რან გიდორი - გაერო გვაფრთხილებს, რომ კაცობრიობა დიდი საფრთხისა და გადაწყვეტილების მიღების წინაშეა. რა დახმარების გაწევა შეუძლია ისრაელს?

ცხოველებისა და მცენარეების ერთი მილიონი ჯიში, მათ შორის ამფიბიების 40%, მარჯნების 33%, ზღვაში მობინადრე ძუძუმწოვრების 33% და მწერების დაახლოებით 10%, გადაშენების საფრთხის წინაშეა. ადამიანების საქმიანობამ მნიშვნელოვნად შეცვალა დედამიწაზე ჩვენს გარშემო არსებული გარემოს სამი მეოთხედი და საზღვაო გარემოს ორი მესამედი. უზარმაზარი ადგილები გაუდაბნოვდა და დაკარგა ნაყოფიერება. ტყეები კვლავ იჭრება, თევზის მარაგი მცირდება და აჩქარებული ტემპებით გრძელდება წყლის, ჰაერისა და მიწის დაბინძურება. ბიომრავალფეროვნებისთვის, ფლორა და ფაუნისთვის მიყენებული ზიანი იმდენად ძლიერია, რომ გაერო გვაფრთხილებს: „ კაცობრიობა საფრთხის წინაშეა“ და რომ ეკოსისტემის მუდმივი ნგრევა დიდ საშიშროებას გვიქადის. ეს იმიტომ ხდება, რომ სწორედ ბუნება გვაწვდის იმ ყველაზე მნიშვნელოვანს, რის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა. ასეთებია სასმელი წყალი, სასოფლო-სამეურნეო მარცვლეულის კულტურების დამტვერვა, საკვები, ნედლეული და ბევრი სხვა.

სიტუაცია დიდად არ განსხვავდება საქართველოში. საქართველოს ცხოველების დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების (GSPSA) მიხედვით, „საქართველოს ბიომრავალფეროვნება ბუნებრივი საარსებო გარემოს დეგრადირების, ბუნებრივი რესურსების ჭარბი გამოყენების, გარემოს დაბინძურების, უცხო ინვაზიური სახეების გავრცელებისა და კლიმატის ცვლილების მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ არის“.

ამ შემაშფოთებელი მონაცემებისა და ჩვენი მომავლისთვის სახიფათო მინიშნებების ფონზე, სექტემბრის ბოლოს გაიმართა შეხვედრა უმაღლეს დონეზე ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით ზიანის შეჩერებისთვის აუცილებელი ერთიანი გლობალური ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით. გაეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ზიანის გამოსწორება და მდგომარეობის შეცვლა თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავატაროთ ტრანსფორმაციული ცვლილებები, რაც მოიცავს ტყის და მიწის განადგურების შეჩერებას და მათ რეაბილიტაციას, მდგრად სოფლის მეურნეობაზე გადასვლას, წყლის რენტაბელურ გამოყენებას, ცხოველური წარმოშობის საკვების, როგორებიცაა ხორცი და რძის პროდუქტები, გამოყენების შემცირებას და მცენარეული წარმოშობის საკვებზე გადასვლას, კლიმატის ცვლილების შეჩერებას და ბუნებრივი ეკოსისტემის დაცვასა და აღდგენას.

ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 10 მილიარდს მიაღწევს, რაც კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენს პლანეტაზე ისედაც შემცირებული რესურსების მდგომარეობას. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს თუ როგორ შეგვიძლია ავიცილოთ მოსალოდნელი კატასტროფა და რა ცვლილებების გატარება შეგვიძლია პიროვნულ, ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე იმისათვის, რომ აღვადგინოთ ბუნება და ბიომრავალფეროვნება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ისრაელს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ამ პროცესში საკუთარი გამოცდილებისა და ტექნოლოგიის გაზიარების გზით, რასაც, ერთი მხრივ, შეუძლია ზიანის შემცირება და ბიომრავალფეროვნების რეაბილიტაცია და, მეორე მხრივ, შეუძლია დაარეგულიროს კაცობრიობის მზარდი მოთხოვნა ნედლეულზე, საკვებზე, წყალსა და ენერგიაზე. მაგალითად, ისრაელში საკანალიზაციო წყლების 90% იწმინდება მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში მისი 80% ჩაედინება მდინარეებსა და ოკეანეებში, რაც გარემოს სერიოზულ დაბინძურებას იწვევს და უარყოფით გავლენას ახდენს ფლორასა და ფაუნაზე. ამის გამოყენება შესაძლებელია საფლის მეურნეობაში, დამშრალი მდინარეების გამოცოცხლებისა და ბუნებაში არსებული წყლის რესურსის ფართომასშტაბიანი გამოყენების თავიდან აცილების მიზნით. წყლის გაჟონვის შეჩერება, მისი კონსერვაცია, დემინერალიზაცია და მინერალიზებული წყლის სოფლის მეურნეობაში გამოყენება ძალიან ფართოდ არის გავრცელებული ისრაელში, რაც ხელს უწყობს დატბორილი, ჭაობიანი მიწის კონსერვაციას და სოფლის მეურნეობის მარცვლოვანი კულტურების ზრდას.

კიდევ ერთი სფერო, რომელშიც ისრაელს საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია არის სოფლის მეურნეობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებას და, იმავდროულად, ფართო მასშტაბით დაიცავს ღია და ბუნებრივ ტერიტორიებს მთელ მსოფლიოში. წვეთოვანი სარწყავი სისტემები, ზუსტი მიწათმოქმედება, დისტანციური სისტემების გამოყენება და სხვა ბევრი, რაც პრაქტიკულად უკვე გამოიყენება ისრაელში, შეიძლება წარმატებით იქნეს გამოყენებული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მსოფლიოს მოსახლეობის საკვებზე მუდმივად მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (MASHAV) უკვე სამი ათწლეულია აქტიურად მუშაობს საქართველოში და 1.500 ქალსა და მამაკაცზე მეტი დაატრენინგა სხვადასხვა სფეროში, ძირითადად განვითარებულ, გარემოზე ორიენტირებულ სასოფლო-სამეურნეო და სარწყავი მეთოდების გამოყენებაში.

გარდა ამისა, ისრაელი წამყვანი სახელმწიფოა ცხოველური პროტეინების შემცვლელების წარმოებაში, რასაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ზეწოლა ბუნებრივი სისტემებზე იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში სოფლის მეურნეობით დაკავებული მთლიანი ტერიტორიის 70% სწორედ ადამიანების მოხმარებისთვის გამიზნულ მესაქონლეობაზე მოდის. თუ ცხოველური პროტეინი შეიცვლება ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცით ან მაღალი ხარისხის მცენარეული პროტეინით, შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ტერიტორიების დიდი ნაწილის აღდგენა, შენელდება კლიმატის ცვლილების ტემპები და მილიარდობით ადამიანი უკეთ იქნება უზრუნველყოფილი საკვებით. ისრაელში უამრავი დამწყები კომპანია მუშაობს ამ სფეროში. ასევე, ფუნქციონირებენ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და მნიშვნელოვანი სახსრები იხარჯება საკვლევი პროექტების განხორციელებაზე.

კვლევები მიმდინარეობს განახლებადი ენერგიის სფეროშიც, ისეთი ტექნოლოგიების შემუშავებასა და ფართო გამოყენებაზე, როგორებიცაა ენერგოეფექტურობა, ენერგიის შენახვა, მისი კონტროლი და სხვა. ყველა მათგანი მნიშვნელოვანი და აუცილებელია კლიმატთან დაკავშირებული კრიზისის შედეგების შემსუბუქების მიზნით.

ჯერ კიდევ 2014 წელს, ისრაელი მიესალმა და მიულოცა საქართველოს მთავრობას ბიომრავალფეროვნების ამბიციური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება (2014-2020), რომელშიც ფორმულირებულია თანმიმდევრული პოლიტიკა და სახელმწიფოს პრიორიტეტები იმისათვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს 2030 წლისთვის დასახულ ეროვნულ ხედვას - „საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც მოქალაქეები იცხოვრებენ ბუნებასთან და საყოველთაოდ აღიარებულ ბიომრავალფეროვნების ფასეულობებთან ჰარმონიაში; სადაც კონსერვაცია და ბიოლოგიური რესურსების გონივრული გამოყენება უზრუნველყოფს ეკოსისტემაში მიმდინარე პროცესის განგრძობადობას, ჯანსაღ გარემოსა და უმნიშვნელოვანეს სარგებელს მთელი მოსახლეობისთვის“.

ისრაელმა, რომელიც ექსტრემალურ კლიმატურ პირობებს სახელმწიფოს დაარსებიდან 70 წლის მანძილზე უმკლავდებოდა, ტექნოლოგიების ფართო არჩევანი განავითარა, შეიძინა უზარმაზარი პოტენციალი და გამოცდილება, რაც შეიძლება დიდად წაადგეს მთელ მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების განადგურების ტემპის შემცირების და მისი რეაბილიტაციისა და განახლების კუთხით. ისრაელი მოხარული იქნება, გაუზიაროს ქვეყნებს საკუთარი გამოცდილება ამ სფეროში. ბუნება არ აღიარებს ადამიანების მიერ დადგენილ საზღვრებს და, შესაბამისად, ბიომრავალფეროვნების განადგურების პრობლემა კაცობრიობის პრობლემაა, რაც სრულფასოვან საერთაშორისო თანამშრომლობას მოითხოვს. ისრაელი მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში, რათა ყველას შეგვეძლოს კვლავაც დავინახოთ თუ როგორ მიაპობენ წყალს დელფინები, გავიგოთ წეროების ცაში ფრენის ხმა, გვცემდეს ველური ყვავილების სუნი მდელოებზე და ვიცხოვროთ უკეთეს და უფრო ჯანსაღ სამყაროში. ამაზე და კიდევ უამრავ საკითხზე ისრაელი მზად არის, შეუძლია და გამოთქვამს სურვილს, გვერდით დაუდგეს ჩვენს ქართველ პარტნიორებს.

ისრაელის ელჩი, რან გიდორი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს