ალექსანდრე თვალჭრელიძე - დელიმიტაციის დროს რუკებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს და ყველაფერი კეთილ ნებასა და მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების თემაზე სასაუბროდ დაგიკავშირდით, ჩვენ საუბრის დაწყება კორონავირუსის გავრცელების შემაშფოთებელ სტატისტიკაზე მოგვიწევს, ვინაიდან ამ თვალსაზრისით რომ მართლაც შემაშფოთებელი სტატისტიკა გვაქვს, ფაქტია.

ვხედავთ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღამ რიგი ქვეყნები უკვე მოიცვა. ამ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს რომ აშკარად უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა პანდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე და შემდეგაც, ეგეც ფაქტია.

თუ აქამდე ხელისუფლება თავს იმით იწონებდა, რომ პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში მას საკმაოდ კარგი მენეჯმენტი ჰქონდა, ახლა რაც ხდება, ამის თქმა, სულ მეტად ჭირს. თუ ასე გაგრძელდა აშკარაა, რომ პრემიერ გახარიას რეიტინგი პანდემიამ როგორც გაზარდა, ისევე წარმატებით შეიძლება გაანულოს.

თქვენ როგორ შეაფასებდით კორონავირუსის შემთხვევების ზრდას და პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას?

- მე ამ თემას პროფესიულად ვსწავლობ და საერთაშორისო ჟურნალებში ჩემი ნოველური სტატიებიც იბეჭდება. საქმე შემდეგშია: პანდემია მკვეთრად ორ პერიოდად შეიძლება დაიყოს - 21 იანვარი (როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიო პანდემია ოფისიალურად გამოაცხადა) - 20 აპრილი და 20 აპრილის შემდეგ.

ორივე პერიოდისთვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელთა ჩამოთვლასაც მე ეხლა არ შევუდგები.

პირველ პერიოდში ვირუსი მაღალი ვირულენტულობით ხასიათდებოდა და უცნობი იყო, მისი მკურნალობის პროტოკოლები არ იყო შემუშავებული, რის გამოც ძალიან მაღალი იყო სიკვდილიანობა, რომელმაც 20 აპრილისთვის საშუალოდ მსოფლიოში ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა 9,83% შეადგინა.

ამ პერიოდში პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში შემოღებულ იქნა მკაცრი შეზღუდვები და გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, გაჩერდა საერთაშორისო ფრენები, ბიზნესი და სამეწარმეო საქმიანობა. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ნავთობზე და სხვა ნედლეულზე ფასების მკვეთრი ვარდნა, რომელთაც ინფიცირებულთა საერთო ოდენობა განაპირობებდა - რაც უფრო მეტი ინფიცირებული იყო მსოფლიოში, მით უფრო დაბალი იყო ნავთობისა და სხვა ნედლეულის ფასი.

20 აპრილიდან იწყება სიკვდილიანობის შემცირება, რომელმაც 28 სექტემბრისთვის კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა 1,87% შეადგინა, კლებულობს ვირუსის ვირულენტულობა, გროვდება სამედიცინო გამოცდილება და მუშავდება მკურნალობის პროტოკოლები, იწყება ვაქცინაზე მუშაობა, თანდათან იხსნება ქვეყნები.

ამ პერიოდისთვის ნავთობისა და სხვა ნედლეულის ფასი დამოკიდებულია სიკვდილიანობაზე - რაც უფრო მცირეა სიკვდილიანობა, მით უფრო მაღალია ნედლეულის ფასი. მიუხედავად იმისა, რომ რიგ ქვეყნებში, მაგალითად საფრანგეთში, 17 ოქტომბრიდან დიდ ქალაქებში შემოდის კომენდანტის საათი, ბიზნესი და სამეწარმეო საქმიანობა აღარ ჩერდება, ღიაა რესტორნები და კაფეები და ა.შ.

საქართველო, რასაკვირველია, მოუმზადებელი იყო პანდემიისთვის: არ არსებობდა PÜÙ ტესტები, ექიმებმა არ იცოდნენ, როგორ გამკვლავებოდნენ ავადმყოფობას. მადლობა ღმერთს, რომ გქონდა ლუგარის ლაბორატორია დ გვყავდა სპეციალისტთა კოჰორტა სამი მუშკეტერის - ამირან გამყრელიძის, თენგის ცერცვაძისა და პაატა იმნაძის თაოსნობით.

მთავრობა უჯერებდა ექიმებს და რამდენიმე თვეში წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია - მოხდა საავადმყოფოების მობილიზაცია, გაიზარდა იმ ლაბორატორიათა რიცხვი, სადაც ტესტები ტარდება, მოხერხდა პირბადეებისა და სადიზენფექციო ხსნარების ადგილობრივი წარმოება, შემოტანილ იქნა ტესტები, წამლები და სამედიცინო აღჭურვილობა.

მთავრობის უხისტესმა ზომებმა ჩვენ სამედიცინო სექტორს 4 თვის ამოსუნთქვის საშუალება მისცა, რის გამოც ქართული გამოცდილება საფუძვლიანად წარმატებულად ითვლება. გახსოვთ, ალბათ, რა ხდებოდა ამ პერიოდში იტალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, აშშ-ში, რაღა შორს წავიდეთ - სომხეთში.

მთავრობის უხისტესმა ზომებმა ჩვენ სამედიცინო სექტორს 4 თვის ამოსუნთქვის საშუალება მისცა, რის გამოც ქართული გამოცდილება საფუძვლიანად წარმატებულად ითვლება. გახსოვთ, ალბათ, რა ხდებოდა ამ პერიოდში იტალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, აშშ-ში, რაღა შორს წავიდეთ - სომხეთში

დღეისთვის დაგროვდა უზარმაზარი გამოცდილება და სტატისტიკური მასალა, რომელიც ყოველდღიურად ლუგარის ლაბორატორიაში მუშავდება, უსწრაფესად მოხდა ექიმთა ტრეინინგი, მომზადდა ბიქსირებული პალატები, რეანიმაციული განხოფილებები. დღეს ჩვენ სამ მუშკეტერს თავისუფლად შეუძლიათ მართონ პანდემია. მიუხედავად მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, სიკვდილიანობა 1%-ზე ნაკლებია.

არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო პატარა, სუსტი ეკონომიკის ქვეყანაა, რომელიც ხელმეორე, თუნდაც ორთვიან ბიზნესის შეჩერებას ვერ გაუძლებს - ქვეყანას დეფოლტი არ აცდება. ამიტომ მთავრობამ არჩევანი უნდა გააკეთოს - ან გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და დეფოლტს შეეგუოს, ან კიდევ მართოს ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობა.

საქართველო პატარა, სუსტი ეკონომიკის ქვეყანაა, რომელიც ხელმეორე, თუნდაც ორთვიან ბიზნესის შეჩერებას ვერ გაუძლებს - ქვეყანას დეფოლტი არ აცდება. ამიტომ მთავრობამ არჩევანი უნდა გააკეთოს - ან გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და დეფოლტს შეეგუოს, ან კიდევ მართოს ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობა

ასეთ ვითარებაში ძალიან ბევრი ჩვენ თვითშეგნებაზეა დამოკიდებული: თუ პირველ პერიოდში ხალხს დაავადების ეშინოდა, ეხლა ეს შიში ქრება. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც კორონავირუსი უბრალო გრიპი გონია. ასეთ ადამიანებს მე სოციალურ ათეისტებს ვეძახი.

მე ქუჩაში ვუყურებ ახალგაზრდებს, რომლების შეხვედრისას ერთმანეთს კოცნიან, ცდილობენ ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადეები მოიხსნან ცხვირიდან, ხელების დაბანასაც ივიწყებენ. როგორი საკვირველი არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს საავადმყოფოების მედპერსონალსაც ეხება, რაც საგანგაშოა.

არა და, სწორედ ამ მარტივმა ზომებმა თავის დროზე მსოფლიოს შავი ჭირი, ყვავილი, ესპანკა დააძლევინა. დაფიქრდით, რომელ ქვეყნებშია ტრადიციულად მაღალი დაავადებულთა რიცხვი ნებისმიერი ეპიდემიის დროს - იქ, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშაა მარტივი ჰიგიენური ზომები.

- ბევრი იმასაც კი ამბობს, რომ ამგვარი ვითარება არჩევნების წინ ხელისუფლებას აწყობს, რადგან მას სულაც არ სურს პირველ ტურში საარჩევნო უბნებში ხალხის სიმრავლე.

თქვენი დაკვირვებით რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ოპოზიციის ნაწილის მტკიცება რომ ხელისუფლებას არ აწყობს პირველ ტურში ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, რის გამოც პანდემიის გავრცელების მასშტაბები ხელოვნურადაა გაზრდილი?

- მარტივად და მოკლედ გიპასუხებთ - ასეთი განცხადებების ავტორებს წარმოდგენა არა აქვთ სტატისტიკის შესახებ. მე ეხლა ალბათობის თეორიის საფუძვლების ახსნას არ შევუდგები, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით - რეიტინგულ პარტიებს ყოველთვის ურჩევნიათ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა სიმრავლე.

რეიტინგულ პარტიებს ყოველთვის ურჩევნიათ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა სიმრავლე

- ვიდრე საარჩევნო საკითხებზე გადავალთ, გვერდს ვერ აუვლით საქართველო -აზერბაიჯანის საზღვრისა და დავით გარეჯის თემაზე პროპურატურის მიერ აღძრულ საქმეს და ამ საქმის ფარგლებში სადემარკაციო კომისიის წევრების მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებას.

ოპოზიცია ხელისუფლებას ამ თემის წინასაარჩევნოდ გამოყენებაში ადანაშაულებს. ხელისუფლება კი წინა ხელისუფლებას მეზობელი ქვეყნის სასარეგბლოდ მოქმედებაში სდებს ბრალს. ვხედავთ, რომ დაწყებულია რუკების ომი, საუბარია ახლადაღმოჩენილ რუკებზე, არადა საქმეში ჩახედული ხალხის მტკიცებით რუკა, რომელიც ბიზნესმენმა ხიდაშელმა ჩამოიტანა და ხელისუფლების ორგანოებს გადასცა მანამდეც გამოიყენებოდა.

საქმეში ჩახედული ადამიანების მტკიცებით, გარეჯთან დაკავშირებით საზღვარი დადგენილი კომისიის ფარგლებშიც არაფერია, შესაბამისად მელაშვილისა და ილიჩოვას და წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ბრალდება აზერბაიჯანის სასარგებლოდ მოქმედებაზე აბსურდულად გამოიყურება.

თქვენზე რა შთაბეჭდილებას ტოვებს ამ თემაზე ატეხილი ხმაური? ეს თემა საარჩევნოდ აგორებულ თემას უფრო გავს თუ იმას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იგი უფრო დააზიანებს საქართველოს ინტერესებს?

- კომისიის მუშაობა ყოველთვის კონფიდენციური იყო და მისი „მიღწევების“ შესახებ არაფერი მსმენია. მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ყველა ჩართული პირისა თუ ორგანიზაციის სრულ არაკომპეტენტურობასთან.

1:500 000 მასშტაბის რუკით საზღვრის დელიმიტაცია არ შეიძლება. რუკაზე 1 სმ ლანდშაფტზე 5 კმ-ის ტოლია და კარტოგრაფტთა პატარა შეცდომამაც ძალიან მავნე შედეგი შეიძლება გამოიღოს. როგორც წესი, სამუშაოები 1:50 000 ან უფრო მსხვილი მასშტაბის რუკების საფუძველზე შეიძლება ჩატარდეს. 1938 წელს ასეთი რუკები ჯერ გამოშვებული არ იყო. ისინი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა ე.წ. პულკოვო-42 კოორდინატთა სისტემაში.

ასეთ დაბეჭდილ რუკებზე, რომელიც დღეს ინტერნეტიდანაც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, სპეციალურად შეტანილია კოორდინატთა და ტოპოგრაფიული ობიექტების განლაგების ხარვეზები, რათა, როგორც ფიქრობდნენ კგბ-ში, მტერს რომ ჩავარდნოდა ხელში, ის დასახლებული პუნქტების ზუსტ დაბომბვას ვერ განახორციელებდა.

მე მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება ასეთ და უფრო მხხვილი მასშტაბის რუკებთან მქონდა საქმე და თავბედს ვიწყევლიდი: სოფელი, რომელიც, ვთქვათ, გზიდან მარჯვნივ არის დატანილი რუკაზე, უცებ სინამდვილეში მარცხნივ აღმოჩნდებოდა და ასე შემდეგ.

ერთადერთი გამოსავალია - ყოფილი სსრკ-ს და ეხლა რუსეთის გეოდეზიისა და კარტიგრაფიის სახელმწიფო კომიტეტიდან გამოთხოვილ იქნას პირველადი, დაუმახინჯებელი რუკების ასლები ზუსტი კოორდინატებით. იქ კი რესპუბლიკათშორისი, ამჟამინდელი სახელმწიფო საზღვრები ზუსტადაა დატანილი.

ერთადერთი გამოსავალია - ყოფილი სსრკ-და ეხლა რუსეთის გეოდეზიისა და კარტიგრაფიის სახელმწიფო კომიტეტიდან გამოთხოვილ იქნას პირველადი, დაუმახინჯებელი რუკების ასლები ზუსტი კოორდინატებით. იქ კი რესპუბლიკათშორისი, ამჟამინდელი სახელმწიფო საზღვრები ზუსტადაა დატანილი

არ ვიცი, გადადგა თუ არა ეს ნაბიჯი კომისიამ. არ ვიცი, აქვს თუ არა პროკურატურას იმის მტკიცებულება, რომ აღნიშნული მასშტაბის ზუსტი რუკები, ჯერ ერთი, კომისიაში არსებობდა და მეორეც, განგებ იყო გადამალული.

ისე კი, დელიმიტაციის დროს რუკებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს და ყველაფერი კეთილ ნებასა და მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის გაიხსენეთ თუნდაც ირლანდიისა და ჩრდილო ირლანდიის საზღვრის დელიმიტაციის პრობლემა, რომელიც სულ ახლახან, ბრექსითის შემდეგ გაჩნდა.

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ 2020 წლის არჩევნები ყველა ადრე ჩატარებულ არჩევნებისგან ბევრი რამით განსხვავდება

როგორ შეაფასებდით ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებას და სავარაუდოდ რით განსხვავდება წლევანდელი არჩევნები წინა წლების არჩევნებისაგან?

- 2020 წლის არჩევნები იმით გამოირჩევა, რომ თუ ადრე ყველა ოპოზიციური ძალა მმართველ პარტიას აგინებდა, ეხლა ერთმანეთში კინკლაობაზე კარგავენ დროს. პოლიტიკური კულტურა ჩვენთან არ შეცვლილა, თუმცა, როგორც ადრე ვთქვი, დაძაბულობის მუხტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2012 წელს.

თუ ადრე ყველა ოპოზიციური ძალა მმართველ პარტიას აგინებდა, ეხლა ერთმანეთში კინკლაობაზე კარგავენ დროს

- ყველა სოციოლოგიური კვლევების შედეგებით წლევანდელ არჩევნებზე ხელისუფლებას მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ყველა დანარჩენ ოპოზიციურ ჯგუფებთან შედარებით.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ აქამდე ჩატარებული ყველა სოციოლოგიური კვლევებით „ქართულ ოცნებას“ კონკურენტებთან შედარებით საგრძნობი უპირატესობა აქვს?

- ვიყოთ ობიექტურები. როგორც მიხეილ სააკაშვილს, უამრავი დანაშაულის ფონზე, არ უნდა დავუკარგოთ, ვთქვათ, პოლიციის რეფორმა, რომელიც, სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის ფულით განხორციელდა, ისე „ქართულ ოცნებასთანაც“ მიმართებაში უნდა ჩამოვთვალოთ, რა გაკეთდა.

პირველი, ჩვენ ვსუნთქავთ თავისუფლად და ამ თავისუფლებას ხშირად აუგად ვიყენებთ. მაგრამ აქ მინდა გავიხსენო აშშ-ს მესამე პრეზიდენტის თომას ჯეფერსონის სიტყვები, რომელმაც ბევრი სიმწარე იგემა თავისუფალი პრესისგან - თავისუფალი პრესის (მაშინ სხვა მედია საშუალებები არ იყო) ხარვეზებთან ბრძოლა მხოლოდ კიდევ უფრო მეტი თავისუფლებით შეიძლება.

მეორე, ხორციელდება უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები. მესამე ამუშავდა წარმატებული პროექტი „აწარმოე საქართველოში“.

მეოთხე, არსებობს პროექტების დაფინანსების რამდენიმე სახელმწიფო ფონდი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია თანადაფინანსების ფონდი.

მეხუთე, განხორციელდა უამრავი მცირე და საშუალო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მშენებლობა.

მეექვსე, სოფლად ცხოვრება ნორმალური ხდება: არის შუქი და გაზი, წესრიგდება წყალმომარაგების სისტემა, შენდება გზები, გარემონტებულია სკოლები და ასე შემდეგ. „ქართული ოცნების“ გაკეთებულ საქმეებს მოსახლეობა ხედავს. ყველაფერ ამას ოპოზიცია მთავრობის გინებას უპირისპირებს. რამდენად სწორია ასეთი ტექნოლოგია, არჩევნები გვიჩვენებს.

ქართული ოცნების“ გაკეთებულ საქმეებს მოსახლეობა ხედავს. ყველაფერ ამას ოპოზიცია მთავრობის გინებას უპირისპირებს. რამდენად სწორია ასეთი ტექნოლოგია, არჩევნები გვიჩვენებს

- თქვენს მიერ დასახელებული არგუმენტები გასაგებია, მაგრამ ოპოზიციის მტკიცებით, 2012 წლიდან ქვეყანაში ჰყვავის ნეპოტიზმი და წინა ხელისუფლების დროს მელიტოკრატიისკენ გადადგმილი ნაბიჯები იქნა დავიწყებული. მეტიც, 2012 წლის შემდეგ ბიუროკრატიის რიცხვი კი არ შემცირებულა, არამედ საგრძნობლად გაიზარდა. ეს ახლადდამტკიცებულ ბიუჯეტსაც ეტყობა.

ოპოზიცია ხელისუფლებას უამბიციო ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში, ეკონომიკისა და ქვეყნის განვითარების ტემპების საგრძნობ ჩამორჩენაში, ლარის კურსის საგრძნობ ვარდნაში, კრიმინალის ზრდაში, საგარეო ვალის ზრდასა და ასევე მართლმსაჯულებაში კლანური სისტემის შენარჩუნებაში ადანაშაულებს.

თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია ოპოზიციის ამ ბრალდებებზე ხელისუფლების პასუხები და რეაქციები?

- არ მომწონს სიტყვა “ნეპოტიზმი“. მას ძალიან ზუსტი შინაარსი გააჩნია, რომელიც სულაც არ არის პროტექციონიზმი. საქართველო ქვეყანაა, სადაც ყველა ყველას იცნობს და, რასაკვირველია, პროტექციონიზმიც არსებობს. მითხარით ერთი, როდის არ არსებობდა? დავით აღმაშენებლის დროს? მაგრამ იგი მხოლოდ თავის ახლო მეგობრებს აწინაურებდა. კომუნისტების დროს? აქ პროტექციონიზმს მექრთამეობაც ემატებოდა.

გაიხსენეთ თუნდაც, როგორ ხვდებოდნენ ახალგაზრდები სამედიცინო ინსტიტუტში. ზვიად გამსახურდიას დროს? მისი მეუღლე ხომ პარლამენტის შიდა სამზარეულოს მართავდა. მიხეილ სააკაშვილის დროს? კარგით, რა, დანიშვნები ხომ მხოლოდ მისი ახლო სამეგობროდან ხორციელდებოდა და შემდეგ უკვე ახლადდანიშნულები ქმნიდენ თავიანთ აღმასრულებელ სტრუქტურას, რასაკვირველია, თავისი სამეგობროდან.

საქართველო ქვეყანაა, სადაც ყველა ყველას იცნობს და, რასაკვირველია, პროტექციონიზმიც არსებობს. მითხარით ერთი, როდის არ არსებობდა? დავით აღმაშენებლის დროს? კომუნისტების დროს? აქ პროტექციონიზმს მექრთამეობაც ემატებოდა... ზვიად გამსახურდიას დროს? მისი მეუღლე ხომ პარლამენტის შიდა სამზარეულოს მართავდა... მიხეილ სააკაშვილის დროს? კარგით, რა, დანიშვნები ხომ მხოლოდ მისი ახლო სამეგობროდან ხორციელდებოდა

ვინ დაინიშნა ნაცნობობით? გიორგი გახარია? მაია ცქიტიშვილი? ნათია თურნავა? რასაკვირველია, დანიშვნების დროს გათვალისწინებულია პარტიული ნიშანი. რასაკვირველია, შენ უნდა იცნობდე ადამიანს, რომელსაც ნიშნავ თანამდებობაზე.

ჩემი აზრით, მთავარი არა ნათასაური თუ სამეგობრო კავშირია, არამედ პატიოსნება და პროფესიონალიზმი. მაგალითად, თავის დროზე მე ვიყავი განყოფილების გამგე ინსტიტუტში, სადაც საპატიო დირექტორი მამაჩემი იყო. ხოლო ორ დასახელებულ მთავარ თვისებასთან მიმართებაში, როგორც იყო პრობლემები, ისე რჩება.

- დამკვირვებელთა უმეტესობა იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ 2020 წლის არჩევნებზე ბევრ პოლიტიკურ ძალას ექნება პარლამენტში მოხვედრის საშუალება. კარგია, რომ შესაძლოა ქვეყანამ პარლამენტში მრავალპარტიულობისკენ გადადგას ნაბიჯი.

მაგრამ, გვეყოელება თუ არა ეს კოალიციური მთავრობა, ეს მხოლოდ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. თუ მანამდე 2020 წლის არჩევნების მთავრი კითხვა ასე გამოიყურებოდა - შეძლებდა თუ არა „ქართული ოცნება“ მარტო მთავრობის დაკომპლექტებას, ახლა ბევრი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შედეგებით კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა ჯამურად ოპოზიციასაც ჰქონდეს.

„ქართულ ოცნებას“ მეტად აქვს შანსი დააკომპლექტოს მთავრობა, თუ დანარჩენ ოპოზიციას, რომელმაც შესაძლოა ჯამურად შეძლოს მეტი ხმების მიღება?

- შეიძლება ვცდები, მაგრამ არა მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ადგილი სხვას დაუთმოს. ამასთან, სუფთა დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, ძალიან მინდა, რომ მრავალპარტიულ პარლამენტში საჭირო გახდეს სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება. თუმცა ამის შანსი ჯერჯერობით არც თუ ისე დიდია. ვნახოთ, რას მოგვიტანს ბოლო ორი კვირა არჩევნებამდე.

ძალიან მინდა, რომ მრავალპარტიულ პარლამენტში საჭირო გახდეს სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება. თუმცა ამისი შანსი ჯერ-ჯერობით არც თუ ისე დიდია

- ყველა პროგნოზით ოპოზიციური სპექტრიდან ყველაზე მეტ ხმას „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერი სააკაშვილი მიიღებენ.

სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ხელისუფლებიდან წასვლის 8 წლის შემდეგ სააკაშვილი ქართული პოლიტიკისთვის კვლავ აქტუალურია და მის მიერ მხარდაჭერილმა „ძალა ერთობაშიამ“ შესაძლოა ოპოზიციური სპექტრიდან ყველაზე მეტი ხმა მიიღოს?

- ვიყოთ ზუსტები. სააკაშვილი პარტიულ სიაში არ არის. ხმებს “ნაცმოძრაობა“ მიიღებს. ისევე, როგორც საქართველოში არსებობენ „ზვიადისტები“, ასევე არსებობენ „მიშისტებიც“. და აქ გასაკვირი არაფერია.

არაერთხელ მითქვამს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღრმა იდეოლოგიური უფსკრული ყოფს. 8 წლის განმავლობაში ზოგიერთი მცირე პარტიის გარდა, ძირითადმა პოლიტიკურმა აქტიორებმა მოსახლეობისთვის გასაგები იდეოლოგია ვერ შეიმუშავეს. ამიტომაც ის ორი პარტია, რომელთა იდეოლოგია მოსახლეობისთვის გასაგებია, რეიტინგების სათავეშია.

8 წლის განმავლობაში ზოგიერთი მცირე პარტიის გარდა, ძირითადმა პოლიტიკურმა აქტიორებმა მოსახლეობისთვის გასაგები იდეოლოგია ვერ შეიმუშავეს. ამიტომაც ის ორი პარტია, რომელთა იდეოლოგია მოსახლეობისთვის გასაგებია, რეიტინგების სათავეშია

- ცოტა ხნის წინ „ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან შედარებით, „მოკრძალებული, მაგრამ რეალისტური პროგრამა აქვს“

არჩევნებში მონაწილე რომელ პარტიებს აქვთ მეტ-ნაკლებად საინტერესო პროგრამა და პარლამენტში მოხვედრის შანსები და იმ შემთხვევაში თუ ისინი პარლამენტში მოხვდებიან, სავარაუდოდ რა როლს შეასრულებენ?

- რეიტინგებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ აბსოლუტურად ორიგინალური პროგრამები აქვთ ლევან ბოძაშვილსა და სოციალ დემოკრატებს.

მეტად საგულისხმოა, რომ ეს პროგრამები ერთამანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულია და ძალიან საინტერესო იქნება, თუ ამ პაექრობას მომავალ პარლამენტში ვიხილავთ.

რეიტინგებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ აბსოლუტურად ორიგინალური პროგრამები აქვთ ლევნ ბოძაშვილსა და სოციალ დემოკრატებს

- ხელისუფლების წარმომადგენლები კარგა ხანია საუბრობენ იმაზე, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარებისთვის ემზადება.

თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ არჩევნების შემდეგ მოვლენები ან რევოლუციური სცენარით განვითარდეს, ან პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლის?

- მცდელობა შეიძლება იყოს, მაგრამ ამისთვის რესურსი და, რაც მთავარია, მოსახლეობის მზაობა არ არსებობს. მეტიც, პოლიცია და სპეცრაზმი უკვე ის არ არის, რაც 2003 წელს გვყავდა.

ჩემი ღრმა რწმენით, ვარდების რევოლუცია არ გამეორდება

მთავრობას აქვს იმის ყველა რესურსი, რომ დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ჩანასახშივე ჩაახშოს. ჩემი ღრმა რწმენით, ვარდების რევოლუცია არ გამეორდება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა