ზურაბ ჭიაბერაშვილი - ვირუსთან თანაცხოვრება არ ნიშნავს „ფეხებზე დაკიდებას"

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარელისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ეპიდიტუაციასა და მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეხმაურება.

ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობის პოლიტიკა ეპიდემიასთან საბრძოლველად მხოლოდ არჩევნებსა და პოლიტიკურ პიარზე იყო გათვლილი.

მისი განცხადებით, ახლა მთავრობას პანდემიასთან საბრძოლველად რესურსი ამოწურული აქვს და ვირუსის შეჩერება მხოლოდ ადამიანების კეთილგონიერებას შეუძლია.

„ვირუსთან თანაცხოვრება არ ნიშნავს „ფეხებზე დაკიდებას". 9 მარტს, როდესაც ფრაზა „ვირუსთან თანაცხოვრება" ვიხმარე, თავს დამესხა მთელი სამთავრობო პროპაგანდა და მის ფეხის ხმას აყოლილი „ქოცობა“, რომელმაც დრო იხელთა, რომ COVID-ის მართვის „წარმატებული ქართული მოდელის" გაპიარება დაეწყო. დღეს ეს სამთავრობო პროპაგანდის საკვანძო ფრაზაა, ოღონდ „ქოცურად“ - გაგებით მოვეკიდოთ ყველაფერს.

სამწუხაროდ, რაც დრო გავა, მით უფრო ნათელი გახდება, რომ არანაირი COVID-ის მართვის „წარმატებული ქართული მოდელი“ არ არსებობს. „ქართული მოდელის“ წარმატებული პიარი ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზნებს.

როგორც იქნა, პროტოკოლები უახლოვდება იმ სტანდარტს, რაც მსოფლიო პრაქტიკაა და რაც აქამდეც უნდა გვქონოდა. ოღონდ მთავრობას ამ ცვლილებისაკენ უბიძგა გაუარესებულმა სტატისტიკამ და არა მოქალაქეების ინტერესმა. მაგალითად, უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ბინაზე, თვითიზოლაციაში მკურნალობის აუცილებლობის შესახებ მთავრობას ვეუბნებოდით გაზაფხულზევე.

დღეს მთავარი ამოცანებია:

ხანდაზმულებისა და სხვა რისკ-ჯგუფების იზოლაცია. ის, რომ ბათუმისა და წნორის ხანდაზმულთა სახლებში ვირუსმა შეაღწია, მთავრობის "წარმატებულ" მენეჯმენტზე მეტყველებს.

სამედიცინო პერსონალის დაცვა დაინფიცირებისგან - აქაც უმძიმესი მდგომარეობაა.

მოქალაქეთა არა „დამშვიდება", რომ ყოველ გარდაცვლილს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, არამედ სათანადო ინფორმირება და გაფრთხილება, როგორ დავიცვათ თავი და, რაც მთავარია, ჩვენი ოჯახების რისკ-ჯგუფებში შემავალი წევრები.

მთავრობის საინფორმაციო კამპანია კრიტიკას ვერ უძლებს. საზოგადოების მხრიდან საფრთხის არასაკმარისი შეგრძნება დიდწილად ამის შედეგია.

გაზაფხულზე გაფრთხილების მიუხედავად, მთავრობამ არ დაარეზერვა საკმარისი რაოდენობის სეზონური გრიპის ვაქცინა. ესეც "წარმატების" მაგალითია.

სამწუხაროდ, გახარიას მთავრობამ კორონაკრიზისის ეფექტიანად მართვის ყველა რესურსი - ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური - გაზაფხულზე ამოწურა.

მთავრობას არც ჰქონია გრძელვადიანი გათვლა. მათი "სტრატეგია" იყო: „არჩევნებამდე მივიდეთ და მერე რაც იქნება, იქნება“.

ამ ფონზე, ვირუსი კრეფს გავრცელების სიჩქარეს და ამის შენელება მხოლოდ ჩვენს კეთილგონიერებას შეუძლია: პირბადე, ჰიგიენა, დისტანცია.

გავუფრთხილდეთ საკუთარ თავსა და ამით გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა