ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2020

პირველი მინიშნებები ფართომასშტაბიან ომზე - ჩაერთვებიან თუ არა თურქეთი და რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში

"ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უფრო ცუდისთვის ემზადება“ - რატომ აღარ უტარებენ განმეორებით ტესტებს უსიმპტომო პაციენტებს

***

პირველი მინიშნებები ფართომასშტაბიან ომზე - ჩაერთვებიან თუ არა თურქეთი და რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში

"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის მასშტაბები დღითი დღე იზრდება და უკვე ჩნდება ცნობები დაპირისპირებაში სხვა ქვეყნების შესაძლო ჩართულობაზე. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზადაა ომში ჩაერთოს. სომხეთის ხელისუფლება კი ბრძოლებში თურქული ავიაციის მონაწილეობას უკვე ოფიციალურად ადასტურებს. ქართველი ექსპერტების შეფასებით, თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, ჩვენ მივიღებთ ფართომასშტაბიან საერთაშორისო კონფლიქტს, რაც დამანგრეველი იქნება რეგიონისთვის და მათ შორის საქართველოსთვის”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პირველი მინიშნებები ფართომასშტაბიან ომზე - ჩაერთვებიან თუ არა თურქეთი და რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში.

“თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომელიც კოლექტიურ უსაფრთხოებას გულისხმობს. ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ თუკი საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდა, მაშინ თურქეთს ექნება ფორმალური საფუძველი, რომ ეს აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის აგრესიად მიიჩნიოს და ომში ღიად ჩაერთოს. მეორეს მხრივ, მისივე თქმით, სომხეთის სტრატეგიული მოკავშირეა რუსეთი და ორივენი "ეს-ენ-გეს" კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილეები არიან. შესაბამისად, თუკი, საბრძოლო მოქმედებების არეალი ყარაბაღს გასცდა და უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე გავრცელდა, უკვე რუსეთს მიეცემა ამ ომში სომხეთის მხარეს ჩართვის ფორმალური საფუძველი”, - აღნიშნავს გამოცემა.

"სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამშაბათს რამდენჯერმე გააკეთეს განცხადება საბრძოლო მოქმედებებში თურქული სამხედრო თვითმფრინავების მინაწილეობის შესახებ და ამის ორი კონკრეტული მაგალითი მოიყვანეს, თუმცა დამადასტურებელი ფაქტები არ წარმოუდგენიათ. აზერბაიჯანმა და თურქეთმა კი ეს ფაქტები უარყვეს, როგორც დეზინფორმაცია. სამშაბათს დილით სომხურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია მათ მიერ თურქული "ეფ 16"-ის ჩამოგდების შესახებ. მოგვიანებით მათვე განაცხადეს, რომ სომხეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი შეტაკებისას თურქულმა "ეფ 16"-მა სომხური "სუ 25" ჩამოაგდო. ქართველი ექსპერტები „რეზონანსთან" საუბარში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ამჟამად მართლაც იმყოფება რამდენიმე თურქული „ეფ 16", რომლებიც ახლახანს დასრულებულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ, თუმცა საეჭვოა მათ უშუალოდ მიეღოთ მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში”, - განაგრძობს გამოცემა.

"თურქეთის ხელისუფლებაში კი ღიად აცხადებენ, რომ მზად არიან კოფლიქტში ჩართვისათვის. "არსებობს ამ პრობლემიდან ერთადერთი გამოსავალი - სომხეთმა აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს. სანამ ეს არ მოხდება, პრობლემა არ გადაიჭრება. ჩვენ ამ კონფლიქტის გადაჭრა გვსურს. აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან," - განაცხადა სამშაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ამას მყისიერად მოყვა საკმაოდ მკვეთრი განცხადება მოსკოვიდან. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დმიტრი პესკოვმა თურქეთის ხელისუფლება „ცეცხლზე ნავთის დასხმაში" დაადანაშაულა. როგორც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, თურქეთის ოფიციალური განცხადება გამომდინარეობს იქიდან, რომ იგი აზერბაიჯანის მოკავშირეა და იძულებულია, რომ მხარდაჭერა გამოუცხადოს. „არ მგონია მოვლენები ისე განვითარდეს, რომ თურქეთი და რუსეთი ღიად ჩაერიონ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქვეყანას გარკვეული სამოკავშირეო ვალდებულებები აქვთ - ერთს სომხეთთან და მეორეს აზერბაიჯანთან - იძულებული არიან თავის მოკავშირეებს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადონ. „თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება მზადაა კიდეც, რომ არა პირდაპირი, მაგრამ სამხედრო ძალით და სხვადასხვა არარეგულარული შეიარაღებული ფომირებების საშუალებით დაეხმაროს აზერბაიჯანს. მაგრამ თავად რომ ღიად ჩაერიოს, ნაკლებად მოსალოდნელია იმიტომ, რომ მათაც იციან, რომ ამ შემთხვევაში რუსეთიც ჩაერევა და ამ ორ სახელმწიფოს კი ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებს, მათ შორის ეკონომიკა, ვაჭრობა და ამიტომ ასეთი ვარიანტი ნაკლებად მოსალოდნელია. „მაგრამ, თუ ასეთ სცენარს დავუშვებთ, მაშინ ჩვენ საქმე უკვე არა ლოკალურ კონფლიქტთან, არამედ საკმაოდ მაღალი დონის შეიარაღებულ დაპირისპირებასთან გვექნება, რომელიც ახალი საერთაშორისო კონფლიქტი გახდება, სადაც ჩათრეულები იქნებიან სხვა გარეშე აქტორებიც. „არ მგონია, რომ ეს თურქეთის ან რუსეთის ინტერესებში იყოს, მითუმეტეს იმ ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. რაც მთავარია, მათი ეკონომიკები ამისთვის მზად არ არიან. „მას შემდეგ, რაც სომხეთმა გენოციდის საკითხი სერთაშორისო დონზეზე წამოწია, თურქეთის ხელისუფლება ამის საპასუხოდ უკვე პირდაპირ კონფლიქტის მხარე გახდა და ეს განცხადებები აქედან გამომდინარეცაა", - განაცხადა კაკაჩიამ”, -დასძენს გამოცემა.

"მისივე თქმით, ამ კონფლიქტში ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, საქართველო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რა დროსაც საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება გახდება საჭირო. „ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, თუ გარეშე აქტორებიც ჩაერთვებიან, მაშინ საქართველო ძალიან ცუდ მდგომარობაში აღმოჩნდება, საქართველოს თავისი საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება დასჭირდება, რომ ეს სცენარი არ დაუშვას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა სომხეთისკენ გზის გაჭრა და სტრატეგიული კორიდორის შექმნა მოინდომა. აქ უკვე სუვერენიტეტის დარღვევაზე იქნება საუბარი, რომ, მაგალითად, საქართველოს არ დაეკითხნენ და ა.შ. „ამისთვის ჩვენს ხელისუფლებას წინასწარ უნდა ჰქონდეს გათვლილი სცენარები. რუსეთმა იცოდეს, თუ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რა შეიძლება ამას მოჰყვეს, მაგალითად, სანქციები, ან მსგავსი რამ და დაფიქრდება, რომ უღირს მას თუ არა ამ გზით საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა", - განაცხადა კაკაჩიამ. თურქეთის განცხადებას კრემლი გამოეხმაურა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თურქეთის პოზიცია „ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს". კითხვაზე, მზად არის თუ არა რუსეთი, რომ სამხედრო დახმარება გაუწიოს კონფლიქტის რომელიმე მხარეს მას შემდეგ, რაც თურქეთმა მხარი აზერბაიჯანს ღიად დაუჭირა, პესკოვმა განაცხადა: „ნებისმიერი განცხადება რაიმე სამხედრო აქტივობის შესახებ ნამდვილად ცეცხლზე ნავთს ასხამს. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ კონფლიქტი და პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას დაუბრუნდნენ". ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ყარაბაღის კონფლიქტში თუკი ვინმე ცეცხლზე ნავთს ასხამს, ეს რუსეთის ფედერაციაა. "ეს განცხადება არახალია. თურქეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარეტნიორები არიან, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შეთანხმება არსებობს, თურქეთს კი ამ ტიპის განცხადებები ყოველთვის გაუკეთებია და არასოდეს დაუმალავს, რომ თუკი აზერბაიჯანს საფრთხე დაემუქრება, ის ყოველთვის დაეხმარება. ეს სიახლე არ უნდა იყოს არც რუსეთისთვის, რომელმაც ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის. „თუკი ვინმე ცეცხლზე ნავთს ასხამს, ეს თავად რუსეთის ფედერაციაა, რომელიც ვითომდა მშვიდობის მტრედის როლის მორგებას ცდილობს, მაგრამ სინამდვილეში ის, რაც ყარაბაღში დღეს ხდება, ეს ყველაფერი რუსეთის ინსპირირებულია მის მიერ მიწოდებული იარაღითა და მის მიერვე ჩახლართული პოლიტიკური სქემებით, რომელმაც ეს ვითარება აქამდე მიიყვანა. „რუსეთი დღესაც შეეცდება, რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს. თურქეთი კი ღიად ომში ერთადერთ შემთხვევაში ჩაერთვება - თუკი დაინახავს, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივობას რეალურად საფრთხე ემუქრება. "მცდარია მოსაზრება, რომ თურქეთი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას მხარს არ უჭერს, მაგრამ ის თავის სტრატეგიულ პარტნიორს ყოველთვის დაიცავს", - განაცხადა მან. იგი მიიჩნევს, რომ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის ხელთ არსებული მექანიზმები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კონფლიქტი შეაჩერონ. "თუ რუსეთი და თურქეთი ჩაერთვებიან, ფაქტიურად ეს ყველაზე ცუდი სცენარია და რეგიონში ვითარება თავისთავად ცხადია, რომ ყველაზე ცუდი იქნება. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ აქამდე არ მივა, იმიტომ, რომ საერთაშორისო თანმამეგობრობას ძალიან კარგად ესმის ყოველივე ამას რა შეიძლება მოყვეს და ვფიქრობ, რომ რუსეთის ამბიციებიც ასევე ნათლად ესმით - რომ მას სწორედაც აქვს მცდელობა იმისა, რომ ამ კონფლიქტის სხვადასხვა ტერიტორიაზე გადადინება მოხდეს. „რამდენიმე სახელწიფოს მეთაური აქტიურად ჩაერთო, ორივე სახელწიფოს ლიდერთან კომუნიკაცია ჰქონდათ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაა მოწვეული და ა.შ. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ხელთ არსებული მექანიზმები საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს. სამწუხაროდ, პრობლემის გადაწყვეტა ამ ეტაპზე არ და ვერ მოხდება, მაგრამ თუნდაც დეესკალაცია რომ მოხდეს, ეს ვფიქრობ, რომ შესაძლებელი გახდება", - განაცხადა ფხალაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

"ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უფრო ცუდისთვის ემზადება“ - რატომ აღარ უტარებენ განმეორებით ტესტებს უსიმპტომო პაციენტებს

"კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მკურნალობის დაწყებიდან მე-13 დღეს ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსთან" საუბარში განაცხადა. ინფექციონისტთა ნაწილი ამ გადაწვეტილებას კრიტიკულად აფასებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უფრო ცუდისთვის ემზადება“ - რატომ აღარ უტარებენ განმეორებით ტესტებს უსიმპტომო პაციენტებს

“ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ ინფიცირებული ადამიანის ხელმეორედ გამოკვლევა საჭიროა. ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უფრო ცუდისთვის ემზადება. „არის ესეთი გამოთქმა - საბანი როგორც გაგწვდება, ისე უნდა დაიფაროო. ეს ყველაფერი გამოწვეულია არა კარგი ცხოვრებით, არამედ ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს უფრო ცუდისთვის მოემზადოს. ჩვენ თუ საკმაოდ ძვირი ტესტისთვის ვხარჯეთ ფული, შეიძლება პრობლემა შეგვექმნას. „მაგრამ არ დავეთანხმები გაბუნიას განცხადებას, რადგან საჭიროა ინფიცირებული ადამიანის ხელმეორედ გამოკვლევა იმისათვის, რომ დადასტურდეს მას ვირუსი არ აქვს. „ადამიანი რომ გაყვითლდება, როცა ჰეპატიტი აქვს, მაშინ მას აღარავინ ეკარება და ის სწორედ ამიტომ არ არის გადამდები და არა იმიტომ, რომ მის ვირუსს შეუცირდა გადადების ძალა და სიმძლავრე. „ადამიანი როდესაც აცემინებს და ახველებს, იმას ადამიანი არ ეკარება. ჭკვიანი ადამიანი არ მივა, არ აკოცებს იმას, რომელიც ელემენტარულად ახველებს", - განაცხადა ხმალაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე თქმით, საქართველოს იმის ფუფუნება აღარ აქვს, რომ ყველა ადამიანი გამოიკვლიოს. „დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, თუ რამდენად გაამართლებს ეს გადაწყვეტილება. არ მეგონა, რომ საქართველოში ვირუსის ასეთი დიდი ტალღა მოვიდოდა. აშკარად რაოდენობამ ძალიან იმატა და ვერ გამოვიკვლევთ ყველა ადამიანს და საავადმყოფოში ვერ მოვათავსებთ, რადგან ეს ფუფუნება აღარ არის. „სხვასთან შედარებით ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და პატარა შესაძლებლობები გვაქვს. ამერიკელები, ფრანგები და გერმანელები ვერ უძლებენ. წარმოიდგინეთ, ჩვენ როგორი რესურსი გვაქვს და მათთან შედარებით მაინც ყველაზე ნაკლები სიკვდილიანობა ჩვენ გავქვს", - განაცხადა ხმალაძემ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში" განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მკურნალობის მე-13 დღიდან ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან. „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც აღარ არის ჰოსპიტალიზაციის და ადამიანის იზოლაციაში დაყოვნების საჭიროება, ის დაუბრუნდეს ჩვეულ აქტივობას. ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრი შემთხვევა იყო სიმპტომების გარეშე”, - დასძენს გამოცემა.

“რაც შეეხება მე-8 დღეს, უახლესი მეცნიერული საფუძვლები მოგროვდა იმასთან დაკავშირებით, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღის შემდეგ ადამიანი აღარ არის ისე გადამდები, როგორც თავიდან იყო და ძალიან მინიმალურია მის მიერ ინფექციის გადადების რისკი. აქედან გამომდინარე, სიმპტომურ პაციენტებში გამოჯანმრთელებისთვის 10 დღეა საჭირო, ანუ ტესტირებიდან 10 დღე და შემდგომ უსიმპტომო პერიოდი კიდევ სამი დღე. ანუ მინიმუმ 13 დღე სიმპტომიანი პაციენტებისთვის, რომ ვიფიქროთ ადამიანი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება უსიმპტომო პაციენტებს, მათთვის ჩვენი ახალი პროტოკოლის მიხედვით განსაზღვრულია 12 დღე, 12 დღის შემდეგ ამ პაციენტებს შეუძლიათ ტესტირების გარეშე დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიანობას. ანუ სამსახურში შეიძლება გავიდეს ადამიანი, თუ მას არ ჰქონია სიმპტომები, რისი სოლიდური რაოდენობაც გვყავს. ამასთან დაკავშირებით მას რჩევას ოჯახის ექიმი, ან კოვიდსასტუმროს ექიმი მისცემს. მთავარია სიმპტომი არ გამოგვრჩეს, რადგან თუ სიმპტომი აქვს, მაშინ ტესტირების აუცილებლობა მაინც რჩება. ეს არ ნიშნავს, რომ ტესტირების საჭიროება ყველა შემთხვევაში იხსნება. თუ არის პაციენტი უსიმპტომო, გამოჯანმრთელებისთვის დამატებითი ტესტი საჭირო არ არის, თუ პირველი ტესტირებიდან 13 დღეა გასული. რაც შეეხება სიმპტომურ პაციენტებს, იქ კლინიკური ალგორითმი რთულია და ექიმი გადაწყვეტს, რამდენად შეიძლება პაციენტი დაუბრუნდეს ჩვეულ აქტივობას ტესტირების გარეშე, თუ საჭიროა ტესტის ჩატარება", - განაცხადა გაბუნიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა