ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები - საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით გადამწყვეტი საკითხები კვლავ გადაჭრას საჭიროებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი განცხადებას აქვეყნებენ, სადაც ისინი მოუწოდებენ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, აიღონ ვალდებულება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე.

აღნიშნული განცხადებით თანამომხსენებლები, ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურებიან რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით.

„ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიმართა ვენეციის კომისიას დასკვნისათვის აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამით შესაძლებელი იქნებოდა იმის უზრუნველყოფა, რომ კანონმდებლობის წინა ვერსიასთან მიმართებით ვენეციის კომისიის გამოთქმული რეკომენდაციები და პრობლემური საკითხები სრულად ყოფილიყო გათვალისწინებული. თუმცა, აღნიშნულ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის ახალი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ნათელია, რომ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, გამოვთქვათ წუხილი, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და კანონში ცვლილებები ისე მიიღო. მართალია, ვენეციის კომისიის წინა დასკვნიდან რამდენიმე რეკომენდაცია განხორციელდა, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც უპასუხოდ დარჩა მცირე, თუმცა არსებითი საკითხები. ეს განსაკუთრებით ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრებასა და საბჭოს წევრთა ხმებისა და სახელების გასაჯაროებას. აღნიშნულ გაუთვალისწინებელ რეკომენდაციათა განხორციელება აუცილებელია, რათა კანონმა სრულად უზრუნველყოს ადეკვატური საფუძვლის შექმნა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის მგრძნობიარე საკითხისათვის. ამდენად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, აიღონ ვალდებულება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე, ახალი პარლამენტის მოწვევისთანავე“,-ნათქვამია განცხადებაში.

მომხსენებლები აპირებენ ფაქტების შემსწავლელ ვიზიტს საქართველოში, მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, თუ ამის საშუალება იქნება სანიტარული მდგომარეობიდან გამომდინარე. მომხსენებლები ასევე იმედოვნებენ, რომ დააკვირდებიან არჩევნებს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა დელეგაციის ფარგლებში.

ინფორმაციას საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს