ივერი მელაშვილის ადვოკატი -7 ტომს დაახლოებით ერთ საათში უნდა გავცნობოდი, რაც ფიზიკურად შეუძლებელია, დღეს პროცესის ჩატარება ნიშნავს, რომ დაირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მას საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობის საშუალება არ მიეცა, რადგან სასამართლო პროცესი ფორსირებულ რეჟიმში ჩაინიშნა.

დაცვის მხარე სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვს და განმარტავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვევა.

ადვოკატის თქმით, ივერი მელაშვილი არ აპირებს რაიმე ფორმით გირაოს შეთავაზებას და ეს მისი პრინციპული პოზიციაა.

„სასამართო პროცესი ფორსირებულ რეჟიმში ჩაინიშნა. 7 ტომს დაახლოებით ერთ საათში უნდა გავცნობოდი, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. დღეს პროცესის ჩატარება ნიშნავს, რომ დაირღვევა ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან ჩვენ არ გვაქვს სათანადო დრო დაცვის უფლების მომზადებისთვის. თუკი მოსამართლე ამ მასალებს ერთ საათში გაეცნო, ეს ჩემთვისაც საკმაოდ გასაოცარი იქნება, მაგრამ მე ამ კითხვას სასამართლო პროცესზე დავსვამ. პროცესის გადადებას აუცილებლად მოვითხოვთ, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, ეს კონვენციის მეექვსე მუხლის უხეში დარღვევა იქნება, რომელიც გულისხმობს, რომ ბრალდებულს უნდა ჰქონდეს სათანადო დრო დაცვის პოზიციების მომზადებისთვის. ჩვენ ფიზიკურად იმის თქმის საშუალებაც კი არ გვაქვს დღეს რეალურად, ყველა მტკიცებულებაში რა არის ასახული, მათ შორის ჩვენებში, რადგან ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. ივერი მელაშვილი არ აპირებს რაიმე ფორმით გირაოს შეთავაზებას და ეს მისი პრინციპული პოზიციაა“,-აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

7 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა