინიციატივების თაობაზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც თურნავა ამბობს, უსამართლოა მიდგომა, რომ როგორც დაბალ, ასევე მაღალხელფასიან მოქალაქეს საშემოსავლო გადასახადი ერთნაირად გაუნახევრდეს.

„ახლა, თქვენ რას გვთავაზობთ. მე ყურადღებით გავეცანი თქვენს დაპირებებს, შეღავათებს, ეკონომიკის ნაწილში და რა შემიძლია ვთქვა. გვთავაზობთ საშემოსავლო გადასახადის განახევრებას ყველასთვის თანაბრად, როგორც დაბალხელფასიანი ადამიანისთვის, მაგალითად, მიმტანი ბარში, მაგალითად, საბავშო ბაღის დამრიგებელი, ასევე მაღალხელფასიანი ადამიანებისთვის - მაგალითად, მთავრობის წევრი ნათია თურნავა, ან პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია. რატომ უნდა გაგინახევრდეთ თქვენ საშემოსავლო გადასახადი? მითხარით. რატომ უნდა გაგიკეთდეთ პარლამენტის წევრს ეს შეღავათი, როდესაც, რამდენადაც ვიცი, ჯერ კიდევ პანდემიამდე დისტანციური მუშაობის რეჟიში იყავით გადასული.

შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არის უსამართლო. კიდევ უფრო საინტერესოა მიდგომა, რაც თქვენ გაქვთ ქონების გადასახადთან დაკავშირებთ, რომ წლის ბოლომდე გავანულოთ ქონების გადასახადი. თავი დავანებოთ იმას, რომ ქონების გადასახადიდან ბიზნესში 450 მლნ-ს ველოდებით, არ მესმის, რატომ არ უნდა გადავახდევინოთ გადასახადები მსხვილ ბიზნესებს, ან იმ საწარმოებს, რომლებიც კოვიდის მიუხედავად შეუფერხებლად მუშაობდა. ეს არის „საბჭოთა ურავნილოვკის პრინციპი“. ძალიან მიკვირს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს დებს მემარჯვენეობაზე, „საბჭოთა ურავნილოვკის პრინციპს“ გვთავაზობს.

თქვენ არ ხართ მარტო ამ ინიციატივაში თქვენი კოლეგები, „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე საინტერესო მაგრამ გაუთვლელი ინიციატივებით გამოდიან, უფრო შორს წავიდნენ. ინიციატივა აქვთ, გავაუქმოთ ქონების და საშემოსავლო მოგების გადასახადი, განულებასაც ითხოვენ, ეს განულებულია ოფშორებში. რა არის თქვენი შემოთავაზება, რომ ოფშორად ვაქციოთ საქართველო? ეს არარელისტური ინიციატივები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ თქვენ, თქვენი პოლიტიკური ძალა, ძალიან საღად აფასებს საკუთარ პერსპექტივებს ამ არჩევნებში. თქვენ კარგად გესმით, რომ არ დადგება ასეთი თეორიული შანსი, როდესაც ქართველი ხალხი მოგთხოვთ პასუხს ამ ინიციატივების შესრულებაზე. ამ ნდობის მანდატს ვერ მოიპოვებთ, ამიტომ ეჯიბრებით ერთმანეთს ასეთ პოპულიზმში“,- განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიანათია თურნავას კითხვით მიმართა, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ივანიშვილის მთავრობამ განიხილოს გადასახადების რეალური დაწევა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს