სოსო ცინცაძე - ხელისუფლების მხრიდან აზერბაიჯანთან საზღვრის სადავო მონაკვეთთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს დამაჯერებლობა ჯერჯერობით აშკარად აკლია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, საქართველოს პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩევა დააკავა.

მათ ბრალი ედებათ იმაში, რომ ხელი შეუწყვეს აზერბაიჯანის სასარგებლოდ ქვეყნის ტერიტორების ამ ქვეყნისთვის გადაცემას.

ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული დავის შესახებ ატეხილი ხმაური ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. კომენტატორთა მეორე ნაწილი უფრო შორსაც მიდის და აცხადებს, რომ მომხდარში პოლიტიკურ მოტივს არ გამორიცხავს.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით განვითარებულმა პროცესებმა?

- იმდენი რამ მინახავს და ათი იმდენი წამიკითხავს, რომ პრინციპში არაფერს არ გამოვრიცხავ. როდესაც მეცნიერი და მკვლევარი რაღაცას იკვლევს, მისი სასტარტო პოზიცია ასეთი უნდა იყოს - არასდროს არ უნდა გამორიცხო არაფერი.

რომ არაფერი გამოვრიცხოთ, გამსახურდიადან დაწყებული და დღემდე დამთავრებული ქართულ პოლიტიკურ ძიებებზე უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვებია, ვიდრე პასუხები.

გამსახურდიადან დაწყებული და დღემდე დამთავრებული ქართულ პოლიტიკურ ძიებებზე უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვებია, ვიდრე პასუხები

როდესაც პროკურატურა ვინმეს ბრალს სდებს სისხლის სამართლის რომელიმე მუხლის დარღვევაში, ცხადი უნდა იყოს დანაშაულში ეჭვმიტანილის ქმედების მოტივი, ვინაიდან ყველა დანაშაულს გააჩნია მოტივი.

ვთქვათ, დაკავებულებმა არ გამოიყენეს ის რუკები, რომელიც უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მთავარი კითხვაა რატომ არ გამოიყენეს? ამ კითხვაზე პროკურატურას პასუხი არ აქვს.

შენი ქვეყნის ტერიტორიების სხვაზე გადაცემასა და ღალატზე მეტი დანაშაული რა უნდა იყოს, მაგრამ რატომ ჩაიდინეს ეს დანაშაული ვიცით? რა, ფული აიღეს? უცხოეთის აგენტები არიან? ვიღაცამ დაავალა? თუ ვიღაცამ დაავალა, - მთავარია დადგინდეს ვინ დაავალა მათ სამშობლოს ღალატი. პროკურატურას ბრალდებულების მიმართ არსებულ უამრავ კითხვებზე პასუხები ჯერ არ აქვს.

პროკურატურას ბრალდებულების მიმართ არსებულ უამრავ კითხვებზე პასუხები ჯერ არ აქვს

- თქვენში ამის გამო იწვევს ეჭვებს დაკავებულთა დაპატიმრების მოტივი?

- დიახ. ერთია დაკავების არგუმენტი, მეორეა დანაშაულის ჩადენის მოტივი. გასაგებია, დაკავებულებს ედავებიან იმას, რომ მათ არ გამოიყენეს 1938 წლის რუკები. მე ვიცი ტერიტორიული დავების ანატომია როგორია.

თავის დროზე სტალინმა ორჯონიკიძის ინიციატივით აზერბაიჯანისთვის საინგილოს ოლქის გადაცემას „კომკავშირული აჩქარება“ უწოდა. იყო შემთხვევა, როდესაც იგივე სტალინი 1919 წელს ფინელებს სამჯერ მეტ ტერიტორიას სთავაზობდა ვიბორგთან დაკავშირებით. ჩვენ არც ჩემს მიერ დასახელებულ შემთხვევებზე და არც რა თემაზეც ვსაუბრობთ არ ვიცით, რა იყო კომპრომისი.

მაგრამ ჩვენს შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით ქართულ მხარეს აზერბაიჯანისთვის არაფერი არ აქვს გადაცემული. მოკლედ, რომ შევაჯამო, თავად საკითხთან დაკავშირებითაც არის ჩვენთვის უცნობი კითხვები.

გარდა ამისა, მე ძალიან მაინტერესებს რა რეაქცია ექნება მომხდარზე აზერბაიჯანულ მხარეს.

ჯერჯერობით ქართულ მხარეს აზერბაიჯანისთვის არაფერი არ აქვს გადაცემული... მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს რა რეაქცია ექნება მომხდარზე აზერბაიჯანულ მხარეს

- ოფიციალურმა ბაქომ რომ თქვას, ასე იყო თუ ისე - ხომ შევთანხმდითო? ან, ხომ ვიყიდე და მე მომაკუთნეთო? მერე რას ვშვრებით?

- დიახ, სწორედ ეს ვიგულისხმე. თუ აზერბაიჯანმა თქვა - თქვენ თუ შეგეშალათ მე არ ვიცი, მაგრამ მე ამ ტერიტორიას თავისად ვთვლიო?

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტარატეგიული პარტნიორია, მომხდარი აზერბაიჯანს არ ეხება, ეს ჩვენი საშინაო საქმეაო. არადა, როგორ შეიძლება იყო ეს თემა მხოლოდ საშინაო საქმე იყოს, როდესაც საკითხი ეხება მეზობელ ქვეყანასთან საზღვარს?

გარდა ამისა, მე არ ვიცი ამ თემასთან დაკავშირებით ყველა მოსალოდნელი რისკები გათვლილი გვაქვს? ნახევარ საუკუნეზე მეტია დიპლომატიის ისტორიას ვსწავლობ, დიდი ბოდიში, მაგრამ ვერც თალაკვაძე, ვერც ზალკალიანი და სხვაც ვერ მასწავლის სახელმწიფოები როგორ მტკივნეულად და მშობიარობასავით განიცდიან ტერიტორიულ დავებსა და მათ ანატომიას.

მსოფლიოში ძალიან ბევრი ტერიტორიებია სადავო, ზოგი საკითხი 50 და ზოგიც 100 წელია გადაუწყვეტელია, მაგრამ ჩვენ ახლა ეს კონკრეტული შემთხვევა გვაინტერესებს. რომელი მაჰათმა განდი ალიევია, რომ არ იფიქროს - ქართველებმა ახლა დრო იხელთეს და როცა მე ომში ვარ ჩართული, სასაზღვრო პრობლემები დააყენეს.

რომელი მაჰათმა განდი ალიევია, რომ არ იფიქროს - ქართველებმა ახლა დრო იხელთეს და როცა მე ომში ვარ ჩართული, სასაზღვრო პრობლემები დააყენეს

- ამ თემაზე საუბრისას ბევრი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ამ თემების აქტუალიზებისათვის დრო სწორად არ იყო შერჩეული...

- ჩვენ ჯერ არ ვიცით რასთან გვაქვს საქმე - შეცდომასთან, თუ დანაშაულთან, მაგრამ ფაქტია, რომ დიახაც რომ დროა ამ თემისათვის შერჩეული ძალიან ცუდი. თავად ჩვენთან არჩევნებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი. ყველა ინტრიგას აქვს მნიშვნელობა. სულაც არა გამორიცხული ეს თემა ბევრმა „ცოცხების რევოლუციის“ მეორე სერიად აღიქვას.

ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან აზერბაიჯანთან საზღვრის სადაო მონაკვეთთან დაკავშირებით გაჟღერებულ თემაზე გადადგმულ ნაბიჯებს დამაჯერებლობა ჯერჯერობით აშკარად აკლია.

ხელისუფლების მხრიდან აზერბაიჯანთან საზღვრის სადავო მონაკვეთთან დაკავშირებით გაჟღერებულ თემაზე გადადგმულ ნაბიჯებს დამაჯერებლობა ჯერჯერობით აშკარად აკლია

ასეა თუნდაც იმიტომ, რომ ჯერჯერობით ჩვენ არ მოგვისმენია ამ თემაზე რა პოზიცია აქვს აზერბაიჯანულ მხარეს. გარდა ამისა, დაკავებული აცხადებს, რომ 1939 წლის რუკები არსებობს, მაგრამ მაგრამ ზოგი მათგანი დაზიანებულია, ზოგი იმ მასშტაბის არაა და ასე შემდეგ.

ოფიციალური ვერსიით, რომლითაც მტკიცდება რომ შეცდომა ან დანაშაული იყო ჩადენილი, გახლავთ რუსეთიდან ჩამოტანილი რუკა, რომელიც მოსკოვიდან ჩამოიტანა ვიღაც ქართველმა ბიზნესმენმა. ითქვა, რომ ეს რუკა რუსეთის არქივშია ნაპოვნი.

მე რუსეთის არქივებში ბევრი მიმუშავია. არა მგონია რომელიმე ქართველ დიპლომატს იმაზე მეტი ჰქონდეს ნამუშევარი სსრკ-ს საგარეო სამინისტროს არქივებში როგორც მე. გასაგებია, რომ ეს ჩემი ასაკის გამოა ასე, მაგრამ ვიცი, რა ფასი აქვს ნებისმიერი სახელმწიფოსათვის არქივში შენახულ დოკუმენტს.

ამ შემთხვევაში, საინტერესოა როგორ გადმოსცა რუსულმა არქივმა ეს დოკუმენტი ქართველ ბიზნესმენს? ახლა რატომ გადმოგვცა ან საერთოდ რატომ გადმოგვცა? აქ საინტერესო ისიცაა, რომ ეს დოკუმენტი ისე გადმოგვცეს, რომ ქართულ მხარეს არც მოუთხოვია. ამ კითხვებზე რომ პასუხები არ გვაქვს, ესეც საინტერესოა. როდის იყო ლავროვის უწყება ასე არიგებდა სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტებს?

როდის იყო ლავროვის უწყება ასე არიგებდა სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტებს?

- კარგა ხანია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და მოსკოვი სულაც არ ჩქარობს მასში ჩარევას. მეტიც, კრემლმა განაცხადა - საომარი მოქმედებები არა სომხეთის, არამედ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რუსეთი კონფლიქტში ვერ ჩაერევა, რადგან დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ფარგლებში რუსეთს არ აქვს აღებული ამგვარი ვალდებულება.

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდიელებები აზერბაიჯან-სომხეთს შორის ახლა მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაზე?

- აზერბაიჯანმა სნაიპერული სიზუსტით შეარჩია მთიან ყარაბაღში აქტიური მოქმედებისათვის მომენტი. რუსეთი ხელ-ფეხშეკრულია, ბელარუსსა და უკრაინაში პრობლემები აქვს გადაუწყვეტელი. აქეთ მის მიერ ოკუპირებული ყირიმსა და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქ სევასტოპოლს უკრაინა არ აწვდის წყალს და ეს მოსკოვისთვის დიდი თავსატეხია. იქეთ ნავალნის გამო დასავლეთის ქვეყნები ისევ თითს უქნევენ, აქეთ კიდევ პანდემია და ეკონომიკური პრობლემები. კამჩატკაზე საშინელებები ხდება. აშკარად ეკოლოგიურ კატასტროფასთან აქვს საქმე და ჯერ ვერ გარკვეულან რა ხდება.

აზერბაიჯანმა სნაიპერული სიზუსტით შეარჩია მთიან ყარაბაღში აქტიური მოქმედებისათვის მომენტი

დიახ, დსთ-ს ფარგლებში მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სომხეთია და არა მთიანი ყარაბაღი. დღეს რუსეთს არანაირი იურიდიული საბაბიც არ აქვს ჩაერიოს აზერბაიჯან-სომხეთის ოში.

ახლა ანკარასა და ბაქოს რკინისებული არგუმენტები გააჩნიათ. 30 წელია ეს პროცესები მიმდნარეობს და დასავლეთმა და რუსეთმა ვერაფერი ვერ გააკეთეს. ძველი რომაელებისგან წამოსული თეზა - იარაღით დაკარგული, მხოლოდ იარაღით დაიბრუნო, დღეს აზერბაიჯანის იარაღია. აზერბაიჯანის მოქმედებების მოტივაცია პრაქტიკულად უმწიკლოა.

ძველი რომაელებისგან წამოსული თეზა - იარაღით დაკარგული, მხოლოდ იარაღით დაიბრუნო, დღეს აზერბაიჯანის იარაღია. აზერბაიჯანის მოქმედებების მოტივაცია პრაქტიკულად უმწიკლოა

ბაქო ამბობს - გაერო ცნობს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. იგივე საფრანგეთი და რუსეთი, რომლებიც აქამდე სომხეთს ექომაგებოდნენ, ცნობენ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა არავის არ უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს.

- ვხედავთ, რომ სომხეთი ცდილობს ომში რუსეთის ჩარევას, რის გამოც აზერბაიჯანის ქალაქი განჯა დაბომბა იმ იმედით, რომ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიებს დაბომბავს, მაგრამ ასე არ ხდება...

- ფაშინიანი ძალიან კი ცდილობს დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ახლა სომხეთიც იბომბება, მაგრამ ალიევი დეგენერატი კი არაა, რომ ამგვარი საჩუქარი ერევანს მიართვას.

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რით შეიძლება დასრულდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებული მორიგი დაპირისპირება?

- თუ ვიმსჯელებთ იმით, თუ როგორი მკაფიო და ხისტი პოზიცია უკავია ბაქოსა და ანკარას და აზერბაიჯანისა და სომხეთის რესურსებს შევადარებთ ერთმანეთს, ფაქტია, რომ ამ ომს სომხეთი დიდხანს ვერ გაუძლებს.

ფაქტია, რომ ამ ომს სომხეთი დიდხანს ვერ გაუძლებს

- და დამხმარეც არ უჩანს...

- დამხმარე არც ჩანს და არც გამოჩნდება. კი, ვიღაც ბაიკერები ჩავიდნენ ერევანში ლიბანიდან, ასევე კანადიდან სომხური დიასპორის წარმომადგენლები, მაგრამ ეს სომხეთს ბევრს ვერაფერს შესძენს.

აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში პირველად გამოჩნდა თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს ომში დრონებმა.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ბაქო არ ჩქარობს...

- ბაქო არ ჩქარობს, ახლა დრო ბაქოს სასარგებლოდ მუშაობს. რესურსები აზერბაიჯანს გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე სომხეთს. გარდა ამისა, ორივე მხარეს ფაშინიანიც, ალიევიცა და ერდოღანიც ისე ღრმად არიან შესული კონფლიქტში, რომ უკან დახევა გაუჭირდებათ.

ფაშინიანისთვის მოლაპარაკებების დაწყება მთიანი ყარაბაღიდან აზერბაიჯანული ჯარების გამოყვანაზე, მისთვის ხელისუფლების დაკარგვას ნიშნავს.

აქ კიდევ ერთი დელიკატური მომენტი იჩენს თავს - ფაშინიანი მოსკოვს გულზე კარგა ხანია აღარ ეხატება.

ბაქო არ ჩქარობს, ახლა დრო ბაქოს სასარგებლოდ მუშაობს. რესურსები აზერბაიჯანს გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე სომხეთს

მოდით, პირდაპირ ვთქვათ - აზერბაიჯანი საქართველო არაა. საქართველოს დღეს ერთი სამხედრო მოკავშირე არა ჰყავს. თუ ჰყავს, მხოლოდ შეშფოთების გამოხატვა შეუძლიათ. ბაქოს კი ჰყავს რეალური სამხედრო მოკავშირე თურქეთის სახით, რომელსაც ნატოში სიდიდით მეორე არმია ჰყავს. ბაქოში ჩასულმა თურქეთის საგარეო მინისტრმა დაახლოებით ასეთი რამ განაცხადა - ბიჭებო, მიდით ბოლომდე, ჩვენ თქვენთან ვართ.

ალიევი გიჟი უნდა იყოს, რომ ახლა ომი შეწყვიტოს. ასეთი ხელსაყრელი მომენტი ალიევს აღარ ექნება. მისთვის საკითხი ასე დგას - ან ახლა უნდა გადაწყვიტოს ყარაბაღის პრობლემა ან ის სამუდამოდ გადაუჭრელი დარჩება.

ალიევი გიჟი უნდა იყოს, რომ ახლა ომი შეწყვიტოს. ასეთი ხელსაყრელი მომენტი ალიევს აღარ ექნება. მისთვის საკითხი ასე დგას - ან ახლა უნდა გადაწყვიტოს ყარაბაღის პრობლემა ან ის სამუდამოდ გადაუჭრელი დარჩება

ასეთ ვითარებაში ძალიან რთულ მდგომარეობაში ქართული დიპლომატია. სცილასა და ქარიბდას შორის მოექცევა ქართული დიპლომატია - არც მწვადი უნდა დაწვას და არც შამფური.

- აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის ფონზე ჩაიშალა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ ჟენევის ფორმატის ჩაშლით რა გზავნილი მიიღო მოსკოვიდან თბილისმა?

- ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლაც ალიევისა და ერდოღანის წინქვილზე ასხამს წყალს. ორივეს შეუძლია თქვას - ამგვარი გაუგებარი მოლაპარაკებებისადმი ნდობა შეუძლებელია.

გზავნილი ასეთი შეიძლება იყოს - რუსეთის მონაწილეობით მოლაპარაკებები არაეფექტურია. თუმცა კონფლიქტის მოუგვარებლობა რუსეთს ყოველთვის აწყობდა და დღესაც აწყობს. მე მაინც მგონია, რომ რუსეთი დაუბრუნდება ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატს.

მე მაინც მგონია, რომ რუსეთი დაუბრუნდება ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატს

- მაგრამ, სირიაში აფხაზეთის საელჩოს გახსნა რომ მოსკოვის გარეშე არ მოხდებოდა და არც შემთხვევით, ესეც ცხადია. არანაირი წინაპირობები არ არსებობს იმის სავარუდოდ, რომ მოსკოვი გადახედავს თავის სამხრეთკავკასიურ პოლიტიკას...

- დიახ, არაფერს არ გადახედავს. კრემლს სოხუმთან და ცხინვალთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული აქვს თავისი პოზიცია.

ჯორჯ ქენანი თავის გრძელ დეპეშაში წერდა - „საბჭოთა კავშირის დიპლომატიის ყველაზე სუსტი წერტილი ისაა, რომ ის არ ეყრდნობა მის გარეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზს“. ჩვენ გვინდა დასკვნები გავაკეთოთ ისე, როცა ქართული დიპლომატია არ ეყრდნობა საქართველოს გარეთ მიმდინარე პროცესების ანალიზს.

ჩვენ გვინდა დასკვნები გავაკეთოთ ისე, როცა ქართული დიპლომატია არ ეყრდნობა საქართველოს გარეთ მიმდინარე პროცესების ანალიზს

დამასკოში აფხაზეთის საელჩოს გახსნა ხომ ვიცით, რომ ბუტაფორიია. ისეთივე, როგორც სოხუმში რუსეთის საელჩოს არსებობა. მაგრამ, ამას ანალიზი სჭირდება. გარდა ამისა, ჩვენ ისიც არ ვიცით, ამ 8 წელიწადში რომ მიდიოდა საზღვრებზე მოლაპარაკებები, ზალკალიანი დაინტერესდა თუ არა იმით, თუ რატომ არ იყენებდა ჩვენი მხარე ვთქვათ, იგივე 1939 წლის რუკას.

- მოდით, ახლა შიდა საკითხებს დავუბრუნდეთ. მოგეხსენებათ, ჩვენთან წინასაარჩევნო პერიოდია. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებას?

- ჩემი აზრით, 2020 წლის არჩევნები უპრეცედენტო არჩევნებია ქართული დემოკრატიის ისტორიისთვის. საქართველოს პირველად გაუჩნდა შანსი რეალური ნაბიჯი გადადგას რეალური დემოკრატიისაკენ. მხედველობაში მაქვს პროპორციული სისტემა.

რასაკვირველია, ძნელია იმასთან შეგუება, რომ მომავალ პარლამენტში ქაოსი იქნება, ბევრი პარტია შევა და რა როგორ იქნება. მაგრამ, სხვა გზა არ არსებობს. ალტერნატივა არის ერთპარტიული დიქტატურა. ეს გზა გაიარა ევროპამ. საფრანგეთში გასული საუკუნის 20-იან წლებში მთავრობები ხშირად იცვლებოდა.

რასაკვირველია, ძნელია იმასთან შეგუება, რომ მომავალ პარლამენტში ქაოსი იქნება, ბევრი პარტია შევა და რა როგორ იქნება. მაგრამ, სხვა გზა არ არსებობს. ალტერნატივა არის ერთპარტიული დიქტატურა

თუ ნორმალურად, კანონის ფარგლებში ჩატარდა არჩევნები, რყევის მეტ-ნაკლები ამპლიტუდით, თუ რომელიმე მხარე ბოლომდე არ გადავიდა დაუკრეფავში, არჩევნების შედეგად გვეყოლება კოალიციური მთავრობა. „ქართულ ოცნებასაც“ უნდა აწყობდეს კოალიციური მთავრობა. სხვაგვარად, გვექნება ხანგრძლივი მოქმედების ნაღმი, რომელიც ამ არჩევნებზე არა, მაგრამ შემდეგ ოდესღაც მაინც აფეთქდება.

შეუძლებელია 21-ე საუკუნეში კიდევ 30-40 წელი იყოს ერთპარტიული დიქტატურა. ასეთი რამ უკვე რუსებსაც კი ყელში აქვთ ამოსული. რუსებს, რომლებიც ლეგენდარული მოთმინების ხალხად ითვლებიან.

თუ არჩევნებზე რომელიმე მხარე ბოლომდე არ გადავიდა დაუკრეფავში, არჩევნების შედეგად გვეყოლება კოალიციური მთავრობა

მე ძალიან არ მომწონს ამ პროცესში ოპოზიციური ტელევიზიების როლი. რომლებმაც თავიანთ სტუდიებში ვერ მოიყვანეს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოჰყავთ ოპოზიციის წარმომადგენლები და ერთმანეთს აჭმევინებენ.

უცნაური ისაა, თუ რატომ ცდილობენ ძალიან ჟურნალისტები ოპონენტებმა ერთმანეთი დაჭამონ. კამათი, აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია ეს ხომ ნორმალურია. მაკვირვებს ასევე ის, თუ რამდენი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი გვყოლია.

- ტელევიზიებს საყვედურობთ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები თავად ამბობენ უარს ტელევიზიების ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობას. ამას რაღა ჰქვია?

- მოკლედ ვიტყვი. იმას, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები დებატებში არ იღებენ მონაწილეობენ, ამას ჰქვია ანტიდემოკრატია. იყო დრო ამერიკაშიც არ მიდიოდნენ. ამერიკაში ბოლო 80 წელია დებატები დაიწყო. 20 წელია რაც დებატების სერიოზული ანალიზი დაიწყო. აშშ-ში ამ დღეებში ვიცე-პრეზიდენტების დებატები შედგა.

ვინც კამათსა და დისკუსიას გაურბის, მას ჭეშმარიტების ეშინია. ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა დაადგინეს, რომ ჭეშმარიტება იბადება კამათში. დისკუსია და დებატები კამათია.

თუ არჩევნებზე რომელიმე მხარე ბოლომდე არ გადავიდა დაუკრეფავში, არჩევნების შედეგად გვეყოლება კოალიციური მთავრობა

- გაქვთ იმის იმედი, რომ არჩევნების შემდეგ სიტუაცია ქვეყანაში არ გაგვირთულდება?

- სამწუხაროდ, არა მაქვს იმის იმედი, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ვითარება არ გართულდება. ოპოზიციური „კომპოტის“ მოლოდინი ისეთია, რომ ქვეყანაში რაღაც უნდა შეიცვალოს.

უნდა იყოს კოალიციური მთავრობა. თუ არჩევნების შედეგად, კანონიერად თუ უკანონოდ ისევ ერთპარტიული მმართველობა გვექნა, ამას არც ოპოზიცია და არც ელექტორატის უმრავლესობა არ მიიღებს, არ მიიღებს არც ევროპა.

მართალია, ევროპას ახლა ჩვენთვის არ ცხელა, მაგრამ როცა ევროპელების განცხადებებს ეცნობი, უნდა მიხვდე - ევროპელი პირში პირდაპირ არაფერს გეტყვის, როგორც ჩვენი პოლიტიკოსები იქცევიან, რომელთა გვარების დასახელება მეც კი არ მინდა.

თუ არჩევნების შედეგად, კანონიერად თუ უკანონოდ ისევ ერთპარტიული მმართველობა გვექნა, ამას არც ოპოზიცია და არც ელექტორატის უმრავლესობა არ მიიღებს, არ მიიღებს არც ევროპა

კოალიციური მთავრობა საქართველოში ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ქვეყნისთვის იდეალურ გამოსავლად მიაჩნია. არა აქვს მნიშვნელობა ამ კოალიციურ მთავრობაში ძალთა თანაფარდობა როგორი იქნება. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ასეთ მთავრობაში იქნება დავა. ასეც უნდა იყოს. ყველგან ასე ხდებოდა და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. კოალიციური მთავრობის გარდა, საქართველოს სხვა სამომავლო ალტერნატივა არ აქვს.

სხვა ალტერნატივა არის აზერბაიჯანი, თურქმენეთი. ბიშკეკიც კი არა არის - თუნდაც იმის გამო, რაც ახლა იქ ხდება. სხვათა შორის ბიშკეკში, სადაც ნამდვილად მოხდა პარლამენტის შენობაში შეჭრა, ხელისუფლებამ გამოიყენა მხოლოდ წყალი და ცრემსადენი გაზი.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა