„თავისუფალი საქართველო“ - „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გამოკითხვებს უნდობლობას ვუცხადებთ

„თავისუფალი საქართველო“ სოციოლოგიურ გამოკითხვებს უნდობლობას უცხადებს. პარტიის თავმჯდომარის, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კუკავას განცხადებით, სოციოლოგიური გამოკითხვის, ანკეტები თავიდანვე გაყალბებულია, რომლის მეშვეობით „უსინდისო მანიპულირება ხდება“.

„სოციოლოგიური კომპანიები, პოლიტიკურ პარტიებს, ანკეტებში პირადი სიმპატიის საფუძველზე აფიქსირებენ, დასახელებული პარტიების მიღმა კი, ჩნდება ე.წ. „სხვა პარტიების“ გრაფა, რომელშიც ათეულობით პარტიასთან ერთად „თავისუფალი საქართველოც“ მოიაზრება. ჩვენ ყველა იმ ორგანიზაციას და მათ საერთაშორისო სათაო ოფისებს, რომლებიც სოციოლოგიურ გამოკითხვებს ატარებენ, მოვუწოდებთ, გამოაქვეყნონ ანკეტის გამოკითხვის რეალური მეთოდოლოგია და დადგენილი ნორმები“,- განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე განმარტებით, „თავისუფალი საქართველო“ აქამდე უპრეცედენტო მოქმედებას იწყებს, რომელიც არაკეთილსინდისიერი ორგანიზაციების მხილებით გამოიხატება.

„ყველა ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათ კვლევებში, მხოლოდ 3%-ანი ცდომილებაა დასაშვები და მეტი არა. აქედან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ყველა იმ ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლის სოციოლოგიურ გამოკითხვაშიც 3%-ზე მეტი ცდომილება იქნება, ჩატარდეს ანტიკორუფციული გამოძიება, როგორც საქართველოში, ასევე იმ ქვეყნებში, სადაც ამ ორგანიზაციების ცენტრალური ოფისებია განთავსებული. საქართველოში სოციოლოგიური გამოკითხვები ჩამოყალიბდა კორუფციულ ბიზნესად, როგორც ეს ე.წ. „ბანანის ქვეყნებს“ ახასიათებთ. ფაქტია, რომ რეალურად ჩვენს ქვეყანაში არანაირი სოციოლოგიური გამოკითხვები არ ტარდება, თუმცა ციფრები სხვა ქვეყნების დედაქალაქებში იწერება, რომელიც შემდეგ, თითქოს ჩვენს ქვეყანაშია დეკლარირებული. ასე იყო 2018 წლის, საპრეზიდენტო არჩევნებისას, როდესაც ე.წ. სიციოლოგიური გამოკითხვის ცდომილება 15%-ანი უზუსტობით დაფიქსირდა. სოციოლოგიურ კვლევებში ციფრებით ვაჭრობა დღესაც არის, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი იმით მთავრდება, რომ სასურველ რიცხვებში სხვადასხვა პარტია დიდ ფულს იხდის. ეს არის ჩვეულებრივი კორუფცია და მექრთამეობა, რაც ორივე შემთხვევაში კანონით დასჯადი ქმედებაა“,- განაცხადა კახა კუკავამ.

პარტიის ლიდერმა „თავისუფალი საქართველოს“ მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებზეც ისაუბრა.

„ჩვენ, მოსახლეობის გამოკითხვებს შიდა ძალებით ვატარებთ, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 35-დან 37%-მდე უჭერს მხარს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა მაჩვენებელი კი, 13-დან-15%-მდეა. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, „თავისუფალი საქართველო“ მათ მიმართ აბსოლუტურად თანაბარ კონკურენციაშია, რომელსაც მესამე ადგილის დაკავების რეალური შანსი გააჩნია.

ჩვენი მონაცემებით, „თავისუფალი საქართველოს“ ამომრჩევლების რაოდენობა ამჟამად 3-5%-მდეა, თუმცა არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ამ მონაცემების გაუმჯობესებას კიდევ მეტად ვვარაუდობთ“,- განაცხადა კახა კუკავამ.

ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო