ნიკოლოზ ვაშაკიძე - ივერი მელაშვილი საქართველოს ინტერესებს ისე მტკიცედ იცავდა, რომ ერთი-ორჯერ აზერბაიჯანმა ქართული მხარისგან მისი კომისიიდან დათხოვნა მოითხოვა

ივერი მელაშვილი საქართველოს ინტერესებს ყოველთვის ისე მტკიცედ იცავდა, რომ ერთი-ორჯერ აზერბაიჯანულმა მხარემ ქართული მხარისგან მისი კომისიიდან დათხოვნა მოითხოვა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვაშაკიძის ინფორმაციით, მელაშვილი “საკითხებში დეტალური, სკრუპულოზური წვდომით მძიმე მდგომარეობაში აყენებდა როგორც აზერბაიჯანულ მხარეს, ასევე თავის ხელმძღვანელობას და არავის აძლევდა საშუალებას, რომ რაიმე დეტალი გამორჩენოდა“.

“ნიშანდობლივია, რომ სამშობლოს ღალატის ბრალდება წაუყენეს ექსპერტებს - ტექნიკური დონის გადაწყვეტილებების მიმღებებს და მათ სთხოვენ პასუხს იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც პოლიტიკურ დონეზე იქნა მიღებული. პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკაც ძალიან არაპროფესიონალურ და სამარცხვონო დონეზე ხდება. აშკარად იგრძნობა, საქმე გვაქვს მართლა გულწრფელ და ნორმალურ გამოძიებასთან თუ დაკვეთასთან. ამოგლეჯილია რაღაც მომენტი, რის გარშემოც სურთ ააგონ ყველაფერი და მილიონი ნიუანსი, როცა ერთი მეორეს განაპირობებს, არც კი იხილება. ძალიან ხშირად სასურველი და შესაძლებელი ერთმანეთში ერევათ. როცა რაღაც უკეთეს რუკას იპოვიან, რომელიც რაღაც დეტალსა და მონაკვეთში ინტერესს აკმაყოფილებს, უნდა დაფიქრდნენ, პოლიტიკურად და იურიდიულად რამდენად შესაძლებელი იყო მისი გამოყენება და რამდენად ასახავს ის საქართველოს ინტერესებს საზღვრის დანარჩენ მონაკვეთში. როცა საუბარია იმაზე, რომ საქართველომ სახელმძღვანელოდ 200 000-იანი მასშტაბის რუკა უნდა აიღოს და როცა მხოლოდ გარეჯის მონაკვეთს უყურებ, ვინმემ დასვა კითხვა - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი დაახლოებით 600 კილომეტრია, რაც დელიმიტაციას მოითხოვს, დანარჩენი ასეულობით კილომეტრ ნაწილში აღნიშნული რუკა საქართველოსთვის სასარგებლოა?! მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ჩვენთვის ეს რუკა მთლად კარგი და მომგებიანი, საზღვრის მთელი პერიმეტრის თვალსაზრისით, არ არის. ყველა შესაძლო პლუსის, მინუსის, სასურველის გათვალისწინებით მიღებულ იქნა ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ საფუძვლად 500 000-იანი მასშტაბის რუკა აეღოთ, რასაც 1996 წელს მოეწერა ხელი. მართალია, ეს რუკა ზუსტად გარეჯის მონაკვეთში ქართულ მხრეს პრობლემას უქმნიდა, მაგრამ გადაწყვეტილი იყო, რომ საკითხი ტერიტორიის მონაცველობის გზით გადაწყვეტილიყო. სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდა მუშაობა“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის შეფასებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი, მათ შორის დავით გარეჯის საკითხი, “ვაი პატრიოტების მუშაობის შედეგად, კიდევ უფრო გართულდა“.

მისივე თქმით, საკითხი ასევე მკვეთრად გაამწვავა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “თავისი არაპროფესიონალური ჩარევით“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა