არჩილ თალაკვაძე - საქართველო საერთაშორისო შეფასებებში არის ევროპის იმ სასამართლო სისტემებს შორის, რომლებიც ნდობით სარგებლობენ და ეს მიგვაჩნია, ხელშესახებ პროგრესად

დღეს ჩვენ გვაქვს სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო, ისეთი როგორიც არასოდეს ყოფილა წარსულში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში მიღებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში მაქსიმალურად გათვალისწინებულია ვენეციის რეკომენდაციები.

"ჩვენ გავატარეთ 4 ტალღა რეფორმების სასამართლოს სისტემაში და დღეს მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ეხმიანება ვენეციის კომისიის საერთაშორისო რეკომენდაციებს. კერძოდ, მივიღეთ სამი ცვლილება. პირველი - ეს არის მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება, ასევე, გასაჩივრების ეფექტური მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ პირი, რომელიც მონაწილეობს შერჩევის პროცესში თუ არ ეთანხმება მასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ის ამას ასაჩივრებს საკვალიფიკაციო პალატაში და მესამე ცვლილება - კანონში პირდაპირ არის ჩაწერილი ღია კენჭისყრა, როცა მოსამართლეთა წარდგენას ეხება საქმე პარლამენტში, აქაც ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მოწოდებული რეკომენდაციები და საბჭოს წევრებისთვის და იმ პირებისთვის ვინც მონაწილეობენ შერჩევის პროცესში ცნობილი იქნება გადაწყვეტილების შესახებ სრული ინფორმაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო განაგრძობს პროგრესის და გაუმჯობესების პროცესს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად, საზოგადოების მხარდაჭერით მომავალში კიდევ შევძლებთ მხარი დავუჭიროთ სასამართლოს რეფორმებს. ეს არის მუდმივი პროცესი. საქართველო დღეს საერთაშორისო შეფასებებში არის ევროპის იმ სასამართლო სისტემებს შორის, რომლებიც ნდობით სარგებლობენ და ეს მიგვაჩნია ხელშესახებ პროგრესად ისევე როგორც ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დღეს სულ უფრო მეტი მოქალაქე პოულობს სამართალს ქვეყნის შიგნით არსებულ სასამართლო სისტემაში და ამას ევროსასამართლოში საჩივრების რაოდენობაც ადასტურებს.

"დღეს ჩვენ გვაქვს სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო, ისეთი როგორიც არასოდეს ყოფილა წარსულში. ამას აჩვენებს სასამართლოს მუშაობის ინდიკატორები, საქმეთა და გადაწყვეტილებების ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის და რაც მთავარია, ამას აჩვენებს ევროსასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობის შემცირება 8 - ჯერ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები პოულობენ სამართალს და სამართლიან გადაწყვეტილებას ქვეყნის შიგნით არსებულ სასამართლო სისტემაში და 8- ჯერ არის შემცირებული რიცხვი, რომლითაც წინა ხელისუფლების პერიოდში საზოგადოების წევრები მიმართავდნენ ევროსასამართლოს. იყო 5000- ზე მეტი საჩივარი წინა ხელისუფლების დროს, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს და დღეს არის 800- მდე საჩივარი ჯამში ჩვენი მმართველობის წლებში, რაც მიუთითებს, რომ სასამართლო დღეს არის ბევრად თავისუფალი და ბევრად მეტი მოქალაქე პოულობს სამართალს საქართველოს სასამართლო სისტემაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა