რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომლისთვისაც ქართული პოლიტიკური სცენის ძირითადი აქტორები ერთ წელზე მეტია ემზადებიან, ფინიშის ზღურბლს გაუსწორდა.

საჭადრაკო ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, 2020 წლის საჭადრაკო პოლიტიკური პარტია აშკარად ენდშპილში, ანუ ბოლო ეტაპზეა და სოციოლოგიური კვლევებით რეიტინგების ომი გადამწყვეტ ფაზაშია შესული. მეტიც, ხელისუფლება და პოლიტიკური ჯგუფები სოციოლოგიური კვლევებით ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის სათავისოდ ფორმირებას.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბოლო კვლევებით ის არჩევნებზე ხმათა არანაკლებ 56%-ს იღებს, „ნაცმოძრაობის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევით, „ქართული ოცნება“ ხმათა 40%-მდე იღებს, ხოლო დანარჩენი ოპოზიცია კი 60%, ანუ, ოპოზიციას აქვს შანსი დაამარცხოს ხელისუფლება.

ვიცით, რომ ამ ტიპის კვლევები საკმაოდ ძვირი ჯდება, არადა ვხედავთ, რომ რეიტინგების ომისთვის ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საკმაოდ ბევრ ფინანსებს ხარჯავენ.

თქვენი დაკვირვებით დღევანდელ საქართველოში, სადაც პოლიტიკური განწყობები აშკარად პოლარიზებულია, სავარაუდოდ რა გავლენას ახდენს რეიტინგების ომი არჩევნების წინ საზოგადოებრი აზრის ფორმირებაზე?

- გმადლობთ საინტერესო კითხვისთვის. ვვარაუდობ, რომ ინფორმაციას რეიტინგების შესახებ ადამიანი ისევე ეპყრობა, როგორც ყველა სხვა ინფორმაციას - იმისი სჯერა, რაც ჰარმონიაშია მის თვალსაზრისთან, რაც არ შეუქმნის კოგნიტურ დისონანსს. აქედან გამოდინარეობს, რომ სათავისო რეიტინგების გამოქვეყნებით ყველა პარტია თავის გარანტირებულ ან პოტენციურ მომხრეს უმყარებს პოზიციას. ეს კონსოლიდაციისთვის საჭიროა.

სათავისო რეიტინგების გამოქვეყნებით ყველა პარტია თავის გარანტირებულ ან პოტენციურ მომხრეს უმყარებს პოზიციას. ეს კონსოლიდაციისთვის საჭიროა

ამასთანავე რეიტინგი, გარკვეულ რისკს შეიცავს, პარტია მას ადექვატურად უნდა მოექცეს. მაგალითად, მიმდინარე საარჩევნო პროცესში პარტიებმა, რომლებსაც ყველა გამოკვლევაში მცირე რეიტინგი ჰქონდათ, პრემიერ-მინისტრის კანდიდატების დასახელება დაიწყეს. პრემიერების ამ პარადს, ერთის მხრივ, პიარის ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ, მეორე მხრივ, მან შეამცირა სერიოზული დამოკიდებულება ამ პარტიების მიმართ. რეიტინგის შესაბამისი ამბიცია რომ განეცხადებინათ პარტიებს, შეიძლება საზოგადოებრივი აზრი მეტად გადახრილიყო მათკენ.

- პანდემიის გავრცელების მასშტაბები არა მარტო საგანგაშო გახდა ჩვენი მოქალქეების ჯანმრთელობისათვის, არამედ იმ პოლიტიკური პროცესისათვის, რომელშიც ქვეყანა ახლა იმყოფება.

ვხედავთ, რომ პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ხელისუფლება არა მარტო იღებს როგორც ბევრი ამბობს, დაგვიანებულ, მაგრამ საჭორო გადაწყვეტილებებს, მაქსიმალურად ცდილობს შექმნილ ვითარებაზე ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია.

მაგრამ, ასევე ვხედავთ, რომ საკმაოდ საფუძვლიანად გამოიყურება საზოგადოების ნაწილის კრიტიკა ხელისუფლებისა და მედიკოსების მისამართით. მხედველობაში მაქვს ის, რომ ვირუსის გავრცელებას მედიკოსები მხოლოდ საზოგადოების უპასუხიმგებლობას აბრალებენ.

ალბათ თქვენც გსმენიათ ამგვარი მოსაზრება - ხელისუფლებას პანდემიით მოტანილმა რეიტინგმა, პანდემიამვე გაუფუჭა საქმე არჩევნების წინ. თუ გაზაფხულზე კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ხალხმა ირწუნა, რომ „ქვეყანას და მასაც პატრონი ჰყავს“, ახლა ხელისუფლების განცხადებები, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ძნელი დასაჯერებელი ხდება.

რა გავლენას ახდენს გამძვინვარებული პანდემია მოახლოებული არჩევნების წინ პოლიტიკურ პროცესზე და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან ერთი მხრივ ხელისუფლების რეიტინგზე და არჩევნების შედეგებზე?

- თქვენ საქართველოს დღევანდელი განწყობები კარგად აღწერეთ. დავამატებდი, რომ ბევრ ქვეყანაშია ანალოგიურ მდგომარეობა ვირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით.

ჩვენთანაც და უცხოეთშიც გადამწყვეტი როლი მართლაც ითამაშა მოსახლეობის შეთამამებამ ვირუსთან. ევროპაში ძალიან მაღალი ჯარიმებია დაწესებული რეგულაციების დარღვევაზე, მაგრამ შედეგი უკეთესი არაა, პირიქით. დასავლეთს ჯარიმებმა ვერ უშველა, რადგან თუ მოქალაქეთა დიდ ნაწილს რეგულაციების დარღვევა სურს, ის მაინც დაარღვევს, ყველას მეთვალყურეობისთვის საჭირო რაოდენობის პოლიცია არსად არაა.

ამასთანავე, წინასაარჩევნოდ მკაცრი ზომების გატარება, ანუ აქცენტის გადატანა პოლიციაზე ისევ პოლიტიკურ ელფერს შეიძენდა და დაიწყებოდა ბრალდება ძალადობაში. შეიძლება, ამის პროვოცირების მცდელობა იყო ბათუმის ცნობილი თავყრილობა.

ეპიდემიის პირველი ტალღა დავძლიეთ, რაშიც მოქალაქეებმა ვითამაშეთ გადამწყვეტი როლი. არ არის გასაკვირი, რომ ჩვენ გადამწყვეტი როლი ვითამაშეთ დღევანდელ მარცხშიც. იმედი ვიქონიოთ, რომ სამედიცინო სისტემა და ჩვენ დავიბრუნებთ საბრძოლო ფორმას და დავამარცხებთ კოვიდის და უდარდელობის ამ ახალ შეტევას.

რაც შეეხება პოლიტიკურ სისტემას, იგი შეიძლება სამედიცინოზე არანაკლებ კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ოღონდ რეიტინგებზე გავლენის გამო არა. კოვიდით შეშინებული და თავისი პარტიის მაღალი რეიტინგით დაიმედებულ „ოცნების“ მომხრეთაგან ბევრი შეიძლება დარჩეს სახლში. მაინც მოიგებენ და რატომ გავრისკოო.

„ნაც-ოპოზიცია“ იქნება მობილიზებული - შეუძლიათ! თუ ეს მოხდა, შეიძლება განმეორდეს საპეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, როცა ხელისუფლების მხარდაჭერას გაუთანაბრდა ოპოზიციის მხარდაჭერა.

ამომრჩევლის მოდუნებამ, რომელმაც დღეს კოვიდი გააძლიერა, არჩევნებში ოპოზიციას გააძლიერებს და ეს გავლენას იქონიებს პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე. ეპიდემიის არჩევნებზე გავლენის ეს ვარიანტი უფრო რეალური მეჩვენება.

ამომრჩევლის მოდუნებამ, რომელმაც დღეს კოვიდი გააძლიერა, არჩევნებში ოპოზიციას გააძლიერებს და ეს გავლენას იქონიებს პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე. ეპიდემიის არჩევნებზე გავლენის ეს ვარიანტი უფრო რეალური მეჩვენება

- თუ ისევ რეიტინგების ომს დავუბრუნდებით, დავინახავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ 2020 წლის არჩევნებს იგი არა მარტო იგებს, არამედ მარტო შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას.

ოპოზიცია ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ მას აქვს შესაძლებლობა დაამარცხოს ხელისუფლება და თავად შექმნას მთავრობა.

ფაქტია, რომ ახლა მოახლოებული არჩევნების მთავარი ინტრიგა ასე გამოიყურება - შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ მარტო მთავრობის ჩამოყალიბებას. თქვენი დაკვირვებით შეძლებს?

- თუ არჩევნებზე წავა ყველა, ვინც ემხრობა „ქართულ ოცნებას“, ეს პარტია შეძლებს მარტო შექმნას მთავრობა. ამგვარი პროგნოზი დადო სოციოლოგიურმა კამპანიამ Survation-მა, რომლებმაც ინგლისსა და ბევრ სხვა ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენები უმცირესი ცდომილებით იწინასწარმეტყველა. ამიტომ, მისი პროგნოზის მჯერა.

თუ არჩევნებზე წავა ყველა, ვინც ემხრობა „ქართულ ოცნებას“, ეს პარტია შეძლებს მარტო შექმნას მთავრობა

- გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპონენტებთან შედარებით უპირატესობა აქვს, მაგრამ ოპოზიციის მტკიცებით, ივანიშვილის ხელისუფლება გაკოტრებულია, 2012 წლიდან ქვეყანაში ჰყვავის ნეპოტიზმი და წინა ხელისუფლების დროს მელიტოკრატიისკენ გადადგმილი ნაბიჯები იქნა დავიწყებული. მეტიც, 2012 წლის შემდეგ ბიუროკრატიის რიცხვი კი არ შემცირებულა, არამედ საგრძნობლად გაიზარდა. ეს ახლადდამტკიცებულ ბიუჯეტსაც ეტყობა.

ოპოზიცია ხელისუფლებას უამბიციო ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში, ეკონომიკისა და ქვეყნის განვითარების ტემპების საგრძნობ ჩამორჩენაში, ლარის კურსის საგრძნობ ვარდნაში, კრიმინალის ზრდაში, საგარეო ვალის ზრდასა და ასევე მართლმსაჯულებაში კლანური სისტემის შენარჩუნებაში ადანაშაულებს.

თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია ოპოზიციის ამ ბრალდებებზე ხელისუფლების პასუხები და რეაქციები?

- წინა ხელისუფლებაში თვითმფრინავის სავარძლიდან მინისტრის სავარძელში ადამიანის გადასმა ნეპოტიზმი არ იყო? მელიტოკრატიისკენ სწრაფვად უნდა ჩავთვალოთ უნივერსიტეტის პროფესურის დარბევა? ამბიციური ეკონომიკური აზროვნების გამოვლინება იყო დედალ-მამალი ძროხების დაყოფა?

კრიმინალზე და მართლმსაჯულების კლანებზე აღარ ვლაპარაკობ, ბევრი თქმულა. ქართული ანდაზაა „ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო“.

გადმოვიტანოთ ეს პოლიტიკაში. წინა ხელისუფლების ამ ბრალდებების ბრმად გაზიარება ძნელია, როცა იცი, როგორი ქვეყანა შექმნეს ბრალდების ავტორებმა. თუ ესენი ფეიკ-ბრალდებებია, მათზე რეაგირება უკეთესობას ვერ მოიტანს.

მეორე მხრივ, ხელისუფლებას რომ ბევრი ხარვეზი აქვს, ყველა გრძნობს, მაგრამ მათი სისტემური გააზრება ჩვენი, მოქალაქეების ფუნქცია არაა, ამისთვისაა საჭირო ხარისხიანი ოპოზიცია. ხარისხიანი ოპოზიციის შექმნა ხარისხიანი ხელისუფლების შექმნაზე ნაკლები მნიშვნელობის არაა. ხარისხიანი ოპოზიცია ხელისუფლებასაც ხარისხიანს გახდის, ან ჩაენაცვლება მას. ამ მექანიზმამდე ჯერ ვერ მივედით. იმედია, არჩევნები უკეთესობას მოიტანს.

ხარისხიანი ოპოზიციის შექმნა ხარისხიანი ხელისუფლების შექმნაზე ნაკლები მნიშვნელობის არაა. ხარისხიანი ოპოზიცია ხელისუფლებასაც ხარისხიანს გახდის, ან ჩაენაცვლება მას. ამ მექანიზმამდე ჯერ ვერ მივედით. იმედია, არჩევნები უკეთესობას მოიტანს

- უკვე ხსენებულ რეიტინგებზე დაყრდნობით ოპოზიციას აქვს იმედი, რომ არჩევნების შედეგებით მას ექნება მთავრობის ჩამოყალიბების საშუალება.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ოპოზიციამ შეძლოს არჩევნებში გამარჯვება და დღევანდელი ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად მთავრობის შექმნა?

- ოპოზიციის დაკვეთით შესრულებულ გამოკვლევებშიდაც კი სახელისუფლო პარტიას ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. თუ საჭირო გახდა კოალიციის შექმნა, ამის უფლება უმრავლესობით მოსულ პარტიას აქვს.

იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი.

იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი

- მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ველზე ახლადდაფუძნებული პოლიტიკური პარტიები საკმაოდ სწრაფად იკრებენ ძალას, დამკვირვებელთა უმეტესობა მაინც თვლის, რომ 2020 წლის არჩევნებზე არჩევანი მაინც ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის იქნება.

გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ ვითარების ამგვარად წარმოჩენა აწყობს, მაგრამ გაუგებარია, თუ რატომ შეიძლება აწყობდეს საკითხის ასე დაყენება მესამე პრეზიდენტს, რომელმაც თავის ირგვლივ ოპოზიციური სპექტრის შემოკრება სცადა კოალიციური მთავრობის ლოზუნგით.

ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს გიგი უგულავას განცხადება - „ხალხს უკეთესი მიშა უნდოდა, მაგრამ უკეთესი მიშა არ არსებობს“. ამ განცხადებამდე იგივე გიგი უგულავამ მანამდე ასევე განაცხადა - „მუშტი ბიძინას, იდაყვი მიშას“!

თქვენი დაკვირვებით რა როლს ასრულებენ ამ არჩევნებში მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალებს“ გამოყოფილი „ევროპული საქართველო?

- სააკაშვილის როლი ადვილი დასანახია - მას სურს თავისი ელექტორატის შემოკრება. „ევროპულ საქართველოს“ სურს იმავე ელექტორატის წართმევა სააკაშვილისთვის. არა მგონია, რომ უფრო დიდი ამოცანები ჰქონდეთ.

სააკაშვილის როლი ადვილი დასანახია - მას სურს თავისი ელექტორატის შემოკრება. „ევროპულ საქართველოს“ სურს იმავე ელექტორატის წართმევა სააკაშვილისთვის

- საარჩევნო თემებზე და „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ რეიტინგებზე საუბრისას ალექსანდრე თვალჭრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „8 წლის განმავლობაში ზოგიერთი მცირე პარტიის გარდა, ძირითადმა პოლიტიკურმა აქტორებმა მოსახლეობისთვის გასაგები იდეოლოგია ვერ შეიმუშავეს. ამიტომაც ეს ორი პარტია, რომელთა იდეოლოგია მოსახლეობისთვის გასაგებია, რეიტინგების სათავეშია“.

გასაგებია, რომ ჯერჯერობით ჩატარებული ყველა გამოკითხვით, მათ მეტი რეიტინგი აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ მოახლოებული არჩევნების კიდევ ერთი ინტრიგაა, თუ რამდენი პარტია გადალახავს 1%-იან ბარიერს.

რამდენი პარტია და რა სავარაუდოდ რამდენი პროცენტით მოხვდება შემდეგ პარლამენტში და სავარაუდოდ რა როლს შეასრულებენ ისინი?

- გამოქვეყნებული რეიტიგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოა, რომ პარლამენტში გასული პარტიების რიცხვი 10-ის ახლომახლო იქნება. ეს წარდგენილი პარტიების 17%-ია მხოლოდ, ანუ ბევრ სიახლეს არ უნდა ველოდოთ. მათი როლის შესახებ მსჯელობა ძნელია, პარლამენტში თავიდან დაიწყება გაყრა-შეყრის პროცესი.

- ისე გავერთეთ მიმდინარე პროცესების აქტუალურ თემებზე საუბრით, რომ ლამის დამავიწყდა კითხვა, რომელსაც მოახლოებული არჩევნების კვალობაზე ყველა რესპოდენტს ვეკითხები.

რჩება შთაბეჭდილება, რომ 2020 წლის არჩევნები ყველა ადრე ჩატარებულ არჩევნებისგან ბევრი რამით განსხვავდება. მაგრამ თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ რით განსხვავდება წლევანდელი არჩევნები წინა წლების არჩევნებისაგან?

- რა თქმა უნდა, განსხვავებულია ეს არჩევნები იმით, რომ მასში მონაწილებას იღებს მისი უდიდებულესობა კორონა-ვირუსი. სხვა განმასხვავებელ ნიშნად მე გამოვყოფდი ფონზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რაც ჩვენ არჩევნებზე უშუალოდ გავლენას არ ახდენს, მაგრამ ყველას ყურადღებას იპყრობს.

უპირველესად, ესაა ამერიკის ძალზე დაძაბული არჩევნები, რომელსაც მთელი მსოფლიო ელის. მეორეც, ესაა ყარაბაღის კონფლიქტის განახლება, რომელიც უცნაურად მიმდინარეობს. იქმნება შთაბაჭდილება, რომ ჩვენი რეგიონის ძირითადი მოთამაშეები თამაშის ჩვეულ წესებს ცვლიან, ოღონდ ბუნდოვანია ცვლილებების მიმართულება. ასეთი უპროგნოზო საგარეო ფონი არ მახსენდება.

განსხვავებულია ეს არჩევნები იმით, რომ მასში მონაწილებას იღებს მისი უდიდებულესობა კორონა-ვირუსი... ველას ყურადღებას იპყრობს. ამერიკის ძალზე დაძაბული არჩევნები, რომელსაც მთელი მსოფლიო ელის. ასევე ესაა ყარაბაღის კონფლიქტი... იქმნება შთაბაჭდილება, რომ ჩვენი რეგიონის ძირითადი მოთამაშეები თამაშის ჩვეულ წესებს ცვლიან, ოღონდ ბუნდოვანია ცვლილებების მიმართულება. ასეთი უპროგნოზო საგარეო ფონი არ მახსენდება

- ხელისუფლების წარმომადგენლები კარგა ხანია საუბრობენ იმაზე, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარებისთვის ემზადება.

თუ ოპოზიციის ცალკეულ ლიდერთა განცხადებებს მივადევნებთ თვალს, მართლაც რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარებისთვის თუ არ ემზადება, ამისთვის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ცდილობს.

თუმცა, დამკვირვებელთა უმეტესობა, იგივე ბატონო ალექსანდრე თვალჭრელიძე ღმადაა დარწმუნებული, რომ ვარდების რევოლუცია არ გამეორდება.

რამდენად დიდია იმის ალაბთობა, რომ არჩევნების შემდეგ მოვლენები ან რევოლუციური სცენარით განვითარდეს, ან პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლის?

- ყველა პროცესი რაღაც მექანიზმს ეფუძნება. ვარდების რევოლუციის მექანიზმში ჩართული იყო გარედან მტერ-მოყვარის დაინტერესება, რევოლუციის კონკრეტული და სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული სცენარი, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისიც ხალხს სწამდა ისევე, როგორც სწამდა რევოლუციის ლიდერების.

დღეს არცერთი ეს ფაქტორი აღარაა. მეტიც - რევოლუციის ინიციატორებისადმი ისეთი აგრესიაა, რომ მათი მოწინააღმდეგეების რიცხვი სჭარბობს მომხრეებს. ყოველივე ამის გამო მე ვერ ვხედავ, თუ რა მექანიზმით უნდა მოხდეს რევოლუცია.

მცდელობა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ მექანიზმების გარეშე რევოლუციური სცენარით მოვლენათა განვითარების ნებისმიერი მცდელობა უშედეგო იქნება.

მცდელობა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ მექანიზმების გარეშე რევოლუციური სცენარით მოვლენათა განვითარების ნებისმიერი მცდელობა უშედეგო იქნება

მთავარი კი ის არის, რომ თავად რევოლუცია აღარაა მიმზიდველი. ყველამ დაინახა, რომ კანონიდან ამოხტომის შემდეგ სად დახტები, გაუგებარია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით