დავით ზალკალიანი - პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი კიდევ ერთი მყარი საფუძველია იმისა, რომ მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ სვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში გამართულ შეხვედრებზე ყველა ერთხმად აღნიშნავდა იმ უაღრესად ხელშესახებ პროგრესს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით აქვს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი კიდევ ერთი მყარი საფუძველია იმისა, რომ მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ სვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

მისივე თქმით, მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და განმტკიცების მიმართულებით.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს წარმატება, როგორც ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, ასევე მის განსაკუთრებულ როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, დაიგეგმა შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების მიმართულებით, რომელიც ასევე მნიშვნელოვანად დაახლოებს პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნატოში შეხვედრა, სადაც ჩვენ გენერალურ მდივანთან განვიხილეთ ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. აღინიშნა, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ასპირანტი, ნატოსთან თავსებადი, ნატოს პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში სწრაფი რეაგირების ოპერაციაში, ამისთვის ისინი უაღრესად მადლიერნი არიან, ასევე აღნიშნავენ პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს საბოლოო მიზანთან- ალიანსში წევრობასთან.“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონში. პოზიტიურად იყო შეფასებული ე.წ. საპორტო ვიზიტები - შავი ზღვის პორტებში ნატოს ხომალდების შემოსვლა, ასევე გახშირებული წვრთნები, რომელიც ნატოს ეგიდით ტარდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უპრეცედენტო წვრთნები, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაზრდის ნატოს ფიზიკურ ყოფნას საქართველოში, რაც ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ პროცესში შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ პირობებში, როდესაც არ გვაქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, შავი ზღვის პოტენციალი გამოვიყენოთ, ასევე სხვადასხვა დიდი პროექტები, რომელიც ფიზიკური დაახლოების მეტ შესაძლებლობებს მოგვცემს ევროკავშირთან. ჩვენი ქვეყანა არის ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის, ბიზნესის კეთების კუთხით, საბიუჯეტო გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ყველა რეიტინგებზე უმაღლეს პოზიციებზეა, რაც სათანადოდ შეფასებულია და ძალიან კარგად არის აღქმული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან.

ვიზიტის დროს ყველა ერთად აღნიშნავდა, როგორც ასოცირების ისე ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის, ასევე სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით არსებულ ძალიან სერიოზულ პროგრესს, ასევე იმ ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა და უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ, კერძოდ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით, ასევე ეუთოს რეკომენდაციების შესრულების კუთხით, იმით, რომ საარჩევნო კანონმდებლობა მთლიანად განახლდა და მოერგო ჩვენს ახალ საკონსტიტუციო წყობას-საპარლამენტო რესპუბლიკას.“- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. ზალკალიანის განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და მათი უსაფრთხოების გარანტიები, კორონავირუსის გათვალისწინებით.

„ძალიან დიდი მოლოდინია, რომ ის მაღალი სტანდარტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების თვალსაზრისით, იქნება დაცული და ეს არჩევნებიც იქნება ისეთივე მაღალი სტანდარტების და პრინციპების, როგორიც იყო ადრე 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები. ჩვენ უკვე სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან, რომელიც აგზავნის როგორც გრძელვადიან ისე მოკლევადიან დამკვირვებლებს. ასევე ევროპარლამენტში გვქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი და ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად განიხილონ შესაძლებლობა, თუმცა დღეს კიდევ მოქმედებს შეზღუდვები ევროპარლამენტარების გადაადგილებასთან დაკავშირებით, მაგრამ პრემიერი იყო ძალიან მკაფიო - ყველას აძლევდა გარანტიას, რომ ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი მათი უსაფრთხოებისთვის და უზრუნველვყობთ მაქსიმალური რაოდენობის დამკვირვებლების ჩამოყვანას და დასწრებას. თუ საჭირო იქნება, მიცემული იქნა გარანტია, რომ ჩვენ შეგვიძლია დავნიშნოთ სპეციალური რეისი და მოვახდინოთ ყველა დამკვირვებლის ჩამოყვანა საქართველოში.“- განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი განხორციელდა პანდემიის პირობებში, მაშინ როდესაც შეზღუდულია შეხვედრები და საერთაშორისო ვიზიტები.

დავით ზალკალიანის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა