"სილქ როუდ ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს

"სილქ როუდ ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს. 6 ოქტომბერს, ტელეარხზე „ფორმულა“, გადაცემაში „ქალაქობანა“ გაშუქდა „ბათუმი რივიერას“ საკითხი, სადაც არაერთი ცილისწამება, უსაფუძვლო ბრალდება და მიზანმიმართული ტყუილი მოვისმინეთ როგორც ზოგიერთი რესპონდენტისგან, ასევე, რაც ყველაზე სამწუხაროა, საია-ს (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) წარმომადგენლისგან - გიორგი ანთაძისგან.

გადაცემის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ „კრიმინალია ჩადენილი ამ სივრცის გადაფორმებისას“. სინამდვილეში აღნიშნული ტერიტორია შევიძინეთ სრულიად კანონიერად ღია სახელმწიფო აუქციონზე. ზოგადად, ყველა ჩვენი ნაბიჯი ყველა ჩვენი პროექტის მიმართებაში სრულიად კანონიერია. სხვა რესპონდენტი ამბობს, რომ "სილქ როუდ ჯგუფის" მიერ დაქირავებულ იტალიურ საინჟინრო კომპანიას „კვლევა არ ჩაუტარებია და ის ეყრდნობა ზედაპირულ კვლევებს, რომელიც აქედან გაუგზავნეს“ და ამატებს - „ფაქტია, რომ გეოლოგიური კვლევა არ არსებობს“.

გვსურს განვმარტოთ, რომ ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო გამოცდილების საინჟირო გეოჰიდროლოგიური კომპანია Studio Colleselli & Partners, რომელთა წარმომადგენლები და ქვეკონტრაქტორები რამდენიმე თვის მანძილზე იკვლევდნენ ტერიტორიას და ზღვის ფსკერს, მათ სკრუპულოზური ანალიზის შედეგად წარმოადგინეს დასკვნა. ამას წინ უსწრებდა ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, სეისმური საშიშროების შეფასება და გეოტექნიკური ანალიზი, რომელიც შესრულდა შპს Tuski Geology Group -ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ. ყველა ეს დოკუმენტი არაერთხელ გავასაჯაროეთ (მათ შორის მივაწოდეთ ამ გადაცემის რესპონდენტებსაც). გადაცემაში სტუმრის სტატუსით მოწვეულმა საია-ს წარმომადგენელმა დასძინა, რომ პროექტის შეთანხმებისას „დარღვეულია თითქმის ყველა კანონი, რომელიც სამშენებლო საქმიანობას უკავშირდება“. გარდა ამისა, ის ამტკიცებს, რომ აღნიშნული პროექტი საჭიროებს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და სგშ-ს (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება). სწორედ ამ საკითხის გასარკვევად ერთდროულად მივმართეთ 2 სხვადასხვა მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიულ კომპანიას: LMG-ს, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს საქართველოში უძრავი ქონების საკითხებში და

გლობალურ იურიდიულ კომპანიას - "დენტონსს". ორივე კომპანიის დასკვნა ემთხვევა ერთმანეთს და არგუმენტების საფუძველზე ასკვნის, რომ ზემოაღნიშნული პროცედურის გავლა საჭირო არ იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენმა კომპანიამ აწარმოა იმაზე უფრო მასშტაბური კვლევები, ვიდრე გზშ და სგშ ითვალისწინებს, რადგან, პირველ რიგში "სილქ როუდ ჯგუფია" დაინტერესებული საკუთარი პროექტის უსაფრთხოებასა და კანონიერებაში. რაც შეეხება გადაცემის სტუმრის, საია-ს წარმომადგენლის, მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიის "დენტონსის" (რომელსაც 75-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა) კომპეტენტურობაში ეჭვის შეტანას, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხრიდან ეს სერიოზულ კომენტარებს არ საჭიროებს. გამოთქმულ ბრალდებებზე კი წერილის ბოლოს გთავაზობთ უშუალოდ იურიდიული კომპანიის „დენტონს საქართველო“ ოფიციალურ კომენტარს.

ამას გარდა, საია-ს წარმომადგენელმა დაგვაბრალა საპროექტო არეალის ხელოვნურად შემცირება, რომ ტერიტორია 10 ჰექტარზე ნაკლები ყოფილიყო, რადგანაც 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე აუცილებელია გზშ-ს ჩატარება. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდა: ჩვენი კუთვნილი ტერიტორიის 6 ჰექტარს და იჯარით აღებულ 1,2 ჰექტარს დავუმატეთ სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიის 2 ჰექტარიც იმ მიზნით, რომ ამ ტერიტორიაზე გაგვეშენებინა საჯარო პარკი ჩვენს მიერ დაფინანსებული მაღალი სტანდარტის ლანდშაფტის და დენდროლოგიური პროეტების მიხედვით. ამის შედეგად ბათუმი მიიღებს კიდევ ერთ პარკს: ტერიტორიას, რომელიც დაცული იქნება არანორმატიული განაშენიანებისგან და ამავე დროს ჩვენს საპროექტო ტერიტორიასთან ერთად შექმნის ჰარმონიულ არქიტექტურულ-ლანდშაფტურ კონტექსტს. ბათუმი რივიერას პროექტის სახით გვინდა ბათუმს შევძინოთ ერთი ლამაზი გამწვანებული უბანი, რომელიც თანამედროვე არქიტექტურული მიდგომების და მდგრადი განვითარების პრინციპების მიხედვით იქნა დაპროექტებული. პროექტის საზოგადოებრივი განხილვები ბევრჯერ მოვაწყვეთ (რაც სრულიად უპრეცედენტოა ბათუმისთვის) და სრულიად გამჭვირვალე ვიყავით და ვრჩებით საპროექტო დოკუმენტაციის თუ კვლევების გასაჯაროების მხრივ.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომპანია "სილქ როუდ ჯგუფი" ყველა თავის პროექტში აუცილებლად ითვალისწინებს ბუნებრივი და არქიტექტურული გარემოს კონტექსტს და დიდძალ თანხებს ხარჯავს საპროექტო სამუშაოებში და ყველა საჭირო კვლევაში, რომელსაც მისი დაკვეთით მხოლოდ უმაღლესი კლასის საერთაშორისო რეპუტაციის მქონე პროფესიონალები ატარებენ. ყველა ჩვენი პროექტი, იქნება ეს თბილისში, ბათუმში თუ კახეთში, გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურით და გარემოსთან ჰარმონიული შერწყმით, ზუსტად ამიტომ მათ მრავალი საერთაშორისო ჯილდო აქვთ მიღებული.

"სილქ როუდ ჯგუფი" არის მსხვილი ინვესტორი, რომლის საინვესტიციო პოლიტიკის განმსაზღვრელი პრინციპია საზოგადოებრივი სიკეთე და გრძელვადიან პერსპექტივაზე დაფუძნებული მდგრადი ინვესტიცია. ზუსტად ეს მიდგომა გამოარჩევს ჩვენს პროექტებს. ბათუმში ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც, ჩვენი აზრით, ნამდვილად ავნო ბათუმის იერსახეს. თუმცა ის ჯგუფები, რომლებიც ჩვენი პროექტის შესახებ მიზანმიმართულ ტყუილებს ავრცელებენ, არ გვინახავს მაშინ ასეთ აქტიურ პოზიციაში. ეს მათ სინდისზე იყოს. თუმცა სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის საიაც, შეცდომაში შეიყვანეს. ზოგადად აშკარაა, რომ საჭიროა კეთილსინდისიერი ინვესტორის დაცვა უსამართლო შეტევებისგან და ჩვენის ღრმა რწმენით, საია ზუსტად ის ორგანიზაციაა, რომელიც, წესით, საინვესტიციო კლიმატის გაჯანსაღების საქმითაც უნდა დაკავდეს, რაც მთელი საზოგადოების ინტერესშია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

„დენტონს საქართველოს“ კომენტარი „ბათუმი რივიერას“ პროექტთან დაკავშირებით

შპს "ბათუმი რივიერას" თხოვნით 2019 წლის აპრილში გავეცით დასკვნა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხზე, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების საჭიროების შესახებ.

6 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) წარმომადგენელმა, გიორგი ანთაძემ, ეჭვი შეიტანა ჩვენს მიერ შპს „ბათუმი რივიერასთვის“ მომზადებული დასკვნის სისწორეში. ჩვენ გავეცანით საია-ს მიერ გახმოვანებულ არგუმენტებს და მხარეთა მიერ დამატებით წარდგენილ დოკუმენტებს. კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, მისი მოცულობისა და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ბათუმი რივიერას მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტი არ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ხოლო პროექტთან დაკავშირებული განაშენიანების რეგულირების გეგმა არ ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. კერძოდ, საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება ამავე კოდექსის I დანართით გათვალისწინებული საქმიანობები, ხოლო ამავე კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობები ექვემდებარება სკრინინგის პროცედურას. სკრინინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების საჭიროებას.

ვინაიდან პროექტი არ ექცევა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებულ საქმიანობების ჩამონათვალში, მისი განხორციელება არც გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და არც სკრინინგის პროცედურას არ ექვემდებარება, რაც ასევე დაადასტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარება სავალდებულოა მხოლოდ იმ სტრატეგიული დოკუმენტებისთვის, რომლითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო აღნიშნული კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებულ საქმიანობებისთვის და განსაზღვრულ სექტორებში, ან თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით. ვინაიდან შესაბამისი დოკუმენტი არ აკმაყოფილებდა ზემოხსენებული ორი კრიტერიუმიდან რომელიმეს, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების ვალდებულება არ არსებობდა.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა