ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2020

“100 ტერორისტი მზადაა ამ ღამითვე გადაკვეთოს საქართველო-რუსეთის საზღვარი” - რუსეთი ახალ პროვოკაციას გეგმავს

„ჩვენ ველოდით, რომ ასე მოხდებოდა“ - საქართველოში კორონავირუსის მასობრივი უკონტროლო გავრცელება იწყება

ზამთრის ტურიზმი აქედანვე განწირულია, ობიექტების 85% გაზაფხულამდე ვერ მიატანს

* * *

“100 ტერორისტი მზადაა ამ ღამითვე გადაკვეთოს საქართველო-რუსეთის საზღვარი” - რუსეთი ახალ პროვოკაციას გეგმავს

“რუსეთი ნაცადი ხერხით და სცენარით ისევ ცდილობს საქართველო ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემასა და მათთვის რუსეთისკენ გზის გახსნაში დაადანაშაულოს. რუსული მედიით გავრცელებული “ჯერჯერობით ოფიციალურად დაუდასტურებელი” ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ამჟამად 100-მდე ისლამისტი მებრძოლი იმყოფება, რომლებიც მცირე ჯგუფებად რუსეთის ტერიტორიაზე გეგმავენ გადასვლას. ქართველ ექსპერტთა შეფასებით, ეს მორიგი დეზინფორმაციაა, რომლითაც შესაძლოა ოფიციალური მოსკოვი რაღაცის საფუძველს ამზადებდეს. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ყარაბაღში მიმდინარე ომისა და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლის ფონზე, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, შეირაღებული კონფლიქტის მასშტაბები მკვეთრად გაიზრდება და რეგიონში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება. ცნობები საქართველოს ტერიტორიაზე 100-მდე შეიარაღებული ბოევიკის ყოფნის შესახებ რუსულმა “ევრაზია დეილიმ” გაავრცელა “რუსეთის ხალხთა ასამბლეის” საზოგადოებრივი დიპლომატიის კომიტეტის თავმჯდომარე არკადი ტუმასოვზე დაყრდნობით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “100 ტერორისტი მზადაა ამ ღამითვე გადაკვეთოს საქართველო-რუსეთის საზღვარი” - საქართველოს წინააღმდეგ ახალ პროვოკაცია მზადდება.

“რუსული სააგენტო აქვე მიუთითებს, რომ ეს ინფორმაცია “ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის”. “ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით ასი ბოევიკი იარაღითა და სრული აღჭურვილობით მზადაა, რომ თუნდაც ამ ღამით რუსეთში საქართველოდან, კერძოდ პანკისის ხეობიდან გადავიდეს”, - აცხადებს ტუმასოვი. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია “სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი სახელმწიფოს სპეცსამსახურების წარმომადგენლისაგან” მიიღო. ტუმასოვის თქმით, ბოევიკები რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ჩეჩნეთში მცირე ჯგუფებად აპირებენ გადასვლას. საქართველოში ჩამოსვლამდე კი მათი ნაწილი აზერბაიჯანში, კერძოდ კი სუმგაითსა და ნახჭევანში იმყოფებოდა. “მათ შორის ბევრი ტერორისტია, რომლებმაც სირიის ომი გამოიარეს. მაგრამ ასევე არიან ჩრდილოკავკასიელებიც. მათი გადასროლის მიზანია დესტაბილიზაცია ჩრდილოეთ კავკასიაში”, - აღნიშნა ტუმასოვმა. თავის მხრივ “ევრაზია დეილი” მიანიშნებს, რომ შესაძლოა ამ ჯგუფის ნაწილი უკვე რუსეთის ტერიტორიაზე. სააგენტო იხსენებს 13 ოქტომბერს გროზნოში მომხდარ შეტაკებას, რომლის დროსაც, ოფიციალური ინფორმაციით, ადგილობრივმა სპეცრაზმმა 4 ბოევიკი გაანადგურა. მაშინ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ისინი “უცხოეთიდან მოხვდნენ ჩეჩნეთში”, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელი ქვეყნიდან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ პანკისში მსგავსი არაფერი ხდება და 100 შეიარაღებული ტერორისტის დამალვა ხეობაში ასე ადვილი არ არის. მით უმეტეს პანკისის ხეობაში ჩვენი უწყებები საკმაოდ ფხიზლად არიან და ასე მარტივი არ არის შეიარაღებული ჯგუფის გადაადგილება. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან წამოსული მორიგი ფეიკ-ინფორმაცია, რომელიც რეგიონში სიტუაციის დაძაბვას, ან რაიმე კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ამ ინფორმაციას კრემლი იმისთვის ამზადებს, რომ შექმნას განცდა, თითქოს საქართველოში არც ისეთი სიწყნარე და სიმშვიდია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს; რომ საქართველოში ტერორისტები ვითომ თავისუფლად გადაადგილდებიან და ასევე ჩვენი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართევა უნდათ. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს ინფორმაცია ასევე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ემსახურებოდეს, რუსეთი ყოველი არჩევნების დროს ცდილობს, რომ მსოფლიოს შეატყობინოს, თითქოს საქართველოში მდგომარეობა რთულია. საკუთარ საზღვრებს ვერ ვაკონტროლებთ და აგერ პანკისში 100-მდე შეიარაღებული ტერორისტი ისე დასეირნობს, რომ მათი მომკითხი კაცი არაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთს რეგულარულად სჭირდება, რომ რეგიონში მუდმივად სიტუაცია დაძაბული იყოს. მით უმეტეს საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს, როგორც ჩანს, რუსეთის უშიშროების სამსახურში რაღაც დანაყოფი, რომელსაც კალენდარი აქვს და ამის მიხედვით ჩვენი ქვეყნის რეგიონებში კონკრეტული სცენარით სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ. ერთ დღეს მავთულხლართებს გაგვიბავენ და ჩვენს რეაქციას გამოცდიან, მეორე დღეს აგერ მარნეულში ჩვენსავე მოქალაქეებში რაღაცა დეზინფორმაციას ჩააგდებენ და მათ სახელმწიფოს წინააღმდეგ განაწყობენ. ასევე აქვთ პანკისთან დაკავშირებით რეგულარული მცდელობები, რომ სიტუაცია დაძაბონ. მით უმეტეს ყარაბაღის ომის ფონზე ვერ ისვენებენ, რომ საქართველო რაღაც ფორმით ჩართული არ იყოს. ამიტომაც ამ ფეიკნიუსით ცდილობენ, რომ ჩირქი მოგვცხონ. ვიღაცაზე ეს ინფორმაცია მუშაობს. გარეჯის თემიდან გამომდინარე, სადაც რუსული სპეცამსახურების კვალი კარგად იკითხება, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ახლა სიტუაციის დაძაბვა პანკისის მიმართულებით უნდათ. ეს შესაძლოა წინასაარჩევნოდ ქვეყანაში საზოგადოების დაზაფვრას ემსახურებოდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“კრემლი მსგავს ინფორმაციას ყოველთვის რაღაცისთვის ნიადაგის მოსამზადებლად ავრცელებს. ამიტომაც მაქსიმალური სიფრთხილე გვჭირდება და ყველა მიმართულებით გაასმაგებული ყურადღებაა საჭირო”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. კავკასიოლოგი გიორგი კანაშვილი კი ფიქრობს, რომ რუსული მედიით გავრცელებული ფეიკნიუსები ყოველთვის გარკვეულ მიზანს ემსახურება. თუმცა, ეს შესაძლოა შიდა მოხმარებისთვისაც იყოს განკუთვნილი. მისივე აზრით, ეს მხოლოდ ისეთ დილეტანტებზეა გათვლილი, რომლებიც არც რეგიონს და არც სიტუაციას არ იცნობენ. 100-მდე შეიარაღებული ტერორისტი კი საქართველოს შუაგულში ასე ღიად ვერ გადაადგილდება და ეს ინფორმაცია აბსურდია. ახლო აღმოსავლეთის საკითხების სპეციალისტი ზურაბ ბატიაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა. მისი თქმით, თუკი მსგავსი ინფორმაცია რუსულ მედიაში კიდევ გამოჩნდა და მას უფრო რეგულარული სახე მიეცემა, მაშინ გარკვეულ საფრთხეს უნდა ველოდოთ და ვივარაუდოთ, რომ ამ ინფორმაციას კონკრეტული მიზნისთვის იყენებენ”, - დასძენს გამოცემა.

“ეს ინფორმაცია კრემლის მხრიდან ჩვეულებრივი პროპაგანდის ნაწილია, რომელიც მუდმივად ამ ხეობის და საქართველოს გაშავებას ემსახურება. უნდათ შექმნან შთაბეჭდილება, რომ თითქოს ყარაბაღის ომის ფონზე საქართველო როგორ მიშვიდადაც გამოიყურება, სიტუაცია მთლად ასე არ არის და ტერორისტების თავშესაფარია. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან რაიმე მყისიერ ქმედებებს უნდა ველოდოთ. ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ომი და ასპროცენტიანად ისიც არ არის დამტკიცებული, რომ აზერბაიჯანის მხარეს სხვა დაქირავებული ტერორისტები და მებრძოლები იბრძოდნენ. გარდა ამისა, სრულიად გაუგებარია იქიდან საქართველოს ტერიტორიაზე რატომ უნდა მოხვედრილიყვნენ. ეს არის არასერიოზული ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ საკითხის არმცოდნე ადამიანების დაეჭვებას ემსახურება. ამ თემიდან რაიმე სერიოზული საფრთხის მოლოდნი არა მაქვს, რადგანაც ძალიან არასერიოზულია”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კანაშვილი.

“შესაძლოა რუსეთი ცდილობს, რომ ყარაბაღის პარალელურად პანკისი ახალი დაძაბულობის კერად აქციოს. კრემლს ახასიათებს, რომ პროვოკაციული ინფორმაციები მოიგონოს და შემდეგ გაავრცელოს, რათა საქართველო ტერორისტების თავშესაფრად გამოაცხადოს. ამიტომაც მათი მხრიდან ყველაფერი მოსალოდნელია და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ რაიმე სახის პროვოკაციას ამზადებდნენ. პანკისთან მიმართებაში ერთი და იმავე სცენარს მუდმივად იყენებენ და ამ ინფორმაციის გავრცელება მოულოდნელი და ახალი არ არის. აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ მედიაში მისი გავრცელების რა მასშტაბები იქნება. თუკი ამან სისტემატიური სახე მიიღო და კიდევ განმეორდა, მაშინ რაღაცისთვის ნიადაგს ამზადებენ; თუ ეს მხოლოდ ერთჯერადი ინფორმაციაა, მაშინ რაღაც გარკვეულ აუდიტორიაზეა გათვლილი და სხვა დატვირთვა ექნება”, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ზურაბ ბატიაშვილი.

„ჩვენ ველოდით, რომ ასე მოხდებოდა“ - საქართველოში კორონავირუსის მასობრივი უკონტროლო გავრცელება იწყება

“უკონტროლო გადაცემის საშიშროება უკვე არსებობს. ეს რიცხვი შეიძლება უფრო მეტად გაიზარდოს და ამისთვის საჭიროა ყველამ დაიცვას არსებული რეგულაციები”, - არის თუ არა საგანგაშო კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა, საიდანაც 297 თბილისში დაფიქსირდა, ამ საკითხზე “რეზონანსს” ინფექციონისტი მარინა ენდელაძე ესაუბრა. მისი თქმით, ვირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა მოსალოდნელი იყო და სერიოზული განგაშის საფუძველი არ არსებობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით „ჩვენ ველოდით, რომ ასე მოხდებოდა“ - საქართველოში კორონავირუსის მასობრივი უკონტროლო გავრცელება იწყება.

“ვირუსის მომატებას ჩვენ ველოდებოდით. სერიოზული განგაშის საფუძველი არ არის, მაგრამ ძალიან საყურადღებოა. დღევანდელი მდგომარეობით უკვე თბილისია საშიში ზონა, რაც მოსახლეობის სიმჭიდროვისა და საზოგადოებრივი ღონისძიებების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო”, - აცხადებს ენდელაძე. “რეზონანსის” კითხვას, თუ რატომ აღარ აცხადებენ დაინფიცირებულთა წყაროებს - თუ ვინ რომელი კლასტერიდაა და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ვირუსის უკონტროლო გადაცემა დაიწყო, ენდელაძე გვპასუხობს, რომ არის შემთხვევები, სადაც წყაროები ცნობილი არაა, რადგან წყაროს მოძიება რთული პროცესია. ეს კი ნიშნავს, რომ ვირუსის მასობრივი უკონტროლო გავრცელება იწყება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არ ვამბობ იმიტომ, რომ ცოტა რთული დასადგენია. არის შემთხვევები, სადაც წყაროები არაა ცნობილი. ცხელებიანი პაციენტები უკვე ძალიან ბევრია. შესაბამისად, მე ინფიცირების წყაროებზე არ ვფლობ ინფორმაციას, რასაც მაწვდიან იმას ვაჟღერებ. უკონტროლო გადაცემის საშიშროება უკვე არსებობს. ეს რიცხვი შეიძლება უფრო მეტად გაიზარდოს და ამისთვის საჭიროა ყველამ დაიცვას არსებული რეგულაციები. პირველ რიგში პირბადის სწორი გამოყენება, ხელების დაბანა, ჰიგიენა და ა.შ. ცხოვრების წესი უნდა გახდეს პირბადით სიარული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, სუპერმარკეტებში და ყველგან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინა ენდელაძე.

ზამთრის ტურიზმი აქედანვე განწირულია, ობიექტების 85% გაზაფხულამდე ვერ მიატანს

“კორონავირუსის პანდემიამ ქართული ტურიზმი მთლიანად ჩაძირა. ქვეყანაში საზღვრების ჩაკეტვამ, სექტორი იმდენად დააზარალა, რომ მის აღდგენაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. მის ანაზღაურებას წლები და საკმაოდ დიდი რესურსი დასჭირდება. გარდა ამისა, უამრავი ობიექტი გაკოტრების პირასაა და შეიძლება მომავალ გაზაფხულამდე ვერც მიატანოს. ზაფხულის კურორტებმა დიდი ზარალი მიიღო, რადგან სექტორი მხოლოდ აგილრობვრივ ტურისტებზე იყო დამოკიდებული, რომელთა რაოდენობა მცირე იყო. დიდი იმედები არ მყარდება არც ზამთრის ტურიზმზე. მეტიც, სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ტურიზმის სექტორში არსებულ მძიმე მდგომარეობას, თეთრი ტურიზმი ვერ გამოსწორებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზამთრის ტურიზმი აქედანვე განწირულია, ობიექტების 85% გაზაფხულამდე ვერ მიატანს / “ახლა მასობრივად რაც კი გაიხსნება, იგივე დაემართება, რაც ბათუმს”.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოს სულ 50 499 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93.6%-ით ნაკლებია. სექტემბერში ყველაზე მეტი - 18 540 ვიზიტორი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, წლიურ ჭრილში კი, თურქი ვიზიტორების რაოდენობა 80%-ით არის შემცირებული. მძიმე ვითარებაშია ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული სფეროებიც. საზღვრების ჩაკეტვის გამო მიღებული ზარალი მათზეც აისახა. ყველა დარგი შეღავათების მოლოდინშია. სარესტორნო ბიზნესი მთავრობას დამატებით საგადასახადო შეღავათს სთხოვს. ოფიციალური მიმართვა რესტორატორთა ასოციაციამ რამდენჯერმე გააგზავნა, თუმცა როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რეალური რეაგირება მათ არც ერთ მიმართვას არ მოჰყოლია. დაყადაღებული ქონება, გაუსტუმრებელი საბანკო ვალდებულებები, იჯარა და კომუნალური გადასახადები - ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც, როგორც კოტე გაბრიჩიძე ამბობს, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი აღმოჩნდა. ბარ-რესტორნების დიდი ნაწილი დროებით, ზოგი კი, სამუდამოდ დაიხურა. მათი გათვლებით, მომავალი წლის მაისამდე ქვეყანაში რეგისტრირებული 10 ათასზე მეტი ობიექტიდან მხოლოდ 10-15% მიაღწევს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როდესაც უმუშევარია, ფაქტობრივად, 100 000 ადამიანი და მუშაობს მხოლოდ 1000, ამ ვითარებაში საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათები არაფერს ნიშნავს. სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ყოფილიყო დათმობები დღგ-ის გადახდის ნაწილში”, - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე. რესტორატორებისთვის საგადასახადო ტვირთთან ერთად მთავარი გამოწვევა საბანკო ვალდებულებებია. როგორც ისინი ამბობენ, რეალური მხარდაჭერა მთავრობისგან სწორედ ბანკებთან შუამდგომლობისთვის სჭირდებათ. მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ სასესხო ვალდებულებებზე გაკეთებულიყო კიდევ 6-თვიანი შეღავათი, რადგან ყველაზე დაზარალებული დარგი ვართ. ბანკებმა მოიმარჯვეს ნაჯახი, ხდება დატერორება - დაგაყადაღებთ, ამას გიზამთ, იმას გიზამთ, ქონებებს წავიღებთ, 6 თვე გავიდა და გეყოთო. რეალურად ასე მსოფლიოში არ ხდება, ჩვენ თუ დავზარალდებით, წავიყოლებთ უამრავ თანმდევ ბიზნესებს”, - განაცხადა გაბრიჩიძემ. ქვეყნის ერთ-ერთი შემოსავლიანი სექტორი მძიმე ვითარებაშია - სიტუაცია იმდენად რთულადაა, რომ მის აღდგენას წლებიც კი დასჭრიდება. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია ამბობს, რომ დღესდღეობით პრობლემის მცირედით გამოსწორების შესაძლებლობაც კი არ არის” - დასძენს გამოცემა.

“მძიმე სიტუაციაა ყველგან, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც ტურიზმი მასშტაბურად არის შემცირებული, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, მათ აქვთ მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა, რაც პრობლემის დაძლევაში ეხმარება. ჩვენ კიდევ მთელი ეკონომიკა ტურიმზე გვქონდა მიბმული, შესაბამისად, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ვითარების გამოსწორებას პირი არც ზამთარში უჩანს, ამიტომ კვლავ ასეთი არასახარბიელო სტატისტიკა გვექნება. შემოსავლების კლების მხრივ არის განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია, დიდ ზარალზე გავდივართ. ჯერ კიდევ აგვისტოს მდგომარეობით, 1,8 მილიარდ დოლარამდე იყო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შემცირებული, რაც ეკონომიკისთვის სერიოზული დანაკარგია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა კვარაცხელია.

“ახლა ყველანაირი იმედი ზამთრის სეზონზე მყარდება, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეიქმნება შემოდგომის ბოლოს. ტურიზმის სფეროს სპეციალისტის მარინა მეტრეველის განცხადებით, რთულია პროგნოზის გაკეთება, მით უფრო, რომ დამაიმედებელი ვითარება სულაც არ არის. “შიდა ტურიზმმა არაფერი არ მოგვცა, პირიქით, კორონავირუსი გაავრცელა. სამუშაო ადგილები რაც იყო, დიდ ნაწილს ტურიზმი უკეთებდა გენერირებას სხვადასხვა სფეროში. ახლა ან უნდა შემოვიდეს ინვესტიცია, რომელიც მაქსიმალურად ამოასუნთქებს ხალხს, რადგან ამ ინვესტიციამ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები ანდა უნდა გახსნან ცა და შემოვიდნენ ტურისტები. ზამთრის ტურიზმი კი არა, რაც გინდა ამუშავდეს იგივე მოხდება, რაც დაემართა ზაფხულში ბათუმს. თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, 90% არის იმის პროგნოზი, რომ ამ ზამთარს უკეთესობა არ გვექნება. ძალიან მძიმე ვითარება იქნება. ზამთრის სეზონზე შესაძლოა, კურორტებზე ცხელი წერტილები გაჩნდეს, როგორც ბათუმში. ტურიზმმა ოდნავ სუნთქვა, რომ დაიწყოს აუცილებელია გაიხსნას ცა და ქვეყანამ შემოუშვას უცხოელი ტურისტები”, - მიიჩნევს მარინა მეტრეველი, რომლის თქმით, “შიდა ტურიზმით ვწვალობთ და არაფერი გამოდის”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა