ვახტანგ ძაბირაძე - თუ ჩვენ ნაბიჯს გადავდგამთ ევროკავშირთან ან ნატოსთან მიმართებით, ეს დაგვეხმარება ოკუპირებული ტერიტორიების უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებაში

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მომდევნო 2 წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოებას სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ ეს დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე, არამედ ევროკავშირის ქვეყნების მზაობასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე.

ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დადებითად შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადება, რომლის თქმით, „ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებს“.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განცხადებას რაიმე საფუძველი ჰქონდეს და ჰაერზე ნათქვამი სიტყვა არ იყოს.

„რასაკვირველია, განცხადებას დადებითად ვაფასებ, თუ მას რაიმე საფუძველი აქვს და ჰაერზე ნათქვამი სიტყვა არ არის. რამდენად რეალურია ამ სურვილის რეალიზება, ესაა მთავარი. არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნებს უკავშირდება თუ არა. მნიშვნელოვანია, რის საფუძველზე გაკეთდა ეს განცხადება. თუ ხავსისმაგვარი ხელმოსაჭიდი მაინც აქვთ, უკვე კარგია”, -განაცხადა ძაბირაძემ.

როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა არა მხოლოდ მის მიერ გატარებული რეფორმები, არამედ ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამისთვის მზაობა იქნება.

„თუ მხოლოდ საუბარია იმაზე, ჩვენ რეფორმები გავატარეთ და ამიტომ ევროკავშირი გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, ეს უბრალოდ პიარია და მეტი არაფერი. მაგრამ, თუ არსებობს განწობა ან მომწიფდა აზრი დასავლეთის ქვეყნებში, რომ საკითხი თანადათობით ფეხს იკიდებს, მაშინ რასაკვირველია, კარგია. ამ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე მნიშვნელოვანია რეფორმები. მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური მზაობა, რომ ევროკავშირი გაფართოვდეს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

თუმცა, ძაბირაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოება გამორიცხულია.

„აქ არის ორი ფაქტორი - ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის ქვეყნები. გულწრფელად რომ გითხრათ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვგულისხმობ პანდემიას და იმ პრობლემებს, რაც პანდემიამ მთელ მსოფლიოს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს შეუქმნა, არ მგონია, რომ ერთ-ორ წელიწადში ევროკავშირის გაფართოება დაიწყოს. მისი გაფართოება მხოლოდ დეკლარირება ხომ არ არის, ეს პირდაპირ ეკონომიკასაც უკავშირდება. დღეს მთელ მსოფლიოში ეკონომიკური სტაგნაციაა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც. ამიტომ, ვფიქრობ, უახლოეს 2 წელიწადში ეს შეუძლებელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ამაზე არ იფიქროს, არ იზრუნოს და ნიადაგი ამ შეამზადოს. მეორე ფაქტორია ის, ჩვენ რისთვის ვართ მზად, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ხელისუფლება, პოლიტიკური წრეები და საზოგადოება. მუდამ ტრიალებს თემა, რომ თუ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით, ოკუპირებული ტერიტორიები ოკუპაციის ქვეშ დარჩება და მასზე ევროკავშირის სტატუსი ვერ გავრცელდება. თუმცა, ჩემი აზრით, თუ ჩვენ ასეთ ნაბიჯს გადავდგამთ, თუნდაც ევროკავშირთან ან ნატოსთან მიმართებით, ეს დაგვეხმარება იმ პრობლემის მოგვარებაში, რასაც ჰქვია ოკუპირებული ტერიტორიების უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლება და ქვეყნის გაერთიანება“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებს. მისი თქმით, ამისთვის ხელისუფლებამ სხვადასხვა სფეროში ფუნდამენტური რეფორმები გაატარა.

იხილეთ ვიდეო: ვახტანგ ძაბირაძე - თუ ჩვენ ნაბიჯს გადავდგამთ ევროკავშირის ან ნატოსკენ, ეს დაგვეხმარება ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაში

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა