ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ვენეციის კომისია „გადააგდო“

ხელისუფლებამ ვენეციის კომისია „გადააგდო“ და უთხრა - მერე რა, რომ თქვენ იმუშავეთ, მერე რა, რომ აზრი გკითხეთ, ახლა აღარ მაინტერესებს თქვენი აზრი და ისეთ წესს მივიღებ, როგორიც მე მაწყობს, რომ უფრო კარგად ვაკონტროლო საქართველოს სასამართლო,- ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე ევროკავშირის განცხადებას.

როგორც ბურჯანაძე აცხადებს, ხელისუფლებას სურს, სასამართლო მორჩილებაში ჰყავდეს, რადგან სასამარათლოა საარჩევნო დავების განხილვის ბოლო ინსტანცია.

„ევროკავშირიდან მოვიდა ძალიან ნათელი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ რაზეც საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ, ურცხვად იტყუება. კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ სასამართლო ხელისუფლება არის სერიოზული კითხვის ნიშნების ქვეშ და მწუხარება იქნა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას და ისე მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შესახებ წესი. ყველაზე სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს, არის ის, რომ ეს დასკვნა ვენეციის კომისიას საქართველოს ხელისუფლებამ თავად მოსთხოვა. ვიდრე კანონს მიიღებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და საერთოდ, მოსამართლეების შერჩევის წესის თაობაზე, საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა თხოვნით, რომ ვენეციის კომისიას თავისი დასკვნა დაეწერა. ამის მიუხედავად, შემდეგ გადაიფიქრა, ამჯერად გადააგდო ვენეციის კომისია და უთხრა, მერე რა, რომ თქვენ იმუშავეთ, მერე რა, რომ აზრი გკითხეთ, ახლა აღარ მაინტერესებს თქვენი აზრი და ისეთ წესს მივიღებ, როგორიც მე მაწყობს, რომ უფრო კარგად ვაკონტროლო საქართველოს სასამართლოო. ეს განაცხადი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის და მთელი მსოფლიოს წინაშე.

გასაგებია, ქართველ ხალხის გადაგდება, ახლა ვენეციის კომისიაც გადააგდო ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ. რატომ ხდება ეს? ხდება მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბოლო წლების განმავლობაში ტენდენციად ჩამოაყალიბა, რომ საარჩევნო დავებს თავიდან იცილებს და საარჩევნო დავებს გადააგდებს ხოლმე სასამართლოებში, სასამართლოები იხილავენ და არის ბოლო ინსტანცია საარჩევნო დავების. ე.ი. სასამართლო უნდა იყოს აბსოლუტური მორჩილების ქვეშ. ესაა თავი და თავი ყველაფრის, რაც ხდება“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა