ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება

ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე პროცესების პერსპექტივებსა და იმაზე, სავარუდოდ რა გავლენა შეიძლება იქონიონ მათ საქართველოზე “ინტერპრესნიუსი“ ჯეოქეისის არა-რეზიდენტ მკვლევარს, აღმოსავლეთმცოდნეს, თსუ-სა და ილიაუნის ლექტორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

- ბატონო ემილ, იმის გამო, რომ მალე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ყურადღება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე უფროა კონცენტრირებული, არადა ჩვენს ახლო სამეზობლოში, ახლო აღმოსავლეთში, საინტერესოდ ვითარდება პროცესები.

ახლო აღმოსავლეთსა და ჩვენს სამეზობლოში უამრავი რეგიონალური პრობლემები რომაა ვიცით, ისიც ვიცით, რომ მათი ავად თუ კარგად გადაწყვეტის პერსპექტივები არ ჩანს, მაგრამ ჩვენგან არც ისე შორს ვითარდება პროცესები, რომლებიც იმსახურებენ არა მარტო ყურადღებას, არამედ იმასაც, რომ ჩვენ მათზე როგორც მინიმუმ მეტი ვიცოდეთ.

რადგან ბევრ კონკრეტულ თემაზე მოგვიწევს მსჯელობა, ჩემი პირველი კითხვა ზოგადი იქნება - თქვენ როგორ შეაფასებდით ახლო აღმოსავლეთსა და ჩვენს სამეზობლოში არსებულ ვითარებას?

- რამდენიმე საინტერესო მიმართულების გამოყოფაა შესაძლებელი. პირველ რიგში ეს დიპლომატიურ ასპარესზე, ისრაელის მიერ განხორციელებული წარმატებებია, მეორე - ჩინეთის ეკონომიკური და, შესაბამისად, გეოპოლიტიკური გავლენის ზრდის ნიშნები, მესამე - აშშ-ის სამხედრო გავლენის შემცირება და რეგიონალური ძალების, რუსეთის, თურქეთის და ირანის გავლენის ზრდის მცდელობები.

- ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ის, რაც სულ ახლახანს, 15 სექტემბერს მოხდა, ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.

ვგულისხმობ იმას, რომ 15 სექტემბერს ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობების სრულ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ და სამშვიდობო შეთანხმებას ხელი თეთრ სახლში მოაწერეს.

არაბთა გაერთიანებული საამიროები გახდა მესამე არაბული ქვეყანა, რომელმაც ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა. პირველი 1979 წელს ეგვიპტე, მეორე კი 1994 წელს იორდანია იყო. 29 აგვისტოს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელის წინააღმდეგ 1972 წელს დაწესებული ეკონომიკური ბოიკოტი გააუქმეს.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა გავლენას იქონიებს ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებულ ბანაკებს შორის ძალთა ბალანსზე აშშ-ს ინიციატივით ისრაელსა და არაბთა გაერთიანებული სააემიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე მიღწეული შეთანხმება?

- გეთანხმებით. ბოლო კვირებში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ისრაელმა აშშ-ის მხარდაჭერით არაბთა გაერთიანებულ ემირატებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე კვირაში იგივე განხორციელდა კიდევ ერთ არაბულ ქვეყანასთან - ბაჰრეინთან.

მართალია ბაჰრეინთან ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წინსვლა ჯერ კიდევ 2018 წელს განხორციელდა, სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება უპირობოდ დიდ გამარჯვებას ნიშნავს ისრაელისთვის.

ეს ორი შემთხვევა არ შეიძლება არ წარმოადგენდეს გარკვეულ ტენდენციას, რომელიც იკვეთება მახლობელ აღმოსავლეთში - მეოცე საუკუნეში დამყარებული ისრაელის სახელმწიფოებრიობის ბოიკოტის ტრადიცია კარგავს რელევანტურობას.

ასპარეზზე ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევებია და არაბული ქვეყნები, რომელთაც აქამდე ყოველთვის გააჩნდათ არაოფიციალური კონტაქტები ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებთან, ახლა ამ ურთიერთობების „გაოფიციალურებაზე“ ფიქრობენ.

ასპარეზზე ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევებია და არაბული ქვეყნები, რომელთაც აქამდე ყოველთვის გააჩნდათ არაოფიციალური კონტაქტები ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებთან, ახლა ამ ურთიერთობების „გაოფიციალურებაზე“ ფიქრობენ

- ცხადია, რომ აშშ-ს აქტიური ჩარევის გარეშე ისრაელსა და არაბთა საემიროებს შორის გაფორმებული ისტორიული შეთანხმება ვერ შედგებოდა.

მაგრამ, ვხედავთ იმასაც, რომ აშშ-თურქეთის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე გაერთიანებული არაბთა საემიროები უკვე ღიად და დაუფარავად საუბრობენ პენტაგონთან თურქეთის ინჯირლიქის სამხედრო ბაზის არაბთა საემიროებში გადატანის შესაძლებლობაზე.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოვლენები ასე განვითარდება? თუ ასეც მოხდა, სავარაუდოდ რა სურათს მივიღებთ და რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება საქართველო?

- აშშ-ის როლი ისრაელის ამ დიპლომატიურ წარმატებაში უდავოა. ვაშინგტონში ხედავენ იმას, რომ ახლო აღმოსავლეთში ქვეყნის სამხედრო გავლენის შემცირების ფონზე საჭიროა მყარი გეოპოლიტიკური მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ქაოსის თავიდან ასაცილებლად.

ამისთვის კი კარგ საშუალებას წარმოადგენს ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის ურთიერთობების ნაწილობრივი გაუმჯობესება. არ არის გამორიცხული ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის დახლოების ტენდენცია გაგრძელდეს და მომდევნო წლებში ისრაელსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირის მეტად გაღრმავება ვიხილოთ.

არ არის გამორიცხული ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის დახლოების ტენდენცია გაგრძელდეს და მომდევნო წლებში ისრაელსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირის მეტად გაღრმავება ვიხილოთ

რაც შეეხება ინჯირლიქის სამხედრო ბაზას, მიუხედავად თურქეთ-აშშ-ის რთული ურთიერთობებისა, ნაკლებად მოსალოდნელია ამ ბაზის თურქეთიდან გადატანა. ამაში, პირველ რიგში, თვითონ თურქეთია დაინტერესებული და ჩვენს ხელთ არსებული ღია წყაროებში მოპოვებული ინფორმაცია ზუსტად ამაზე მეტყველებს.

- უკანასკნელი წლებში ჯერ სირიაში და შემდეგ ლიბიაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ანკარის რეგიონალური ამბიციები სულ უფრო ხელშესახები გახდა.

ანკარა მეტ-ნაკლები წარმატებით აგრძელებს როგორც ვაშინგტონთან, ისე ევროპასთან პოზიციონირებას და პარალელურად მოსკოვთან თანამშრომლობასაც. თუმცა, მისი მოსკოვთან თანამშრომლობა ხშირ შემთხვევაში აშკარად სიტუაციურ ხასიათს ატარებს. ეს რომ ასეა, ამის კარგი მაგალითი იყო თურქეთის მიერ რუსებისგან ძვირადღირებული ს-400-ის შეძენა, შემდეგ იმავე იარაღით ამერიკელებთან ვაჭრობის დაწყება ამერიკული ფ-35-ების მიღებაზე.

ასევე რუსებთან ერთად „ცისფერი ნაკადის“ აშენება, რომელიც უფრო პოლიტიკური პროექტი აღმოჩნდა, ვიდრე ეკონომიკური.

ყველაფერ ამის ფონზე თურქეთი თუ ჯერ არაა რეგიონალური ჰაბი, სულ უფრო აშკარაა, რომ იგი ამგვარი სტატუსისთვის იბრძვის. კვიპროსის მახლობლად გაზის საბადოებისთვის ბერძნულ-თურქული დაპირისპირება სხვა არაფერია თუ არა სწორედ ამის გამოხატულება.

რა შანსები აქვს თურქეთს გახდეს რეგიონში ენერგეტიკული ჰაბი? თუ ასეც მოხდა სავარაუდოდ რა გავლენას იქონიებს ეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ არა ერთ კონფლიქტურ და პრობლემურ საკითხებზე, რომელთა გადაჭრა ათეული წლებია ვერ ხერხდება?

- თურქეთი მთლიანად დამოკიდებულია ენერგო-რესურსების იმპორტზე. ეს მის გეოპოლიტიკურ ამბიციებზე უარყოფითად მოქმედებს, რადგან შეუძლებელია დამოუკიდებელი და ამბიციური საგარეო პოლიტიკა აწარმოო და ამავდროულად დამოკიდებული იყო ძირითადად რუსულ გაზზე.

რა თქმა უნდა, ეს კარგად ესმით თურქ პოლიტიკოსებს და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა, როდესაც თურქეთში რუსული იმპორტირებული გაზის შესამჩნევი შემცირება ხდება.

მაგალითისთვის, თუ 2017 წელს თურქეთის მიერ ექსპორტირებული გაზის 52% გაზპრომმა უზრუნველყო, 2018 წელს ეს მონაცემი უკვე 47% დაიწია, ხოლო 2019 წელს კი 33%.

თურქეთის გეოპოლიტიკური ხედვა მოიცავს იმპორტირებული ენერგო-რესურსების დივერსიფიცირებას, რომ არ მოხდეს რომელიმე ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება. ეს უნდა წარმოადგენდეს იმის საფუძველს, რომლითაც დღეს ოფიციალური ანკარა ხელმძღვანელობს.

თურქეთის გეოპოლიტიკური ხედვა მოიცავს იმპორტირებული ენერგო-რესურსების დივერსიფიცირებას, რომ არ მოხდეს რომელიმე ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება. ეს უნდა წარმოადგენდეს იმის საფუძველს, რომლითაც დღეს ოფიციალური ანკარა ხელმძღვანელობს

შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ თურქეთი ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად არის ჩაბმული ლიბიაში, კვიპროსთან ახლოს მდებარე საზღვაო ტერიტორიებში. ორივეგან თურქეთს აქვს პრეტენზია მოიპოვოს დამატებითი ენერგო-რესურსები.

საქართველოსთვის კი თურქეთის ეს გეოპოლიტიკური ხედვა ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ქვეყანაზე გადის ის გაზსადენები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც თურქეთს იმპორტის დივერსიფიცირების უფრო მეტ საშუალებას აძლევს. ეს არის აზერბაიჯანი. აღსანიშნავია, რომ წელს აზერბაიჯანი თურქეთის გაზით ყველაზე დიდი მომმარაგებელი გახდა.

ეს იმასაც ნიშნავს, რომ თურქეთი ახლა უფრო მეტადაა დაინტერესებული სამხრეთ კავკასიის ენერგო და სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხოებაში. შესაბამისად, როდესაც ამ წლის ივლისში აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, მთიანი ყარაბაღიდან შორს, რეგიონალური მნიშვნელობის მილსადენებთან ახლოს დაიწყო შეტაკებები, თურქეთის პოზიცია განსაკუთრებით მკაცრი იყო.

თურქეთი ახლა უფრო მეტადაა დაინტერესებული სამხრეთ კავკასიის ენერგო და სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხოებაში

ბაქოსთვის გამოცხადდა დიპლომატიური მხარდაჭერა, უფრო მკაცრი ტონი იყო გამოყენებული სომხეთის მიმართ, ასევე, ჩატარდა ორმხრივი სამხედრო წვრთნები, რითაც არაპირდაპირ ნაჩვენები იყო, რომ თურქეთი მზად იქნება სამხედრო კუთხით დაიცვას ის მილსადენები, რითაც ქვეყნის ენერგო-დივერსიფიცირება არის უზრუნველყოფილი.

თურქეთი რეიონის ენერგო-ჰაბად გადაქცევაში საკმაოდ ბევრ წარმატებულ ნაბიჯს დგამს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ქვეყანა ახლა უკვე მნიშვნელოვან სატრანზიტო სივრცეს წარმოადგენს. მეორე, ჰაბი მხოლოდ ტრანზიტი არ არის, არამედ ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნაა, რომლითაც მოხერხდება საჭირო ენერგო-რესურსების გადანაწილება საჭიროების მიხედვით.

თურქეთი რეგიონის ენერგო-ჰაბად გადაქცევაში საკმაოდ ბევრ წარმატებულ ნაბიჯს დგამს... ჰაბი მხოლოდ ტრანზიტი არ არის, არამედ ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნაა, რომლითაც მოხერხდება საჭირო ენერგო-რესურსების გადანაწილება საჭიროების მიხედვით

- მიუხედავად იმისა, რომ თუ სწორად მახსოვს თურქეთის, რუსეთის, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა 2018 წელს საკმაოდ მრავალმხრივ თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი ანკარა და მოსკოვი ერთმანეთის კონკურენტები არიან სირიაში, იმავე სირიაში მათივე კონკურენტია ირანი. მხარეები ვერ თანხმდებიან ვერც ერთ პრობლემურ საკითხზე, რომელიც თითოეულ მათგანს აძლევს საშუალებას თავი საერთაშორისო პოლიტიკის შემოქმედად იგრძნოს.

ვხედავთ, იმასაც რომ ამ მოვლენების პარალელურად ვაშინგტონი აგრძელებს აქტიურ თანამშრობლობას არა მარტო ისრაელთან, არამედ არაბული სამყაროს სხვა ქვეყნებთან, იგივე აშშ ცდილობს ირანისაგან არა მარტო დისტანცირებას, არამედ კონფრონტაციასაც.

ამ მოვლენების ფონზე სულ უფრო აშკარაა რომ ხდება თეირანის და პეკინის დაახლოება. თქვენ როგორ დაახასიათებდით ჩინეთისა და ირანის გააქტიურებულ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროებში?

- სხვადასხვა ღია წყაროების ინფორმაციით ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებას ამზადებენ. ეს შეთანხმება მოიცავს ჩინური ინვესტიციების შეღწევას ირანის თითქმის ყველა მნიშვნელოვან სექტორში, იქნება ეს პორტები, რკინიგზა, გზები თუ სხვა.

სხვადასხვა ღია წყაროების ინფორმაციით ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებას ამზადებენ. ეს შეთანხმება მოიცავს ჩინური ინვესტიციების შეღწევას ირანის თითქმის ყველა მნიშვნელოვან სექტორში, იქნება ეს პორტები, რკინიგზა, გზები თუ სხვა

ირანის მიერ ასეთი, ბევრის აზრით, გარკვეულწილად რადიკალური ნაბიჯის გადადგმა გამოწვეული იყო აშშ-ის პოზიციით და ირანზე დიპლომატიური და გეოპოლიტიკური გავლენის ზრდით.

სანქციები, რომელიც ვაშინგტონმა ირანს ხელახლა დაუწესა, ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის აფეთქება და მრავალი სხვა ნაბიჯის გამო ირანი იძულებული გახადა საგარეო პოლიტიკური ბალანსისთვის ჩინეთისკენ გაეხედა.

რა თქმა უნდა, ირანის ჩინეთთან დაახლოება მზადდებოდა მრავალი წლის განმავლობაში. მაგალითად, პრეზიდენტ მახმუდ ახმადინეჟადის დროს ირანმა შორეულ აღმოსავლეთთან თანამშრომლობა გამოაცხადა. ჩინეთისგან ირანს ინვესტიციების მოზიდვა სურს. თეირანს ასევე აინტერესებს ჩინეთის „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ ინიციატივაში უფრო აქტიური როლის თამაში.

ირანის ჩინეთთან დაახლოება მზადდებოდა მრავალი წლის განმავლობაში... ჩინეთისგან ირანს ინვესტიციების მოზიდვა სურს. თეირანს ასევე აინტერესებს ჩინეთის „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ ინიციატივაში უფრო აქტიური როლის თამაში

ირანი დაინტერესებულია მზარდი ჩინური ბაზრისთვის ნავთობის მიყიდვაში. ჩინეთისთვის ირანის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საშუალებას იძლევა გავლენა გაავრცელოს ინვესტიციებით დანარჩენ მახლობელ აღმოსავლეთზე.

ორივე ქვეყანას აერთიანებს აშშ-თან ბრძოლა, ორივეს სურს ევრაზიაში ამერიკული გავლენის შემცირება. ამაში მათი ბუნებრივი მოკავშირე რუსეთიცაა, რომელსაც დიდი გეოპოლიტიკური ხედვის მიხედვით, ჩინეთ-ირანის დაახლოება უნდა აწყობდეს.

ორივე ქვეყანას აერთიანებს აშშ-თან ბრძოლა, ორივეს სურს ევრაზიაში ამერიკული გავლენის შემცირება. ამაში მათი ბუნებრივი მოკავშირე რუსეთიცაა, რომელსაც დიდი გეოპოლიტიკური ხედვის მიხედვით, ჩინეთ-ირანის დაახლოება უნდა აწყობდეს

მეორე საკითხია რამდენად გამოვა ეს თანამშრომლობა, რადგან ირანის პოლიტიკური კლასი და ზოგადად მოსახლეობა ტრადიციულად ძალზედ სენსიტიურია უცხო გავლენისადმი. ევროპული იმპერიალიზმის ეპოქაში განცდილმა გაჭირვებამ, ვფიქრობ, ირანის ხელისუფლებას არ მიაღებინებს ისეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, რითაც ქვეყანა სრულად ჩინეთზე გახდება დამოკიდებული.

ამასთან ერთად, ამერიკული ეკონომიკური სანქციებიც ხელს უშლის საერთაშორისო კომპანიებს, მათ შორის ჩინურსაც, ირანში აქტიური საინვესტიციო პოლიტიკა აწარმოონ.

- სავარაუდოდ რა გავლენას იქონიებს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ჩინეთსა და ირანს შორის ურთიერთობების გაღმავება?

- რთულია ამაზე პასუხის გაცემა ამ მომენტისთვის, რადგან, როგორც უკვე ვახსენე, ახლა საინტერესო ისაა რამდენად შედეგის მომტანი იქნება ჩინეთსა და ირანს შორის 400-მილიარდიანი შეთანხმება.

თუ წარმოვიდგენთ თუნდაც მინიმალურ შედეგებს, თამამად შეგვიძლია იმის წარმოდგენა, რომ ჩინეთის „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ უფრო დიდ გეოგრაფიულ არეალზე გავრცელდება.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ირანს დიდი გეოპოლიტიკური გავლენა აქვს ერაყსა და სირიაზე, ის ფაქტობრივად სახმელეთო დერეფანს ფლობს ირანიდან ხმელთაშუა ზღვამდე, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ შორეულ პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება. ფაქტობრივად, ირანის ტერიტორიით ჩინეთი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ახალ სავაჭრო გზებზე გავა, ახალ საჭირო რესურსებს დაეუფლება და ამით კიდევ უფრო მეტად გაუწევს რეგიონში კონკურენციას ამერიკას.

ირანის ტერიტორიით ჩინეთი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ახალ სავაჭრო გზებზე გავა, ახალ საჭირო რესურსების დაეუფლება და ამით კიდევ უფრო მეტად გაუწევს რეგიონში კონკურენციას ამერიკას

- მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ანკარა და ერევანი ერთმანეთის მისამართით საკმაოდ მწავევე განცხადებებს აკეთებენ, თურქეთ-სომხეთის საზღვრის დასაცავად ორივე მხარე უამრავ თანხებს ხარჯავს, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები სულ უფრო მეტად იზრდება.

თუ ჩინეთ-ირანის დაახლეობა ამ პროცესებში სომხეთის მონაწილეობასაც ითვალისწინებს, თქვენი აზრით, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროცესმა ერთი მხრივ ჩინეთ-საქართველოს, ხოლო მეორე მხრივ ირან-საქართველოს ურთიერთობებზე და იმაზე, რომ აქამდე ჩინეთიდან აბრეშუმის გზა საქართველოზე გადიოდა?

- ჩინეთ-ირანის დაახლოება პირდაპირ გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაზე. ირანიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით რუსეთზე გადის სამხრეთ-ჩრდილოეთის ეკონომიკური დერეფანი. ირანს და სომხეთს აქტიური ეკონომიკური კონტაქტები გააჩნიათ და ირანელებისთვის სომხეთი ერთგვარ დერეფანს წარმოადგენს შავი ზღვის მიმართულებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში სომხეთის ანალიტიკური წრეები აქტიურად ლობირებენ სომხეთზე ჩინეთიდან ირანზე გამავალი სავაჭრო გზის გაყვანის აუცილებლობის იდეას. იმართება კონფერენციები და იწერება სტატიები.

ბევრისთვის ჩვენს რეგიონში ეს ინიციატივა არ იყო მიმზიდველი გეოპოლიტიკურად სომხეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის და მის მეზობლებთან რთული ურთიერთობების არსებობის გამო.

თუმცა, ჩინეთ-ირანის დაახლოებამ შეიძლება გაკრვეული ცვლილებები შეიტანოს და თუ წარმოვიდგენთ ახალ სავაჭრო დერეფნებს რომელიც მიემართება ჩინეთიდან ირანის ტერიტორიამდე, სომხეთის ჩართვა ამ დერეფნებში სავსებით შესაძლებელი ხდება.

ჩინეთ-ირანის დაახლოებამ შეიძლება გაკრვეული ცვლილებები შეიტანოს და თუ წარმოვიდგენთ ახალ სავაჭრო დერეფნებს რომელიც მიემართება ჩინეთიდან ირანის ტერიტორიამდე, სომხეთის ჩართვა ამ დერეფნებში სავსებით შესაძლებელი ხდება

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალზედ ჰიპოტეტურია, რადგან სომხეთიდან ეს დერეფანი ან ისევ საქართველოზე უნდა გავიდეს, რითაც ეს უკანასკნელი იხეირებს, ან თურქეთის ტერიტორიით.

რთული დიპლომატიური კონტაქტების მიუხედავად, თურქეთ-სომხეთს შორის აქტიური ეკონომიკური ურთიერთობებია, მაგრამ მსგავსი დიდი გეოპოლიტიკური წამოწყებისთვის საუბარი ალბათ უფრო ნაადრევია.

რთული დიპლომატიური კონტაქტების მიუხედავად, თურქეთ-სომხეთს შორის აქტიური ეკონომიკური ურთიერთობებია, მაგრამ მსგავსი დიდი გეოპოლიტიკური წამოწყებისთვის საუბარი ალბათ უფრო ნაადრევია

აუცილებელია ყურადღების მიქცევა სამხრეთით მიმდინარე პროცესებისადმი, რადგან საქართველომ, როგორც რეგიონის მთავარმა სატრანზიტო ქვეყანამ მარტივად შეიძლება ცვალებადი სავაჭრო გზების/დერეფნების გამო სერიოზული ზარალი ნახოს.

ამასთან ერთად, ამ მომენტისთვის უფრო მოსალოდნელია, რომ ჩინეთ-ირანის დაახლოების პროცესი, რომელიც თავისთავად ბევრ წელზე იქნება გაწელილი, პირველ რიგში აისახება ირანის სამხრეთ ნაწილზე - სპარსეთის ყურეზე. ჩინეთი ამ რეგიონით უფროა დაინტერესებული, იქ არსებული სავაჭრო დერეფნებით, მათი უსაფრთხოებით და ირანის საზღვაო პორტებში ეკონომიკური აქტივობით.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით