ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2020

რა შემთხვევაში შეეხება ომი საქართველოს ტერიტორიას და რა მოხდება, თუ სომხეთმა ყარაბაღის დამოუკიდებლობა ცნო

გახდება თუ არა შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოში ინტეგრაციისთვის ახალი ფანჯარა - რაზე მოილაპარაკეს გახარიამ და სტოლტენბერგმა

“პირბადიდან ცხვირგამოყოფილი არ უნდა დადიოდნენ” - როდის გახდება აუცილებელი შეზღუდვების დაბრუნება

* * *

რა შემთხვევაში შეეხება ომი საქართველოს ტერიტორიას და რა მოხდება, თუ სომხეთმა ყარაბაღის დამოუკიდებლობა ცნო

“თუ სომხეთი აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას, საბრძოლო მოქმედებები ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება - “საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, ამაში ორი აზრი არ არსებობს, თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ ომი საქართველოს შეეხება. საფრთხე პირველ რიგში გამოიხატება იმაში, რომ თუკი სომხეთ-აზერბაიჯანის საბრძოლო მოქმედებები, მთიანი ყარაბაღიდან გადავიდა, სხვა მონაკვეთებზე, მათ შორის საქართველოს საზღვრების სიახლოვესაც, მაშინ ეს ომი საქართველოს ტერიტორიასაც შეეხება” - სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომის მოსალოდნელ საფრთხეებზე “რეზონანსთან”, სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი და სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია საუბრობენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება, შეიძლება საგრძნობლად გაუარესდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შემთხვევაში შეეხება ომი საქართველოს ტერიტორიას და რა მოხდება, თუ სომხეთმა ყარაბაღის დამოუკიდებლობა ცნო.

“თუ სომხეთი აღიარებს ყარაბაღის დამოუკიდებლობას, იმ დაპირისპირებას, რომელსაც უკვე მესამე დღეა ვუყურებთ, უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ სომხეთს, უკვე 26 წელია არ უღიარებია მთიანი ყარაბაღის სტატუსი. რატომ? ამას აქვს თავისი მიზეზი. სომხეთმა კარგად იცოდა, რომ თუ ამას გააკეთებდა, აზერბაიჯანი არ შეეგუებოდა ვითარებას და დაიწყებდა შეიარაღებულ შეტევას. დღეს უკვე ეს შეტევა დაწყებულია. შესაბამისად, თუ სომხეთი აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ომი გამძაფრდება. ორივე მხარე თავისთვის სასარგებლო ინფორმაციას ავრცელებს და ეს მოსალოდნელიცაა, მით უმეტეს 21 საუკუნეში, როცა საინფორმაციო ველზე დაახლოებით იგივე ბრძოლა მიმდინარეობს და შეიძლება უფრო დაუნდობელიც, ვიდრე საბრძოლო ველზეა. ასეთ შემთხვევაში ზუსტი ინფორმაციის მიღება ძალიან რთულია, ასევე, რთულია ადგილზე ჩასვლა, ამიტომ ვითარება უნდა გაანალიზდეს”, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი. სამხედრო ანალიტიკოსის თქმით, დღევანდელი ვითარებით, რთულია განსაზღვრა, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთთან რა უპირატესობებით სარგებლობენ, რადგან ორივე მხარე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯერ მხოლოდ სამი დღეა გასული და იკვეთება, რომ აზერბაიჯანის არმია მთიან ყარაბაღზე შეტევას ახორციელებს. ასევე, იმ შვიდი რაიონიდან, რამდენიმეში, რომელსაც სომხეთი აკონტროლებს და რომელიც არასდროს ყოფილა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია - ეს გახლავთ ძირითადად სამხრეთი, აზერბაიჯანის მხრიდან სამხრეთ აღმოსავლეთი და ჩრდილოეთის მიმართულებებით. რა არის ჩანაფიქრი, ეს ეტაპობრივად გამოვლინდება. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ჩანაფიქრი, შეიძლება იმ ძირითადი მაგისტრალებისა და საავტომობილო გზების გადაკეტვა იყოს, რომელიც მთიან ყარაბაღს დანარჩენ სომხეთთან აკავშირებს. თუ ეს მოხდა, ნიშნავს რომ აზერბაიჯანის არმია მოახერხებს ყარაბაღის ლოკალიზირებას და შემდეგ ეცდება დაიბრუნოს ეს ტერიტორია. ამის გარდა, გამოიკვეთა ალბათობა, ადგილობრივი მასშტაბის მოქმედებების, საერთაშორისო მასშტაბის მოქმედებებზე გადასვლის - არსებობს შიში, რომ საბრძოლო მოქმედებები რეგიონალურ მასშტაბებს მიაღწევს, ეს იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ რუსეთი და თურქეთი ჩაერევიან ომში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

“გუშინდელი ინფორმაციით, ხაზს ვუსვამ, რომ თითქოს, თურქულმა F-16 - ის ტიპის გამანადგურებელმა ჩამოაგდო სომხეთის Cy-25- ის ტიპის თვითმფრინავი და ჯერჯერობით ამ ფაქტს უარყოფს, ადასტურებს იმას, რომ ყველას თავისი ინტერესები აქვს. სომხეთი აცხადებს დაჟინებით, რომ ეს განზრახ მოხდა, ხოლო თურქეთი ამას უარყოფს. სომხეთისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ დაფიქსირდება რომ თურქეთი მონაწილეობს ამ ომში, ის დაჟინებით მოითხოვს რუსეთისგან ვითარებაში ჩართვას. მით უმეტეს თუ კი საქმე მივიდა ომში, კოლექტიური თავდაცვის ჩართულობამდე და ორგანიზაცია “ოდეკაბემდე”, რომელიც შექმნილი აქვს რუსეთს, სომხეთს, ბელარუსს და კიდევ რამდენიმე “პოსტსაბჭოურ” რესბუბლიკას. ასევე ირკვევა, რომ რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს, რომელიც განთავსებულია სომხეთის ტერიტორიაზე, ქალაქ გიუმრიში, რათა სომხეთს დაეხმაროს, ეს უკვე აღქმული იქნება როგორც რეგიონალური კონფლიქტი, ამაზეა საუბარი. მეორეს მხრივ, თურქეთის ხელისუფლება პოლიტიკად ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანს და აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა სამხედრო თვალსაზრისითაც დაეხმარება მას”, - განაგრძობს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის რედაქტორი.

“საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, ამაში ორი აზრი არ არსებობს, თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ ომი საქართველოს შეეხება. საფრთხე პირველ რიგში გამოიხატება იმაში, რომ თუ კი სომხეთ-აზერბაიჯანის საბრძოლო მოქმედებები, მთიანი ყარაბაღიდან გადავიდა, სხვა მონაკვეთებზე, მათ შორის საქართველოს საზღვრების სიახლოვესაც, მაშინ ეს ომი საქართველოს ტერიტორიასაც შეეხება. ამ შემთხვევაში საშიშროება საზღვრისპირა მოსახლეობაზე მიდის, იგივე აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნების, მჭიდროდ დასახლებულ, საქართველოს მოქალაქეებზე - ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში. ასეთ ვითარებაში მათ გარკვეული აქტიური ქმედებები უნდა განახორციელონ. არსებული საფრთხის ნიშნები უკვე არსებობს. ასევე, შეიძლება, იყოს საშიშროება, რომ ამ ორმა ქვეყანამ, საქართველოდან მოითხოვოს სამხედრო ტვირთები, რომლებიც მათ სჭირდებათ ომში. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ის წყვეტს ამ სამხედრო ტრანზიტს ორივე ქვეყნისთვის. ეს გახლავთ ის მოსალოდნელი ნიუანსები, რაზეც ამჟამინდელი მდგომარეობით შეიძლება საუბარი” - დაასკვნის ირაკლი ალადაშვილი.

“სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც იზიარებს ირაკლი ალადაშვილის პროგნოზს, მოსალოდნელი, ფართომასშტაბური ომის საკითხზე იმ შემთხვევაში, თუ კი სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს. “თუ ეს მოხდა მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს იქნება ომის გამოცხადება აზერბაიჯანის მიმართ და აზერბაიჯანსაც მოუწევს ყველა წესის დაცვით ომი გამოუცხადოს სომხეთს. პირდაპირ ვიტყვი, ეს საკმაოდ სერიოზული და მძიმე გადაწყვეტილება იქნება, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა სამხედრო-სტრატეგიული და სამხრეთ პოლიტოლოგიის გათვალისწინებით, მიმდინარეობს ლოკალური ომი. ლოკალური ომის კლასიკურ მაგალითსა და სამხედრო გეოსტრატეგიულ დონეზე” - ამბობს ექსპერტი, რომლის განმარტებით, “ეს ომი შეიძლება გადავიდეს უკვე პოლიტიკურ დონეზე და პოლიტიკურად შეიძლება ორ სახელმწიფოს შორის ოფიციალური ომის სტატუსი მიიღოს”, - დასძენს გამოცემა.

“ახლა მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ომი ორივე მხარის მიმართ. ორივე მხარე მაქსიმალურად აკონტროლებს ვითარებას, შემოღებულია ცენზურა. ამ ცენზურიდან და ფსიქოლოგიური ომიდან გამომდინარე, იმის გარკვევა ვის რა წარმატებები აქვს ომში, რთულია. აზერბაიჯანიდან, იმასაც ამტკიცებენ, რომ ქალაქი ფიზულის აღებაზეა საუბარი. სომხური მხარის ინფორმაციით კი, აზერბაიჯანმა დაკარგა 2300 სამხედრო მოსამსახურე, რაც თუ სიმართლეს შეესაბამება, საკმაოდ სერიოზული ციფრია. ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანს გააჩნია გარკვეული უპირატესობა სამხედრო მოქმედებების მიმართულებების გათვალისწინებით. საუბარია ყარაბაღის ირგვლივ, 5 რაიონის გათავისუფლებაზე. მესამე დღეა ბრძოლები მიმდინარეობს, კვლავ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უპირატესობით, თუმცა ამის დადასტურება, ან უარყოფა ძალიან რთულია, რადგან დაცულია სრული სამხედრო ცენზურა. მხარეები ვერც იმას ადასტურებენ ჩამოაგდო, თუ არა თურქულმა F-16- მა, სომხური Cy - 25, რაც დადასტურების შემთხვევაში იქნება ძალიან სერიოზული გამოწვევა და საფრთხე მთელი რეგიონისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი თურქეთს ადანაშაულებს, ის ვერ ამტკიცებს მომხდარის სიცხადეს, თურქული მხარე კი უარყოფს ბრალდებას. ამის გათვალისწინებით მტყუან-მართალის გარჩევა ძალიან რთულია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო მზად არის ხელი შეუწყოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში. “აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, სამწუხაროდ არის დიდი მსხვერპლი. ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”, - ნათქვამია გიორგი გახარიას განცხადებაში”, - წერს სტატიის ავტორი.

გახდება თუ არა შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოში ინტეგრაციისთვის ახალი ფანჯარა - რაზე მოილაპარაკეს გახარიამ და სტოლტენბერგმა

გიორგი გახარია პირველად პრემიერ-მინისტრის რანგში, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ესტუმრა - შეხვედრები სტრატეგიული პარტნიორებისგან პერსპექტიული გზავნილების ფონზე მიმდინარეობდა, რა ინიციატივა გააჟღერა შეხვედრებისას თავად გახარიამ და იქონიებს თუ არა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივაზე გავლენას აღნიშნული შეხვედრები, ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსთან" ანალიტიკოსებმა ისაუბრეს. შეხვედრები დაგეგმილი იყო ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში. პრემიერს პირველი ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინაში, ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ჰქონდა, სადაც სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გახდება თუ არა შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოში ინტეგრაციისთვის ახალი ფანჯარა - რაზე მოილაპარაკეს გახარიამ და სტოლტენბერგმა.

“ბოლო დროს ჩვენ მეტ ყურადღებას ვუთმობთ შავი ზღვის რეგიონს და საზღვაო პოტენციალის განვითარებას, ნატოს საზღვაო ძალების სარდლობასა და გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, ასევე, სანაპირო დაცვის მხარდაჭერისა და ნატოს ხომალდების მიერ სხვადასხვა პორტში შესვლის გზით.შეხვედრის დროს ჩვენ ასევე აღვნიშნეთ შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის” - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” საუბარში მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან მისი თქმით, დასავლეთის ლიდერების გზავნილებში საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საკმაოდ წარმატებულ ვიზიტად მივიჩნევ, იქიდან გამომდინარე, რა გზავნილები და რა საჯარო განცხადებებიც გააკეთეს, როგორც პრემიერმა გახარიამ, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებმა. ის, რომ საქართველოსთვის დახმარების მორიგი პაკეტი გამოიყო, ის რომ ნატოს გენერალური მდივნის განცხადების უპრეცედენტო კონტენტი და შინაარსი, რომ საქართველოს რეფორმების გახორციელებაში და ტერიტორიულ მთლიანობაში მხარს უჭერს, ეს ძალიან კარგია და კარგია, რომ ძალიან ინტენსიური და ხშირია. ჩვენს მტრებს და ოკუპანტებს ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ დასავლელი პარტნიორები ჩვენს გვერდით არიან, ის რომ პრემიერ გახარიასგან საკმაოდ კარგი ინიციატივა იყო შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველო ნატოში ინტეგრაციისთვის შესაძლებლობათა ახალი ფანჯარაა. ეს საკმაოდ დადებითად იქნა აღქმული და ვხედავ, რომ დასავლეთში სხვადასხვა ანალიტიკოსები თუ პოლიტიკოსები უკვე ინტენსიურად განიხილავენ, რომ საქართველოსა და ნატოს უფრო ღრმა თანამშრომლობას ახალი ფორმა შეიძლება მიეცეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“ვიზიტის ორი მხარე იყო - ევროკავშირი და ნატო, ორივე საკმაოდ წარმატებული იყო, ცხადია დასავლელი პარტნიორები 31 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები საკმაოდ დამაჯერებლად დემოკრატიულად ჩატარდება და არავის ექნება იმისი უფლება, რომ არჩევნები არალეგიტიმურად და უკანონოდ გამოაცხადოს” - მიიჩნევს აბაშიძე. კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ პრემიერის ბრიუსელში ვიზიტს მიესალმება, თუმცა, მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ეს საარჩევნო კამპანიის ნაწილი არ იქნება. ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე კი “რეზონანსთან” ცალსახად მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვიზიტი წინასაარჩევნო კამპანიას უკავშიდებოდა”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენი პრინციპი ასეთია, რომ არჩევნების წინა პერიოდში ამინდიც კი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, ყველაფერი ეს თუ არჩევნების შემდეგ არ განმეორდა, მაშინ ეს არჩევნებისთვის ქულების ჩასაწერად ყოფილა, რათა მმართველ პარტიამ თქვას, რომ აი რა მაგრები ვართო. მე მივესალმები ძალიან კარგია, მაგრამ როცა ოთხი წელი არაფერი არ კეთდებოდა და ახლა ესეთი აქტიურობაა, მეშინია, რომ ეს მხოლოდ არჩევნების კონტექსტით არ შემოიფარგლოს. ეს კარგია, თუმცა, საკმარისი არაა და სჯობია დაველოდოთ არჩევნების მერე როგორ განვითარდება, ბრიუსელი საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი არასდროს არაა, თუ ჩვენ პრობლემები გვაქვს გაწევრიანების, ესაა სახლემწიფოები, როგორც ევროკავშირი, ისე ნატო ორი ნაწილისაგან თვითონ ინსტიტუტისა და პლიუს სახელმწიფოების ნებისაგან. სახელმწიფოებია, რომლებიც ჩვენ გვეწინააღმდეგება - ამერიკა, თურქეთი ჩვენს მხარესაა, მაგრამ გერმანია, საფრანგეთი თავს იკავებს. ანუ, მუშაობა აქაა საჭირო” - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ჩემთვის უფრო დამაჯერებელი იქნება თუკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვედრილიყო და მას, რომ ეთქვა, რომ ჩვენ თანახმა ვართ, რომ საქართველო ნატოში მივიღოთო, ამაზე ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, ყოჩაღ! ეს არაა ფარისევლობა, არაა ტყუილი, ესაა სიმართლე, მაგრამ ეს ერთი და იგივე სიმართლე, ჩვენ ველოდებით ხელისუფლებისგან, რომ რას აკეთებს გერმანიასთან, საფრანგეთთან, ბელგიასთან მუშაობაში, სადაც საქართველოს მიღებაზე განსხვავებული აზრებია, სტოლტენბერგი რას იტყვის, ამას წინასწარ გეტყვით, თუმცა ეს ძალიან კარგია, მშვენიერია და დიდი მადლობა მას. ქვეყნები პირდაპირ არ ამბობენ, რომ არგუმენტი ოკუპირებული ტერიტორიებია, თუმცა, აქაც სურთ, რომ პროგრესი დაინახონ. არავინ ამბობს, რომ ვიდრე კონფლიქტებს არ მოაგვარებთ, არ მიგიღებთო, ეს ასე არაა, მათ სურთ პროგრესი”, - თვლის ზაქარეიშვილი.

“ნატოში კარგად ესმით რუსეთის აზრი, რომ მანამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აქვს, ნატოში არ მიიღებენ, ამიტომ არავინ არ გვიყენებს ამ პირობას, რომ ვიდრე კონფლიქტებს არ მოაგვარებთო - მაგრამ მათ აინტერესებთ კონფლიქტის მოგვარებისთვის რას აკეთებ, დაგვანახე, თუ შენ ქუთაისში მიდიხარ, მაჩვენე, რომ ქუთაისის გზას ადგახარ, ფეხით, ურმით თუ მატარებლით, ამას მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ შენ თუ წამოწოლილი ხარ, ან თელავის გზას ადგახარ, მაშინ შენ ქუთაისში არ მიდიხარ. ანუ, ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, რომ დაინახონ ჩვენი მოძრაობა ან ფეხით, ან თვითმფრინავით. მთავარი მომენტი არის და არა კონფლიქტი, არამედ სასამართლოს რეფორმა, დეცენტრალიზაცია, ანუ დემოკრატიული ინსტიტუტები, პარლამენტი პარლამენტს უნდა ჰგავდეს და ა.შ. თუ ყველა ეს საკითხები მოგვარებული იქნებოდა, მგონია, რომ ნატოში გაწევრიანების უფრო მეტი შანსი გვექნებოდა”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

“ეს ვიზიტი პოლიტიკური სიმბოლური ხასიათის იყო, არჩევნების წინ გახარიას და კონკრეტულად “ქართულ ოცნების” მხარდაჭერის, უფრო ეს დატვირთვა ჰქოდა, თორემ ამ ვიზიტის მერე რომ ხვალ ნატოში არ მიგვიღებენ, ამას მგონი ყველა ხვდება. წინსვლას ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური ნება სჭირდება, ამისთვის კი საჭიროა, რომ სიტუაცია ჩვენს სასიკეთოდ შეიცვალოს, საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესი უფრო გაძლიერდეს, დასუსტდეს რუსეთი, ან გახდეს უფრო კონსტრუქციული, ჯერჯერობით ეს არ ხდება” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

“პირბადიდან ცხვირგამოყოფილი არ უნდა დადიოდნენ” - როდის გახდება აუცილებელი შეზღუდვების დაბრუნება

“ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ანტირეკორდებს ხსნის, ყოველ მომდევნო გარდაცვლილს შორის ინტერვალი კი რამდენიმე საათია - ვხედავთ, რომ საერთო შეზღუდვების გარეშე, მხოლოდ სპეციალისტების რეკომენდაციებმა ქვეყანაში პანდემიური თვალსაზრისით არაფერი შეცვალა, რა არის ის რაოდენობრივი ზღვარი “წითელი ხაზი” რის შემდეგაც გარდაუვალი გახდება შეზღუდვების დაწესება? ოთხშაბათის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილია 37, პანდემიური მდგომარეობა რთულია ასევე ოკუპირებულ რეგიონებშიც. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 235 აჭარას, 38 იმერეთს, 30 კი თბილისს უკავშირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “პირბადიდან ცხვირგამოყოფილი არ უნდა დადიოდეს და ასაკოვანნი გარეთ არ გავუშვათ” - როდის გახდება აუცილებელი შეზღუდვების დაბრუნება

“აჭარაში არის ახალი შემთხვევების 72 % - 235 პაციენტი, იმერეთში 14 % - 38 პაციენტი, თბილისში - 30 შემთხვევა, 9 %, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14 შემთხვევა, 4%, გურიაში - ექვსი შემთხვევა, კახეთში, მცხეთა მთიანეთსა და სამცხე ჯავახეთში თითო ახალი შემთხვევა”, - განაცხადა ენდელაძემ. მისივე თქმით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3 072 პაციენტიდან 28-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის 26 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან რვა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი. როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” აცხადებს, კრიტიკული ზღვარი მაშინ დადგება, როდესაც კრიტიკული ან მძიმე პაციენტების რაოდენობა ქვეყნის რესურსს გადააჭარბებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როდესაც საავადმყოფოში დასაწვენი პაციენტების რაოდენობა გადააჭარბებს შესაძლებლობას, ეგ იქნება ზღვარი. იმიტომ, რომ თუ სახლში უშვებენ და საატუმროებში მიჰყავთ, ჯერ კიდევ არის შანსი იმისა, რომ ჯანდაცვა გაუმკლავდეს და მერე უკვე როდესაც დაინახავს, რომ ვეღარ უმკლავდება და მძიმე შემთხვევები ღმერთმა ნუ ქნას და მოიმატოს, მერე უკვე მართლა ზღვარია და ჩაკეტვას საჭიროებს. ისედაც ჩვენი ეკონომიკა და ყველა დარგი ისეთ დღეში ჩავარდა, რომ თუნდაც ლარის კურს შეხედეთ, შეხედეთ სკოლებში რა ხდება, ქვეყანას ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა და ბოლოს და ბოლოს თუ ბევრი არ კვდება და თუ ქვეყანა არ იქცევა, მაშინ სჯობია, რომ ისევ ასე გაგრძელდეს - გრიპის ინფიცირების დროს არანაკლები ხალხი იღუპება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ჩვენ უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს. ადამიანის თვითშეგნებამდე უნდა მივიდეს ის, რომ პირბადიდან ცხვირგამოყოფილი არ უნდა დადიოდეს და ასაკოვანი ადამიანები გარეთ არ უნდა გამოვუშვათ, ეს შეზღუდვა მაინც უნდა არსებობდეს. ხალხი შეეჩვია, კისერში ამოუვიდათ, მესმის მათი, ბევრს პირბადის კეთებისას ჰაერის უკმარისობა ემართება, მაგრამ სხვა გზა არაა, განსაკუთრებით მაშინ როცა თავშეყრის ადგილებში ვართ. ამ შემთხვევაში აქცენტი ისევ თვითშეგნებაზე უნდა იყოს, პრესამ და მედიამ უნდა გააკეთოს ის, რომ ამ ხალხის თვითშეგნებამდე დავიყვანოთ ეს ყველაფერი, ვაკვირდები მთელი დღე, პირბადე ხელზე უკეთით და მგონი არც ცვლიან. დღეში თუ გინდა ათასი ინფიცირებული იყოს, ოღონდ არ იყოს მძიმე შემთხვევები, არ იყოს პნევმონია, რომელსაც ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება, თორემ იყოს ინფიცირებული თუ კარგად გადაიტანს არაა პრობლემა. რა ვქნათ, მეტი გზა არ გვაქვს, ყველა პაციენტს ქვეყანა ვერ დააწვენს, იტალიასა და საფრანგეთს გაუჭირდა და ჩვენ რა თქმა უნდა უფრო გაგვიჭირდება” - დაასკვნის ხმალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო