ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკოსს, ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

- ბატონო ამირან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არც ისე ბევრი დროა დარჩენილი, არადა, თითქმის მთელი წელია ვადევნებთ თვალს ამ არჩევნებისთვის ხელისუფლებისა და მთელი ოპოზიციური სპექტრის მზადებას.

არჩევნებისთვის მზადების ფარგლებში ბევრმა წყალმა ჩაიარა, კიდევ ბევრიც ჩაივლის, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების მოახლოების კვალობაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებას?

- ნაკლებ აქცენტს გავაკეთებ ხელისუფლებაზე. ვხედავთ ყველა კვლევით, მათ შორის ოპოზიციის მიერ ჩატარებული გამოკითხვებითაც, რომ „ქართული ოცნება“ მე-2 ადგილზე მყოფ პარტიას ლამის სამჯერ უსწრებს, ეს პოლიტიკური ველის არასახარბიელო მდგომარეობაზე მიუთითებს.

ყველა კვლევით, მათ შორის ოპოზიციის მიერ ჩატარებული გამოკითხვებითაც, რომ „ქართული ოცნება“ მე-2 ადგილზე მყოფ პარტიას ლამის სამჯერ უსწრებს. ეს პოლიტიკური ველის არასახარბიელო მდგომარეობაზე მიუთითებს

რაც შეეხება არჩევნებისადმი ოპოზიციის სამზადისს და ამ სავალალო მდგომარეობის მიზეზებს. გემახსოვრებათ, თქვენთან საუბრისას შარშანდელ ინტერვიუებში მოვუწოდებდი ოპოზიციას თვითგანახლებისკენ. ასევე გვისაუბრია, რომ ოპოზიციური პარტიები და მთლიანი სპექტრი მათი ლიდერების მძევლობაში იმყოფებიან. ფაქტიურად, ლიდერებს პარტიები მათ საკუთრებად მიაჩნიათ, რაც დემოკრატიისგან შორსაა.

არ შეიძლება წააგო 2 საპრეზიდენტო, 2 საპარლამენტო, თბილისის მერის 2, ასევე ყველა ადგილობრივი და შუალედური არჩევნები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს შეხვდე იგივე სახეებით, იგივე სტრატეგიით, იგივე ლოზუნგებით და ისევ „ერთად ერთის წინააღმდეგ“ ძახილით.

- არჩევნების დღის მოახლოება იძლევა იმის საშუალებას, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ფორმაში ხვდებიან მოახლოებულ არჩევნებს ქართული პოლიტიკური სცენის ძირითადი და მეტ-ნაკლებად შესამჩნები აქტორები.

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, - „ხელისუფლება არჩევნებისკენ მიდის გეგმაზომიერად, ოპოზიცია კი შეცდომებს უშვებს.“ განუჩევლად იმისა, თქვენ იზიარებთ თუ არა ბატონ რამაზის აზრს, მე კითხვას ასე დავსვამდი - თქვენი დაკვირვებით, რა არადსტურებს იმას, რომ ხელისუფლება არჩევნებისთვის გეგმაზომიერად მიდის, ხოლო ოპოზიცია შეცდომებს უშვებს?

- ვეთანხმები ბატონ რამაზს. გამოცდილი პოლიტოლოგია და დიდი ხანია აკვირდება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას. ჩვენც ბევრჯერ გვისაუბრია ოპოზიციის შეცდომებზე, როგორც წელს, ასევე წინა პერიოდშიც. ამ ეტაპზე, ყველაზე კარგი მაჩვენებელი, როგორც უკვე მოგახსენეთ, სოციოლოგიური კვლევებია. უფრო ზუსტ პასუხს არჩევნების შედეგები მოგვცემს.

ოპოზიციის შეცდომების მთელი კასკადია, რომელი ერთი გავიხსენო? მთავარი შეცდომა, ამაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, ნეგატიური დღის წესრიგი იყო. ადამიანს ბეზრდება ნეგატივიც და პოზიტივიც. მოთხოვნა ობიექტურობასა და უკეთესი მომავლის შესახებ მსჯელობებზეა. არ შეიძლება ადამიანი 24-საათიან რეჟიმში დაძაბულ პირობებში ამყოფო. ცხოვრება გადის.

ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, მათ მიერ საზოგადოებისათვის შეთავაზებული ნეგატიური დღის წესრიგი. ადამიანს ბეზრდება ნეგატივიც და პოზიტივიც

ოპოზიციამ წააგო საერთაშორისო არენაზეც, დიდი იმედები ჰქონდათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უარყოფით ანგარიშს დადებდა და კონგრესი დახმარების 15%-ის გაყინვას ძალაში დატოვებდა.

პასუხად ვიხილეთ მაიკ პომპეოს უწყების საკმაოდ პოზიტიური ანგარიში საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით. 20 ივნისის ღამით პოლიციის ქმედებებიც კონსტიტუციურადაა შეფასებული. პოზიციებს კარგავენ ევროსტრუქტურებშიც.

წამგებიანი, რბილად ნათქვამია, იყო აზერბაიჯან-სომხეთის ბოლო გამწვავებისას ოპოზიციის მცდელობა, საქართველო ჩაეთრიათ ამ კონფლიქტში. ხალხი აფასებს თუ რამდენად სახიფათო თამაში წამოიწყო ოპოზიციამ. ეს მცდელობაც ჩავარდა.

ოპოზიციამ წააგო საერთაშორისო არენაზეც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საკმაოდ პოზიტიური ანგარიში დადო საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით. 20 ივნისის ღამით პოლიციის ქმედებებიც კონსტიტუციურადაა შეფასებული. პოზიციებს კარგავენ ევროსტრუქტურებშიც

წამგებიანი იყო პანდემიის დროს ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია, როცა ამ ბრძოლაში თავისი ადგილი ვერ იპოვეს. სჯობდა დუმილი შეენარჩუნებინათ. მათ კი ჯანდაცვის სისტემას გამოუცხადეს ბრძოლა. ეს იგივეა, ომის დროს საკუთარი თავდაცვის ძალები სამიზნედ ამოირჩიო.

შეცდომაა ტრაგედიებით მანიპულირება, მათი გაიგივება გირგვლიანის მკვლელობასთან. ეს მცდელობა დღესაც გრძელდება.

პასუხად ხელისუფლება მიყვება თავისი დღის წესრიგით. კარგად თუ ცუდად, ოპოზიციას მოსწონს თუ არა, გზებიც იგება, რასაც ასე გვაყვედრიდნენ წინამორბედები, 3-ჯერ ან მეტჯერ მეტი ავტობანი და შიდა გზები დაიგო, სკოლები (200 ახალი სკოლა) და ბავშვთა ბაღები შენდება, სახელმწიფოს თაბადაფინანსებით 700-ზე მეტი ახალი საწარმოა გახსნილი. ამ ციფრში არ შედის საწარმოები, რომლებიც მთლიანად კერძო დაფინანსებით იხსნება.

„ოცნებამ“ ისწავლა ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანა და გააგებინა ხალხს, რომ წელს გახუთმაგებულია ვაზის მოსავალი, 300 ათას ტონამდე ყურძენს ველოდებით, 200 ათას ტონამდე ხორბალს, 120 ათას ტონა ვაშლს, 50 ათას ტონა თხილს, 23 ათას ტონა ვაშლატამას. ხორბლის ასაღებად მეზობელი ქვეყნებიდან აღარ ვთხოულობთ კომბაინებს. გლეხებს ეხმარებიან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და აღჭურვილობის შეძენაში. შენდება ახალი, მათ შორის აქამდე არატრადიციული ხილის თუ კენკრის ბაღები და ა.შ.

საკმარისია ეს ყველაფერი?

რა თქმა უნდა არა.

„ოცნებამ“ ისწავლა ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანა

მაგრამ, როცა ერთი მხარე გთავაზობს მხოლოდ ნეგატივს, მეორე მხარე კი ზემოთ ჩამოთვლილს, შედეგს კვლევებში და გამოკითხვებში ვხედავთ.

აღარაფერს ვამბობ ბოლო თვეებში გაჟღერებულ არადამეჯერებელ ბოდიშებსა და ოპოზიციის ჩამოშლილ ერთობას, შიდა კინკლაობების და დაპირისპირებების ფონზე. თუმცა, ესეც პროგნოზირებადი იყო და გვისაუბრია.

- ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ვითარებაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ ხელისუფლების თემა რომ მეტ-ნაკლებად ამოვწუროთ, კიდევ უნდა შევეხოთ არჩევნებისთვის მისი მზადების რამოდენიმე ასპექტს.

ოპოზიცია ხელისუფლებას იმას საყვედურობს, რომ მოახლოებულ არჩევნებზე დღევანდელი მმართველი გუნდი ამომრჩეველს ახალს არაფერს პირდება, რომ მას არ აქვს ქვეყნის სწრაფი განვითარების ამბიციური გეგმები, რომ მათივე მმართველობის პერიოდში ჰყვავის კორუფცია და ნეპოტიზმი და გაზრდილია კრიმინალი.

რაც შეეხება სამომავლო ეკონომიკურ გეგმებს, ცხადია, რომ მმართველი გუნდის გეგმები უფრო რეალისტურად გამოიყურება, მაგრამ ოპოზიციის დანარჩენ პრეტენზიებსა და კრიტიკაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებები აშკარად არასაკმარისად დამაჯერებლად გამოიყურება.

თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ მისამართით ოპოზიციური ძალების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებსა და სამომავლო გეგმებს?

- ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლების მისამართით თითქოს ხელისუფლებამ ამოწურა თავისი რესურსი უსუსურად გამოიყურება. ადრე ოპოზიციას ფანტაზიის და დღის წესრიგის შექმნის უნარი მაინც ჰქონდა. ახლა ვხედავთ, რომ დღეს დღის წესრიგსაც ვეღარ ქმნიან.

ოპოზიციურმა არხებმაც, ზემოთ ჩამოთვლილი შეცდომების და მუდმივი ნეგატიური სარედაქციო პოლიტიკის გამო, დაკარგეს პირველობა. პოლიტიკური რეიტინგები ზუსტად აისახა „მედიის“ რეიტინგებზე თუ პირიქით.

ოპოზიციის ბრალდებები „ოცნების“ მისამართით თითქოს ხელისუფლებამ ამოწურა თავისი რესურსი, უსუსურად გამოიყურება

ერთადერთი პრეტენზია რჩება განვითარების ტემპებზე. თუმცა, ვერაფრით ასაბუთებენ, 2014-16 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის და პოსტკრიზისული პერიოდის, ასევე პანდემიის პირობებში შესაძლებელი იყო თუ არა უფრო სწრაფი ტემპები.

ჩვენ ვხედავთ, რომ სულ მცირე 20%-თ შემცირდა აშშ-ის ეკონომიკა, საშუალოდ 10%-ით ევროკავშირის. მსოფლიო ბანკის შეფასებით ჩვენი ეკონომიკის ვარდნამ 5% შეადგინა და ორგანიოზაცის აქვს მოლოდინი, რომ გაისად ეკონომიკის ზრდა დაიწყება და 4,5%-ს მიღწევს.

ვის დავუჯერო, მსოფლიო ბანკს, თუ ოპოზიციას?

მაკმაყოფილებს თუ არა არსებული დგომარეობა?

რა თქმა უნდა არა. მაგრამ, ბოლო 1-2 წლის მანძილზე შეიქმნა ისეთი გარემო, რომ ჯანსაღი დისკუსიების, განვითარებაზე, ხარვეზების გამოსწორებაზე ორიენტირებული სადისკუსიო სივრცე აღარ დაგვიტოვეს. გააკრიტიკებ ხელისუფლებას, დაეხმარები ოპოზიციას, და პირიქით.

არადა, ხელისუფლება და ოპოზიცია საექსპერტო წრეებთან ერთად მომართულები უნდა იყვნენ ქვეყნის განვითარებაზე. ერთად უნდა ვმსჯელობდეთ განვითარების უკეთეს გზებზე.

ამისათვის ოპოზიციური ფლანგის გაჯანსაღებაა აუცილებელი. სანაპ ხელისუფლების საპირწონედ, ანუ ძირითად ოპოზიციურ პარტიებად იქნებიან მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის მიუღებელი ძალები, მიუღებელი პოლიტიკური ლიდერებით სათავეში, ქვეყანაში სასარგებლო სადისკუსიო გარემო არ იქნება.

სანამ ხელისუფლების საპირწონედ, ანუ ძირითად ოპოზიციურ პარტიებად იქნებიან მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის მიუღებელი ძალები, მიუღებელი პოლიტიკური ლიდერებით სათავეში, ქვეყანაში სასარგებლო სადისკუსიო გარემო არ იქნება

შესაბამისად, ხალხი ვერ დაინახავს უკეთეს არჩევანს და მიჰყვება ხელისუფლებას. თუ ამ მარტივ რეალობას ვერ გაათვითცნობიერებს ოპოზიციური ფლანგი, 2024-შიც იგივე სურათი იქნება. თავისით ოპოზიცია ამას ვერ მიხვდება. ამიტომ ხალხმა უნდა გააგებინოს საარჩევნო ურნებთან.

- რას იტყოდით წინა კითხვის მეორე ნაწილზე - „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებზე და იმაზე, თუ რას პირდება იგი ამომრჩეველს?

- „ქართული ოცნების“ შემოთავაზებებს ვხედავთ. მათზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე. დავამატებდი განათლების დაფინანსების გაზრდას ბიუჯეტის 25%-მდე. როგორც სამხედრო აღვნიშნავ თავდაცვის ძალებში 250 ადგილმდებარეობაზე, ანუ ფაქტიურად მთელი თავდაცვის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, გაისად წლის ბოლოსთვის საავიაციო პარკის და სხვა ტექნიკის შეკეთებას.

წლების განმავლობაში მილიარდები იხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. გაგრძელდება მეწარმეობის და სოფლის დახმარების დახმარების პროგრამები. ათამდე სხვადასხვა პროგრამა მუშაობს.

კარგია თუ ცუდი, ესაა. ოპოზიციამ შეაფასოს და უკეთესი შემოგვთავაზოს. პირადად სიამოვნებით განვიხილავ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ოპოზიციური პარტიების მხრიდან პროგრამების ნაცვლად ფლაერებს და ბუკლეტებს ვხედავ ციფრების და გათვლების გარეშე.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით ოპოზიციური პარტიების მხრიდან პროგრამების ნაცვლად ფლაერებს და ბუკლეტებს ვხედავ ციფრების და გათვლების გარეშე

- სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს მოსაზრებებს იმაზე, თუ რას პირდება ოპოზიცია ამომრჩეველს, რომელი მათგანის სამომავლო გეგმები გამოიყურება საინტერესოდ და რეალისტურად.

მაგრამ, ვიდერე ამ თემებზე გადავალთ, ალბათ უფრო სწორი იქნება ვიმსჯელოთ იმაზე, საერთოდ რა ხდება ოპოზიციური ფლანგის იმ ნაწილში, რომელსაც აქვს პრეტენცია იყოს ხელისუფლების ალტერნატივა.

ვგულისხმობ, „ნაცომოძრაობა“- „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერის სააკაშვილის განცხადებას, რომ იგი არ აპირებს პარლამენტში შესულ სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად კოალიციის შექმნას, ასევე სხვა განცხადებებს, რომელმაც ოპოზიციაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ამ თემებზე მსჯელობა და კამათი არ ცხრება.

თქვენ როგორ შეაფასებდით სააკაშვილის უკანასკნელ განცხადებებს ამ თემაზე და იმას, თუ რა ხდება ოპოციციის იმ ფლანგზე, რომელიც წინა ხელისუფლებასთან აფელირდება?

- სააკაშვილისგან მსგავსი განცხადება მოსალოდნელიც იყო. ხომ გვახსოვს როგორ დაიშალა და რა ბედი ეწია ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ ტრიუმვირატს და მათთან ერთად გამარჯვებულ ოპოზიციას?

ექს-პრეზიდენტი დისტანციურად აფასებს აქაურ რეალობას. მეტწილად ეყრდნობა საკუთარი იქაური გარემოცვის მონაყოლს და ფანების წაქეზებებს. მათთვის ყველაზე მომგებიანი და მიკერძოებული სოციოლოგიური გამოკითხვებითაც კი, მთელი ოპოზიცია ვერ აგროვებს უმრავლესობისთვის საჭირო ხმებს.

საქართველოში ყველა აცნობიერებს, რომ „ნაცმოძრაობა“ დამოუკიდებლად ვერ მოიგებს არჩევნებს. კიევიდან როგორ ჩანს ვერ გეტყვით. ორი ვარიანტია - სააკაშვილი ან მოწყვეტილია რეალობას, ან ცდილობს მაქსიმალური ხმები აიღოს, ანუ მოკავშირეებსაც წაართვას ხმები, რათა ისევ თავად იყოს ოპოზიციური დღის წესრიგის განმსაზღვრელი და გააგრძელოს ოპოზიციაზე დომინირება.

ორი ვარიანტია - სააკაშვილი ან მოწყვეტილია რეალობას, ან ცდილობს მაქსიმალური ხმები აიღოს, ანუ მოკავშირეებსაც წაართვას ხმები, რათა ისევ თავად იყოს ოპოზიციური დღის წესრიგის განმსაზღვრელი და გააგრძელოს ოპოზიციაზე დომინირება

- თუ ძირითად ოპოზიციად მიჩნეული ლიდერების განცხადებებს მივადევნებთ თვალს, ვნახავთ, რომ არც „ევროპული საქართველო“ და არც „ლელო“ აპირებს საჭიროების შემთვევაში დაეხმატოს როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ძალა ერთობაშიას“ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებაში.

ფაქტია, რომ ოპოზიცია სულ უფრო მეტად აბნევს როგორც მის ამომრჩეველს, ისე გადაუწყევტელ ამომრჩეველს. ასეთ ვითარებაში ძნელად წარმოსადგენია, რომ მათ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი ჰქონდეთ.

ოპოზიციის დაქსაქსულობის რამოდენიმე მიზეზი თქვენ უკვე ახსენეთ, ასეთ ვითარებაში, თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს მიჩნეული 2020 არჩევნების მთავარ ინტრიგად?

- როგორც ვატყობ, დღეს „ევროპულმა საქართველომ,“ და „ლელომ“ გააცნობიერეს, რომ მმართველი პარტია, ძალიან დიდი ალბათობით, სხვისი დახმარების გარეშე შესძლებს უმრავლესობის ჩამოყალიბებას.

ისიც დაინახეს, რომ „ნაცმოძრაობა“ არასაიმედო პარტნიორია. ეს დაადასტურა ექს-პრეზიდენტის ბოლო განცხადებებმა. ამიტომ ფიქრობენ არჩევნების შემდგომ პერიოდზე და საკუთარი პარტიების განვითარებაზე. ვინ ვის შეეკვრება, 1 ნოემბერი გვიჩვენებს.

ჩემთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს. სოციოლოგიური კვლევების ცდომილების რეიტინგის მქონე პარტიები, ანუ ვისაც 1-2% აქვთ, ან გადალახავენ ბარიერს, ან ვერა. აი ეს იქნება საინტერესო, რამდენ პარტიას ვიხილავთ პარლემენტში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს. საინტერესოა, რამდენ პარტიას ვიხილავთ პარლემენტში

- გვინდოდა გვესაუბრა ოპოზიციის საარჩევნო გეგმებზე. ვიცი, რომ რამდენადაც შესაძლებელია აკვირდებით საარჩევნო კამპანიას, ისმენთ პოლიტიკური სუბიექტების გეგმებს. თქვენი დაკვირვებით რომელი პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო დაპირებებს მიიჩნევდით საინტერესოდ?

- არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების პროგრამებს და გეგმებს, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ. გვაქვს რამდენიმე პარტიის მიერ წარმოდგენილი მხოლოდ იდეები, მოსაზრებები, სურვილები. განვიხილოთ ძალიან მოკლედ, რადგან ამ ფორმატში სრულყოფილად განხილვა შეუძლებელია.

„ევროპულმა საქართველომ“ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების გზას მიმართა და მოსახლეობასთან ისევ ე.წ. ხელშეკრულებებს აფორმებს. რა ენაღვლებათ? განხორციელება არ მოუწევთ, ამიტომ რასაც უნდათ, გააფორმებენ. არც ვრცელი პროგრამების წერით იწუხებენ თავს.

არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების პროგრამებს და გეგმებს, ჯერ-ჯერობით, ვერ ვხედავთ. გვაქვს რამდენიმე პარტიის მიერ წარმოდგენილი მხოლოდ იდეები, მოსაზრებები, სურვილები

„ნაცმოძრაობა“ კიდევ უფრო მარტივი გზით წავიდა და ინიციატივების „ალეკო გისმენთ“ და „გუგავა მოვა“ მსგავსად, შემოგვთავაზეს „დაავალე მიშას“. არადა, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. რა უნდა დაავალონ?

ცოტა მეტი იმუშავა და ბევრი ლექცია შემოგვთავაზა გიორგი ვაშაძემ ვიდეო ლექციების სახით. დაწერილი პროგრამა მის საიტზე ვერ ვიპოვე. ზუსტად ეს ვიდეო ლექციები იძებნება ე.წ. სტრატეგია აღმაშენებელის ვებ საიტზე.

მაგალითად, დააჭერთ ღილაკს „განათლება“, გადახვალთ გ. ვაშაძის ვიდეო მოხსენებაზე. დააჭერთ ღილაკს „სოფლის მეურნეობა“ და ასევე გადახვალთ ვიდეო ლექციაზე სოფლის მეურნეობის შესახებ.

ამ ვიდეო წარმოდგენებისას ვისმენთ რას? ვისმენთ სურვილებს, მოსაზრებებს, მოწოდებებს ყოველგვარი სამეცნიერო-ეკონომიკური თუ სხვა სახის დასაბუთებების გარეშე. თავად სახელწოდებაც, ანუ აღმაშენებელთან შედარება, მოსახლეობაში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს.

უფრო ნაკლები იმუშავა „ლელომ“. მოსახლეობის არ ვიცი, მაგრამ ჩემს არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს მათი პროგრამის დასახელება - „მარშალის გეგმა“. მოსახლეობას შევახსენებ, რომ მსოფლიო ომის შემდეგ, ნანგრევებში მყოფი ევროპის ასაღორძინებლად, აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, თადარიგის გენერლის ჯორჯ მარშალის ინიციატივით, დასავლეთ ევროპას 13 მილიარდამდე (დღევანდელი 129 მლრდ) დოლარის დახმარება გამოეყო.

ეს სახელწოდება შემდგომშიც გვინახავს. მაგალითად „მარშალის გეგმა აფრიკისთვის“, „მარშალის გეგმა უკრაინისთვის“. პოლონეთმა გაახმოვანა „მარშალის გეგმა ბელარუსისთვის“. ჩვენ რატომ მოვიშველიეთ ეს სახელწოდება, რომელიმე უცხო ქვეყანამ უნდა განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარება?

თუ ხელისუფლებაზე პრეტენზიის მქონე პარტიის განსახორციელებელი პროგრამაა, მაშინ სხვა სახელი სჯობდა. საერთოდ, ხმაურიან და ამბიციურ სახელებს, დეტალური, კონკრეტულ შესაძლებლობებზე და გათვლებზე დაფუძნებული პროგრამები მირჩევნია. ასეთი კი ვერც აქ დავინახე.

„ლელოს“ პროგრამა 20 გვერდზეა გაწერილი, საიდანაც, თუ ნახატებს მოვაშორებთ და ტექსტს, დავტოვებთ, მოცულობა განახევრდება. რამდენიმე ციფრს განვიხილავ. 600 ათას ადამიანს ჰპირდებიან 3 ათას ლარზე მეტ ხელფასს. ჯერ ერთი, რის საფუძველზე აკეთებენ ამ განცხადებას?

დადონ გათვლები. მეორე, თუ პენსიონერებს და ბავშვებს გამოვაკლებთ, დანარჩენმა ორმა მილიონმა რა ქნას? გვპირდებიან 200 ათას სამუშაო ადგილს, ალბათ 4 წელში. ე.ი. 1 წელში შექმნიან 50 ათას სამუშაო ადგილს. ქვეყნის გარეთ გვყავს 1-2 მლნ ემიგრანტი. ამ ტემპებით 1 ან 2 მლნ სამუშაო ადგილის შექმნას მოუნდებიან 20 ან 40 წლის განმავლობაში.

ამავე დროს, ყოველ წელს სწავლას - საშუალო ან უმაღლეს სასწავლებლებს ამთავრებს დაახლოებით 50 ათასი ადამიანი. ამავე დროს გვყავს რამდენიმე ასეული ათასი უმუშევარი ან სოციალურად დაუცველი. მხოლოდ ამ მარტივი ციფრებით ჩანს, რომ ეს გეგმა ვერაა „მარშალის“.

ასევე ზედაპირულია ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის, უსაფრთხოების და სხვა სფეროების საკითხები. ვკითხულობთ ასეთ სურვილებს - მოხდება ეს, გაკეთდება ის და ა.შ. ძალიან ბევრი რამ, რასაც წერენ გაკეთებულია ან კეთდება. ანუ გაკეთებულს ოცნებაზე უკეთ გააპიარებენ?

მაგალითად, როცა წერენ, ქართული პროდუქციის ევროპულ ხარისხზე, დღეს ასობით კომპანია ე.წ. ISO სტანდარტის სერთიფიკატს ფლობს. მეწარმეებს დავეხმარებით ხარისხის მიღწევაშიო, ასეთი პროგრამები დღეს არსებობს და ასობით მეწარმეს აქვს გავლილი და ა.შ. ამიტომ, ციფრების და გათვლების გარეშე, ასევე სურვილებს თუნდაც ტექსტუალური განმარტებების და დასაბუთების გარეშე, გეგმად ვერ განვიხილავ.

მმართველი პარტიის ქმედებებს ვხედავთ ყოველწლიური ბიუჯეტის სახით და შეგვიძლია შევაფასოთ, რომ, მაგალითად განათლებაზე დახარჯავენ ბიუჯეტის 25%-ს, ვიცით ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, ჯანდაცვის და სხვა ხარჯები, შესაბამისი პროექტებით. ოპოზიციამ უნდა შემოგვთავაზოს ალტერნატივა. შესაძლოა მათ აქვთ ოფისებში, მაგრამ საკუთარ საიტებზე არ უდევთ. შესაბამისად ამაზე სერიოზულად ვერ შევაფასებ.

ოპოზიციამ უნდა შემოგვთავაზოს ალტერნატიული პროგრამები. შესაძლოა მათ აქვთ ოფისებში, მაგრამ საკუთარ საიტებზე არ უდევთ. შესაბამისად ამაზე სერიოზულად ვერ შევაფასებ

დროა მიეჩვიონ მეტი რესურსი დახარჯონ საარჩევნო პროგრამების მომზადებაზე.

- თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული რომელი მათგანის განხორციელებას ურჩევდით მომავალ მთავრობას?

- გეგმას ვერ ვხედავ, შესაბამისად ვერცერთს ავირჩევს. სურვილებს კი ყველა პარტიის ბროშურებიდან გავითვალისწინებდი.

- ვხედავთ, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ საპროტესტო აქციების ფონზე ამ ქვეყანამ ლამისაა დაკარგოს სუვერენიტეტი და სულ მეტად დაექვემდებაროს კრემლის კონტროლს.

დამკვირვებელთა ნაწილმა უკვე გამოთქვა მოსაზრება იმაზე, რომ „ოცნებამ’ ბელარისის მოვლენებიდან დაკვნა უნდა გამოიტანოს. თენგიზ ფხალაძემ კი არ გამორიცხა, რომ არჩვნების დღეს რუსეთმა კიბერიერიში მოაწყოს ცესკო-ზე.

თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება საქართველოსთვის ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გაკვეთილი თუ გაკვეთილები?

- საქართველოს და ბელარუსს ვერ შევადარებ. ჩვენთან არჩევნების მსგავსი მასშატაბებით გაყალბება არ ხდება და არ მოხდება. შესაბამისად არც მსგავს სცენარებს ველოდები.

დღეს საზოგადოებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ოპოზიციური ფლანგის განახლებასა და განვითარებაზე მეტი ვისაუბროთ

ოპოზიცია თუ სასურველ შედეგს ვერ მიიღებს, კიბერ შეტევებზე გადაბრალება არ უშველით. მოსახლეობა კარგად აღიქვამს არჩევნებზე რეალური შედეგი დადგა თუ ყალბი. ამიტომ, უნდა გაითვალისწინონ თავისი ნაკლოვანებები და უკეთ იმუშაონ, უკეთესი დღის წესრიგი, უკეთესი გუნდები, უკეთესი პროგრამები შემოგვთავაზონ.

დღეს საზოგადოებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ოპოზიციური ფლანგის განახლებასა და განვითარებაზე მეტი ვისაუბროთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა