„ლელო საქართველოსთვის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ ამომრჩევლებთან კომუნიკაციის ახალი პროექტი - „შენ პარლამენტში" წარმოადგინა.
კობერიძის განმარტებით, ეს არის პოლიტიკის მართვის სახალხო პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს 103 420 ამომრჩეველს ვაკის ოლქში, მასთან ერთად ჩაერთოს პოლიტიკის მართვაში და დააფიქსიროს საკუთარი აზრი პარლამენტში.
„მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი, როგორც ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ახალი პროექტი - ,,შენ პარლამენტში". ეს არის პოლიტიკის მართვის სახალხო პლატფორმა, რომელიც მისცემს საშუალებას 103 420 ამომრჩევლიდან თითოეულ მათგანს ვაკის ოლქში, რომ იყოს ჩართული ჩემთან ერთად პოლიტიკის მართვაში. ამიტომ, მე გავაკეთე პლატფორმა რომელიც თითოეულ მათგანს მისცემს შესაძლებლობას ჩემთან იყოს პარლამენტში და პრაქტიკულად ჩემთან ერთად გახდეს პარლამენტარი.
შევქმენით ვებსაიტი „shenparlamentshi.ge“ რომელიც უკვე მუშაობს, ეს არის საიტი, რომელსაც დაემატება მობილური აპლიკაციაც და სადაც არ უნდა იყოს ჩემი ამომრჩეველი მას შეეძლება შემოვიდეს ამ საიტზე, რომელიც უკვე მოქმედებს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია სხვადასხვა კანონპროექტებთან მიმართებაში, ეს არის თანამედროვე, ევროპული და ცივილიზებული კულტურა იმისა, თუ როგორ შეუძლია ხალხს პოლიტიკოსთან ერთად მართოს პოლიტიკა. ნებისმიერი კანონპროექტი, რომელიც გამოვა პარლამენტში ჩემს საიტზე იქნება გამოტანილი რამდენიმე კვირით ადრე, სადაც გაიმართება მსჯელობა და ხმის მიცემა. მე მეცოდინება, როგორ ფიქრობს ჩემი ამომრჩეველი ჩემთან ერთად ამ კანონპროექტზე“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში არსებულ პოლიტიკას ყველაზე მეტად სახალხო ჩართულობა აკლია და ამ პროექტით, ყველა პოლიტიკოსი საკუთარი ამომრჩეველს ქვეყანაში პოლიტიკის კეთების მონაწილეს გახდის.