კარლ ჰარცელი - სოფლად ორჯერ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ეს საკითხი მეტ ყურადღებას საჭიროებს  - ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში სოფლის განვითარებას

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დღეიდან იწყებს საინფორმაციო კამპანიას "ჩემი სოფელი", რომელიც ადგილობრივი განვითარების ჯგუფების და თემზე დაფუძნებული სოფლის განვითარების შესახებ გიამბობთ. კონკრეტულად რა მიზნები აქვს აღნიშნულ კამპანიებს, რა აქტივობებს მოიცავს და ზოგადად, როგორია საქართველოში ევროკავშირის სოფლის განვითარების მხარდაჭერის შედეგები, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საუბრობს.

დღეს ჩვენ ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG)შესახებ, რომლებსაც საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვუჭერთ მხარს და რომლებითაც ძალიან ვამაყობთ. ქვეყნის სრულყოფილი ეკონომიკური განვითარება სოფლის განვითარების გარეშე შეუძლებელია.LAG-ები საქართველოში ევროკავშირის ფართო მხარდამჭერი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი დახმარებით, ადგილობრივი განვითარება „ქვევიდან ზემოთ“ მიდგომით ხორციელდება, რაც ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის ჩართულობას და მეწარმეობის განვითარებას გულისხმობს.

- ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი და მსხვილი დონორი, მათ შორის ქვეყაში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერის კუთხით. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს და დასაქმებულია სოფლად, ამიტომ სექტორის აღორძინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 2013 წელს, ევროკავშირმა მთავრობასთან ერთად დაიწყო ENPARD პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. შეგიძლიათ მეტი გვითხრათ ამ პროცესის შესახებ?

- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ევროკავშირი მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოში სოფლის განვითარებას. თუმცა, როგორც თქვენც აღნიშნეთ, ქვეყანაში კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს ცხოვრების დონის მიხედვით ქალაქებსა და სოფლებს შორის აშკარა განსხვავება და სოფლად ორჯერ მაღალი სიღარიბის მაჩვენებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი მეტ ყურადღებას საჭიროებს. ჩვენ, საქართველოს მთავრობასთან ერთად, სოფლის განვითარებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ 2013 წელს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD) დავიწყეთ. პროგრამა ყოვლისმომცველია და როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე, ზოგადად, სოფლის განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

2013 წლიდან დღემდე, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის სამი ეტაპის განხორციელებისთვის ჩვენ დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი გამოვყავით. ვფიქრობ, საქართველოში ENPARD-ის შესახებ უკვე ძალიან ბევრმა იცის. ის თითქმის ბრენდად ჩამოყალიბდა. პროგრამის ფარგლებში ჩვენ ერთი მხრივ, პირდაპირ დახმარებას ვუწევთ მთავრობას ცენტრალურ დონეზე რეფორმების განხორციელებაში, კადრების გადამზადებაში და თანამედროვე სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში. ამასთან, საკონსულტაციო მისიებისა და ექსპერტების ჩართულობით ტექნიკურ მხარდაჭერას ვახორციელებთ ადგილობრივ დონეზეც, ვეხმარებით თემებს ადგილობრივი ინიციატივების განხორციელებაში. ასე რომ, ეს ნამდვილად ჰოლისტური მიდგომაა. როგორც უკვე აღვნიშნე, ENPARD პროგრამის სამი ეტაპი უკვე განვახორციელეთ. ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე შევჯერდებით ENPARD–ის მეოთხე ეტაპთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროგრამა წარმატებით ხორციელდება, კმაყოფილები ვართ მთავრობასთან და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით და მიღებული შედეგებით.

- მოდით, ვისაუბროთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სოფლის განვითარებას ჩვენი მოქალაქეებისთვის. როგორც ვიცით, ENPARD პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების ევროპული მოდელი საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში LAG-ების შექმნით ინერგება. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანების და თემების ჩართვა. რას ნიშნავს ეს რეალურად? და რა შედეგებია დღემდე ევროკავშირის მხარდაჭერით?

- თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ პირადად მე ადგილობრივი განვითარების ჯგუფების დიდი გულშემატკივარი ვარ. მჯერა, რომ ეს მიდგომა ამართლებს და გეტყვით თუ რატომ. უპირველეს ყოვლისა, როდესაც საქმე ENPARD–ს ეხება, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მრავალი თვალსაზრისით ვმუშაობთ ცენტრალიზებულად. ეს გრძელი გზაა. ჩვენ მრავალმხრივ შესაძლებლობებს ვთავაზობთ მთელი რიგი წესებისა და სტანდარტების დადგენით და ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ. თუმცა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, კონცეპტუალურად საპირისპირო მიდგომას წარმოადგენენ. ისინი ადგილობრივ დონეზე მუშაობენ და ადგილობრივ მოსახლეობას აძლიერებენ, რომლებმაც, სავარაუდოდ, ყველაზე კარგად იციან, რა არის საუკეთესო მათი თემისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ჯგუფები აერთიანებენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ადამიანებს - პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, აქტივისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ისინი ერთად შეიმუშავებენ ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებს, რათა განსაზღვრონ თუ როგორ უნდა განავითარონ საკუთარი თემი. ყურადღება ძირითადად გამახვილებულია სოციალურ-ეკონომიკურ თემებზე. სწორედ ადგილობრივი განვითარების ჯგუფი განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებს. ეს შეიძლება ეხებოდეს ცალკეული კომპანიების დაფინანსებას, ადგილობრივი გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას, ან რაიმე სახის სოციალური დახმარების საჭიროებას, ასევე ტურიზმის განვითარებას, რაც მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ბევრი LAG-თვის. გადაწყვეტილებებს განსაზღვრავს ის პრიორიტეტები და საჭიროებები, რაც ადგილზე თემს გააჩნია. ეს შეიძლება იყოს ისეთი ინიციატივები, რომელთა საჭიროება არ დადგება მაგალითად თბილისში ან, თუნდაც, ბრიუსელში. საქართველოში უკვე 12 ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩამოყალიბდა და აქტიურად მუშაობს. უნდა აღვნიშნო, რომ LAG-ებთან ჩვენი მუშაობის გამოცდილება ძალიან დადებითია. მე თავად მქონდა შესაძლებლობა, არსებული 12 LAG-დან ნახევარს პირადად შევხვედროდი. სამწუხაროდ, COVID–ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კიდევ რამოდენიმე LAG-ის ადგილზე ნახვის შესაძლებლობა გამოვტოვე, თუმცა, იმედი მაქვს, რომ კვლავ შევძლებ რეგიონებში გასვლას და მათთან შეხვედრას. ჩემი დაკვირვებით, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ, მათი მეშვეობით მეწარმეობის შესაძლებლობები იზრდება და უფრო მრავალფეროვანი ხდება. ჩვენ სწორედ ამისკენ მივისწრაფით. პირადად მე ახალი იდეების და ინიციატივების განხორციელების დიდი მხარდამჭერი ვარ. სწორედ ამ საქმეს ემსახურებიან LAG-ები. როგორც უკვე აღვნიშნე, მე მჯერა ამ ჯგუფების წარმატების, რადგან ვხედავ, რომ ისინი სცდებიან ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს. მჯერა, რომ მთავრობა თავის სამომავლო გეგმებში იგივე მიდგომას გაითვალისწინებს და საკუთარი საერთო სტრატეგიის ნაწილად განიხილავს, რასაც მე მხოლოდ მივესალმები.

- როგორია საქართველოში ევროკავშირის სოფლის განვითარების მხარდაჭერის შედეგები? შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრამა წარმატებულია?

- შემიძლია ვთქვა, რომ პროგრამა წარმატებულია. რასაკვირველია, ეს პროცესია და წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მიღწეული შედეგები მრავლისმთქმელია. იმედისმომცემია ის მიღწევები, რაც უკავშირდება ჩვენი და საქართველოს მთავრობის ერთობლივ მუშაობას სოფლის განვითარების ახალი და თანამედროვე სტრატეგიის შემუშავებას, ასევე ადგილობრივი განვითარებისთვის საჭირო იდეებისა და პრიორიტეტების განსაზღვრას. ამ მხრივ საკმაოდ წინ წავედით. ჩვენ საქართველოს ვუზიარებთ ევროპის საუკეთესო გამოცდილებას, ვეხმარებით ქვეყანას ჩვენს მიერ უკვე წარმატებულად განხორციელებული პრაქტიკის დანერგვაში. ჩვენი შეფასებით, ქვეყანაში 250 000-ზე მეტმა ადამიანმა უშუალოდ, ან რაიმე ფორმით უკვე მიიღო სარგებელი ENPARD-ის პროგრამიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხი თავად ხედავდეს ამ პროგრამის მიერ შექმნილ შესაძლებლობებს. ადგილობრივი განვითარების ჯგუფების დახმარებით, ჩვენ მხარი დავუჭირეთ 500-ზე მეტ ადგილობრივ ინიციატივას, რომლებმაც დადებითი გავლენა მოახდინეს სოფლად მცხოვრებ სულ მცირე 10 000 ადამიანზე. როგორც უკვე აღვნიშნე, LAG-დან წამოსული ხედვები და იდეები, სავარაუდოდ, საუკეთესოა, რომელთა მხარდაჭერაც ჩვენ შევძელით. მე ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორის რესტრუქტურიზაციის ჩათვლით, რაც გულისხმობს მეტი კოოპერატივის შექმნას და ფერმერთა გაძლიერებას. ამრიგად, ვფიქრობ, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ჩვენ ეტაპობრივად უფრო მეტ დადებით შედეგს მივიღებთ და სოფლად მცხოვრები ადამიანების ყოფას გავაუმჯობესებთ.

- რას უნდა ველოდოთ მომავალში? რა არის ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები ENPARD პროგრამის ფარგლებში, საქართველოში სოფლის განვითარების თვალსაზრისით?

- ვაპირებთ იგივე ხაზის გაგრძელებას, რადგან კმაყოფილები ვართ იმით, რასაც მივაღწიეთ. ENPARD-ის მესამე ეტაპი ჯერ ისევ მიმდინარეობს, ამავდროულად ჩვენ უკვე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ENPARD-ის მეოთხე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები მალე დასრულდება. ENPARD-ის მეოთხე ფაზის ფარგლებში კვლავ გავაგრძელებთ გასული წლების კომპონენტებსა და აქტივობებს, ვინაიდან გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ. თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად ვიმუშავებთ მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზეც, რაც COVID–ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

ჩვენ ასევე ვეცდებით, მეტად შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებისა და ქალების აქტიურ ჩართულობას, რაც ვფიქრობ, სწორი პრიორიტეტია. თუმცა, ძირითადად, ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ იმ მხარდაჭერას, რომელსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გთავაზობდით.

- მიმდინარე კვირას ევროკავშირი იწყებს საინფორმაციო კამპანიას „ჩემი სოფელი“. რა მიზანი აქვს ამ კამპანიას და რა აქტივობებს მოიცავს იგი?

- ჩვენი კამპანიის მიზანი ძირითადად დადებითი გზავნილებისა და იმ გამოცდილების დემონსტრირებაა, რაზედაც მე ჩემს ინტერვიუში ვსაუბრობდი - თუ რატომ არის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების არსებობა მნიშვნელოვანი, როგორ მუშაობენ ისინი და რა პოტენციალი გააჩნიათ. ვფიქრობ, რომ ეს გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კამპანიას თვალს ადევნებენ და რომელთაც აინტერესებთ თუ რა შესაძლებლობები არსებობს სოფლად, თუ როგორ შეიძლება განახორციელონ ესა თუ ის იდეა საკუთარ თემში ან სამეზობლოში. როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მხარდაჭერას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ. მთავრობაც ძალიან მკაფიოდ მიდის ადგილობრივი განვითარების ევროპული მოდელისკენ. ვფიქრობ, ახლა კარგი მომენტია, მოვუყვეთ ხალხს იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც უკვე მიიღეს მონაწილეობა ამ პროგრამაში და გავაცნოთ მათი გამოცდილება და მოსაზრებები.

იხილეთ ინტერვიუს ვიდეო ვერსია

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს